"როჯერ პირველი" - შვეიცარიის მეფე?! - კვირის პალიტრა

"როჯერ პირველი" - შვეიცარიის მეფე?!

"თუ შვეიცარია მეფეს იმსახურებს, ის ფედერერი უნდა იყოს!" - დარწმუნებულია ფიფას ყოფილი პრეზიდენტი ზეპ ბლატერი.

შვეიცარიისა რა გითხრათ, მაგრამ როჯერ ფედერერი "ჩოგბურთის მეფე" ნამდვილად არის. მოქმედიც (რეიტინგს არ ვგულისხმობთ) და... იქნებ სამუდამოც!

იანვარში 36 წლის შვეიცარიელმა მეექვსედ მოიგო ავსტრალიის ღია პირველობა, საერთო ჯამში კი "მხიარული როჯერის" ხანგრძლივ კარიერაში ეს მეოცე ჩემპიონობაა "დიდი სლემის" ტურნირებზე!

მამაკაცებს შორის 20 "სლემი" სარეკორდო მაჩვენებელია, ქალებში კი უფრო ტიტულიანებიც არიან: შტეფი გრაფი (22), სერენა უილიამსი (23) და მარგარეტ კორტი (24). Australian Open-ის წლევანდელი ფინალი 30-ე იყო როჯერისთვის "დიდი სლემის" ტურნირებზე, რაც ასევე სარეკორდო მაჩვენებელია. უბერებელ შვეიცარიელს მოგებული აქვს 1968 წლის შემდეგ გამართული ""დიდი სლემის" 10%, მთლიანობაში კი უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში ჩატარებული "დიდი სლემის" მეოთხედზე მეტი, ანუ ორასიდან 51 ტიტული, მამაკაცთა ჩოგბურთის "დიდი ოთხეულის" (ფედერერი, ნადალი, ჯოკოვიჩი, მარეი) ანგარიშზეა.

როგორც აღვნიშნეთ, წლევანდელი ტიტული ფედერერისთვის მეექვსეა მელბურნში. ის პირველი ჩოგბურთელია, რომელსაც "დიდი სლემის" ტურნირებიდან ორი, მინიმუმ, ექვსჯერ აქვს მოგებული. ავსტრალიის ღია პირველობაზე ასევე ექვს-ექვსი ტროფეი მოუგიათ ნოვაკ ჯოკოვიჩსა და როი ემერსონსაც, სამაგიეროდ, როჯერი "უიმბლდონის" ჩემპიონობაში (8) ლიდერობს.

"დიდი სლემის" ასაკოვან ჩემპიონებს შორის ფედერერი მეორეა. მელბურნში მან 36 წლის, 5 თვის და 20 დღის ასაკში გაიმარჯვა, Australian Open-ის 1972 წლის ჩემპიონმა კენ როუზუოლმა - 37 წლის, 2 თვის და 1 დღისამ.

20 "სლემი" როჯერმა 16 წლის განმავლობაში მოიგო. მას მხოლოდ ორი ჩოგბურთელი ასწრებს ამ რანგის ტურნირებზე პირველ და ბოლო გამარჯვებებს შორის გასული წლების მიხედვით: სერენა უილიამსს 19 წელი, ზემოაღნიშნულ როუზუოლს კი - 20. თუმცა სერენასა და როჯერს ჯერ კიდევ აქვთ ამ მაჩვენებლის გაუმჯობესების შანსი.

ფედერერს "დღეგრძელობის" არაერთი საიდუმლო აქვს. დაწყებული ოჯახის წევრების მხარდაჭერით, რომლებიც როჯერს მთელ მსოფლიოში დაჰყვებიან, დღე-ღამეში 10-საათიანი ძილით დამთავრებული. ამას გარდა, ლეგენდარული შვეიცარიელი ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავს ფიზმომზადების მწვრთნელის - პიერ პაგანინის დამსახურებას, რომელთანაც უკვე 18 წელიწადია თანამშრომლობს: "პიერი ჩემს ორგანიზმს ჩემზე უკეთ იცნობს. დარწმუნებული ვარ, მის გარეშე ამის ნახევარ წარმატებასაც ვერ მივაღწევდი და უკვე კარიერაც მექნებოდა დასრულებული", - ამბობს როჯერი. მართლაც, პაგანინიმ სპეციალურად ფედერერისთვის შეიმუშავა მზადების სისტემა, რომელმაც ჩოგბურთელს შესაძლებლობა მისცა, ზურგის ტკივილთან დაკავშირებული პრობლემებისგან გათავისუფლებულიყო და არ დაეკარგა სისწრაფე წელიწად-ნახევრის წინ, მენისკზე გაკეთებული ოპერაციის შემდეგ.

როჯერ ფედერერი ტოპ-100-ის ერთადერთი მოქმედი ჩოგბურთელია, რომელსაც მატჩის მსვლელობისას არასდროს უთქვამს უარი თამაშის გაგრძელებაზე!

P.S. ახლა ფედერერი მხოლოდ 155 ქულით ჩამორჩება რეიტინგის ლიდერ რაფაელ ნადალს. ესპანელი კორტზე დაბრუნებას თებერვლის ბოლოს, აკაპულკოში გეგმავს და თუ ნახევარფინალამდე ვერ მივა, მსოფლიოს პირველი ჩოგნის წოდებას ისევ "მხიარული როჯერი" დაიბრუნებს - პირველად 2012 წლის 4 ნოემბრის შემდეგ. მამაკაცთა ჩოგბურთში ჯერჯერობით არავის მოუხერხებია "ტახტზე" დაბრუნება ასეთი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ.

შეძლებს თუ არა და რამდენი ხნით - ამას დრო გვიჩვენებს. თუმცა ჩვენ ხომ "მეფეზე" ვლაპარაკობთ. მეფეზე, რომელიც შვეიცარიის (ჯერ) არა, მაგრამ ჩოგბურთის ნამდვილად არის!