26-02-2018
რუსეთის ჩემპიონ "ენისეის" ქართველი მესამეხაზელი მიხეილ გაჩეჩილაძე კლუბში "წლის აღმოჩენად" დაასახელეს. "აღმოჩენად" იქცა ის საქართველოს ნაკრების ქომაგთა უმრავლესობისთვისაც: მიშამ"რაგბი ევროპის" წლევანდელი გათამაშების ორივე შეხვედრაში ითამაშა და ბელგიასთან (47:0) სადებიუტო მატჩის შემდეგ გერმანიასთან (64:0) უკვე ძირითად შემადგენლობაში ვნახეთ და პირველი სანაკრებო ლელოც მიითვალა. 27 წლის მორაგბეს ქართული კლუბებიდან თბილისის "აკადემიაში" (ამ კლუბის აღზრდილია. - ავტ.) და ბოლნისის "ყოჩებში" უთამაშია, რამდენიმე სეზონის განმავლობაში იცავდა საფრანგეთის "Federal-1"-ის კლუბების ღირსებას, 2016 წლიდან კი რუსეთის - ნაკრებში დებიუტი? ეროვნული გუნდის სახელით მოედანზე გასვლა ძალიან მაგარი გრძნობაა და, რა თქმა უნდა, უდიდესი პასუხისმგებლობაც!
- შარშან მილტონ ჰეიგმა ამერიკული ტურნეს წინა შეკრებაზეც მიგიწვიათ, მაგრამ საბოლოოდ ოკეანის გაღმა წამსვლელთა შორის ვერ მოხვდით. ძალიან დაგწყდათ გული?
- მწვრთნელებმა ასე გადაწყვიტეს. თუმცა მათი შარშანდელი არჩევანი მოულოდნელი არ ყოფილა ჩემთვის, რაც უნდა იყოს, ნაკრებში პირველად გამომიძახეს.
- თქვენს სადებიუტო მატჩს დავუბრუნდეთ. ამხელა სხვაობით ბელგიისთვის არასდროს მოგვიგია. როგორ ფიქრობ, ეს რის დამსახურებაა - მეტოქე იყო ძალიან სუსტი, თუ საქართველომ ითამაშა განსაკუთრებულად კარგად?
- ვერ ვიტყვი, რომ ბელგიას ძლიერი გუნდი ჰყავდა. თუმცა ასეთი ანგარიშით გამარჯვება, ალბათ, მაინც ბიჭების კარგმა თამაშმა განაპირობა.
- ფაქტია, ისეთი შეცდომებიც გვქონდა, უფრო ძლიერი გუნდები ნამდვილად არ გვაპატიებენ. მოედნიდან როგორ ჩანდა ეს ყველაფერი, რა კომპონენტზე აქვს სამუშაო ჩვენს გუნდს?
- ჩვენს შეცდომებზე ასე კონკრეტულად ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ თამაშს ყველა მატჩის შემდეგ განვიხილავთ და ვცდილობთ, ხარვეზები უახლოეს შეხვედრაშივე გამოვასწოროთ.
- ბელგიას ქუთაისში, გადაჭედილ "აია არენაზე" ვუმასპინძლეთ. კმაყოფილი დარჩით სტადიონზე გამეფებული ატმოსფეროთი და ქომაგობით?
- რა თქმა უნდა. სტადიონზე მართლაც გასაოცარი განწყობა და ქომაგობა იყო. ქუთაისში რაგბი ძალიან უყვართ და დარწმუნებული ვიყავი, რომ მთელი გულით გვიგულშემატკივრებდნენ.
- ბელგიასთან მატჩის შემდეგ მილტონ ჰეიგმა თქვა, გაჩეჩილაძის თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარო. თამაშის შემდეგ გელაპარაკათ მწვრთნელი?
- კონკრეტულად ჩემთან არ ულაპარაკია.
- თავად მაინც თუ ხარ კმაყოფილი საკუთარი თამაშით?
- ჩემი თამაშით კმაყოფილი არასდროს ვარ და ვცდილობ, ყველა მომდევნო მატჩში მეტი გავაკეთო.
- ბორჯღალოსნებმა როგორ მიგიღეს დებიუტანტები?
- ყველა ძალიან კარგად შემხვდა. ნაკრების წევრთა უმრავლესობას კარგად ვიცნობ და ბევრ მათგანთან ვმეგობრობ.
- ინგლისის ნაკრებთან ერთობლივი ვარჯიშით კმაყოფილი დარჩით?
- ბუნებრივია, რადგან ინგლისის ნაკრებთან ერთად ვარჯიში ყველასთვის დიდი პატივია. ვფიქრობ, ჩვენმა გუნდმა ინგლისელთა ყურადღება იმიტომ დაიმსახურა, რომ საუკეთესო შერკინება გვყავს!
- როგორ ფიქრობთ, რას მოგვცემს ინგლისელებთან ერთად ვარჯიში და ისინი რას "წაიღებენ" ჩვენთან ერთობლივი წვრთნისგან?
- ინგლისთან ვარჯიში დიდი გამოცდილებაა, მათგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება. რა თქმა უნდა, ინგლისმაც ბევრი ისწავლა ჩვენი შერკინებისგან... ინგლისელებისგან კარგი დამოკიდებულება იგრძნობოდა, იცოდნენ, რისთვის ვიყავით ჩასული და საქმეს პროფესიულად მიუდგნენ.
- საქართველოს შვიდკაცა ნაკრების წევრიც ხართ. რა არის მთავარი განსხვავება ამ "ორ სახეობას" შორის?
- შვიდკაცა ნაკრები უფრო მეტ ძალისხმევას მოითხოვს.
- "ენისეიში" "წლის აღმოჩენის" ტიტული გერგოთ. თქვენთვის რით იყო გამორჩეული 2017 წელი?
- გასული წლის ყველაზე გამორჩეული მოვლენა, ალბათ, სწორედ თქვენ მიერ დასახელებული ტიტულის მიღება იყო. "ენისეისთან" მაისის ბოლომდე მაქვს კონტრაქტი, მერე კი ვნახოთ.
იყავი პირველი!