მუნდიალი დამთავრდა, ევროპის ლიგის გეშინოდეთ, ხალხო! - კვირის პალიტრა

მუნდიალი დამთავრდა, ევროპის ლიგის გეშინოდეთ, ხალხო!

თქვენი არ ვიცი და, ჩემი აზრით, 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაზე პოპულარული... რვაფეხა პაული გახლდათ! შეგახსენებთ, ობერჰაუზენის ოკეანერიუმში მცხოვრებმა რვაფეხამ წლევანდელ მუნდიალზე გერმანიის ნაკრების მიერ ჩატარებული ყველა მატჩის შედეგი წინასწარ გამოიცნო.

პაულმა ისიც იწინასწარმეტყველა, ბუნდესნაკრები ნახევარფინალში ესპანელებთან დამარცხდებაო და რაკი პროგნოზი გამართლდა, ახლა ნახევარი გერმანია პაულზე ილესავს კბილებს - საცეცები სულ სათითაოდ უნდა დავაგლიჯოთო...

გერმანელებისა გამკვირვებია, ისე ემუქრებიან საბრალო პაულს, გეგონება, მართლა ის იყოს დამნაშავე მათი საყვარელი გუნდის მარცხში. გეშლებათ, ფროინდებო, გეშლებათ, პაული კი არა, პუიოლია თქვენი წაგების მიზეზი და საცეცები კი არა, კულულები აქვს თავზე...

ისე, ერთი ასეთი "წინასწარმეტყველი" ჩვენც რომ გვყავდეს, ქართველი ფეხბურთელების ბედს ძაღლი არ დაჰყეფდა. ახლა ხომ აბრალებენ წაგებას საკუთარი თავის გარდა ყველაფერს - მსაჯს, სტადიონს, უამინდობას, სავსე მთვარეს და სხვ.

ჰოდა, ცოტას რვაფეხები, გველკუები და ბაყაყებიც თუ წაეხმარებოდნენ... ისე, ბაყაყი არ უნდა იყოს ცუდი იდეა. "ბიჭო, შალიკია, ხომ გეუბნებოდი, არ მოკლა ის ბაყაყი-თქვა... რომ არ მოგეკლა, არ წამოვიდოდა წვიმა და სიმშრალეში სან-მარინოელები კი არა, ლუქსემბურგელები არ არიან ჩვენი გამჩერებლები..." - როგორი მოსასმენია? მგონი, არ უნდა იყოს ცუდი თავის გასამართლებელი მიზეზი და ქართველ მწვრთნელებს შეუძლიათ თავიანთ "არსენალს" ესეც შემატონ.

ხუმრობა იქით იყოს და, რვაფეხამ ემანდ შარს არ გადავეყაროო და სულ ძალისძალად იწინასწარმეტყველა, ბრინჯაოს მედლები გერმანელებს დარჩებათო. პაულმა იმდენი მტერი გაიჩინა, მის ბედზე ესპანეთის პრემიერ-მინისტრიც კი დარდობს, თუმცა ობერჰაუზენის ოკეანერიუმს ისეთი დაცვა დაუყენეს, რვაფეხას საცეცზე ხახვს ვერავინ დააჭრის.

სხვა მხრივ წლევანდელ მუნდიალზე იმდენი მოულოდნელი რამ მოხდა, მართლა აღარაფერი უნდა გაუკვირდეს კაცს. აგერ, საკუთარი ქვეყნის ნაკრების ნახევარფინალში გასვლით გახარებული ურუგვაელი ცოლ-ქმარი ქვეყნის მთავრობას სთხოვს, უფლება მოგვეცით, ჩვენს ახალშობილ გოგონას...

მარია ვუვუზელა დავარქვათო! შვილისთვის ფორლანის ან სუარესის სახელის დარქმევის სურვილი რომ გასჩენოდათ, კიდევ გასაგები იქნებოდა, მაგრამ პატარამ ისეთი რა დაუშავა, ვუვუზელას რომ არქმევენ?! ეტყობა, გოგონამ იმ ავადსახსენებელ პლასტმასის საკრავზე ყურისწამღები ტირილი იცის და... ისე, ურუგვაიში ბავშვისთვის ექსტრავაგანტური და სასაცილო სახელის დარქმევა აკრძალული ყოფილა და წყვილს მთავრობის ნებართვა იმიტომ სჭირდება.

ამ ურუგვაელებზე უცნაური კი ის არგენტინელები მგონია, დღემდე რომ ემუდარებიან მარადონას, ნაკრების სათავეში დარჩიო. არგენტინაში დიეგოს დღემდე აღმერთებენ, თუმცა, როგორც ჩანს, "მთხოვნელთა" უმეტესობას მარადონა 1986 წლის შემდეგ აღარ უნახავს, თორემ რა მწვრთნელიცაა, პირველივე ძლიერმა მეტოქემ გამოაჩინა. კი, ბატონო, კარგია მამაშვილობაც, დაქალ-ძმაკაცობაც, ზიზილპიპილებიც, კოკა... "კოკა-კოლაც" (აბა, თქვენ რა გაიფიქრეთ? არააა, ეგეთებს შეეშვა დონ დიეგოო, ირწმუნებიან), მაგრამ მწვრთნელობას ხომ სხვა რაღაცებიც სჭირდება? არადა, აფსუსი არ იყო ასეთი შემადგენლობის გაფუჭება?

ამასობაში, NASA-ს სპეციალისტებმა მუნდიალის ოფიციალური ბურთი - "ჯაბულანი" შეისწავლეს და დაადგინეს, რატომ ჰყავს მას ამდენი მომდურავი. თურმე, როგორც კი "ჯაბულანის" სიჩქარე 70კმ/სთ-ს გადააჭარბებს, მისი ფრენის ტრაექტორია ამოუცნობი ხდება, მიზეზი კი ბურთის სიმსუბუქე გახლავთ: 440-გრამიანი "ჯაბულანი" ყველაზე მსუბუქია მსოფლიო თასების ისტორიაში. სხვისი არ ვიცი და როგორც ჩანს, საქართველოს ნაკრების კარის მიმართულებით მეტოქეები სულ 70კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გზავნიან ბურთს.

საქართველო ვახსენეთ და ბარემ ევროთასებით დავამთავროთ. გასულ კვირას ჩვენებური კლუბები ევროპის ლიგის გათამაშებაში ჩაებნენ. თუ თბილისის "დინამო" საშინაო მატჩში მოგებულ 2:1-ის ხარჯზე "გაძვრა" მეორე ეტაპზე, "შინოურ" 5:0-იანი "ზესტაფონიც" სულ "ფაეტონით" ჩაგრიხინდა სან-მარინომდე და მართალია, განმეორებით შეხვედრაში ვეღარაფერი (თუ აღარაფერი) მოუხერხა ადგილობრივ "ფაეტანოს" და 0:0 დაუზავდა, მაგრამ მეორე ეტაპზე ისიც გავიდა.

ისე, ევროთასებზე ჩვენების გამოსვლაზე ნამდვილად არ ვნერვიულობ - ყველანაირი რვაფეხას გარეშეც კარგად ვიცი, რაც ელით და იმიტომ! ქართულ კლუბებს იმ ანეკდოტივით მოსდით, მაგრად სვამს, განსაკუთრებით საწყის სამ ჭიქასო. ჰო, მაგრები ვართ, განსაკუთრებით პირველ, ზოგჯერ მეორე და იშვიათად - მესამე ეტაპზე...

აბა, მსოფლიო ჩემპიონი ვინც გახდა, კი იცით უკვე...

და რაკი ჩვენი "მსოფლიო ჩემპიონიც" და "ჩემპიონთა ლიგაც" ქართული ფეხბურთია, "კავკასიური ცარცის წრისა" არ იყოს, - მსოფლიო ჩემპიონატი დამთავრდა, ევროპის ლიგის გეშინოდეთ, ხალხო!