"იტალიას თუ მოვუგეთ, ნიშნავს, რომ ჩვენს თავს ვაჯობეთ"
16-04-2018
"იტალიას თუ მოვუგეთ, ნიშნავს, რომ ჩვენს თავს ვაჯობეთ"
საქართველოს 18-წლამდელ მორაგბეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა

საქართველოს 18-წლამდელ მორაგბეთა ნაკრებმა ფრანგებს მეოთხე ცდაზე აჯობა და ევროპის ჩემპიონი გახდა. ორი წლით უფროსებს მაისში მსოფლიო ჩემპიონატი ელით, ეროვნულ ნაკრებს - მაის-ივნისის საინტერესო ტესტები, შემოდგომაზე კი იტალიასთან დიდი ხნის ნანატრი გამოცდა, ამიტომაც საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტთან სალაპარაკო თემის მოძებნა არ გაგვჭირვებია. გოჩა სვანიძესთან­ ინტერვიუ 18-წლამდელთა ტრიუმფით დავიწყეთ:

- როგორც იქნა, ფრანგები დავამარცხეთ. ბიჭებმა ირწმუნეს საკუთარი შესაძლებლობები, უფრო პრაგმატულები გახდნენ მოთამაშეებიცა და მწვრთნელებიც...
პატარა ბორჯღალოსნებმა თავი დადეს, მაგრამ კლასში სხვაობის გამო ფრანგებმა ჩვენი შეცდომები გამოიყენეს და ქულების უმეტესობაც კონტრშეტევებით მოაგროვეს...

- წლევანდელ ფინალში არათუ სხვაობა, ქულების რაოდენობაც უჩვეულოდ ცოტა (საქართველომ 8:3 გაიმარჯვა. - ავტ.) ვნახეთ...

- მწვრთნელებიც დარწმუნდნენ, რომ შედეგზე თამაში ყველასთან შეგვიძლია, თუმცა ტურნირის ფორმატი კრიტიკას ვეღარ
უძლებს. გვათამაშებენ გუნდებთან, რომლებთანაც სპარინგ-მატჩებსაც კი არ აქვს აზრი! სამწუხაროდ, მსოფლიო რაგბი"ისევ იყენებს ორმაგ სტანდარტს: განვითარებაში კი გვეხმარება, მაგრამ ძლიერ ნაკრებებს არ გვაკარებს. შარშან ევროპის რაგბიმ ამ ტურნირზე იაპონია, აშშ და კანადა მოიწვია, მაგრამ რადგან ძლიერი გუნდები არ ჰყავდათ, წელს ისინიც გაგვექცნენ. სამაგიეროდ, ახლა იაპონელები და ამერიკელები ბრიტანელებთან ითამაშებენ... ეს ალოგიკურია...

- მადლობა ფრანგებს, რომ ისინი მაინც გვეთამაშებიან და განვითარების შესაძლებლობას გვაძლევენ!

- ფინალში ფრანგები რომ დავამარცხეთ, ამაში მათი წვლილიც დიდია! ქართული რაგბის განვითარებაში საფრანგეთს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის და ამას ჩვენც დავუფასებთ! საფრანგეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც აქამდე ინახავდა ქართველ მორაგბეებს. ახლა საქმე შედარებით გართულდა - უცხოელებს ძველებურად თავისუფლად აღარ იღებენ, ცდილობენ, ფრანგ მოთამაშეებს მეტი შანსი მისცენ.

- ფინალურ მატჩში ფრანგებს უძლიერესი შემადგენლობით არ უთამაშიათ. უპირატესობა გარდამავალი იყო, მაგრამ ერთადერთი ლელო პატარა ბორჯღალოსნებმა გაიტანეს, ამიტომაც ამ გამარჯვებას შემთხვევითს ვერავინ უწოდებს!

- მეორე ტაიმში მეტოქეს ხელით თამაშის სტატისტიკა უკეთესი ჰქონდა, თუმცა ეს უპირატესობაში არ ასახულა - ხაზი არ გაჭრილა და არც სალელოე შეტევა ჰქონიათ. ჩვენმა დაცვამ ფანტასტიკურად ითამაშა! რაც შეეხება შემადგენლობას, საფრანგეთის ნაკრებთან დაკავშირებით პირველი-მეორე შემადგენლობა პირობითი ცნებაა, მათ მოთამაშეთა რაოდენობაც ჰყავთ, რომ ორი-სამი თანაბარძალოვანი ნაკრები შეადგინონ, ამიტომაც ნუ დავაკნინებთ ჩვენი ბიჭების წარმატებას...

ყოველი გამარჯვება პასუხისმგებლობას გვმატებს, უფლება აღარ გვაქვს, დროშა დაბლა დავწიოთ, ამიტომ არ გვჭირდება მეტოქის სიძლიერეზე ყურადღების გამახვილება. თუნდაც უძლიერესი შემადგენლობის დამარცხება არ ნიშნავს, რომ ჩვენი მისია შესრულებულია.

- რას შეცვლის საქართველოსთვის ფრანგებთან გამარჯვება, იმის გარდა, რომ "ბობოლებთან" ახლა უფრო ლაღად ვითამაშებთ?..

- ჩვენთვის თითოეულ გამარჯვებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, თვითრწმენას გვმატებს. მოედანზე, კონკრეტულ სიტუაციაში, მოთამაშე წყვეტს, როგორ მოიქცეს და არა - მწვრთნელი, ამიტომ რაც შეიძლება მეტი შემოქმედებითი მოთამაშე უნდა გავზარდოთ. არა დისციპლინის ხარჯზე, მაგრამ შემოქმედებითი მუხტი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენც გვინდა, უკეთესები ვიყოთ. სწორედ ესაა წარმატების გასაღებიც და საიდუმლოც.

- რა გამოხმაურება მოჰყვა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს გამარჯვებას?

- არ ვიტყვი, რომ ასეთ შედეგს არ ელოდნენ - სენსაციად არ შეფასებულა. ფრანგებიც კი ელოდნენ ამას!

- მაგრამ ევროპის დანარჩენი სარაგბო ქვეყნები? 18-წლამდელების დონეზე მაინც როდის დაბრუნდება "ნამდვილი" ევროპის ჩემპიონატი?

- რამდენჯერმე ხომ გაიმართა კიდეც -"ექვსი ერის ქვეყნების გუნდებს ვემატებოდით ჩვენ და პორტუგალია... პირველ ორ ასეთ ტურნირში მეექვსე ადგილზე გავედით, მესამეში - მეშვიდეზე, ბოლო ტურნირში კი - მეორეზე! მაგრამ მერე წერტილი დაუსვეს ასეთი ფორმატის ჩემპიონატს! დღეს ბრიტანული ნაკრებები საუკეთესოები არიან, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა მეორე და მესამე დონის ქვეყნების განვითარება, ბრიტანული ჰეგემონია დასრულდება. ჩვენ ყველა მეზობელს დავეხმარებით განვითარებაში. პროგრესს წინ ვერაფერი დაუდგება. შიში, რომ გაძლიერებული მეზობელი მოგიგებს, სუსტის თვისებაა. ჩვენ ეს არ გვახასიათებს.

- შედარებით უფროს ასაკზე გადავიდეთ: 20-წლამდელებს წელს მსოფლიო ჩემპიონატი ელით და უკვე გაემგზავრნენ სამხრეთ აფრიკაში მოსამზადებელ შეკრებაზე. რას ელით ჩვენი გუნდისგან?

- მწვრთნელებს ურთულესი ამოცანა აქვთ, რადგან უმაღლესი დონის ნაკრებებს ვეთამაშებით. რა თქმა უნდა, პროგრესი სწორედ ასეთი დონის გუნდებთან ჭიდილშია შესაძლებელი, თუმცა ვიყოთ ობიექტურები - ეს ძალიან რთული იქნება. მაგრამ ჩინებული ახალგაზრდა მწვრთნელები გვყავს და მომზადების ისეთი მეთოდები აქვთ, აუცილებლად მიიღებენ მაქსიმუმს! წელს თუ არა, მომდევნო ჩემპიონატზე მაინც, ალბათ, ჯგუფიდან გასვლის ამოცანასაც დავუსახავთ გუნდს, ამ ეტაპზე კი, ალბათ, ადგილის შენარჩუნებისთვის მოგვიწევს ბრძოლა...

- ეროვნული ნაკრებისგან "რაგბი ევროპის გათამაშების" მოგება არ გვიკვირს და ეს წელსაც მოვახერხეთ. უფრო მნიშვნელოვანი ინგლისის ეროვნულ ნაკრებთან ერთობლივი წვრთნა მგონია. მით უმეტეს, რომ ინიციატივა ბრიტანელებისგან მოდიოდა...

- საპატიოა, როცა ინგლისი გთხოვს ერთობლივ წვრთნას. რაკი ყურადღება მოგვაქციეს, ე.ი. დავჭირდით... მაგრამ ჯერჯერობით ეს არ არის თამაში, რაც მსოფლიო თასზე უნდა ვაჩვენოთ. გაისად უნდა ჩამოყალიბდეს ის გუნდი და თამაში, როგორიც გვეკადრება.

- კარგია, რომ ახალგაზრდა (და ახალი) მოთამაშეები იოლად შეეწყვნენ ეროვნულ ნაკრებს...

- ახალი მოთამაშეები კიდევ გამოჩნდებიან... გვესმის ხოლმე - ის დაბერდა, ის ჯერ ახალგაზრდააო. შეგახსენებთ, ეროვნული ნაკრები არ არის მხოლოდ პერსპექტივაზე ორიენტირებული გუნდი, ის კონკრეტული მომენტისთვის საუკეთესო ფორმაში მყოფი მოთამაშეების კრებულია! რაც უნდა ნიჭიერი თაობა მოდიოდეს, გორგოძის, ზირაქაშვილის, სხვა ვეტერანების გამოცდილება ჰაერივით გვჭირდება...

- დიდი ხანია, ბორჯღალოსნებს ზაფხულში ოთხი მატჩი არ უთამაშიათ. წლევანდელი წელი განსხვავებული იქნება... რას ელით მაის-ივნისის ტესტებისგან?

- მაისის ბოლოს ფრანგი ბარბაროსები გვეწვევიან. ივნისის ტესტების ეგიდით ოკეანეთსა და იაპონიაში ვითამაშებთ, ამიტომ დამატებითი, თანაც თბილისში გასამართი შეხვედრა ქართველი ქომაგისთვის განსაკუთრებული საჩუქარი იქნება. ოკეანეთსა და იაპონიაში ურთულესი მატჩები გველის. ფიჯის დღეს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ჰყავს, გულხელდაკრეფილი კი არც ტონგა დაგვხვდება და არც - იაპონია...

- შემოდგომაზე ვითამაშებთ მატჩს, რომელსაც წლებია, ვითხოვთ და ველით!

- ეს დაპირისპირება გარდაუვალი იყო. ეს საკონტროლო მატჩია, მაგრამ გულშემატკივარი ჩვენგან იტალიის დამარცხებას ელის! იტალიას თუ მოვუგეთ, ნიშნავს, რომ ჩვენს თავს ვაჯობეთ, რადგან დღეს არ ვართ აძურიზე"ძლიერი, თუმცა ქართულ გენს, შემართებას და რაც მთავარია, გუნდურ ერთობას, სასწაულის მოხდენა შეუძლია. ჰოდა, დაველოდოთ ამ სასწაულს!

რატი შელეგია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით