"დასვენების ნაც­ვლად მივიღე ზეწოლა და შევიწ­როება" - სად არის და რას საქმიანობს ყველაზე ტიტულოვანი ქართველი მოციგურავე?
03-04-2018
"დასვენების ნაც­ვლად მივიღე ზეწოლა და შევიწ­როება" - სად არის და რას საქმიანობს ყველაზე ტიტულოვანი ქართველი მოციგურავე?
"ბევრჯერ დავცემულვარ, წამოვმდგარვარ და უფრო ძლიერი დავბრუნებულვარ"

კარგა ხანია, ელენე გედევანიშვილზე აღარაფერი გვსმენია. ქართველი მოციგურავე არც პიონგჩანგის ოლიმპიურ თამაშებზე გამოჩენილა. არადა, ბოლო წლებში ის ლამის ერთადერთი ქართველია, ვინც დიდ ტურნირებზე სამეულში შესასვლელად იბრძოდა... ელენე ამჟამად აშშ-ში ცხოვრობს და პლიმუთის უნივერსიტეტში სწავლობს სპორტის მეცნიერების ფაკულტეტზე. დაასრულა თუ არა კარიერა და რატომ ვერ ვნახეთ 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე, ელენე გედევანიშვილთან ექსკლუზიურ ინტერვიუში შეიტყობთ:

- ნიუ-ჰემფშირის უნივერსიტეტში (Plymouth State University) ფიზიკური დატვირთვისა და
სპორტის მეცნიერების ფაკულტეტზე ვსწავლობ. ციგურაობასაც ვაგრძელებ, ფორმას ვინარჩუნებ, მაგრამ ტურნირებში არ ვმონაწილეობ, ამას სხვა დონის მომზადება და დაფინანსება სჭირდება.

- ტურნირებში არ მონაწილეობთ, მაგრამ... არც ოფიციალურად დაფიქსირებულა სადმე, რომ ელენე გედევანიშვილმა კარიერა დაასრულა!

- მართალია, არსად დაფიქსირებულა. ეს არც იყო ჩემი გეგმა. 2018 წლის ზამთრის
ოლიმპიადაში მონაწილეობაც მინდოდა, მაგრამ... ყველაფერი სხვანაირად მოხდა.

- ბოლო წლებში აღარ ჩანდით და, შესაძლოა, გულშემატკივარს სალიცენზიო ტურნირებისას არ მოუსაკლისებიხართ, მაგრამ ოლიმპიადაზე არყოფნა სპორტსმენისა, რომელიც სამეულში თუ არა, ფინალში მაინც ყოველთვის გადიოდა, აშკარად თვალში საცემი გახლდათ... რატომ არ იყო ელენე პიონგჩანგში?

- 15 წლის განმავლობაში არ დამისვენია, ძალიან გადავიღალე... 2014 წლის ოლიმპიადის შემდეგ, ფიგურული ციგურაობის ფედერაციისგან ვითხოვე ერთი წელი დასვენება და მინიმალური ხელფასი, ზედმეტი დატვირთვისა და შეჯიბრებების გარეშე რომ გამეგრძელებინა ვარჯიში.

სამწუხაროდ, დასვენების ნაც­ვლად მივიღე ზეწოლა და შევიწ­როება. ეს ამბავი ოლიმპიურ კომიტეტსა და სპორტკომიტეტსაც შევატყობინე, თუმცა პასუხის ღირსადაც არ ჩამთვალეს, მარტო კი ვერაფერს გავხდი. ფიგურული ციგურაობის ფედერაციამ მომწერა ჩემთვის მიუღებელი და შეურაცხმყოფელი წერილი, რაზეც ვუპასუხე და ამით დამთავრდა ყველაფერი.
მე კარიერა არ დამისრულებია, ოლიმპიური კომიტეტისა და სპორტკომიტეტისგან კი დღემდე ველი პასუხს.

- როგორც ვიცი, 28 წელი არ არის "საპენსიო" ასაკი ფიგურული ციგურაობისთვის. რა ასაკამდე გრძელდება მოციგურავის აქტიური კარიერა?

- ბოლო ათწლეულს თუ გადავავლებთ­ თვალს, ქალთა ციგურაობაში 28 წელი კარგი ასაკია. მაგალითად, მარია ბუტირსკაია 30 წლისა გახდა ევროპის ჩემპიონი, ოთხი ოლიმპიადის მონაწილე ჯულია სებესტიენმა, რომელიც ყოველთვის ხვდებოდა საუკეთესო ოცეულში, 30 წლისამ დაასრულა კარიერა, იაპონელმა ჰუმი სუგურიმ - 31 წლისამ. 31-ის არის კაროლინა კოსტნერიც. იტალიელმა მოციგურავემ წლევანდელ ოლიმპიადაზეც ისრიალა და მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობასაც გეგმავს. ასე რომ, 28 წელი ნამდვილად არ არის საპენსიო" ასაკი. შორს რომ არ წავიდეთ, წყვილებში წლევანდელი ოლიმპიური ჩემპიონების დასახელებაც კმარა: ალიონა სავჩენკო 34 წლის არის, ბრუნო მასოტი - 29-ის.

- თუმცა, ისიც სათქმელია, რომ უმეტესობა, ვინც თქვენს დროს იყო ლიდერებს შორის, ყინულზე აღარ ჩანს...
- დიახ, მაგრამ ცხადია, ყველას აქვს ამის მიზეზი. ციგურაობა არ არის სპორტის იოლი სახეობა.

- ალბათ, თქვენთვის უჩვეულო იყო 2018 წლის ოლიმპიური თამაშების შორიდან ყურება...

- არ დაგიმალავთ, მართლაც უცნაური გრძნობა იყო.

- ისე, ბოლოს განსაკუთრებული შედეგებიც აღარ გქონიათ... თუ სწორად მახსოვს, სოჭის ოლიმპიადის მერე მხოლოდ ერთ დიდ ტურნირზე იასპარეზეთ... ოლიმპიადის შემდეგ ციგურაობაზე გული ხომ არ აგიცრუვდათ?
- არა. მე სწორი მენეჯმენტი მჭირდებოდა, უპირველესად კი დასვენება ერთი სეზონი მაინც! ამის შემდეგ ყველაფერი ჩადგებოდა ჩვეულ კალაპოტში... ჩემ გარშემო ყველა მოციგურავემ დაისვენა და ახალი ენერგიით სხვანაირად გააგრძელეს კარიერა. დარწმუნებული ვარ, ჩემთვისაც ასე იქნებოდა, ამიტომაც იმედგაცრუებული არა, მაგრამ გულნატკენი კი ვარ, რომ არათუ დამასვენეს, პასუხის ღირსადაც არ ჩამთვალეს!
რაც შეეხება ტურნირებს, სოჭის ოლიმპიადის შემდეგ ორ გრან-პრიზე ვიასპარეზე. SKATE AMERICA-ზე მე-7 ადგილი დავიკავე და ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი ქულებიც დავაგროვე. მოგვიანებით მე-10 ადგილზე გავედი იაპონიის გრან-პრის გათამაშებაში. გადაღლისა და ავადმყოფობის მიუხედავად, ჩემთვის ეს არადამაკმაყოფილებელი შედეგი იყო... ბოლო შეჯიბრებაზე კი, იტალიაში, უსახსრობის გამო მწვრთნელის გარეშე მომიხდა გამგზავრება. ამ პირობებში უკეთესი შედეგის მიღწევა ძნელი იყო.

- 2014 წელს სოჭში ქართული დელეგაციის გამგზავრებას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა, თქვენ კი არა მხოლოდ რუსეთში ჩასვლის, ოლიმპიადის შედეგისთვისაც არაერთხელ გაგაკრიტიკეს... დღეს როგორ აფასებთ მაშინდელ ნაბიჯს?
- ამ თემაზე ბევრი არც მიფიქრია. ეს პოლიტიკოსების საქმეა. სახელმწიფომ გადაწყვიტა და მეც წავედი...

- დაცემის შემდეგ წამოდგომა და ასპარეზობის გაგრძელება რთული არ არის-მეთქი? - სოჭიდან დაბრუნების შემდეგ გკითხეთ... ძნელია, მაგრამ ციგურაობა იმიტომაც არის რთული და საინტერესო, რომ დაზღვეული არაფრისგან ხარო, მიპასუხეთ... როგორც ჩანს, მაინც ვერ "გადახარშეთ" ის დაცემა.
- რატომაც არა?! ძალიანაც კარგად გადავხარშე! ამერიკის გრან-პრიზე ისე მომზადებული წავედი, მოკლე პროგრამა უშეცდომოდ შევასრულე, გრძელ პროგრამაში კი მხოლოდ ერთი შეცდომა დავუშვი. ციგურაობა რთული სახეობაა და შეიძლება ერთმა შეცდომამაც კი უკან დაგწიოს. ამავდროულად, დაცემა სპორტის ნაწილიც არის. ბევრჯერ დავცემულვარ, წამოვმდგარვარ და უფრო ძლიერი დავბრუნებულვარ, მაგრამ როდესაც მართლაც ცუდად დავეცი და ზურგი ვიტკინე, გამოჯანმრთელებაც კი არ დამაცადეს! ექიმმა ორი თვით ამიკრძალა ვარჯიში, თუმცა იმის ღირსიც ვერ გავხდი, ორი-სამი თვით დამესვენა და ჯანმრთელობა აღმედგინა. ბევრჯერ ტრავმითაც მიასპარეზია და ამის გამო სათანადო შედეგი ვერ მიჩვენებია, მაგრამ ტრავმები ხომ სპორტის ნაწილია?!
ჩემთვის უფრო მტკივნეული ის იყო, როგორ მომექცნენ. ძალიან გულნატკენი ვარ ასეთი დამოკიდებულებით. მიმაჩნია, რომ წლების განმავლობაში ღირსეულად ვატარე ჩვენი ქვეყნის სახელი, გავაკეთე ყველაფერი, რაც შემეძლო, სანაცვლოდ კი მხოლოდ დამამცირებელი წერილი მივიღე...
მომავალი სპორტსმენებისთვის ეს ნამდვილად არ იქნება კარგი მაგალითი!

- შეეძლო ელენე გედევანიშვილს, ჰქონოდა უფრო წარმატებული კარიერა? და თუ შეეძლო, რატომ ვერ მიაღწია მეტს?

- კმაყოფილი ვარ ჩემი მიღწევებით. ვარ შემდგარი სპორტსმენი, რომელმაც უკვე იცის, რა უნდა და რის მიღწევა შეუძლია. ფიგურულ ციგურაობაში, უმეტესწილად, ორი გარდატეხის პერიოდია, როცა გოგონების თითქმის 95% ასრულებს კარიერას ჯანმრთელობის ან ფსიქოლოგიური პრობლემების გამო. მე ყველაფერს გავუძელი, ვიასპარეზე ისეთ ტურნირებში, სადაც მოხვედრაც კი საოცნებოა. რატომ არ უნდა შემძლებოდა მეტის მიღწევა, როდესაც ორივე გარდატეხის პერიოდი გავიარე?! მაგრამ ამას სწორი მენეჯმენტი სჭირდებოდა.

- საქართველომ არ გააკეთა ყველაფერი, რომ წარმატებისთვის მიგეღწიათ? ოდესმე გიფიქრიათ, რომ რაღაცის ან ვიღაცის გამო ისჯებით?

- საქართველომ ყველაფერი გააკეთა 2005 წლიდან 2013-2014 წლების სეზონამდე, მერე კი ჩემდამი დამოკიდებულება თანდათან შეიცვალა. რაც მოხდა, უკვე გითხარით. რაც შეეხება "დასჯას, მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში ქვეყანაა დასჯილი, რაზეც ძალიან მწყდება გული...

- დაპირება თქვენი სახელობის ყინულის სასახლის აშენების შესახებ დაპირებად დარჩა?!

- რომელ სასახლეზეა ლაპარაკი, როცა ბათუმში გახსნილ ყინულს ჯერ ოფიციალურად დაარქვეს ჩემი სახელი, მერე კი გადაარქვეს!

- გაქვთ ურთიერთობა ქართველ მოციგურავეებთან? რას იტყვით ახალგაზრდა სპორტსმენებზე, მაგალითად, მარიამ მეშველიანზე?

- სამწუხაროდ, არ მაქვს ურთიერთობა. შარშან ჩამოსული ვიყავი თბილისში და მხოლოდ თბილისის საციგურაო სკოლაში მიმიწვიეს, სხვა არავინ შემხმიანებია. მარიამ მეშველიანის შესახებ არაფერი ვიცი, მაგრამ აშშ-ში არის ძალიან ნიჭიერი ქართველი გოგონა სოფია ცინცაძე - ყოფილი მოციგურავის, ბესარიონ ცინცაძის შვილი. სოფია გამოირჩევა განსაკუთრებული არტისტიზმითა და ალღოთი, რაც დამწყები სპორტსმენებისთვის დასაფასებელია. მიმუშავია მასთან და ვიცი სოფიას პოტენციალი. სწორი მიდგომით მას ბევრის მიღწევა შეუძლია.

- კარიერის დასრულების შემდეგ რას აპირებთ? მწვრთნელობას ხომ არა?

- ჯერ კარიერა არ დამისრულებია. სწავლასაც ერთ წელიწადში ვამთავრებ... მაქსიმალისტი ვარ და მინდა, რაც შეიძლება მეტი ცოდნა მივიღო უნივერსიტეტიდან, სადაც თითქმის ყველა საგანში უმაღლესი შეფასება - 90-100 ქულა მაქვს. ეს დიდი შრომის შედეგია, მთელ დღეებს ბიბლიოთეკაში ვატარებ და ყველაზე ბოლო გამოვდივარ იქიდან. ვამაყობ, რომ უმაღლესი სასწავლებლის ერთ-ერთი საუკეთესო სტუდენტი ვარ. უნივერსიტეტის ცნობილ სახედ გამომაცხადეს და როცა ახალ სტუდენტებს აცნობენ აქაურობას, აჩვენებენ კლიპს ჩემი მონაწილეობით, ამაყობენ, რომ ოლიმპიადის სამგზის მონაწილე მათი წარმატებული სტუდენტია! სხვათა შორის, სწორედ პლიმუთის უნივერსიტეტის დამსახურებაა, დღეს ისევ რომ შემიძლია ციგურაობა - მითმობენ უფასო ყინულს და თავისუფალ დროს. როცა დრო მაქვს, ვსრიალებ და სპორტულ ფორმას ვინარჩუნებ. ასე რომ, არჩევანი ნამდვილად მაქვს და ვნახოთ, რას გადავწყვეტ კარიერის დასრულების შემდეგ.

- ბოლო წლებში რა შეიცვალა ფიგურულ ციგურაობაში?

- საასპარეზო პროგრამები ყოველ წელს რთულდება, იცვლება წესებიც, რაც კონკურენციას ზრდის. პროგრამების ტექნიკურად გართულების მიუხედავად, არიან მოციგურავეები (მაგალითად, კაროლინა კოსტნერი), რომლებსაც შეუძლიათ, შედეგს სრიალის ხარისხის ხარჯზე მიაღწიონ.

- დაბოლოს, რას ეტყვის ამერიკაში მცხოვრები ელენე გედევანიშვილი თავის სამშობლოს?

- ჩემი სამშობლო ძალიან მიყვარს... მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა ყველას, ვისაც ვახსოვარ, მგულშემატკივრობს და გვერდით მიდგას, უპირველესად - ჩემს ოჯახს. მათ გარეშე ამდენს ვერ მივაღწევდი. შესაძლოა, არა როგორც სპორტსმენის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩემს სახელს ხალხი კიდევ გაიგებს! და კიდევ, უზომოდ ბედნიერი ვიქნები, თუ ზამთრის მომდევნო ოლიმპიადაზე მექნება ქართული დროშის ტარების პატივი, რაც დატვირთული გრაფიკის გამო წინა ოლიმპიადებზე ვერ მოვახერხე!

რატი შელეგია
პროფესორი ვაშაკიძე
02 მაისი 2018 12:13
რაა გასაკვირი პატრონი არა ყავს მომჯდარი არიან კომიტეტებში და მიდი მოვდივარ ერთი კვლევა ჩაატარეთ თმები ყალყზე დაგიდგება ვინ ვისი ნათესავია ისე რომ ამას მგონი არაფერი ეშველება კიდევ კარგი რომ უფალი გვშველის და გვყავს ისეთები როგორიცაა ტალახაძე, სალუქვაძე, გედევანიშვილი და კიდევ ჩვენი გულის გასახარად ბევრი არიან საქმე საქმეზე რომ მივა რუსეთს ვაგინებთ კეთილი შურით შემშურდა პარაოლიმპიელებს როგორ დაუდგა მათი პრეზიდენტი გვერდით ყველა ქვეყანაში ხელის გულზე ატარებენ აქ ვისახსოვან ხოდა მერე სხვას დავაბრალოთ ჩვენი უვარგისობა აბა საკუთარ შვილს ხომარმოვჭრით კუდს.
პროფესორი ვაშაკიძე
02 მაისი 2018 09:57
რაა გასაკვირი პატრონი არა ყავს მომჯდარი არიან კომიტეტებში და მიდი მოვდივარ ერთი კვლევა ჩაატარეთ თმები ყალყზე დაგიდგება ვინ ვისი ნათესავია ისე რომ ამას მგონი არაფერი ეშველება კიდევ კარგი რომ უფალი გვშველის და გვყავს ისეთები როგორიცაა ტალახაძე, სალუქვაძე, გედევანიშვილი და კიდევ ჩვენი გულის გასახარად ბევრი არიან საქმე საქმეზე რომ მივა რუსეთს ვაგინებთ კეთილი შურით შემშურდა პარაოლიმპიელებს როგორ დაუდგა მათი პრეზიდენტი გვერდით ყველა ქვეყანაში ხელის გულზე ატარებენ აქ ვისახსოვან ხოდა მერე სხვას დავაბრალოთ ჩვენი უვარგისობა აბა საკუთარ შვილს ხომარმოვჭრით კუდს.
gg
07 აპრილი 2018 20:06


ელენემ ნამდვილად ღირსეულად წარმოაჩინა ჩვენი ქვეყანა, ნამდვილად მეამაყება ეს უნიჭიერესი სპორტსმენი, ჩვენმა უნიწთო მთავრობამ, როგორც ყოველთვის კიდევ ერთხერ დაამტკიცა თავისი უსუსურობა და საქმის არცოდნა, მრჩება შთაბეჭდილება, რომ უბრალოდ ნიჭიერი ადამიანები არ სჭირდებათ, წარმატებებს ვუსურვებ ელენეს და მეცოდება საქართველო, უამრავი ნიჭიერი ადამიანი იკარგება, ელენე გედევანიშვილი ნათელი მაგალითია ამისი!

რედაქტორის რჩევით