"დიდი პასუხისმგებლობაა, თუნდაც ერთ თამაშში იყო ბორჯღალოსნების კაპიტანი!" - კვირის პალიტრა

"დიდი პასუხისმგებლობაა, თუნდაც ერთ თამაშში იყო ბორჯღალოსნების კაპიტანი!"

"ბელგიასთან თამაშის უფლება თავს შეზღუდვების გარეშე მივეცით და შეცდომებიც ამის ბრალია"

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ქუთაისის "აია არენაზე" ბელგიას უმასპინძლა და სარეკორდო სხვაობით - 47:0 სძლია. წლის პირველ მატჩში ბორჯღალოსნებს პირველად უთავა ქუთაისელმა გიორგი ნემსაძემ და ბუნებრივია, 33 წლის მეორეხაზელისთვის მშობლიურ ქალაქში გამართული შეხვედრა ორმაგად საპასუხისმგებლო იყო. გერმანიაში გასამართ მეორე მატჩამდე საქართველოს ნაკრები ინგლისში გაემგზავრა და მასპინძელთა ეროვნულ ნაკრებთან ერთად სამდღიან ერთობლივ წვრთნაში მიიღო მონაწილეობა. ერთობლივი ვარჯიში ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ედი ჯონსის ინიციატივით გაიმართა, შედეგით კი ორივე მხარე კმაყოფილია."

"ფანტასტიკური იყო! საქართველოს სწორედ ისეთი შერკინება ჰყავს, რომლის წინააღმდეგ მუდამ უნდა გინდოდეს ვარჯიში. ეს არის უძლიერესი შერკინება, რომელიც სხვებისგან განსხვავებულად მუშაობს. ასეთ ვარჯიშს ვერც კი ვინატრებდი, ბიჭებმა ბევრი ახალი რამ ისწავლეს, აღტაცებული არიან!" - ეს მსოფლიო რეიტინგის მეორე ნომრის და "ექვსი ერის" ბოლო ორი სეზონის ჩემპიონის, ინგლისის ნაკრების თავკაცის სიტყვებია. ბუნებრივია, ევროპის უძლიერეს ნაკრებთან მუშაობით კმაყოფილია ქართული მხარეც.

გიორგი ნემსაძეს ინგლისში შევეხმიანეთ და ქუთაისური შეხვედრის ემოციასა და ბრიტანულ შთაბეჭდილებებზე ვესაუბრეთ:

- როგორი იყო პირველი შეხვედრა ნაკრების კაპიტნის რანგში?

- ეროვნული გუნდის კაპიტნობა უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა. ამავდროულად, ძალიან კარგი გრძნობაც. ბედნიერებაა, იყო ბორჯღალოსნების კაპიტანი თუნდაც ერთი თამაშის განმავლობაში!

- ბელგიასთან შეხვედრამდე თქვით, როგორ არ ვნერვიულობ, მაგრამ ბიჭები გვერდით დამიდგებიან და "კაპიტნები" ყველა ერთად ვიქნებითო... როცა მატჩი დაიწყო, მალევე დამშვიდდით?

- თამაშის შემდეგ ყველას დიდი მადლობა ვუთხარი თანადგომისთვის. ერთსულოვნება, გვერდით დგომა ყველა თანაგუნდელისგან ვიგრძენი და ამიტომაც დასრულდა ყველაფერი ასე კარგად.

- გუნდი სათამაშოდ მშობლიური ქუთაისის გადაჭედილ სტადიონზე გაიყვანეთ... სტადიონზე გამეფებული ატმოსფეროთი კმაყოფილი დარჩით? გაამართლა თქვენი მოლოდინი დიდ რაგბის მონატრებულმა ქუთაისელმა ქომაგმა?

- ქუთაისში ქომაგობა რომ არ შეეშლებოდათ, ყველამ იცის, მაგრამ სტადიონზე მოსულ თითოეულ გულშემატკივარს მაინც დიდ მადლობას ვუხდი - ჩემთვის მნიშვნელოვანი დღე ძალიან გაალამაზეს.… გვინდოდა, ყველაფერი კარგად გამოსულიყო და ასეც მოხდა. ალბათ, კიდევ ბევრჯერ იქნება ქუთაისში სანაკრებო მატჩი.

- 7 ლელო, 47:0 და არც ერთი მიღებული ქულა - ამხელა სხვაობით ბელგიისთვის არასდროს მოგვიგია. ვითამაშეთ გაშლილი რაგბი, ხშირად ვუტევდით ფლანგებიდანაც. ყველაზე მეტად რა მოგეწონა თანაგუნდელების თამაშში?

- პროგრესი თვალსაჩინო გახლდათ. მეტოქეს ისე შევუზღუდეთ სივრცე, რომ თითქმის არაფრის გაკეთების შესაძლებლობა აღარ დავუტოვეთ. რა მომეწონა? სილაღე და თავისუფლება. თამაშიც გავშალეთ და დავალების უმეტესობაც ზუსტად შესრულდა. ამის მიუხედავად, კიდევ ბევრია გასაკეთებელი.

- გეთანხმები. ისეთი შეცდომებიც გვქონდა, უფრო ძლიერი გუნდები არ გვაპატიებენ. მოედნიდან როგორ ჩანდა ეს ყველაფერი, სად აქვს ჩვენს გუნდს ყველაზე მეტი სამუშაო?

- შეცდომების გარეშე რაგბი არ გამოდის. ბუნებრივია, გავაგრძელებთ მუშაობას ხარვეზების გამოსასწორებლად, თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ბელგიასთან თავს შეზღუდვების გარეშე თამაშის უფლება მივეცით და შეცდომები ამის ბრალიც არის.

- ინგლისის ნაკრებისგან ერთად სავარჯიშოდ მიწვევა ყველასთვის დიდი პატივია. როგორ ჩაიარა ერთობლივმა ვარჯიშმა (ინტერვიუ ჩაწერილია პირველი დღის ვარჯიშის შემდეგ. - ავტ.)?

- ძალიან კარგად. ორივე გუნდი კმაყოფილი დავრჩით. კარგია, როცა ამ დონის მოწინააღმდეგესთან გვეძლევა ტექნიკური დეტალების დახვეწის შესაძლებლობა.

- ბრიტანელები ძირითად აქცენტს ქართულ შერკინებასთან ერთობლივ ვარჯიშზე აკეთებდნენ, მაგრამ საქართველოს ნაკრებში მხოლოდ მორკინალები არ არიან და ბუნებრივია, მილტონ ჰეიგის გუნდი ინგლისს მთელი გუნდით ეწვია. გამოცდილება უკანახაზელებმაც ხომ მიიღეს?

- ჩვენ ერთი გუნდი ვართ. ასე რომ, თუ ინგლისს ერთობლივი ვარჯიში სურს, ჩვენი მოთხოვნებიც უნდა გაითვალისწინოს. ერთობლივი ვარჯიში ყველა ჩვენგანისთვის სასარგებლო იყო. ეს ვარჯიშები გამოცდილებასა და თავდაჯერებულობას შეგვმატებს. ეს დღეები ინგლისელებისთვისაც მნიშვნელოვანი იყო, სხვაგვარად ჩვენთან ვარჯიშის სურვილი არ გაუჩნდებოდათ.

- ინგლისელი მორაგბეებისგან როგორ დამოკიდებულებას გრძნობთ?

- პატივისცემას და დაფასებას დამსახურება უნდა. ერთობლივ ვარჯიშზე იმიტომაც მიგვიწვიეს, რომ ჩვენგან სწავლა და განვითარება სურთ. ასე რომ, ჩვენც და სამწვრთნელო შტაბიც კმაყოფილი ვართ.

- ერთ-ერთი ხართ იმ მცირერიცხოვან ქართველ მორაგბეთაგან, ვისაც ინგლისში უთამაშია და ბრიტანელებიც სხვებზე უკეთ იცნობენ... ნახეთ ნაცნობი მორაგბეები?

- აქაურობას და აქაურ მოთამაშეებს კარგად ვიცნობ და ნაცნობებიც ვნახე, თუმცა ჩემი ნაცნობებიდან ამ ეტაპზე ინგლისის ნაკრებში არავინ თამაშობს.

- მესამე ტაიმი ერთობლივი ვარჯიშის შემდეგაც არის ხოლმე?

- არა, ამჯერად "მესამე ტაიმი" არ იქნება.

- ბოლოს ისევ "რაგბი ევროპის" გათამაშებას დავუბრუნდეთ: გერმანიის ნაკრები ტურნირის აშკარა აუტსაიდერია, რუმინეთშიც დიდი სხვაობით განადგურდა... რას ელით მათთან მომავალი მატჩისგან?

- გერმანელებმა დიდი ანგარიშით კი წააგეს, მაგრამ ამან ჩვენს მზადებაზე გავლენა არ უნდა მოახდინოს. თუ თამაშს მატჩის დაწყებისთანავე "საჩვენოდ" წავიყვანთ, ბევრი რამის დამუშავების და ნახვის შანსი მოგვეცემა.