ჩემპიონობით მოგებული "მწვანე ბარათი" - კვირის პალიტრა

ჩემპიონობით მოგებული "მწვანე ბარათი"

დიდი ხანია, კრივზე აღარ დაგვიწერია. მათ შორის - არც ქართულზე, მაგრამ... ეს ისეთი შემთხვევაა, გვერდს რომ ვერ ავუვლით. 17 თებერვალს 36 წლის მექსიკელმა რეიმუნდო ბელტრანმა ნამიბიელი პაულუს მოზესი დაამარცხა და მსუბუქ წონაში WBO-ს (მსოფლიო კრივის ორგანიზაცია) ჩემპიონი გახდა. ჩემპიონების მეტი რა გვინახავს, მაგრამ ამბავი ბელტრანისა, რომელიც ჩემპიონის ტიტულამდე 19 წლის განმავლობაში მიდიოდა, აუცილებლად უნდა იცოდეთ.

და წერილის ბოლომდე წაკითხვის შემდეგ ამაში დარწმუნდებით...

არალეგალი ემიგრანტი

პირველად მექსიკიდან გაქცევა 16 წლისამ სცადა, თუმცა, საზღვრის გადაკვეთისთანავე დაიჭირეს. მესაზღვრეები გულისხმიერი ადამიანები აღმოჩნდნენ - ჩიზბურგერებითაც გაუმასპინძლდნენ და როცა უკან, მექსიკაში აბრუნებდნენ, ერთ-ერთმა მათგანმა ჩასჩურჩულა: "არ ინერვიულო. ოდესმე, აუცილებლად გააღწევ აქედან"...

უკანა გზაზე რეი იხსენებდა მშობლიურ სახლს, სადაც არც საჭმელი იყო, არც - წყალი და ელექტროენერგია. ბიჭს უკეთესი ცხოვრება სურდა, აშშ-მდე კი - უსაზღვრო შესაძლებლობების ქვეყნამდე - მისი სამშობლოდან ერთი ხელის გაწვდენაა.

ამიტომაც მეორე დღეს ისევ სცადა საზღვრის გადაკვეთა. ამჯერად გაუმართლა. კონტრაბანდისტებმა ის აშშ-ში გადაიყვანეს, თუმცა სანამ მამამისმა 200 დოლარი არ გადაუხადა, ერთი კვირის განმავლობაში ფურგონში ჰყავდათ გამომწყვდეული. ასე აღმოჩნდა ბელტრანი ამერიკის შეერთებულ შტატებში. არადა, მხოლოდ ჩხუბი იცოდა, ამიტომაც, პროფესიულ კრივს მიაკითხა. მოგვიანებით, მისდა ბედად, აღმოჩნდა დარბაზში, სადაც მენი პაკიაო ვარჯიშობდა. სახელგანთქმულ ფილიპინელ მოკრივეს ხუან მანუელ მარკესთან ბრძოლისთვის მოსამზადებლად სპარინგ-პარტნიორი სჭირდებოდა და...

პაკიაოს პარტნიორი

სპარინგ-პარტნიორი დარბაზში მიდის და ჩემპიონს პირველივე რაუნდში ისტუმრებს ნოკაუტში - ასეთი რაღაცები მხოლოდ კინოფილმებში ხდება. სინამდვილეში კი მოკრივეთა "სავარჯიშო მსხლების" ცხოვრება ნამდვილი ჯოჯოხეთია... ცხოვრებისგან გათელილი, უპერსპექტივო ყმაწვილები რინგის გარშემო სხედან და ელიან, როდის შეამჩნევს და გადაუგდებს ვინმე ლუკმას ვარსკვლავის "სუფრიდან". 2004 წელს რეიმუნდო ბელტრანმა სწორედ ასეთ სკამზე (ნიშანდობლივია, რომ კრივის იმ დარბაზს ჭილდ ცარდ ჰქვია. - ავტ.) მიიღო თავისი წილი "ლუკმა".

მენი პაკიაოსთან სპარინგებისთვის კვირაში 500 დოლარს იხდიდნენ. 1000 დოლარს - ყოველი ნოკდაუნისთვის, პლუს - ბონუსებსაც, თუ ჩემპიონს კარგა ხანს გაუძალიანდებოდი. ბელტრანს ეგონა, რომ ფულის შოვნის იოლ გზას მიაგნო. მექსიკელი ემიგრანტი უკვე პროფესიონალებში ასპარეზობდა, მაგრამ ასეთ თანხაზე ვერც კი იოცნებებდა...

პაკიაოს საფირმო დარტყმას სპარინგის პირველივე წამებზე გაუგო "გემო", დარჩენილი ოთხი რაუნდის განმავლობაში კი მხოლოდ ერთზე ფიქრობდა: "მეტი დარტყმა აღარ უნდა "გავატარო", თორემ დავეცემი... თუ სისუსტე გამოვიჩინე, მეტს აღარ გადამიხდიან!"... ფეხები ყოველი დარტყმის შემდეგ ეკეცებოდა, მაგრამ შიშის დამალვა რეიმ მთელი სპარინგის განმავლობაში მოახერხა და მენის ხუთივე რაუნდი გაუძლო. ორთაბრძოლის დასრულების შემდეგ მექსიკელი ისეთ დღეში იყო, ავტოსადგომზე დიდი ხნის ძებნის შემდეგ ძლივს მიაგნო თავის დანჯღრეულ ავტომანქანას, მაგრამ საჭესთან დაჯდომა ვერ შეძლო და სახლამდე მიყვანა მეგობარს სთხოვა... სამაგიეროდ, მსხვერპლი ამად ღირდა - ბელტრანი პაკიაოს მთავარი სპარინგ-პარტნიორი გახდა და უკვე ათ წელიწადზე მეტია, მასთან ერთად ვარჯიშობს. "ჩემზე მეტი რაუნდი პაკიაოს ვერავინ გაუძლო. ეს დიდი პატივია ჩემთვის!" - ამბობს ბელტრანი. მენისთან ღირსეული ბრძოლისთვის ბონუსებს იღებდა. თუმცა, პაკიაოს ნოკდაუნში გასტუმრებისთვის დაწესებული 1000 დოლარი ვერც რეიმ დაიმსახურა...

უიღბლო

პაკიაოსთან სპარინგებმა რეიმუნდოს ბევრი რამ ასწავლა, მაგრამ ფსიქოლოგიურადაც "გამოფიტა" და მისი საკრივო კარიერა არ აეწყო. რეი თვითონვე იყო თავის მენეჯერი, გროშებისთვის იბრძოდა ყველასთვის უცნობ მეტოქეებთან... ბევრჯერ დააპირა დანებება, მაგრამ ყოველთვის, როცა კარიერის დასრულებას გადაწყვეტდა, ცოლსა და სამ შვილზე ფიქრი აჩერებდა...

2012 წელს რეის ურჩიეს, საქმე დაეჭირა ყოფილ სცენარისტთან, იმჟამად კრივის მენეჯერ სტივ ფედერთან. 2013 წელს ფედერმა მექსიკელი პირველ სატიტულო შეხვედრაზე გაიყვანა - შოტლანდიელი რიკი ბერნსის წინააღმდეგ. მეორე რაუნდში რეიმ მეტოქე ნოკდაუნში გაისტუმრა და ყბა გაუტეხა, მაგრამ ორთაბრძოლა 12 რაუნდი მაინც გაგრძელდა და... მსაჯებმა ფრე დააფიქსირეს. ყველა ხედავდა, რომ ბელტრანი აშკარად დაჩაგრეს, მაგრამ ფაქტია - საჩემპიონო ქამარი ისევ ბერნსს დარჩა. რეის - მხოლოდ უსამართლობის განცდა და წყენა მსაჯების მიმართ.

ვერც დოპინგით

მომდევნო სატიტულო ბრძოლაზე ბელტრანი ფედერის გარეშე გავიდა და ისევ წააგო - დაუმარცხებელ ტერენს კროუფორდთან. ამ მარცხის შემდეგ, რეის დეპრესია დაეწყო: 34 წლის არის, კარიერა დასასრულს უახლოვდება და ერთხელაც ვერ გახდა ჩემპიონი. დიდი-დიდი, გაიხსენონ მოკრივედ, რომელსაც სპარინგებისას მენი პაკიაო "ალამაზებდა"... თუმცა, რეიმუნდოს შანსი მაინც გაუჩნდა: ტერენს კროუფორდმა ტიტული გაათავისუფლა და ბელტრანს მორიგი ბრძოლა დაუგეგმეს - ტაჰაკირო აოს წინააღმდეგ. როდესაც რეიმ გააცნობიერა, რომ საჭირო წონაში "ჩაჯდომას" ვერ ახერხებდა, არც დაფიქრებულა, ისე დათანხმდა სტანოზოლოლის (ანაბოლური სტეროიდი, რომლის მიღებაც სპორტსმენებს კატეგორიულად ეკრძალებათ. - ავტ.) მიღებას. "აუცილებელი წონისთვის რომ არ მიმეღწია, საჩემპიონო ბრძოლას ვეღარასდროს გავმართავდი," - ამბობს რეი. მაგრამ სტანოზოლოლმა საქმეს ვერ უშველა - მექსიკელი მოკრივის წონამ დასაშვებს გადააჭარბა და მართალია, ბრძოლა არ გააუქმეს, მაგრამ ბელტრანმა ტიტულისთვის ბრძოლის შანსი დაკარგა. რეისთვის ეს ორმაგად საწყენი გამოდგა - იაპონელი ხომ მეორე რაუნდშივე გაისტუმრა ნოკაუტში.

ნამატჩევს აღებულმა დოპინგ-ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა. ტაჰაკირო აოსთან ბრძოლის შედეგი გააუქმეს, რეი კი დააჯარიმეს და ცხრა თვით აუკრძალეს რინგზე გასვლა... "ყველაფერი დავკარგე. მრცხვენია შვილებისთვის თვალებში ჩახედვის", - თქვა რეიმ განაჩენის გამოცხადების შემდეგ. მექსიკელი ოჯახთან ერთად პატარა სახლში გადაბარგდა და მწვრთნელობას აპირებდა, მაგრამ...

დისკვალიფიკაციის ვადის ამოწურვის შემდეგ მის ცხოვრებაში ისევ გამოჩნდა სტივ ფედერი. ამჯერად მენეჯერმა რეი კიდევ ერთი საჩემპიონო ბრძოლისკენ წაიყვანა - ნამიბიელ პაულუს მოზესთან, WBO-ს ვერსიით, მსუბუქ წონაში ვაკანტური ქამრის მოსაპოვებლად. და 36 წლის რეიმუნდომ გააცნობიერა, რომ ჩემპიონობის უკანასკნელი შანსი მიეცა!

ჩემპიონი

რამდენიმე საჩემპიონო ბრძოლის მიუხედავად, ბელტრანი აშშ-ში სამუშაო ვიზით ცხოვრობს. მისი შვილები ამერიკის მოქალაქეები არიან, თუმცა ეს ხელს არ უშლის საემიგრაციო პოლიციას, როგორც კი ვიზას ვადა ამოეწურება, რეი უკან, მექსიკაში გაგზავნოს. დიახ, მექსიკელებს აშშ-ში გატარებული ათწლეულების შემდეგაც კი სჯიან დეპორტაციით. ამიტომაც, რეის კარიერა მხოლოდ საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლა არ არის. აშშ-ის კანონმდებლობის თანახმად, ბელტრანის მსგავს მებრძოლ-ემიგრანტს შეუძლია მიიღოს "მწვანე ბარათი" სპორტში მიღწეული განსაკუთრებული შედეგებისთვის. ამიტომაც, აშშ-ის მოქალაქე რომ გახდეს, რეიმ ჩემპიონობა უნდა მოიპოვოს. მექსიკელი ემიგრანტის ორი მთავარი ნატვრა გაერთიანდა!

- მამა, თუ წააგებ, მართლა გელის დეპორტაცია? - ცრემლებს ვერ მალავდნენ მისი შვილები ბრძოლის დაწყებისას.

- ნუ ღელავთ, არ წავაგებ! - დარწმუნებულია რეი.

მართლაც, რეიმუნდო ბელტრანმა ისედაც ბევრი შანსი გაუშვა ხელიდან - მსაჯების, თავისი შეცდომებისა თუ მეტოქის სიძლიერის გამო, მაგრამ ახლა აღარ გრძნობდა თავს სპარინგის "ბებერ ძაღლად". მოზესთან ბრძოლის დაწყებამდე ბელტრანი ძველმა მეგობარმა, მენი პაკიაომაც გაამხნევა: "მჯერა, რომ დადგა დრო, ბელტრანი ჩემპიონი გახდეს!"

დადგა კიდეც. რეის განვლილმა ცხოვრებამ მოზესთან ორთაბრძოლაში მოიყარა თავი. 12 სამწუთიანი რაუნდი და ან ჩემპიონი ხარ და აშშ-ში რჩები, ან... მთელი შენი კრივი დროის ფუჭად ფლანგვა ყოფილა, მხოლოდ ოჯახის გამოკვების გზა. თავად კი ისეთივე არაფრის მქონე, შავტუხა მექსიკელი ხარ, როგორიც 16 წლისა გამოიქეცი მშობლიური ქალაქიდან. ამიტომაც ამ ბრძოლაში ბელტრანმა თავისი მთელი არსება ჩადო.

და გაიმარჯვა!

რეიმუნდო ბელტრანს ჩემპიონობისთვის 19 წელი და უამრავი მძიმე წუთი დასჭირდა. მოზესთან ბრძოლის დასრულებისთანავე ის პირველ რიგში შვილებს ჩაეხუტა: "მამამ გაიმარჯვა. ამიერიდან მამა აღარსად წავა!"

ოდესმე, როცა ყოფილი სცენარისტი სტივ ფედერი კრივს ჩამოშორდება, დაფიქრებაც არ დასჭირდება, რაზე დაწეროს ახალი სცენარი. მას უკვე აქვს ისტორია - რეიმუნდო ბელტრანის ამბავი, რომელსაც კინოთეატრების "აფეთქება" შეუძლია...