დიეგოს ორივე საათი 0:4 უჩვენებს - კვირის პალიტრა

დიეგოს ორივე საათი 0:4 უჩვენებს

ბრაზილიისა და არგენტინის ნაკრებ გუნდებს მსოფლიო ჩემპიონატების ფინალში არასდროს უთამაშიათ. წლევანდელი მუნდიალის სატურნირო ბადემ ისე ინება, ეს ორი გუნდი ტურნირის გადამწყვეტ მატჩამდე ერთმანეთს არ უნდა შეხვედროდა და სამწუხაროდ, მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე გულშემატკივართათვის საოცნებო სამხრეთამერიკული ფინალი აღარც "გვემუქრება".

მიზეზი მარტივია - ვერც ბრაზილიამ და ვერც არგენტინამ, არათუ ფინალში, ნახევარფინალში გასვლაც კი ვერ შეძლო. ბრაზილიელებს ჰოლანდიელებმა "შეაკვრევინეს ბარგი", არგენტინას კი... მარადონას სამწყსოს ერჩია, იტალიასავით ჯგუფში ჩარჩენილიყო, საშვილიშვილო სირცხვილს მაინც გადარჩებოდა...

პენტაკამპეონებისთვის ჰოლანდიური ბარიერი საბედისწერო გამოდგა, ყვითელი ნარინჯისფერმა გადარეცხა, მეექვსედ გაჩემპიონებასთან დაკავშირებით ბრაზილიური ტორსიდას იმედი მინიმუმ ოთხი წლით - ბრაზილიაში გასამართ მუნდიალამდე გადაიდო...

მიუხედავად იმისა, რომ ბერტ ვან მარვიიკის შეგირდებს "მფრინავ ჰოლანდიელებამდე" ბევრი აკლიათ, ვერავინ იტყვის, ნიდერლანდელებმა დაუმსახურებლად მოიგესო. ბრაზილიელთა თავკაც დუნგას ტაქტიკას სამშობლოში ბევრი აკრიტიკებდა და მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელმა პოსტი დატოვა, ბრაზილიაში დაბრუნებულს "თბილი დახვედრა" გარანტირებული აქვს. სხვათა შორის, ბრაზილიელთა ერთ-ერთი მთავარი კრიტიკოსი ლეგენდარული იოჰან კრუიფი გახლდათ. ვეტერანმა ვარსკვლავმა არაერთხელ თქვა, - ასეთი ბრაზილიის თამაშის სანახავად ბილეთს არასდროს ვიყიდდიო. მეოთხედფინალის წინ უფრო შორსაც წავიდა და განაცხადა, ბრაზილიელთაგან ასეთი დაცვითი თამაში მთელი ტურნირისა და გულშემატკივრების შეურაცხყოფააო...

შეურაცხყოფაო? მგონი, დროა, არგენტინა-გერმანიაზე გადავიდეთ...

"...წლების წინ მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში დამარცხების გადატანა შევძელი, რადგან მაშინ ახალგაზრდა ვიყავი. ახლა თითქმის 50 წლის ვარ და ეს ყველაზე მძიმე მომენტია ჩემს ცხოვრებაში. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს სილა გამარტყეს" - თქვა მარადონამ გერმანელებთან 0:4 განადგურების შემდეგ. მწარე ალიყური მხოლოდ "ალბისელესტეს" თAავკაცს არ მოხვედრია - შოკშია მთელი არგენტინა და ამ ქვეყნის ნაკრების მილიონობით გულშემატკივარი. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო მატჩების შემდეგ ბევრმა პოზიცია შეიცვალა - რას ერჩით ამ კაცს, მშვენიერი მწვრთნელი ყოფილაო, გერმანიასთან მატჩმა სწორედ ის დაამტკიცა, რასაც კარგა ხანია ვისმენთ - მარადონა გენიალური ფეხბურთელი იყო, მაგრამ მწვრთნელობის ბევრი არაფერი გაეგება.

ეს მაშინვე გამოჩნდა, როცა არგენტინა ძლიერ მეტოქეს გადაეყარა და რაც მთავარია, მდევრის როლში აღმოჩნდა. მთავარ პლუსად დიეგოს იმას უთვლიდნენ, ნაკრებში საოცარი ატმოსფერო შექმნაო, ფეხბურთელებს მამაშვილურად ექცეოდაო და სხვ. თუმცა მნიშვნელოვანი მატჩების მოსაგებად მხოლოდ  წარსული დიდება, ვარსკვლავური შემადგენლობა და ფეხბურთელებისთვის ხელის მოთათუნება რომ არ კმარა, ამაში მარადონას სახელობის ეკლესიების(?!) "მრევლსაც" აღარ ეპარება ეჭვი... მიუხედავად იმისა, რომ დონ დიეგოს ერთდროულად ორი საათი(?!) უკეთია ხელებზე, როგორც ჩანს, ისიც და მისი მოიმედეებიც დროში კარგა გვარიანად ჩამორჩნენ (ან ჩარჩნენ)...

საერთო ფიასკოსთან ერთად, არგენტინელთათვის (და არა მარტო) ერთ-ერთ დიდ მოულოდნელობად ლეო მესის უფერული თამაში იქცა - "ბარსელონას" ლიდერი სამხრეთ აფრიკაში საკუთარ თავს არ ჰგავდა და ტურნირი უგოლოდ ჩაამთავრა. მეტიც, მესი ჯგუფური ეტაპის ყველაზე უსარგებლო მოთამაშედ აღიარეს - მისი 20 დარტყმიდან შედეგიანი ერთიც კი არ გამოდგა...

გერმანია? ლიოვს მიმდინარე ტურნირზე ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდული შემადგენლობა ჰყავს, თუმცა, ასაკს ამ ყმაწვილებისთვის ხელი არ შეუშლია, 4-4 გოლი მიერთმიათ ინგლისისა და არგენტინისთვის, თამაშიდან თამაშამდე უმატებენ და უკვე მუნდიალის მოგების უმთავრეს ფავორიტებად იქცნენ. არგენტინასთან მატჩში ბუნდესნაკრების ფეხბურთელები იმას აკეთებდნენ, რაც სურდათ. კონტრშეტევაზე თამაშისას ეს ფეხმარდი ყმაწვილები ისე გრძნობენ თავს, როგორც თევზი წყალში, მით უმეტეს, თუ მეტოქე მდევრის როლშია და თავქუდმოგლეჯილი უტევს. არაგერმანული წარმოშობის ფეხბურთელების სიმრავლემ "გერმანული მანქანა" დამატებითი "საწვავით" შეავსო და აგერ უკვე მერამდენე მატჩია, ეს მანქანა უმოწყალოდ მუსრავს გზად გადაყრილ ფავორიტებს.

თანაც... გერმანელები "მწვრთნელის გარეშე" იგებენ. საქმე ის არის, რომ იოაჰიმ ლიოვის კონტრაქტი... ინგლისთან მატჩის შემდეგ ამოიწურა! და ახლა, ბუნდესნაკრებს ოფიციალურად არავინ წვრთნის. ასე რომ, სურვილის შემთხვევაში, ლიოვს შეეძლო სულაც არ გამოცხადებულიყო არგენტინასთან მატჩზე. თუმცა, თუ გერმანელთა თამაშს და შანსებს გავითვალისწინებთ, თქმა არ უნდა, ახალგაზრდა მწვრთნელთან კონტრაქტს გერმანიის საფეხბურთო კავშირი მუნდიალის დასრულებისთანავე გააგრძელებს.

ჰო, კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი - არგენტინასთან მატჩში მიროსლავ კლოზემ დუბლი შეასრულა და ამ მომენტისთვის მსოფლიო ჩემპიონატებზე 14 გოლი აქვს გატანილი. ამ მაჩვენებლით მირო ლეგენდარულ თანამემამულეს - გერდ მიულერს დაეწია და მუნდიალების საუკეთესო ბომბარდირ ბრაზილიელ რონალდოსთვის (15 გოლი) გასწრება მიმდინარე ჩემპიონატზევე შეუძლია.

რაკი ბომბარდირებზე ჩამოვარდა სიტყვა, დავიდ ვილიაც უნდა ვახსენოთ. ესპანეთის ნაკრები ზედიზედ მეოთხე მატჩია, სწორედ ვილიას გოლებით იგებს. მუნდიალის დაწყების წინ "ბარსელონაში" გადაბარგებული ფორვარდის ანგარიშზე სამხრეთ აფრიკის სტადიონებზე გატანილი ხუთი გოლია. აღსანიშნავია, რომ ესპანეთის ნაკრები არსებობის ისტორიაში პირველად გავიდა მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში. იქ კი, ვისენტე დელ ბოსკეს გუნდს გერმანია ელის. სხვათა შორის, 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალში სწორედ ეს გუნდები შეხვდნენ ერთმანეთს და მაშინ ესპანეთმა ტორესის გოლის წყალობით 1:0 მოიგო.

P.S. პროგნოზირება უმადური საქმეა - თუმცა, როგორც ჩანს, მხოლოდ ადამიანებისთვის. რაც შეეხება  რვაფეხებს... აქ უფრო იოლად არის საქმე. მაგალითად, გერმანიაში მცხოვრები რვაფეხა პოლისთვის ბუნდესნაკრების მატჩების შედეგების წინასწარ განჭვრეტა პრობლემას არ წარმოადგენს. აკვარიუმში, რომელშიც წინასწარმეტყველი რვაფეხა ცხოვრობს, ორ კონტეინერს უშვებენ - ერთზე გერმანიის დროშაა დამაგრებული, მეორეზე - მეტოქე გუნდისა.

რომელი კონტეინერიდანაც გადასანსლავს საკვებს პოლი, გამარჯვება იმ გუნდს დარჩება. რვაფეხამ აქამდე ჩატარებული გერმანელთა ხუთივე მატჩის შედეგი გამოიცნო, მათ შორის - სერბეთთან წაგებული შეხვედრისაც. არგენტინასთან თამაშის წინ პოლი ირწმუნებოდა, ბუნდესგუნდი მარადონას სამწყსოსაც ინგლისელთა გზას გაუყენებსო და... ისე აგიხდეთ ყველაფერი კარგი...