"ლივერპულთან" გამარჯვების შემდეგ პრემიად 150 მანეთი მოგვცეს" - ლეგენდარულ მატჩს ოთარ გაბელია იხსენებს
18-03-2018
"ლივერპულთან" გამარჯვების შემდეგ პრემიად 150 მანეთი მოგვცეს" - ლეგენდარულ მატჩს ოთარ გაბელია იხსენებს
ინგლისელები კოშმარულ სიზმარშიც კი ვერ წარმოიდგენდნენ იმას, რაც მაშინ საბჭოთა საქართველოს დედაქალაქში მოხდა

1979 წლის 3 ოქტომბერი ქართული ფეხბურთის ქომაგს არასოდეს დაავიწყდება. ჩემპიონთა ლიგის მეთექვსმეტედფინალის საპასუხო შეხვედრაში თბილისის "დინამომ" საშინაო მატჩში 3:0 მოუგო ვარსკვლავებით გაჭედილ "ლივერპულს". კოკისპირულ წვიმაში მთელმა საქართველომ უზომოდ გაიხარა.

"დინამო" 3 - "ლივერპული" 0

1979 წლის 3 ოქტომბერი. თბილისი. "დინამოს" სტადიონი, 90 000 მაყურებელი.
გოლები: 1:0 გუცაევი (55), 2:0 შენგელია (75) 3:0 ჩივაძე (პენ. 81)

"დინამო": გაბელია, გ.მაჩაიძე,
ჩივაძე, ხინჩაგაშვილი, ჭილაია, დარასელია, მ. მაჩაიძე, ქორიძე, გუცაევი, ყიფიანი, შენგელია
მწვრთნელი: ნოდარ ახალკაცი

"ლივერპულ"ი: კლემენსი, ნილი, ირვინი, ტომპსონი, კენედი, ჰანსენი, დალგლიში, კეისი (ფეირკლო, 78), ჯონსონი, მაკდერმოტი, სუნესი
მწვრთნელი: რობერტ პეისლი

მსაჯი: ჰაინც ალდინგერი (გერმანია)


პირველი, ინგლისური შეხვედრა "ლივერპულმა" 2:1 მოიგო. ინგლისელები კოშმარულ სიზმარშიც კი ვერ
წარმოიდგენდნენ იმას, რაც მაშინ საბჭოთა საქართველოს დედაქალაქში მოხდა.


იმ შეხვედრაზე თხრობა ლეგენდარული "დინამოს" მეკარეს, ოთარ გაბელიას ვთხოვეთ:

"დავიწყებ პირველი, ინგლისური მატჩით. მოგეხსენებათ, ის შეხვედრა 1:2 წავაგეთ. იმ თამაშზე ტრადიციულად მოსკოვიდან გავფრინდით. გაფრენის წინ რუსები გვეუბნებოდნენ, თქვენი მთავარი ამოცანა ისაა, როგორმე დიდი ანგარიშით არ წააგოთო. "ლივერპული" მაშინ დიდებული ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო მთელი ბრიტანეთის ნაკრები.

მინიმალური ანგარიშით წავაგეთ. თავიდან მაგრად კი მოგვაწვნენ, მაგრამ გავძელით. ამ თამაშში მოხდა ერთი საინტერესო ეპიზოდი: ინგლისელი ქომაგების ნაღდი კერპი იყო კენი დალგლიში. მაღალი ბურთი დაიკიდა ჩემს საჯარიმოში. იმანაც ჩამარტყა და მეც ჩავარტყი ბურთზე ბრძოლისას.

თითქოს, არაფერი იყო განსაკუთრებული, მაგრამ გაგიჟდა ინგლისელი ქომაგი. ინგლისში როგორცაა, იცით - არაა სარბენი ბილიკები და დამაყარეს "კოკა-კოლას" და "ფანტას" ქილები, შეწყდა რამდენიმე წუთით თამაში.

...თბილისური მატჩის დღეს კოკისპირულად წვიმდა. წვიმა ძალიან უყვართ ბრიტანელებს, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ ჩვენი დიდი გამარჯვება სწორედ ამ დღეს გამოიჭედა. მერე ხშირად ვამბობდით ბიჭები, წვიმა ინგლისური კი არა, ქართული ამინდიაო.

რა გვითხრა თამაშის წინ ნოდარ ახალკაცმა? ერთადერთი, რაზეც ამახვილებდა ის ყურადღებას, ეს იყო ის, რომ მთელი შეხვედრის განმავლობაში, როგორიც არ უნდა ყოფილიყო ანგარიში, ყურადღება არ უნდა მოგვედუნებინა, წამითაც არ უნდა დაგვეკარგა კონცენტრაცია... (გაგრძელება)

იხილეთ ასევე: "ქართველები ისე არ წახდებიან, გერმანელებს დაუთმონ გამარჯვებაო" - შუა ოკეანეში ქართულად მოსმენილი 13 მაისის ამბავი

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით