ლივერპულში გაცოცხლებული ფარაონი - კვირის პალიტრა

ლივერპულში გაცოცხლებული ფარაონი

"ნაგრიგში ყოველი რამადანის დროს ჩამოდის და ბავშვებს საჩუქრებს ურიგებს, ავტოგრაფსა და სამახსოვრო ფოტოს გადაღებაზეც არავის ეუბნება უარს. ბავშვობის შემდეგ მოჰამედი ოდნავაც არ შეცვლილა"

"ბითლზის" ქალაქში არ დაბადებულა, მაგრამ პოპულარობით ლამის გაასწროს კიდეც ლეგენდარულ ოთხეულს! ეგვიპტელი შემტევი ნახევარმცველი მოჰამედ სალაჰი ლივერპულში"შარშან გადავიდა და ერთ წელიწადში დაიპყრო მეტოქე გუნდების კარი და გულშემატკივრის გული... 25 წლის ეგვიპტელი უკვე დაასახელეს საუკეთესო მოთამაშედ პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში, სადაც 31(!) გოლი გაიტანა (სტოკთან მატჩის შედეგი გათვალისწინებული არ არის. - ავტ.) და ამ რეკორდის გაუმჯობესებასაც უმიზნებს. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონს, სალაჰს 10 ბურთი აქვს გატანილი და მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუს ჩამორჩება. მოკლედ, ფარაონი (ამ მეტსახელის გარდა, სალაჰს ხშირად უწოდებენ "პირამიდების პელეს, მუსლიმ მესის"და ა.შ. - ავტ.) ლივერპულის" ფანტასტიკური სეზონის ერთ-ერთი მთავარი გმირია და რა გასაკვირია, რომ შარშან, "რომასთვის" გადახდილ 42 მილიონ ევროსთან შედარებით, უკვე ხუთჯერ ძვირი ღირს!

სწორედ სალაჰის დამსახურებაა, რომ 1990 წლის შემდეგ პირველად ეგვიპტის ნაკრები"მუნდიალზე ითამაშებს. ეროვნული გუნდის მაისურით სალაჰს უკვე 33 ბურთი აქვს გატანილი. გასულ კვირას, ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალში "რომასთან" მატჩისას ეგვიპტის ვარსკვლავმა ორი ბურთი გაუტანა ყოფილ კლუბს და ორი საგოლე გადაცემაც შეასრულა.

ეგვიპტის მეორე საოცრება

მოჰამედ სალაჰი სამშობლოში, დიდი ხანია, უყვართ, მაგრამ მას მერე, რაც 28-წლიანი ლოდინის შემდეგ, ეგვიპტის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე გაიყვანა, ეროვნულ გმირად იქცა. სალაჰს მხოლოდ იმიტომ არ აღმერთებენ, რომ შედეგით მესისა და რონალდუს ეჯიბრება და უკვე აფრიკის და პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელია, არამედ იმიტომაც, რომ სიღარიბეში გაზრდილი სიმდიდრემ ვერ შეცვალა...

სალაჰი ალექსანდრიასთან ახლოს, სოფელ ნაგრიგში გაიზარდა. ეგვიპტის მიყრუებულ დასახლებაში ნამდვილ ბურთს სად იშოვიდნენ და ბავშვები ძველი წინდებისგან შეკერილ "ბურთს" დასდევდნენ... ასე იქამდე გაგრძელდა, სანამ მოჰამედი კაიროს კლუბის სკაუტებმა სკოლის ტურნირზე არ გამოარჩიეს და 14 წლის ბიჭს კონტრაქტი არ გაუფორმეს. ვარჯიშზე მისასვლელად ყოველდღე უწევდა სამი ავტობუსის გამოცვლა და გზაში ოთხი საათის გატარება. ნიჭს და მონდომებას უკვალოდ არ ჩაუვლია: სალაჰის დებიუტი ეგვიპტის ეროვნულ ნაკრებში შედგა. ერთ-ერთი ამხანაგური მატჩისას ეგვიპტემ 4:3 მოუგო "ბაზელს", ახალგაზრდა შემტევმა კი დუბლი შეასრულა და შვეიცარიელებს ისე მოაწონა თავი, რომ რამდენიმე დღეში ევროპაში უკრეს თავი. მას შემდეგ ექვსი წელიწადი გავიდა და ბიჭი, რომელმაც არც ინგლისური იცოდა და ეგვიპტის გარდა არაფერი ენახა, უკვე მსოფლიოს ვარსკვლავია, რომელსაც კვირაში 100-ათასფუნტიანმა ხელფასმაც ვერ დაავიწყა, საიდან მოდის!

მოსამართლე და მოწყალე...

სალაჰს არაერთხელ უთქვამს, რომ მისი საყვარელი ინგლისური სიტყვაა Love და არც ტყუის. 25 წლის ეგვიპტელი გულმოწყალებით გამოირჩევა. 2017 წლის ნოემბერში, სწორედ იმ საღამოს, როცა მოჰამედმა კონგოსთან 2:1 მოგებულ მატჩში დუბლი შეასრულა და ეგვიპტეს რუსეთში გასამართი მუნდიალის საგზური დაუბევა, მამამისის სახლი გაქურდეს. დამნაშავე დააკავეს, მაგრამ...

ფეხბურთელმა მამას პოლიციიდან საჩივარი გამოატანინა, ქურდს მცირეოდენი თანხა მისცა და სამსახურის მოძებნაშიც დაეხმარა! სალაჰს არც ძვირად ღირებულ საჩუქარზე უარის თქმა გასჭირვებია: მის თანამემამულე ბიზნესმენ მაჰმუდ აბასს ისე გაუხარდა ნაკრების მუნდიალზე გასვლა, სალაჰს მდიდრული ვილა აჩუქა. ფეხბურთელს მხოლოდ დათანხმება და ვილის ნახვა მოეთხოვებოდა, მაგრამ მან უარი განაცხადა და აბასს სთხოვა, თუ მართლაც გინდა გამახარო, ეს ფული სოფელ ნაგრიგის განვითარებას მოახმარეო...

სკოლებსაც და ოჯახებსაც

მშობლიურ სოფელზე თვითონაც ზრუნავს. ფულად დახმარებას არ სჯერდება - ააშენა სკოლა, თანამედროვე საფეხბურთო მოედანი, იყიდა სპორტდარბაზისთვის აუცილებელი ინვენტარი, ეხმარება საავადმყოფოს, ახალგაზრდა წყვილებს საქორწინო ცერემონიისთვის თანხას ურიცხავს!

"ნაგრიგში ყოველი რამადანის დროს ჩამოდის და ბავშვებს საჩუქრებს ურიგებს, ავტოგრაფსა და სამახსოვრო ფოტოს გადაღებაზეც არავის ეუბნება უარს. ბავშვობის შემდეგ მოჰამედი ოდნავაც არ შეცვლილა," - ამბობს ფეხბურთელის მეგობარი. და რაღა გასაკვირია, რომ სალაჰის სახელობისაა სკოლაც და მშენებარე ახალგაზრდული ცენტრიც...

ეგვიპტური ვალუტის მხსნელი

შარშან მოჰამედმა ეგვიპტური ვალუტაც გადაარჩინა: როცა ეგვიპტურ გირვანქას სასწრაფოდ დასჭირდა საერთაშორისო ვალუტის მხარდაჭერა (მისი დეფიციტი ეგვიპტის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა), სალაჰმა სახელმწიფოს 210 ათასი ბრიტანული გირვანქა გადასცა; 27 000 გირვანქა ეგვიპტის ვეტერან ფეხბურთელთა ასოციაციასაც გადაურიცხა. მოჰამედის საჩუქარი დაეხმარება 120 ოჯახს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 400 ეგვიპტურ გირვანქას (16,65 ბრიტანული გირვანქა) არ აღემატება.

"სალაჰმა შეძლო ის, რაც ვერც ერთმა პოლიტიკოსმა ვერ მოახერხა - გააერთიანა ახლო აღმოსავლეთი. მაროკოელებს, ტუნისელებს, არაბებს, ქუვეითელებს, ემირატების და ომანის მცხოვრებლებს - ყველას უნდა სალაჰის მაისური. "ჩვენს ქვეყანას უამრავი პრობლემა აქვს, სალაჰი კი ერთადერთია, ვინც ამხნევებს და იმედს ჩუქნის ეგვიპტელებს. "ლივერპულის" თამაშის დროს კაიროს ნებისმიერ კაფეში წარმოუდგენელი ატმოსფეროა! ორი საათის განმავლობაში ის მთელ ერს აერთიანებს და ჩვენ გარშემო არსებულ საშინელებებს გვავიწყებს," - ამბობს იქაური ჟურნალისტი.

ფული და დიდება ადამიანებს ხშირად ცვლის, მაგრამ მსოფლიოში არის ერთი ადამიანი მაინც, ვინც ამის შესახებ არაფერი იცის...

რატი შელეგია