"რაც მაგ შაჰებს საქართველოსთვის საქმე უქნიათ, ხო, ერთბაშად ამოვიყარე ყველას ჯავრი" - ლევან თედიაშვილი, 80.000 დოლარი და... - კვირის პალიტრა

"რაც მაგ შაჰებს საქართველოსთვის საქმე უქნიათ, ხო, ერთბაშად ამოვიყარე ყველას ჯავრი" - ლევან თედიაშვილი, 80.000 დოლარი და...

ვებპორტალი lelo.ge წარმოგიდგენთ რუბრიკას "ლეგენდების კვალდაკვალ", რომელშიც შეგახვედრებთ ქართული სპორტის ვარსკვლავებს და ბევრ ისეთ ამბავს მოგახსენებთ, ფართო საზოგადოებამ ჯერ რომ არ იცის.

რუბრიკის ერთ-ერთი პირველი სტუმარი ლეგენდარული მოჭიდავე ლევან თედიაშვილი გახლდათ.

იხილეთ სტატიის პირველი ნაწილი: ლევან თედიაშვილი: რამდენიც გადაიხადეთ იმდენისა ვიჭიდავე!

80.000 დოლარი და ირანის შაჰი

- ლევანი რკინის ნერვების პატრონი იყო! - იხსენებს ვახტანგ ბალავაძე. - მიუნხენის ოლიმპიური თამაშების მეოთხე წრეში ამერიკელ პეტერსონს უნდა შეხვედროდა. მთელი ღამე არ დამიძინია, ასპარეზობის დღესაც ვნერვიულობდი, სხვებიც ვერ პოულობდნენ ადგილს. მოდის ლევანი და მეკითხება - ხალიჩაზე გასვლამდე რამდენი წუთი დარჩაო.

საათს დავხედე - ერთი საათი-მეთქი.

წავუძინებო!

რას იზამ-მეთქი?

წავუძინებო!

ალბათ, ხუმრობს, გავიფიქრე. ის კი მიტრიალდა და წავიდა.

- გადამრევს ეს კაცი! - ვფიქრობ. ვიწრიალე, ვიწრიალე, ვერ მოვისვენე... მაინც სად წავიდა? აბა, იმას როგორ წარმოვიდგენდი, რომ გადამწყვეტ შეხვედრამდე ერთი საათით ადრე დაძინებას შეძლებდა.

წავედი და ვნახე...

ღმერთო, შენ მიშველე!

სძინავს! წარმოგიდგენიათ? იმისი ხვრინვა შორიდან მესმის...

შეხვედრის დაწყებამდე 15 წუთი დარჩა.

- ადე, ბიჭო! - ვაღვიძებ.

- სიზმარში რო ჟირაფს ნახავ, რას ნიშნავს? - მეკითხება...

სძლია პეტერსონს, 12 ქულის სხვაობით.

1973 წელს ლევან თედიაშვილმა 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ამერიკაში მსოფლიო თასი მოიგო, ალმა-ატაში - საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი, მერე მსოფლიო უნივერსიადის ჩემპიონი გახდა. მიღწევები თეირანში დააგვირგვინა: "ფარახის" სტადიონზე ყველა მეტოქე დაამარცხა, მათ შორის - მიუნხენის ოლიმპიადის ჩემპიონი ბენ პეტრსონი და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.

იმ დღეებში ირანის დედაქალაქში სამბისტებიც ჩავიდნენ მსოფლიოს ჩემპიონატზე. ნაკრების წევრი გენადი რუხლიადევი საბჭოთა უშიშროებამ თვითმფრინავის ტრაპიდან ჩამოიყვანა - ვალუტის გაცვლა-გამოცვლაში ყოფილა შემჩნეული. მწვრთნელები საგონებელში ჩავარდნენ - პირველი მსოფლიოს ჩემპიონატი იყო სამბოში და მარცხი არ უნდოდათ.

საბჭოთა დელეგაციის ხელმძღვანელმა არკადი ლენცმა დახმარებისთვის ვახტანგ ბალავაძეს მიმართა: ლევან თედიაშვილს ჭაბუკობისას სამბოშიც უჭიდავია, საკავშირო პირველობის პრიზიორიც ყოფილა და იქნებ მდგომარეობიდან გამოგვიყვანოთო. ორივენი ლევანს მიადგნენ. ოლიმპიურმა ჩემპიონმა იმედები არ გაუცრუა.

მერე საერთაშორისო არბიტრი შოთა ზუკაკიშვილი იხსენებდა, ლევანმა კახურად გვითხრა, "მაიტა, ვიჭიდავებო". დილის ხუთ საათამდე გენადი გიორგაძესთან (თეირანში ისიც მსოფლიოს ჩემპიონი გახდა) ერთად ამუშავებდა ილეთებს. მეორე დღეს გავიდა ლეიბზე და სულ ხუმრობა-ხუმრობით მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონობა.

ოთხი წლის შემდეგ ლევან თედიაშვილი ისევ ეწვია თეირანს, უკვე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი. საერთაშორისო ტურნირზე, რომელსაც შაჰი ესწრებოდა, ლევანმა წამები მოანდომა მეტოქეების დამარცხებას.

ფინალში მასპინძელ სულეიმანს უნდა შეხვედროდა. საკავშირო ნაკრების მწვრთნელ იური შახმურადოვისგან გაიგო, რომ ირანელები წაგებისთვის 50.000 დოლარს იხდიანო. შუამავლებს უთხრა, 80.000-ს კაპიკი არ დააკლდებაო. ისინიც მაშინვე დატრიალდნენ, მაგრამ სანამ ფულით დაბრუნდებოდნენ, თედიაშვილი უკვე ხალიჩაზე იდგა და შაჰის ფავორიტს კატა-თაგვობანას ეთამაშებოდა. მერე ეს რომ მოსწყინდა, სულეიმანი ხალიჩაზე დაახეთქა, თავად კი შეხტა და იმ მხარეს, სადა შაჰი იჯდა, უხამსი ჟესტი გააკეთა, აი, ფეხბურთელებმა რომ იციან, ისე.

ძლივს გადაურჩა მაყურებლებს, ნაკრების ხელმძღვანელებისგან ბევრი საყვედურიც მიიღო, მაგრამ... "მე მაინც ძალიან კმაყოფილი ვიყავი, - ამბობს ფალავანი. - რაც მაგ შაჰებს საქართველოსთვის საქმე უქნიათ, ხო, ერთბაშად ამოვიყარე ყველას ჯავრი". (გაგრძელება)