"მუნდიალზე მაღალი დონის შემსრულებელთა ნაკლებობაა" - კვირის პალიტრა

"მუნდიალზე მაღალი დონის შემსრულებელთა ნაკლებობაა"

ევროპის ჩემპიონმა და მუნდიალის ერთ-ერთმა უმთავრესმა ფავორიტმა ესპანეთის ნაკრებმა მერვედფინალის საგზური მხოლოდ ბოლო ტურში გაინაღდა, საფრანგეთის ნაკრები მანამდე "ჩაიძირა", მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა - იტალიის ნაკრებმა კი იმდენი მოახერხა, ჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდა.

სამაგიეროდ, გალაღდნენ აზიისა და ამერიკის ნაკრებები. სხვაფრივ სამხრეთ აფრიკის სტადიონებზე ბევრი არაფერი შეცვლილა - ვუვუზელა ისევ ბზუის და "ჯაბულანიც" თავის გემოზე დაფრინავს. უკვე დასრულებული ჯგუფური ეტაპის შეფასება ვთხოვეთ ვეტერან ფეხბურთელს, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელ ოთარ გაბელიას:

- ევროგრანდების ფიასკოთი დავიწყოთ: ჯერ საფრანგეთის უსუსური ნაკრები ჩარჩა ჯგუფში, ცოტა ხანში კი მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს - იტალიის ნაკრებსაც იგივე დღე დაადგა.

- მარჩელო ლიპი კაცურად მოიქცა და აღიარა, შეცდომები დავუშვიო. ის ფეხბურთელები წაიყვანა სამხრეთ აფრიკაში, ვინც ეიმედებოდა, მაგრამ რატომღაც არ გაუმართლეს, არც ტოტი მიიწვია გუნდში და არც კასანო. ამ უკანასკნელზე ბევრი უყიჟინებდა, წაიყვანეო, მაგრამ მისი ჭირვეული ხასიათის შეეშინდა, გუნდში სიტუაციას არევსო და...

ყველამ იცის, იტალიის გულშემატკივარი რომ ვარ და აზრის შეცვლას არც ამ ფიასკოს შემდეგ ვაპირებ, არ მივეკუთვნები ისეთთა რიცხვს, ყოველ წელს ახალ გუნდს რომ ქომაგობენ. ბუფონი რომ არ დაშავებულიყო, იქნებ ჯგუფიდან გასულიყვნენ კიდეც, თუმცა საჩემპიონო გუნდი ნამდვილად არ ჰყოლიათ.

- კასანო ჭირვეული ხასიათის გამო არ წაიყვანაო, თქვით, და არევით, ანელკამ რომ აურია საფრანგეთის ნაკრებში, ისეთი უნდა...

- თუ ფეხბურთელს ნაკრებში თამაში არ სურს, თავიდანვე უნდა თქვას. რაც უნდა გეპარებოდეს ეჭვი მწვრთნელის კვალიფიკაციაში, სანამ გუნდის სათავეშია, მისი სიტყვა კანონია! ამიტომაც დომენეკის გადაწყვეტილებას ორივე ხელით მივესალმები. სხვა მხრივ, საფრანგეთს ძალიან სუსტი გუნდი ჰყავდა და დამსახურებულად დარჩა მერვედფინალის მიღმა. გადაღლილობის ბრალიაო, გაიძახიან, წინა წლებში არ იყო ეროვნული ჩემპიონატები და ევროთასები? როგორ არ იყო, მაგრამ ფეხბურთელები ასე უნიათოდ არ თამაშობდნენ. ამ ჩემპიონატზე მაღალი დონის შემსრულებელია ცოტა და ამის ბრალია ყველაფერი...

- ჯგუფური ეტაპი უკვე დასრულდა და ბევრი მოულოდნელი შედეგიც ვნახეთ.

- მართალია. ფავორიტების ჩავარდნაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, თუნდაც იაპონიის, კორეის, სლოვაკეთის ჯგუფიდან გასვლასაც ხომ ცოტა ვინმე თუ იწინასწარმეტყველებდა? თუმცა, მაინც ვერ არის ისეთი ჩემპიონატი, როგორსაც ველოდით. წინა ჩემპიონატებთან შედარებით, ძალიან ცოტაა იმპროვიზაცია. გუნდები უფრო შედეგზე არიან ორიენტირებული, რამაც ფეხბურთს სანახაობრივი მხარე დაუკარგა. ეს გასაგებიც არის - ლამაზად თამაში და წაგება აღარავის უნდა. ამას გარდა, სამხრეთ აფრიკაში არც იმ დონის ვარსკვლავები ჩანან, თუნდაც წინა მუნდიალზე რომ იყვნენ.

- ახლაც არიან, მაგრამ ჯერჯერობით, არ ჩანან.

- ზოგიერთი ფეხბურთელი კლუბში ისე თამაშობს, გაგაგიჟებს, ნაკრებში კი იმის ნახევრადაც არ მოჩანს. ზოგიერთი პირიქითაა, მაგრამ ფეხბურთელმა კლუბში თუ არ გამოიჩინა თავი, ნაკრებში ვინ მიიწვევს?

KvirisPalitra.Ge- სენსაცია ფეხბურთში ყოველთვის ხდებოდა, მაგრამ სამხრეთ აფრიკის მინდვრებზე რაღაც ძალიან მომრავლდა. როგორ ფიქრობთ, ეს გუნდების დონის გათანაბრების ბრალია თუ ტოტალიზატორებმა საბოლოოდ გადაყლაპეს ფეხბურთი?

- ფეხბურთში უკვე ძალიან დიდი ფული ტრიალებს და ტოტალიზატორებმა მართლაც ბევრი მატჩი "გადაყლაპეს", თუმცა არა მგონია, ისეთი რანგის ტურნირზე, როგორიც მსოფლიო ჩემპიონატია, შედეგები საბუკმეიკერო კანტორაში გაკეთებული ფსონების მიხედვით ფიქსირდებოდეს. და თუ ასეა, აღარ ყოფილა საშველი...

- ბევრი ფიქრობდა, რომ აფრიკის კონტინენტზე გამართული მუნდიალი ადგილობრივი ნაკრებების ბენეფისად იქცეოდა, მაგრამ ექვსი აფრიკული გუნდიდან მერვედფინალში მხოლოდ განის ნაკრებმა გააღწია...

- აფრიკელები ფიზიკურად ძალიან ძლიერები არიან, არც ტექნიკა დაეწუნებათ, მაგრამ კლასი მაინც თავისას აკეთებს. პირადად მე, კოტ-დ,ივუარის ნაკრებისგან ველოდი ყველაზე მეტს. რაც შეეხება აუტსაიდერობას, თანამედროვე ფეხბურთში ასეთი გუნდები თითქმის აღარ არიან. 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატს მე "ლიდერებთან გათანაბრების ჩემპიონატი" დავარქვი. სენეგალმა საფრანგეთს მოუგო მაშინ და აუტსაიდერად მიჩნეულ ყველა გუნდს მოუხსნა შიშის სინდრომი.

- იმაზე რაღას იტყვით, ჩემპიონატში მონაწილე ხუთი სამხრეთამერიკული გუნდიდან, ფლეი ოფის საგზური ხუთივემ რომ მოიპოვა?

- სამხრეთამერიკულ გუნდებს ტრადიციაც უფრო დიდი აქვთ, კლასიც და მაღალი დონის შემსრულებლებიც მეტი ჰყავთ. ამ კონტინენტის ფეხბურთი ყოველთვის აფრიკულზე მაღლა იდგა და დღემდე ასეა.

- სახელგანთქმული მეკარე ოთარ გაბელია წლევანდელ მუნდიალზე მეკარეების თამაშს როგორ შეაფასებს?

- მეკარეების შეცდომას ბევრი ახალ ბურთს აბრალებს. რთულ დარტყმას რომ იგერიებენ, მაშინ არ არის ბურთი ცუდი? ყველა ბურთს თავისებური ტრაექტორია აქვს.  გუნდებს სულ ცოტა ერთი თვე ჰქონდათ "ჯაბულანთან" შესაჩვევად. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უკვე ჩამოიტანა მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური ბურთი და მუნდიალის მონაწილე გუნდებს მით უმეტეს არ გაუჭირდებოდათ მისი ნაადრევად შოვნა.

- მსაჯობაზე რას იტყვით?

- ნორმალურად მსაჯობენ, მაგრამ შეცდომაც ბევრი ვნახეთ - რამდენიმე ფეხბურთელი ტყუილუბრალოდ გააძევეს და რამდენჯერმე წესების სრული დაცვით გატანილი ბურთი არ ჩათვალეს.

- ყველაზე მეტად რომელი ნაკრები მოგეწონათ?

- არგენტინა და ბრაზილია სხვებთან შედარებით უფრო სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობენ.

- ფეხბურთელებიდან ვის გამოარჩევდით?

- როგორც უკვე გითხარით, წლევანდელ ჩემპიონატზე მაღალი დონის შემსრულებლების სიმცირეა. სხვებზე მეტად ბრაზილიელთა მარჯვენა მცველი - მაიკონი მომწონს. ჯერჯერობით, კარგად თამაშობენ იგუაინი და ვილიაც, მესიც არ თამაშობს ურიგოდ, მაგრამ ჯერ მაინც ვერ არის ისეთი, როგორიც კლუბში.

- ვუვუზელაზე რას ფიქრობთ? ზოგიერთი ფეხბურთელი ცუდ თამაშს ამ ყურისწამღებ საჭყვიტინოს აბრალებს.

- პროფესიონალმა ასეთ რამეს ყურადღება არ უნდა მიაქციოს, თუმცა ადამიანები ვართ და ზოგჯერ შეიძლება იმოქმედოს კიდეც. რას იზამ, აფრიკელების საყვარელი ინსტრუმენტია და ვერ აუკრძალავ, თორემ ტელემაყურებლისთვის მართლაც გამაღიზიანებელია.

- დასასრულ, ვინ გახდება მსოფლიო ჩემპიონი?

- ესპანეთი, არგენტინა, ბრაზილია - ჩემი აზრით, ამ სამი გუნდიდან ერთ-ერთი. კარგი იქნება, თუ არგენტინა და ბრაზილია შეხვდებიან ერთმანეთს ფინალში. ასეთი რამ აქამდე არ მომხდარა და საინტერესო იქნება. პირადად მე კი მინდა ევროპული გუნდი - ესპანეთი ვნახო ფინალში. დანარჩენს დრო გვიჩვენებს.