ლაშა ტალახაძე მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანია! - კვირის პალიტრა

ლაშა ტალახაძე მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანია!

ბოლო წლებია, სულ ლაშაზე ვლაპარაკობთ. სხვა გზას არც გვიტოვებს - წელიწადში რამდენჯერმე იგებს უმაღლესი სინჯის მედლებს. და ტიტულებსაც. ბოლო ყველაზე პრესტიჟულია: ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ჩატარებულ გამოკითხვაში სწორედ ქართველმა გოლიათმა გაიმარჯვა და 2017 წლის მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნად აღიარეს. გამოკითხვა საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალურმა ვებგვერდმა ჩაატარა. შედეგად, ოლიმპიურ (2016), მსოფლიო (2015, 2017) და ევროპის ჩემპიონს (2016, 2017), ასევე, არაერთგზის მსოფლიო რეკორდსმენსა და საქართველოს 2017 წლის საუკეთესო სპორტსმენს, ხმა 9 804-მა გულშემატკივარმა მისცა, სამასი ხმით ნაკლები მიიღო მეორე პოზიციაზე გასულმა ეგვიპტელმა იჰაბ მაჰმუდმა, მესამე ადგილზე კი ირანელი სოჰრაბ მორადი გავიდა 3 142 ხმით. გამოკითხვას 1982 წლიდან ატარებენ და ლაშა ტალახაძე პირველი ქართველია, რომელმაც ეს ტიტული მოიპოვა.

ვიღაც იტყვის, რომ "ხმის მიცემით მოგებული ჯილდოებისა არ სჯერა. თუმცა რა არის გასაკვირი იმაში, რომ ქართველები სწორედ თავიანთ საყვარელ სპორტსმენს მისცემდნენ ხმას? ასევე არ მოიქცნენ მეორე ადგილზე გასული ეგვიპტელის მხარდამჭერებიც? თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ "წლის ძალოსნის" წოდებას სწორედ ქართველი გოლიათი იმსახურებდა? უსამართლობა სწორედაც ის იქნებოდა, მსოფლიოს და ევროპის მოქმედ ჩემპიონს, მრავალგზის რეკორდსმენ ტალახაძეს რომ არ გაემარჯვა!

გაიმარჯვა კიდეც და ტრადიციისამებრ, არც მადლობა დავიწყებია: "მსოფლიოს წლის საუკეთესო ძალოსნის გამოსავლენი გამოკითხვის შედეგები უკვე ცნობილია. "თქვენი დახმარებით კიდევ ერთი გამარჯვება მოვიპოვე, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი ყველას, ვინც თუნდაც ერთხელ მომცა ხმა! დიდი მადლობა საქართველოს ძალოსნობის ფედერაციას და ყველა იმ ადამიანს, ვინც გულშემატკივრებს ინფორმაცია მიაწოდა გამოკითხვის შესახებ. მინდა მაქსიმუმი მივცე ქართულ სპორტს და შევინარჩუნო ყველა ტიტული... კიდევ ერთხელ მადლობა ყველას... მეამაყება, რომ ქართველი ვარ!" - ეს 2017 წლის საუკეთესო ძალოსნის - ლაშა ტალახაძის სიტყვებია.

P.S. ლაშა ტალახაძე, ჩვენც ვამაყობთ, რომ ქართველი ხარ!