ორი აგურიდან ამხან-აგურებამდე
02-04-2018
ორი აგურიდან ამხან-აგურებამდე
მარტი ცვალებადი თვეა, მაგრამ საქართველოს ეროვნულ ნაკრებსაც თუ ასე "შეცვლიდა", ვინ წარმოიდგენდა?! ცხადია, ვხუმრობ. მაგრამ ზედიზედ ორი მატჩის შემდეგ სახუმაროდ რომ გვაქვს საქმე, ესეც ახალია ჩვენთვის! არადა, ფაქტი "ჯიუტია": საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ზედიზედ ორი თამაში (თუნდაც - ამხანაგური) მოიგო, გაიტანა ექვსი ბურთი და ერთიც არ გაუშვია! და რაც მთავარია, ფეხბურთი ითამაშა, ფეხბურთი, რომელსაც წლებია, შედეგზე მეტად ვითხოვთ.

იმედისმომცემი თამაშები სხვა დროსაც გვინახავს, ოღონდ დროდადრო გასროლილი "ყარაულის თოფის" შემდეგ მალევე ვუბრუნდებოდით
მწარე რეალობას. ბუკ-ნაღარის ცემა და ქართული ფეხბურთის "გაცოცხლებაზე" ლაპარაკი ამჯერადაც ნაადრევია, ბალტიისპირელთა გოლგაუშვებლად დამარცხებამ ეიფორიაში არ უნდა ჩაგვაგდოს, მაგრამ ვიმეორებ - მთავარი, რაც იმედს გვიჩენს, თამაშია, თამაში, რაც ლიტვა-ესტონეთთან (განსაკუთრებით, პირველ ტაიმებში) გვიჩვენა საქართველოს ნაკრებმა და რომელიც სუსტ მეტოქეებზე მეტად მწვრთნელის ხელის, გამართული ტაქტიკისა და
თავდაჯერებით მოთამაშე ფეხბურთელების დამსახურებაა.

მარტის მეტოქეებიდან ერთიც არ ყოფილა თუნდაც საშუალო დონის, მაგრამ სანამ მოწინააღმდეგეებზე ვიტყვით, ჯერ ჩვენი გავარკვიოთ - თვითონ რა დონისა ვართ, აქამდე რა გვინახავს და საით გაგვიწევია?! მე თქვენ გეტყვით და, ჯერ არ წაგვიგია - როგორც საშუალოზე დაბალი კლასის, ისე სუსტ მეტოქეებთან... მაგრამ შემოდგომიდან "ერთა ლიგის" მატჩები გველის და თავდაჯერება განსაკუთრებულად გამოგვადგება.

ქვეყნის მთავარი საფეხბურთო გუნდი ამხანაგურ მატჩებში ოფიციალურზე მეტად რომ ყოჩაღობს ხოლმე, კარგად ვიცით, მაგრამ ბალტიისპირული ტესტის შედეგები მრავლისმნახველი ქართველი ქომაგისთვისაც კი მოულოდნელი გამოდგა: სუსტი ლიტვა და შედარებით ძლიერი ესტონეთი "მშრალი" ანგარიშით დავამარცხეთ, ვნახეთ რეკორდი, ჩაკვეტაძის დიდებული დებიუტი, ყაზაიშვილის ულამაზესი გოლი და ქართველი ქომაგის გაფართოებული თვალებიც - გადაჩვეული სიხარულის და... უფრო მეტად - გაოცებისგან გაფართოებული! თუმცა, მივყვეთ თანამიმდევრობით:
ლიტ-ვაააა

საქართველო 4:0 ლიტვა

სწორედ გაოცება იყო პირველი რეაქცია ლიტვასთან ჩვენი გუნდის თამაშისა და შედეგის შემხედვარე, განსაკუთრებით - პირველ ტაიმში. თანაც ეს არა მხოლოდ უჩვეულო, სარეკორდოც იყო - პირველ ნახევარში ოთხი გოლი ჩვენს ეროვნულ გუნდს არასდროს გაუტანია. მერე რა, რომ საწყის 45 წუთში გატანილ ბურთებს მასპინძლებმა ვეღარაფერი შემატეს? ვაისის გუნდისგან განსხვავებული ტაიმები არც გვიკვირს, ოღონდ, ამჯერად, ეს დაღლილობის ბრალი არ ყოფილა - თამაშის ბედი გადაწყვეტილი იყო და მეორე ნახევარში ჩვენები მაინცდამაინც მონდომებით აღარ უტევდნენ.

აი, პირველ ნახევარში კი მასპინძლებმა ყველაფერში აჯობეს ლიტვას - სისწრაფეშიც, ტექნიკასა და კომბინაციურ თამაშშიც. მე-15 წუთიდან ტაიმის ბოლომდე სტუმართა მეკარე სეტკუსს "სეტკიდან" ბურთების გამოტანის მეტი არაფერი უკეთებია. თანაც გოლებიც ერთიმეორეზე უკეთესი გავიდა: ჯერ პაპუნაშვილმა დააგვირგვინა ჩინებული კომბინაცია, რვა წუთში ქვილითაიამ გაიტანა დიდებული თავურით, კიდევ რვა წუთში ყაზაიშვილმა შეასრულა თერთმეტმეტრიანი დარტყმა ზუსტად, მე-40 წუთზე კი გიორგი ჩაკვეტაძემ დააფიქსირა "სიმბოლური" ანგარიში - 4:0!

ჩაკვეტაძე სულაც ცალკე თემაა: ბელგიური "გენტის" 18 წლის ნახევარმცველმა პირველად მოირგო ეროვნული ნაკრების მაისური, მაგრამ მოედანზე გატარებული 69 წუთი ისე თავისუფლად ითამაშა, ვეტერანებს შეშურდებოდათ. გიორგი ჩვეულად აქტიური და ტექნიკური იყო, რამდენჯერმე გაამწვავა თამაში და გოლიც დიდოსტატური აუჩქარებლობით გაიტანა - საჯარიმოში ჩინებული პასი მიიღო გვილიასგან, მცველი "დასასვენებლად" გაისტუმრა და არც მეკარის მოტყუება გასჭირვებია - 4:0.

დას-ანანიძე

მეორე ტაიმზე სალაპარაკო ბევრი არაფერია: მასპინძლებმა შეტევებს უკლეს, ვლადიმერ ვაისმა კი 61-ე წუთიდან დაიწყო ფეხბურთელების შეცვლა: კაშია დვალმა შეცვალა, კანკავა - კვეკვესკირმა. შედარებით გვიან ჩაერთნენ თამაშში აბურჯანია, არაბული და მერებაშვილი. ყველაზე დასანანი იძულებითი ცვლილება კი მატჩის დასაწყისშივე ვნახეთ და უახლოესი თვეების განმავლობაში კიდევ არაერთხელ გავიხსენებთ: მე-6 წუთზე ჯანო ანანიძემ ტრავმა მიიღო და მის ნაცვლად თამაში პაპუნაშვილმა გააგრძელა. ჯანომ მუხლის ჯვარედინი იოგი დაიზიანა და თამაშს დაახლოებით ნახევარი წლის განმავლობაში ვეღარ შეძლებს.
ესტონ-ორი

საქართველო 2:0 ესტონეთი

ესტონეთთან მატჩში მხოლოდ ანანიძე არ მოგვისაკლისებია: წინასწარვე იყო გადაწყვეტილი, რომ "გენტთან" შეთანხმების თანახმად, გიორგი ჩაკვეტაძე მხოლოდ ლიტვასთან ითამაშებდა. შაბათის შეხვედრაში მიღებული მცირე ტრავმის გამო მოვისაკლისეთ ვაკო გვილიაც. ძირითად შემადგენლობაში დაიწყეს თამაში ლაშა შერგელაშვილმა, ჯიმი ტაბიძემ, ნიკა კაჭარავამ, გიორგი მერებაშვილმა, ნიკა კვეკვესკირმა და გიორგი პაპუნაშვილმა. ეს უკანასკნელი ესტონეთთანაც აქტიური იყო და საგოლე შანსებიც ჰქონდა, მაგრამ... მისი მთავარი პრობლემა ის არის, რომ ბურთთან განშორება მაშინაც კი უჭირს, როცა თანაგუნდელები უკეთეს პოზიციაზე არიან.
თამაშს რაც შეეხება, მისი ბედი ამჯერადაც პირველივე ტაიმში გადაწყდა. არა ისეთი სხვაობით (ანგარიშისა და თამაშის ხარისხის) როგორც ლიტვასთან, მაგრამ ყველამ ნახა, რომ ეს შეხვედრაც დამსახურებული უპირატესობით მოვიგეთ. საქართველოს ნაკრები არ აყოვნებდა შეტევის დაწყებას, პრესინგს კი მეტოქის ნახევარზევე იწყებდა. რაც მთავარია, უამრავი საგოლე მომენტიდან უმეტესობა გააზრებული, კომბინაციური შეტევის გაგრძელება იყო და არა მეტოქის შეცდომების დამსახურება!

ვაქოთ ვაკო და... ვაისიც!


გოლები ამჯერადაც მხოლოდ პირველ ტაიმში გავიდა, თანაც - ლიტვასთან გატანილის ნახევარი, მაგრამ ვაკო ყაზაიშვილმა საქართველოს ნაკრების ისტორიაში უდავოდ ერთ-ერთი საუკეთესო ბურთი შეაგდო - 35-ე წუთზე თევზივით გასხლტა რამდენიმე მეტოქეს შორის, საჯარიმოშიც ერთი მოძრაობით "მოტეხა" მცველი და ბურთი მარჯვენა ფეხით, ესტონელთა მეკარე მეერიტსისგან მარჯვენა "ცხრიანში" ჩასვა!

ისეთი გოლი იყო, "მეერიდა", თორემ მეერიტსიც დაუკრავდა ტაშს!


მანამდე, მე-6 წუთზე, ტაბიძის გოლით დავწინაურდით. გოლი კუთხურს მოჰყვა - პაპუნაშვილმა თავით დაუგდო ბურთი ჯიმი ტაბიძეს, ეროვნული ნაკრების ახალგაზრდა მცველმა კი ფორვარდის ალღო გამოავლინა - 1:0. ლიტვისგან განსხვავებით, საგოლე ეპიზოდები ესტონეთმაც შექმნა, თუმცა ვერც მაკარიძეს აჯობა და ვერც - საქართველოს ნაკრების კარის ძელს.

ვლადიმერ ვაისი არაერთხელ გაგვიკრიტიკებია შემადგენლობის შერჩევის, ტაქტიკისა თუ შეცვლების დაგვიანების გამო, მაგრამ ამჯერად უნდა შევაქოთ: სლოვაკს აშკარად დაეტყო, რომ საქართველოში პირველ წელს არ ატარებს, მეტ-ნაკლებად გუნდის ბირთვიც გამოკვეთა და ახალ მოთამაშეებსაც აძლევს თავის გამოჩენის შესაძლებლობას. დანამდვილებით ვერ გეტყვით, ფეხბურთელებმა უკეთ გაუგეს, თუ მწვრთნელს სხვანაირად მიაქვს ჩანაფიქრი შეგირდებამდე, მაგრამ ფაქტია, რომ ბოლო მატჩებში საქართველოს ნაკრები უფრო გამართულ, სანახაობრივ და შედეგიან თამაშს აჩვენებს, ქმნის საგოლე ეპიზოდებს და გააქვს კიდეც!

დანარჩენს რამდენიმე თვეში "ერთა ლიგა" გამოაჩენს, მანამდე კი - ივნისში, ორ ამხანაგურ მატჩს კიდევ ვითამაშებთ. ცუდი მხოლოდ ის არის, რომ მომავალი მეტოქეები - მალტა და ლუქსემბურგი ლიტვა-ესტონეთზე სუსტები არიან. ასეა - როცა "ერთა ლიგაზეც" კი ყველაზე მაჩანჩალებს შორის ხარ გამწესებული, რთულია ძლიერი სპარინგ-პარტნიორის მოძებნა. თუმცა, მომავალი ტურნირი ჩვენთვის იმის დამტკიცების შანსიც არის, რომ უფრო მაღალ დონეზე თამაშს ვიმსახურებთ.

P.შ. ბოლო წლებში არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენი საფეხბურთო ნაკრების შემხედვარე, "ორი აგური უნდა გვეჭიროს ხელში"... გაზაფხულის ტესტ-მატჩებმა ეიფორიაში არ უნდა ჩაგვაგდოს-მეთქი, ზემოთაც ვთქვი, მაგრამ ლიტვა-ესტონეთის შემდეგ უფრო მტკიცედ გვჯერა, რომ "აგურებს" სხვა დანიშნულება ვუპოვეთ და როცა იქნება, ამ ახალგაზრდა ფეხბურთელებისგანაც აგურ-აგურ აშენდება ყველასთვის ანგარიშგასაწევი გუნდი. გუნდი, რომელსაც წლებია, ველით!

რატი შელეგია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით