"მაია ჩიბურდანიძესთან მატჩისას დაფიდან თავი არ ამიწევია" - კვირის პალიტრა

"მაია ჩიბურდანიძესთან მატჩისას დაფიდან თავი არ ამიწევია"

სომხეთის საკურორტო ქალაქ ჯერმუკში ჩატარებული ფიდეს გრან-პრის მეოთხე ეტაპი შესანიშნავი შედეგით დაასრულა დიდოსტატმა ნანა ძაგნიძემ. ქართველმა მოჭადრაკემ 11 მატჩიდან 7 მოიგო, 4 ყაიმით დაამთავრა და პირველობა არავის დაუთმო.

ოთხი ეტაპის შემდეგ ფიდეს გრან-პრის სწორედ ძაგნიძე ლიდერობს 390 ქულით და თუ მორიგ ეტაპსაც წარმატებით ჩაამთავრებს, სატიტულო მატჩის გამართვის უფლებას მიიღებს მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ალექსანდრა კოსტენიუკთან. თუმცა, ნანა ძაგნიძე ჯერ მხოლოდ მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადაზე ფიქრობს, რომელსაც სექტემბერში ქალაქი ხანტი-მანსიისკი უმასპინძლებს.

- საკურორტო ქალაქი ჯერმუკი ზღვის დონიდან 2080 მეტრზე მდებარეობს. ასეთ სიმაღლეზე თამაში იოლი ნამდვილად არ არის, თუმცა, როგორც ჩანს, მხოლოდ ფსიქოლოგიურად კი არა, ფიზიკურადაც ჩინებულად იყავით მომზადებული.

- ორგანიზატორებმა შესანიშნავი პირობები შეგვიქმნეს. რაც შეეხება ფიზიკურ კონდიციებს, მომზადებული მართლაც კარგად ვიყავი. ნალჩიკში, გრან-პრის წინა ეტაპზე, ბოლო ტურებში, აშკარად დამეტყო დაღლა და ეს აისახა კიდეც საბოლოო შედეგზე. ამიტომაც ჯერმუკისთვის მზადებას ნალჩიკიდან დაბრუნებისთანავე შევუდექი - თითქმის ყოველდღიურად დავდიოდი აუზზე, სატრენაჟორო დარბაზში, სომხეთში გამგზავრებამდე ბაზალეთზეც გავიარე ნაყოფიერი შეკრება პირად მწვრთნელ ზურაბ სტურუასთან ერთად.

- მთავარ კონკურენტ ტატიანა კოსინცევას საკმაოდ იოლად მოუგეთ...

- ნალჩიკში კოსინცევასთან ბავშვური შეცდომის გამო დავმარცხდი. ამან თან ძალიან გამაბრაზა საკუთარ თავზე, თან უდიდესი სტიმული მომცა. გრან-პრის მორიგ ეტაპს მოუთმენლად ველოდი, რათა რუსი მოჭადრაკისთვის დამემტკიცებინა, ნალჩიკში დამარცხება მხოლოდ ელემენტარული შეცდომის ბრალი რომ იყო. ძლიერ მეტოქესთან მატჩის წინ ნერვიულობა ჩვეულებრივი ამბავია, თუმცა კოსინცევასთან თამაშამდე ოდნავადაც არ ავღელვებულვარ - დარწმუნებული ვიყავი, რომ გავიმარჯვებდი... სწორედ ეს პარტია გამოდგა გარდამტეხი ჩემთვის - დავრწმუნდი, რომ პირველობისთვის ბრძოლა რეალურად შემეძლო.

- 2008 წლის დრეზდენის ოლიმპიადაზე გამარჯვების შემდეგ ამბობდით, მაია ჩიბურდანიძის გვერდით თამაში საოცარი ენერგიით მავსებდაო. ჯერმუკში კი მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონის პირისპირ აღმოჩნდით და დაამარცხეთ კიდეც. არ გაგიჭირდათ? უპირველესად - ფსიქოლოგიურად...

- მაია ჩიბურდანიძე საოცარი ადამიანი და უდიდესი ავტორიტეტია. დრეზდენის ოლიმპიადის შემდეგ სახელით აღარ მივმართავ და "ლეგენდას" ვეძახი ხოლმე. ერთადერთი პარტია, რომლის დაწყებამდეც ვინერვიულე ჯერმუკში, სწორედ მასთან მატჩი გახლდათ.

ჩემს მწვრთნელ ზურაბ სტურუას ვთხოვე, დამეხმარეთ, რომ მაიასადმი  სიყვარული დროებით "გვერდზე გადავდო" და მეტოქედ წარმოვიდგინო-მეთქი. ბატონმა ზურაბმაც როგორც შეეძლო, "დამამუშავა", თუმცა, როგორც ჩანს, ბოლომდე მაინც ვერა, რადგან მთელი თამაშის განმავლობაში მაიასთვის ერთხელაც არ შემიხედავს, მხოლოდ დაფას დავყურებდი ან თვალებზე ხელი მქონდა აფარებული...

- უკვე თქვით, რომ გრან-პრის ბოლო ეტაპს ჩილეში ითამაშებთ. გამარჯვების შემთხვევაში მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის მოქმედ ჩემპიონთან - ალექსანდრა კოსტენიუკთან მოგიწევთ შეხვედრა...

- იცით, ამაზე ახლა არ ვფიქრობ. იქამდე სექტემბერში, ხანტი-მანსიისკში გასამართი მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა გველის. საქართველოს ნაკრები ოლიმპიური ჩემპიონია, ტიტული გვაქვს დასაცავი, თან ოლიმპიადა რუსეთში გაიმართება და... მოკლედ, სამუშაო ბევრია და გრან-პრის მე-4 ეტაპზეც მხოლოდ ოლიმპიადის დასრულების შემდეგ დავიწყებ ფიქრს.

- მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაზე პირველად 16 წლისამ ითამაშეთ. წლების წინ თუ წარმოიდგენდით, რომ 23 წლისა მსოფლიოს ინდივიდუალური ჩემპიონობისთვის ბრძოლას რეალურად შეძლებდით...

- ცნობილი ფაქტია - ყველა პაიკი დედოფლობაზე ოცნებობს, თუმცა რომ გითხრათ, დღედაღამ ჩემპიონობაზე ვფიქრობ-მეთქი, არ იქნება მართალი. მუდმივად იმას ვცდილობ, ჩემი თამაში რაც შეიძლება სრულყოფილი გახდეს, შანსი და შედეგი კი მუშაობის შემდეგ მოდის.