"არა მგონია, საქართველოს გარდა, დიდი ხნით სადმე ცხოვრება შევძლო!" - კვირის პალიტრა

"არა მგონია, საქართველოს გარდა, დიდი ხნით სადმე ცხოვრება შევძლო!"

"კვირის პალიტრა" ქართველ სუმოისტთან ლევან გორგაძესთან - ტოჩინოშინთან ბლიცინტერვიუს გთავაზობთ:

- სუმოისტი რომ არა, ვინ იქნებოდი?

- იაპონიაში ჩამოსვლამდე ძიუდოში ვვარჯიშობდი და რომ არა სუმო, ალბათ, ძიუდოს გავყვებოდი. ისე კი, ბავშვობიდან მინდოდა, წარმატებული სპორტსმენი ვყოფილიყავი!

- სუმოს გარდა, რა გიყვარს?

- ბრძოლა წესების გარეშე. ასევე სპორტის სხვა სახეობები.

- რა გაღიზიანებს ყველაზე მეტად?

- უპასუხისმგებლობა და ტყუილი!

- დოჰიოს (მოედანი, სადაც სუმოს ორთაბრძოლა იმართება. - ავტ.) გარდა, ყველაზე ხშირად სად შეიძლება ტოჩინოშინის ნახვა?

- თავისუფალ დროს კლუბში წასვლა მიყვარს და, ალბათ, ღამის კლუბში.

- საყვარელი საჭმელი...

- ყველა რომ ჩამოვთვალო, ძალიან შორს წავალთ. ამიტომ ამჯერად მხოლოდ ხინკალსა და სუშის გამოვყოფ. ყველაზე ეგზოტიკური კერძი? კუს ხორცისგან დამზადებული იაპონური კერძი. სხვათა შორის, გემრიელია!

- საყვარელი ნივთი ან აქსესუარი თუ გაქვს?

- საათი.

- ფრაზა ან სიტყვა, რომელსაც ყველაზე ხშირად ამბობ...

- "შენ გენაცვალე!"

- ადამიანი, ვინც ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა შენზე...

- ჩემი მშობლები.

- ქვეყანა, სადაც იცხოვრებდი...

- არა მგონია, საქართველოს გარდა, დიდი ხნით სადმე ცხოვრება შევძლო!

- საყვარელი წიგნი, ფილმი, მუსიკოსი...

- "მგლები", "დათა თუთაშხია", თემურ ყვითელაშვილი.

- დაახასიათე საკუთარი თავი ერთი სიტყვით...

- "უბრალო"

- იდეალური ქალი შენთვის არის...

- დედა!

- შენი საყვარელი სპორტსმენი...

- ოლიმპიური ჩემპიონი დავით ხახალეიშვილი!

- სოციალური ქსელით ხშირად სარგებლობ?

- დიახ, საკმაოდ ხშირად.

- სიმღერა, რომელსაც ყველაზე ხშირად ღიღინებ...

- "ჩამოვიარე მე შენს ქუჩაზე"

- შინაური ცხოველი თუ გყავს?

- ტოკიოში არა. აი, საქართველოში კი მყავს - ქართული ნაგაზი.

- ტოჩინოშინის გარდა, მეტსახელი თუ გაქვს?

- "გრუზინ"!

- კარიერის თავიდან დაწყება რომ შეგეძლოს, შეცვლიდი რამეს?

- არ ვიცი... ალბათ, არაფერს.

- ორთაბრძოლის წინ რამე ჩვევა თუ გაქვს?

- ყოველთვის მარჯვენა ფეხით ავდივარ დოჰიოზე!

- გულმავიწყი ხარ?

- არა, იშვიათად, რომ რამე დამავიწყდეს.

- დაასრულე ფრაზა: "მჯერა, რომ"...

- ...კიდევ ბევრს შევძლებ!

იხილეთ ასევე: "არ მაქვს უფლება მეუღლე ორთაბრძოლებზე წავიყვანო" - იმპერატორის თასის მფლობელი ქართველი სუმოისტის სიყვარულის ისტორია

იხილეთ ფოტოგალერეა: ლევან გორგაძის ქართულ-იაპონური ცხოვრება

რატი შელეგია