ქართული სპორტის სააღდგომო საჩუქრები
ქართული სპორტის სააღდგომო საჩუქრები
აპრილი ქართული სპორტისთვის დიდებულად დაიწყო: ძიუდოისტებმა ოქროს - ხუთი, ვერცხლის სამი და ბრინჯაოს ექვსი მედლით დაამთავრეს თბილისის გრან-პრი და, ბუნებრივია, პირველობა არც გუნდურ ჩათვლაში დაუთმეს ვინმეს. გუნდური პირველი ადგილით და 15 მედლით (ათი ოქრო, სამი ვერცხლი, ორი ბრინჯაო) დაბრუნდა ბუქარესტში გამართული ევროპის ჩემპიონატიდან საქართველოს ძალოსანთა ნაკრებიც. მეოთხე ცდაზე გატეხა ნავსი და ევროპის ჩემპიონი გახდა საქართველოს 18-წლამდელ მორაგბეთა ნაკრები...

"კვირის პალიტრის" ფორმატი არ გვაძლევს შესაძლებლობას, ყველა შედეგი ოპერატიულად გავაშუქოთ და შესაძლოა,
რამდენიმე დღის წინანდელი გამარჯვებები მოძველებულ ინფორმაციად მოგეჩვენოთ, მაგრამ... მსგავსი მასშტაბის წარმატებებით განებივრებული არ ვართ და ხანდახან "უკან მიხედვაც" გვეპატიება. მით უფრო, რომ ძალოსნობაში და მით უმეტეს - რაგბიში, ასეთი შედეგი არასდროს გვქონია.

მედალიც ბევრი "ავწიეთ"


ბუქარესტში გამართული ევროპის ჩემპიონატიდან ჩვენთვის ისტორიული შედეგი წამოიღეს ქართველმა ძალოსნებმა.
ლაშა ტალახაძისგან არც მედლები (3 ოქრო მოიპოვა) გაგვკვირვებია და არც ზედიზედ მესამედ მოგებული კონტინენტის ჩემპიონობა. ლაშა ცალკე თემაა და სიმართლე ვთქვათ, მის ჩემპიონობაზე მეტად, ის უფრო გაგვიკვირდა, ბუქარესტში მორიგი რეკორდი რომ ვერ დაამყარა (სცადა კიდეც ატაცში თავისივე მსოფლიო რეკორდის ერთი კილოგრამით გაუმჯობესება, მაგრამ 221 კგ-ის დაძლევა ვერ შეძლო). ასე რომ, მთავარი წარმატება გუნდური ჩემპიონობა და მედლების რაოდენობაა: ტალახაძის მსგავსად, სამი ოქრო მოიგო ანასტასია გოტფრიდმაც, შოთა მიშველიძე ორ ოქროსა და ერთ ვერცხლს დასჯერდა, ისევე როგორც რევაზ დავითაძე. ირაკლი თურმანიძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა, თათია ლორთქიფანიძემ და გოდერძი ბერდელიძემ კი - ბრინჯაო.

გრან-პრი და შედეგი


თბილისში უძლიერესი შემადგენლობა არ შეკრებილა, მაგრამ ახალ სპორტის სასახლეში გამართულ გრან-პრიზე მოგებული მედლების წვიმა მაინც სასიამოვნოა. ხუთი ოქრო, სამი ვერცხლი და ექვსი ბრინჯაო - ასეთია მასპინძლების მონაგარი და ადვილი გამოსაცნობია, რომ მონაწილე 38 ქვეყანას შორის საერთო გუნდური ჩათვლაც ჩვენი პირველობით დასრულდა. პირველ დღეს ჩემპიონები გახდნენ ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ) და ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ). უმსუბუქეს წონაში პოდიუმი მთლიანად ქართველებით შეივსო (თბილისის გრან-პრის ისტორიაში პირველად!). ჩხვიმიანმა ფინალში ამირან პაპინაშვილს აჯობა, ბრინჯაოს მედლები კი ლაშა ჩადუნელმა და თემურ ნოზაძემ დაისაკუთრეს.

ქართული ფინალი ვნახეთ 73 კილოგრამ წონით კატეგორიაშიც: გადამწყვეტ შეხვედრაში, ვაზარის შემდეგ, ლაშა შავდათუაშვილმა სამი გაფრთხილებაც მიაღებინა ფრიდონ გიგანს და თბილისის გრან-პრი პირველად მოიგო. 81 კილოგრამში ჩემპიონი გახდა თამაზ კირაკოზაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი კი ბრინჯაოს დასჯერდა. კვარცხლბეკზე ავიდნენ გიორგი პაპუნაშვილი (90 კგ, ვერცხლის მედალი) და ონისე სანებლიძე (100 კგ, ბრინჯაო), მძიმე წონაში კი, მოლოდინისამებრ, ჩემპიონობა არავის დაუთმო გურამ თუშიშვილმა. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში თბილისის ტურნირი თუშიშვილი-რინერის შესაძლო დუელის მოლოდინშიც იყო, მაგრამ... ჩვენი ვარაუდი გამართლდა და ლეგენდარულმა ფრანგმა თბილისში ჩამოსვლაზე უარი განაცხადა.
უნდა ვახსენოთ 17 წლის დებიუტანტი მარიამ ჭანტურიაც (70 კგ). ამ მასშტაბის ტურნირებზე მარიამმა პირველად იასპარეზა და გრან-პრიზე მოჭიდავე ქართველ ქალთაგან ერთადერთი გამოდგა, ვინც პოდიუმზე ასვლა შეძლო - მასპინძელთა სანაკრებო ყულაბას ბრინჯაოს მედლით შეეწია!

საფრანგ-ერთი!

პოლონეთში გამართულ ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალში საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მეოთხედ ითამაშა ფრანგ თანატოლებთან და გამარჯვებაც იზეიმა! ევროპის წამყვან სარაგბო ქვეყნებს ეროვნული ნაკრების დონეზე არ გვაკარებენ, თორემ ასაკობრივ ნაკრებებს ბობოლებთანაც ბევრჯერ უთამაშიათ, ქართველი და ფრანგი 18-წლამდელების საფინალო დაპირისპირება კი 2015 წლიდან აუცილებლობად იქცა. ისევე როგორც წლევანდლამდე ქართველების მარცხი.

პირველ, ოთხი წლის წინანდელ ფინალში, ფრანგებმა დიდი უპირატესობით (57:0) გვაჯობეს. ოდნავ შემცირდა სხვაობა მომდევნო წელს (42:0), 2017-ში კი კლასში სხვაობა სულაც "განახევრდა - ფინალური შეხვედრა მხოლოდ 36:18 წავაგეთ. დრო იყო, ნავსი გატეხილიყო და პატარა ბორჯღალოსნებმა ეს წლევანდელ ფინალში მოახერხეს: უამინდობისა და ბევრი შეცდომის ფონზე,"არასარაგბო ანგარიშით"(8:3), მაგრამ რაც მთავარია, მოახერხეს და ევროპის ჩემპიონები გახდნენ!

ვიღაც იტყვის, რომ ფრანგები მეორე (ან სულაც მესამე) შემადგენლობით გვეთამაშნენ, რომ ბევრი შეცდომა დავუშვით, ბურთის შენარჩუნებაც გვიჭირდა და მეტოქის შეტევების შეჩერებაც, რომ გამარჯვება გამართლების წყალობაა და ა.შ., მაგრამ... კარგი, რა! როგორ და რა ანგარიშით მოგებაც უნდა იყოს, საფრანგეთს ვაჯობეთ და ევროპის ჩემპიონები გავხდით! შეცდომას კი არათუ 17 წლის ყმაწვილები, რაგბიში ჭიპმოჭრილი მორაგბეებიც ხშირად უშვებენ. და თუ "გამართლებაზე" ვილაპარაკებთ, ისიც გავიხსენოთ, რომ მატჩის ერთადერთი ლელო სწორედ ქართველების ანგარიშზეა, "ყვინჩილებმა" (საფრანგეთის ნაკრების მეტსახელი "მამლები" გახლავთ) კი, ქულების მოგროვების არაერთი ცდის მიუხედავად, მხოლოდ ერთი ჯარიმა გაგვიტანეს!

ასე რომ, შევირგოთ ისტორიული გამარჯვება, რომელიც, უპირველესად, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით წაგვადგება და უცილობელი, სამომავლო წარმატების წინა პირობაა.
შევირგოთ და გავიხაროთ: საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს მოუგო და ევროპის ჩემპიონი გახდა!

რატი შელეგია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები