ამაოების (ვ)აზარი?! ქართული ძიუდოს ბრძოლები ტატამს მიღმა - კვირის პალიტრა

ამაოების (ვ)აზარი?! ქართული ძიუდოს ბრძოლები ტატამს მიღმა

წლევანდელი ევროპის ჩემპიონატიდან საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები უმედლოდ დაბრუნდა. 1992 წლიდან, ეს პირველი შემთხვევაა, როცა კონტინენტის პირველობის კვარცხლბეკზე ერთი ჩვენებურიც ვერ ავიდა... ქართული ძიუდოსთვის მომდევნო დღეები უფრო მძიმე გამოდგა. ისეთი რაღაცები გამოაშკარავდა - ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და პოპულარული სახეობა სერიოზულ კრიზისში ყოფილა და თურმე პრობლემებს წლების განმავლობაში მალავდა. ოღონდ ჭირმა თავი არ დამალა და ევროპირველობის ფიასკოს შემდეგ თელ-ავივის ტატამივით გაიშალა... თუ სიმართლეა ის ყველაფერი, რაც გასულ კვირას გაჟღერდა, კარგა ხანია, ქართული ძიუდო "ვაზარზე" ყოფილა გადაჩეხილი და სანამ საბოლოოდ დავარდნილა იპონზე, თავისი წილი პასუხისმგებლობა ყველამ კარგად უნდა გაითავისოს! თუმცა მივყვეთ თანამიმდევრობით:

მინუს ცირეკიძე

თბილისში დაბრუნების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ანტირეკორდი მხოლოდ ნაკრების სამწვრთნელო შტაბის ბრალი ყოფილა... ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა ალალად გვითხრა, პასუხისმგებლობას არ გავურბივართო და... არც არაფერს გაჰქცევია - ნაკრების სამწვრთნელო შტაბი გაათავისუფლა! ასე აღმოჩნდნენ ირაკლი ცირეკიძე და მისი თანაშემწეეები მინუსში.

ოღონდ, თურმე ჯერ სად ხარ... თანდათანობით იმდენი მინუსები გამოჩნდა...

ზვიადაურის სახელი

"წლებია ვამბობ, რომ ქევხიშვილი ანადგურებს ძიუდოს, მომკითხავი კი არავინ არის! ფედერაციის პრეზიდენტი წყვეტს, ვინ იჭიდავებს ამა თუ იმ შეჯიბრებაზე და მწვრთნელს ფუნქციას უკარგავს... ყველას, ვისაც გული შესტკივა სპორტის დღევანდელ მდგომარეობაზე, ხმა უნდა ამოიღოს", - ოლიმპიურმა ჩემპიონმა ზურაბ ზვიადაურმა ეს სიტყვები ევროპის ჩემპიონატის დასრულებისთანავე დაწერა."ჭრიკიშვილს შეკრებაზე რომ არ წაიყვან! პირველი ნომრები რომ თავიანთი ხარჯით გაემგზავრებიან შეჯიბრებაზე! არ შეუქმნი პირობებს იმ საბაბით, თითქოს ფედერაციას ფული არა აქვს. ეს არის ტყუილი! ფედერაციამ 6-თვიანი შეკრება მოაწყო ახალგაზრდებისთვის პლეხანოვის დარბაზში - სასტუმროთი და კვებით... აი, სად მიდის ფედერაციის თანხა", - ოლიმპიური ჩემპიონის ამ სიტყვებს ირაკლი ცირეკიძის და მისი თანაშემწეების გათავისუფლება მოჰყვა, მოგვიანებით კი ძიუდოისტების ულტიმატუმიც, რომელიც ძიუდოს ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა გააჟღერა.

"სანამ ქევხიშვილი არ გადადგება, არ ვივარჯიშებთ!"

"ფედერაციაში არსებული მიუღებელი მდგომარეობის გამო, ნაკრების წევრები ვწყვეტთ ვარჯიშს და არ მივიღებთ მონაწილეობას არც ერთ შეჯიბრებაში, სანამ ფედერაციის პრეზიდენტი არ გადადგება. მისი პრეზიდენტობის პერიოდში ამ სპორტს არა აქვს მომავალი, რაც დასტურდება მისი 6-წლიანი მმართველობით და შედეგებით, რაც ფედერაციის მხარდაჭერით კი არა, მხოლოდ ჩვენი სპორტსმენების თავდაუზოგავი შრომის ხარჯზე მიიღწეოდა. დიდი ხანია სხვადასხვა გზით ვცდილობთ ამ პრობლემის მოგვარებას. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია შეჯიბრებებზე ქართული დროშის ღირსების დაცვა, თუმცა ასე გაგრძელება უკვე შეუძლებელია", - ნათქვამია ძიუდოისტების განცხადებაში.

ულტიმატუმის მიუხედავად, დავით ქევხიშვილი თანამდებობიდან წასვლას არ აპირებს. მისი თქმით, ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება და ოპონენტებს მოუწოდებს თქვან, კონკრეტულად ვის რაში შეუშალა ხელი.

"გადადგომაზე არ ვფიქრობ!"

"ამ ეტაპზე გადადგომას არ ვფიქრობ, ჩემი ერთადერთი საზრუნავია, საზოგადოებას დავანახო სიმართლე და პასუხი გავცე ცილისწამებას. მე ჩემი კონკრეტული ფუნქცია მაქვს, მთავარ მწვრთნელს - თავისი. რამდენჯერაც მიკითხავს, მაგალითად, ვარლამისთვის, რაიმე პრობლემა ხომ არა გაქვს-მეთქი, არასდროს უთქვამს, რომ რამე აწუხებდა. ფედერაციაში არ არის ნეპოტიზმი. ირაკლი ცირეკიძე ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონია და მისი გუნდიც შესაბამისად იყო დაკომპლექტებული. ასეთივე სიტუაცია იყო 2009 წელსაც, თუმცა არ მივსულვარ ტელევიზიებში ან ფედერაციაში და ჩივილი არ დამიწყია. მივედი მთავარ მწვრთნელთან და მასთან გავარკვიე, რაც მაინტერესებდა. და როცა კარიერის დასრულების დრო მოვიდა, კიმონო კარადაში ჩამოვკიდე", - ამბობს საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი.

"მის ადგილას აქამდე ასჯერ წავიდოდი!"

გასული კვირის ბოლოს ავთანდილ ჭრიკიშვილს სარაევოში, ევროპის თასზე უნდა ეჭიდავა, თუმცა გამგზავრება გადაიფიქრა და თანაგუნდელების გვერდით დადგა.

- წლებია, ჩვენზე და ჩვენს შედეგებზე იდგა ფედერაცია. ჩვენ თუ არა, ვინ უნდა იჭიდაოს? პირადად მე ქევხიშვილის ადგილას აქამდე ასჯერ წავიდოდი!

გულშემატკივართანაც ხომ უნდა ვიყოთ მართლები, ხომ უნდა იცოდნენ, რატომ არ გვაქვს შედეგი? თუ სრულფასოვნად არ მოემზადე, რა აზრი აქვს ტურნირზე წასვლას? ირაკლი უზნაძეს ლამის ჩხუბი მოსდიოდა, იაპონიის შეკრებებზე ჩვენი წაყვანა რომ ეიძულებინა. ირაკლის შემდეგ კი ქევხიშვილს მწვრთნელებად თავისი მეგობრები ჰყავდა და გადაწყვეტილებებსაც ერთპიროვნულად იღებდა, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ კი მათ "შეაწმინდა ხელი" და გაუშვა! რაც ყველაზე ცუდია, გუნდის გაყოფა ხდება: ორ კაცს სადმე წაიყვანენ, შეჰპირდებიან, ყველანაირი პირობა გექნებათო, რათა გუნდი გაყონ. წახალისება კარგია, მაგრამ ვისაც მედალი არა აქვს, საიდან ექნება, თუ შეკრებაზე არ წაიყვან? ახალგაზრდული ნაკრები ცალკე ჰყავთ ჩაკეტილი და მათაც აქვთ სპარინგპარტნიორების პრობლემა. არ ვიცი, რატომ ებღაუჭება ასე ამ სკამს... უფრო სწორად, მე კი ვიცი, მაგრამ...

- მაგრამ ბოლომდე არ ამბობთ!

- ბოლომდე რომ ვილაპარაკოთ ყველაფერზე, ძალიან ცუდი რაღაცების თქმა მოგვიწევს... თუმცა სპორტულ თემაზე მაინც ვიტყვი: იაპონელებთან ხშირად აგებთო და თურმე ამიტომ არ უშვებს პირველ ნაკრებს იაპონურ შეკრებაზე. ძლიერს თუ არ ვეჭიდავე და ნორმალური შეკრება არ გავიარე, შედეგი საიდან მექნება? ჩემი მოწინააღმდეგეები დღეში 10-15 სპარინგს ჭიდაობენ, მე კი პარტნიორების არყოლის გამო, 2-3 ორთაბრძოლის მეტს ვერ ვატარებ და მეტოქეებს როგორ ვაჯობებ? თუშიშვილი ვარჯიშზე აქეთ-იქით იყურება ხოლმე, ვის ვეჭიდაოო. ბიჭებს შეჯიბრებებზე თავიანთი ხარჯით უწევთ გამგზავრება და რომ არ გახმაურებულიყო, ურეკავდნენ, ფულს ახლავე ჩაგირიცხავთ, ოღონდ თქვით, რომ ფედერაციამ დაგაფინანსათო!

- აქამდე რატომ არაფერს ამბობდით?

- უკვე სპორტის მესამე მინისტრს ველაპარაკეთ. გვეუბნებიან, შიგნით მოაგვარეთ პრობლემებიო...

- პრობლემები 2016 წლის ოლიმპიადის მოსამზადებელ ეტაპზეც გქონდათ?

- ჰო, მაგრამ მაშინ მწვრთნელები ეწინააღმდეგებოდნენ ხოლმე ფედერაციას და მოხსნა კიდეც უზნაძე. არადა, გუნდს ირაკლისთან სურდა მუშაობის გაგრძელება. ქევხიშვილს ვუთხარი, ამ მწვრთნელების გაშვება არასწორია და მათი შემცვლელები გუნდს უარეს შედეგებამდე მიიყვანენ-მეთქი. მიპასუხა, მე ვარ პასუხისმგებელი, რომ უკეთესი შედეგი იქნებაო... ჯერ კიდევ 2013 წელს უნდოდა უზნაძის გაშვება, მაგრამ მაშინაც ერთად დავდექით ყველა და ვერ მოგვერია! ევროპის იმ ჩემპიონატზე 6 მედალი ავიღეთ... როცა ვკითხეთ ქევხიშვილს, რით იყო უკმაყოფილო, ძიუდოისტებმა განზრახ ჩააგდეს ევროპის ჩემპიონატიო... ამას რომელი სპორტსმენი იკადრებს?! ასე ხომ თავსაც ღალატობ და სამშობლოსაც.

ვაზარიდან იპონამდე ერთი ნაბიჯია!

ორივე მხარე ამბობს, ამ ეტაპზე ყველაფერზე არ ვილაპარაკებთო. პრობლემები უკვე ნათქვამიდანაც კარგად ჩანს, მაგრამ დაჟეჟილს გატეხილი სჯობს! ამიტომაც სიმართლე ბოლომდე უნდა ითქვას...

არც ტატამს და არც სკამს არავინ შერჩენია. შეუცვლელიც არავინ არის -სპორტსმენი იქნება თუ სპორტის ხელმძღვანელი. საქმისთვის ორივე მხარეს ბევრი გაუკეთებია და... "ამაოების ბაზრისთვის" არც ერთი არ გვემეტება. ამიტომაც დღევანდელი "ბაზარი და"ვაზარი" ვიკმაროთ - იპონამდე ნუ დავეცემით!

ისე კი, ჩემი აზრით, ცამდე მართალიც რომ იყოს, ქევხიშვილი მაინც უნდა წავიდეს. ფედერაციის პრეზიდენტთან მუშაობა ეროვნული ნაკრების წევრებს თუ არ სურთ, ვისი პრეზიდენტი გამოდის?!

სამწუხაროდ, ქართულ ძიუდოში ბრძოლა ისევ ტატამს მიღმა გრძელდება და ვინც უნდა "გაიმარჯვოს, ქართული ძიუდო მაინც წაგებულია!

რატი შელეგია