"ჩემი თამაშით კმაყოფილი არასდროს ვარ" - კვირის პალიტრა

"ჩემი თამაშით კმაყოფილი არასდროს ვარ"

რუსეთის ჩემპიონ "ენისეის" ქართველი მესამეხაზელი მიხეილ გაჩეჩილაძე კლუბში "წლის აღმოჩენად" დაასახელეს. "აღმოჩენად" იქცა ის საქართველოს ნაკრების ქომაგთა უმრავლესობისთვისაც: მიშამ"რაგბი ევროპის" წლევანდელი გათამაშების ორივე შეხვედრაში ითამაშა და ბელგიასთან (47:0) სადებიუტო მატჩის შემდეგ გერმანიასთან (64:0) უკვე ძირითად შემადგენლობაში ვნახეთ და პირველი სანაკრებო ლელოც მიითვალა. 27 წლის მორაგბეს ქართული კლუბებიდან თბილისის "აკადემიაში" (ამ კლუბის აღზრდილია. - ავტ.) და ბოლნისის "ყოჩებში" უთამაშია, რამდენიმე სეზონის განმავლობაში იცავდა საფრანგეთის "Federal-1"-ის კლუბების ღირსებას, 2016 წლიდან კი რუსეთის მოქმედი ჩემპიონის - "ენისეის" რიგებში ირიცხება. ბელგიის დამარცხების შემდეგ, მიხეილი ნაკრებს ინგლისშიც ახლდა და მასპინძელთა ეროვნულ ნაკრებთან სამდღიან ერთობლივ ვარჯიშშიც მონაწილეობდა. ბორჯღალოსანთა მესამე ხაზში კონკურენცია საკმაოდ დიდია, თუმცა მიხეილ გაჩეჩილაძემ უკვე მოაწონა თავი მილტონ ჰეიგს და ეჭვგარეშეა, თამაშის შანსი მომავალშიც ექნება. მართალია, ბევრი ლაპარაკი არ უყვარს, მაგრამ მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ახალ წევრთან ინტერვიუ მაინც დაგაინტერესებთ. მიხეილს გერმანიასთან მატჩამდე ვესაუბრეთ:

- ნაკრებში დებიუტი? ეროვნული გუნდის სახელით მოედანზე გასვლა ძალიან მაგარი გრძნობაა და, რა თქმა უნდა, უდიდესი პასუხისმგებლობაც!

- შარშან მილტონ ჰეიგმა ამერიკული ტურნეს წინა შეკრებაზეც მიგიწვიათ, მაგრამ საბოლოოდ ოკეანის გაღმა წამსვლელთა შორის ვერ მოხვდით. ძალიან დაგწყდათ გული?

- მწვრთნელებმა ასე გადაწყვიტეს. თუმცა მათი შარშანდელი არჩევანი მოულოდნელი არ ყოფილა ჩემთვის, რაც უნდა იყოს, ნაკრებში პირველად გამომიძახეს.

- თქვენს სადებიუტო მატჩს დავუბრუნდეთ. ამხელა სხვაობით ბელგიისთვის არასდროს მოგვიგია. როგორ ფიქრობ, ეს რის დამსახურებაა - მეტოქე იყო ძალიან სუსტი, თუ საქართველომ ითამაშა განსაკუთრებულად კარგად?

- ვერ ვიტყვი, რომ ბელგიას ძლიერი გუნდი ჰყავდა. თუმცა ასეთი ანგარიშით გამარჯვება, ალბათ, მაინც ბიჭების კარგმა თამაშმა განაპირობა.

- ფაქტია, ისეთი შეცდომებიც გვქონდა, უფრო ძლიერი გუნდები ნამდვილად არ გვაპატიებენ. მოედნიდან როგორ ჩანდა ეს ყველაფერი, რა კომპონენტზე აქვს სამუშაო ჩვენს გუნდს?

- ჩვენს შეცდომებზე ასე კონკრეტულად ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ თამაშს ყველა მატჩის შემდეგ განვიხილავთ და ვცდილობთ, ხარვეზები უახლოეს შეხვედრაშივე გამოვასწოროთ.

- ბელგიას ქუთაისში, გადაჭედილ "აია არენაზე" ვუმასპინძლეთ. კმაყოფილი დარჩით სტადიონზე გამეფებული ატმოსფეროთი და ქომაგობით?

- რა თქმა უნდა. სტადიონზე მართლაც გასაოცარი განწყობა და ქომაგობა იყო. ქუთაისში რაგბი ძალიან უყვართ და დარწმუნებული ვიყავი, რომ მთელი გულით გვიგულშემატკივრებდნენ.

- ბელგიასთან მატჩის შემდეგ მილტონ ჰეიგმა თქვა, გაჩეჩილაძის თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარო. თამაშის შემდეგ გელაპარაკათ მწვრთნელი?

- კონკრეტულად ჩემთან არ ულაპარაკია.

- თავად მაინც თუ ხარ კმაყოფილი საკუთარი თამაშით?

- ჩემი თამაშით კმაყოფილი არასდროს ვარ და ვცდილობ, ყველა მომდევნო მატჩში მეტი გავაკეთო.

- ბორჯღალოსნებმა როგორ მიგიღეს დებიუტანტები?

- ყველა ძალიან კარგად შემხვდა. ნაკრების წევრთა უმრავლესობას კარგად ვიცნობ და ბევრ მათგანთან ვმეგობრობ.

- ინგლისის ნაკრებთან ერთობლივი ვარჯიშით კმაყოფილი დარჩით?

- ბუნებრივია, რადგან ინგლისის ნაკრებთან ერთად ვარჯიში ყველასთვის დიდი პატივია. ვფიქრობ, ჩვენმა გუნდმა ინგლისელთა ყურადღება იმიტომ დაიმსახურა, რომ საუკეთესო შერკინება გვყავს!

- როგორ ფიქრობთ, რას მოგვცემს ინგლისელებთან ერთად ვარჯიში და ისინი რას "წაიღებენ" ჩვენთან ერთობლივი წვრთნისგან?

- ინგლისთან ვარჯიში დიდი გამოცდილებაა, მათგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება. რა თქმა უნდა, ინგლისმაც ბევრი ისწავლა ჩვენი შერკინებისგან... ინგლისელებისგან კარგი დამოკიდებულება იგრძნობოდა, იცოდნენ, რისთვის ვიყავით ჩასული და საქმეს პროფესიულად მიუდგნენ.

- საქართველოს შვიდკაცა ნაკრების წევრიც ხართ. რა არის მთავარი განსხვავება ამ "ორ სახეობას" შორის?

- შვიდკაცა ნაკრები უფრო მეტ ძალისხმევას მოითხოვს.

- "ენისეიში" "წლის აღმოჩენის" ტიტული გერგოთ. თქვენთვის რით იყო გამორჩეული 2017 წელი?

- გასული წლის ყველაზე გამორჩეული მოვლენა, ალბათ, სწორედ თქვენ მიერ დასახელებული ტიტულის მიღება იყო. "ენისეისთან" მაისის ბოლომდე მაქვს კონტრაქტი, მერე კი ვნახოთ.