მოგვარება "მოგვერდების" ნაცვლად!
14-05-2018
მოგვარება "მოგვერდების" ნაცვლად!
ქართული ძიუდოს მტერს ნუ გავახარებთ...

ლევან გორგაძე ("ტოჩინოშინი") ყოფილი ძიუდოისტია და იმის მიუხედავად, რომ წლებია იაპონიაში, სუმოს ელიტურ დივიზიონში ასპარეზობს, ძიუდო "იმპერატორის თასის" აღმართვის შემდეგაც არ ავიწყდება. ორად გახლეჩილ ქართულ ძიუდოს ლევანმა "ამომავალი მზის ქვეყნიდან" უთხრა თავისი სათქმელი.

არა მხოლოდ თავისი. ცხადია, მასავით ფიქრობს ყველა, ვისაც მართლაც სტკივა გული ქართული ძიუდოს ამჟამინდელ მდგომარეობაზე:

"მინდა, ჩემი გულისტკივილი გამოვხატო ძიუდოს ნაკრებთან დაკავშირებით. მეც ვიყავი ძიუდოისტი და ძიუდოსა და სპორტის მიმართ სიყვარული თქვენთან
ერთად ვისწავლე. მტყუან-მართლის გარჩევას ვერ დავიწყებ. მხოლოდ ერთს გთხოვთ - ყველაფრის მოგვარება შეიძლება და ნუ გავხდებით სხვადასხვა ქვეყნის დასაცინი. დამიჯერეთ, ყველას გაუხარდება ქართული ძიუდოს დასუსტება და გუნდის დაშლა, რადგან დღესდღეობით ჩვენი გუნდი საუკეთესოა არა მხოლოდ ევროპაში. ჩემი თხოვნაა, მეტად დავაფასოთ ერთმანეთი, ნუ გავაფუჭებთ ამდენი წლის
ავტორიტეტს და ნუ გავხდებით მტრების დასაცინი", - თქვა ლევან გორგოძემ სოციალური ქსელით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვებიც სწორედ ეს არის: მტყუან-მართლის გარჩევაში მთავარი - ქართული ძიუდო ზიანდება. გასაგებია, რომ ნაკრების წევრებმა პროტესტის გამოსახატავად ვარჯიშის შეწყვეტა აირჩიეს, მაგრამ... ამით ხომ თავად ზარალდებიან?! ისევე, როგორც მათი კარიერა, გუნდი, ქვეყანა... ამასობაში, პროტესტის ადრესატმა ყველა კითხვას უპასუხა და არსად წასვლას არ აპირებს. დავით ქევხიშვილმა დაპირებული რიგგარეშე ყრილობაც გამართა და როგორც გვითხრეს (ყრილობა მედიისთვის დახურული გახლდათ) დელეგატებსაც ყველაფერზე გასცა პასუხი.

ცუდია, რომ მხოლოდ დელეგატებს. ძიუდო ქომაგისაა და გულშემატკივარი მინიმუმ იმას მაინც იმსახურებს, სიმართლე უთხრან - თუნდაც მეტისმეტად მწარე და უსიამოვნო. აქამდე ხომ მხოლოდ როგორც ბრალმდებელთა, ისე მოპასუხეთა ზოგადი ლაპარაკი გვესმოდა. აქამდე "პასუხებს" მხოლოდ დახურულ კარს მიღმა მყოფთ უყვებოდნენ. როგორც ჩანს, ძიუდოს ფედერაციაში ასე ესმით ბოლო დღეებში ყბადაღებული "შიდა სამზარეულოს" თემა...

"დავით ქევხიშვილი ამბობს, ყველაფერში მართალი ვარო. არადა, როცა ამდენ სპორტსმენს აქვს პრობლემა და გეუბნებიან, ვერ მართავ, არ არის ჯანსაღი ვითარებაო, ყველაფერში მართალი როგორ ხარ?! ხომ შეიძლება აღიარო, რაღაცაში დამნაშავე ვარ, იყო შეცდომები და გამოვასწორებო?! არა, ქევხიშვილი ყველაფერში მართალია! თუ ყველაფერში მართალი ხარ, სპორტსმენები და მწვრთნელები ჟურნალისტებსა და გულშემატკივრებთან ერთად მოვდივართ, დაგვხვდი და ვილაპარაკოთ მშვიდად. გაიგოს ქომაგმა, ვინ არის მტყუან-მართალი... კიდევ ერთხელ აარიდა თავი ჩვენთან შეხვედრას და დევნას ხომ არ დავუწყებთ?! ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტობის გარდა, ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარეც არის, პარაოლიმპიელი ძიუდოისტების თავკაციც და რომელ სამსახურში ვეძებოთ?!" - ჯერ კიდევ რიგგარეშე ყრილობის გამართვამდე გვითხრა ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა. "ახალგაზრდული ნაკრები გადაუდგა, ქალთა ნაკრებმა სრული თანადგომა გამოაცხადა, ეროვნული ნაკრების უმეტესი ნაწილი პროტესტს აცხადებს და ყრილობა რისთვის და ვისთვის უნდა ჩატარდეს?! თუ დავით ქევხიშვილი მაინც გადაწყვეტს ყრილობის გამართვას, ისევ ერთპიროვნულად მიიღებს გადაწყვეტილებას და არავის არაფერს შეეკითხება. მაშინ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მან ყრილობა ვერ ჩაატაროს".

ყრილობა კი მაინც გაიმართა და იქ ქევხიშვილის მოწინააღმდეგე ძიუდოისტებიც მივიდნენ, მაგრამ... დარბაზი მალევე, პროტესტის ნიშნად დატოვეს! იმის გათვალისწინებით, რომ მანამდე ხაზგასმით ამბობდნენ, ფედერაციის პრეზიდენტი ჩვენთან ლაპარაკს გაურბისო, უცნაური საქციელია: კითხვების დასასმელად და პასუხების მისაღებად უკეთესი ადგილი რომელია?!

ყრილობის დასრულებიდან რამდენიმე საათში ბრალდებების მორიგი სერია მოვისმინეთ, რომლებიც ამჯერადაც ნაკრების კაპიტანმა წაიკითხა. მისი თქმით, ყველა ძიუდოისტისთვის ცნობილია, ვინ დგას ქევხიშვილის უკან, თუმცა მათ არ სურთ ამაზე საუბარი და საკითხის პოლიტიკური კუთხით განხილვა: "ქევხიშვილი ჩვენთან შეხვედრას თავს არიდებს. ამიტომ ახლა საჯაროდ მივმართავთ კითხვებით", - გვითხრა ვარლამ ლიპარტელიანმა ფედერაციის პრეზიდენტთან დაგროვილი კითხვების გაჟღერებამდე:

"ფედერაციას სპორტსმენებისთვის 85 ათასი ლარი ჩაერიცხა, თუმცა ძიუდოისტებმა მხოლოდ 32 ათასი მიიღეს. სად წავიდა და რა მიზნობრიობით დაიხარჯა დანარჩენი თანხა?

სად მიდის მწვრთნელების სახელფასო ფონდიდან ჩარიცხული ხელფასების 10%, რომელიც პირდაპირ ფედერაციაში ბრუნდება "ატკატის" სახით? სად მიდის მწვრთნელებისთვის განკუთვნილი საპრემიო ფონდი, რომელიც პირდაპირ მწვრთნელს ეკუთვნის? რატომ აბრუნებინებს 10%-ს?
ვისი თანხებით დადიან გულშემატკივრები შეჯიბრებებზე? ქომაგს მადლობას ვუხდი, მაგრამ როდესაც ევროპის ჩემპიონატზე ეროვნულ ნაკრებს არ ჰყავს მასაჟისტი და იმავდროულად, უამრავი გულშემატკივარი მოდის, ვითხოვთ ქევხიშვილმა დააკონკრეტოს, ვისი თანხებით მოდიან ისინი თამაშებზე?
რატომ არ ჰყავს გოგონათა ნაკრებს პირადი ექიმი?

რატომ იყო ყრილობა დახურული და არა საჯარო? რატომ არ ჰქონდათ ჟურნალისტებს შეხვედრაზე დასწრების უფლება?
ვინ არიან აღმასკომის წევრები, ის პირები, ვინც ძიუდოს ბედს წყვეტენ? რა მიმართულებით დაინიშნენ ისინი? რამდენი კლუბია დარეგისტრირებული "შევარდენ 2005"-ში და მონაწილეობს პრეზიდენტის არჩევნებში?

რომელმა სპორტსმენმა ამოვწურეთ ჩვენი შესაძლებლობა და ვითხოვთ ფედერაციაში ან პრეზიდენტობას, ან ვიცე-პრეზიდენტობას?
სად წავიდა "ზედაზნის" მიერ დაფინანსებული შეჯიბრების თანხები, რატომ არ მისცეს სპორტსმენებს?
რატომ ათავისუფლებს დავით ქევხიშვილი მწვრთნელებს აღმასკომის გარეშე?

რატომ აძლევს სპორტსმენებს კიმონოებს შერჩევით, როცა შედეგებიდან გამომდინარე, სხვადასხვა კომპანია საჩუქრად უგზავნის ამ კიმონოებს ფედერაციას?" - ჩამოთვალა კითხვები ვარლამ ლიპარტელიანმა.

დავით ქევხიშვილი კი მიიჩნევს, რომ ადამიანებს უნდა შესწევდეთ უნარი, თავისი ოჯახის სუბიექტური ან ობიექტური პრობლემები ასეთი სახით არ გაიტანონ გარეთ:

"ნაკლებმნიშვნელოვანია, თუ ვინ მართავს ამ პროცესებს. თუმცა, პირველ რიგში, ლიპარტელიანისგან არის მართული, რადგან შეცდომაში შეჰყავს სპორტსმენები. ველაპარაკე ძიუდოისტებს და ამბობენ, რომ ჩემთან არა აქვთ პრეტენზია, უბრალოდ, არ სურთ გუნდს გამოაკლდნენ...

...4 წლის განმავლობაში ბევრჯერ იყო მცდელობა, ეს ვითარება აქამდეც დამდგარიყო, მაგრამ მაქსიმალური კონტროლით ვცდილობდი, ეს არ მომხდარიყო. ვარლამ ლიპარტელიანი არის კაპიტანი, რომელმაც ბიძგი მისცა ასეთ მიმართულებას.
შეხედულება, რომ პროცესი მართულია, კიდევ უფრო გამიმყარა ყრილობის შემდეგ ლიპარტელიანის გამოსვლამ: აქამდე ამბობდა, რომ ნაკრებს არ ჰქონდა სავარჯიშო პირობები, დღეს კი სისხლისსამართლებრივი ბრალდებები გააჟღერა.

...მოულოდნელი იყო ეს ბრალდებები, მით უმეტეს, მარაზმია ამის მოსმენა სპორტსმენისგან... ძიუდოისტი თურმე ფიქრობს ახალგაზრდულ ნაკრებზე, გოგონების ნაკრებზე, ფიქრობს იმაზე, ვინ სად და როგორ დადის... რა შუაშია ეს თემები სპორტსმენთან?! ასეთ რამეებზე რომ ფიქრობს სპორტსმენი, სხვა ძიუდოისტებსაც ამას ეუბნება და გაურკვევლობაში აგდებს, როგორღა იჭიდავებს?! გამოდის, ეს ყოფილა ევროპის ჩემპიონატის ჩაგდების მიზეზი და შეცდომა დამიშვია, როცა ირაკლი ცირეკიძეს ვთხოვე, დაეტოვებინა ნაკრების მწვრთნელის პოსტი...

...ძიუდოისტის მიერ ერთი ლიცენზიის მოპოვებისთვის, სახელმწიფო ფედერაციას ურიცხავს 85 ათას ლარს არა კონკრეტულად სპორტსმენებისთვის, არამედ სხვადასხვა მიზნობრივი ხარჯისთვის. პრემიის სახით ძიუდოისტები ცალკე იღებენ ფულს და სხვათა შორს, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ლიპარტელიანს პრემიის სახით დაახლოებით 700 000 ლარი აქვს აღებული, ხელფასის სახით - 350 000 ლარამდე. კი ბატონო, რადგან გსურთ, ამ 85 ათასიდანაც მოგცემთ! და მივეცით კიდეც, რვა ლიცენზიისთვის სახელმწიფოსგან მიღებული 680 000 ლარიდან, 111 000 ლარი სპორტსმენებს ჩავურიცხეთ, დარჩენილი თანხა კი ფედერაციის ანგარიშზე დევს. და სხვათა შორის, მე, როგორც ფედერაციის პრეზიდენტს, ნებისმიერი მიზნით შემიძლია ამ თანხის დახარჯვა...
რაც შეეხება იმას, თითქოს ლიპარტელიანი თავისი ხარჯით დადის ტურნირებზე.– მილიონი ლარი გაქვს აღებული და რა მოხდა, ხანდახან შენი ხარჯითაც რომ გაემგზავრო, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვამბობ - არასოდეს არც ერთი პირველი ნომერი თავისი ხარჯით არსად წასულა!

რაც შეეხება მწვრთნელების ფულს და "ატკატს": რადგან კანონმდებლობა არ გვაძლევს საშუალებას, ბიუჯეტიდან ხუთ მწვრთნელზე მეტი დავაფინანსოთ, რეალურად კი მწვრთნელები გაცილებით მეტია, მწვრთნელები, რომლებიც ხელფასს იღებენ, ნებაყოფლობით აბრუნებენ უკან გარკვეულ თანხას, რაც შემდეგ სხვა მწვრთნელებზე ნაწილდება. ბუნებრივია, ხელთ მაქვს შესაბამისი დოკუმენტაციაც, რაც ადასტურებს "შემომტანთა" და "გამტანთა" ვინაობას...
ევროპის ჩემპიონატზე გუნდს ორი მასაჟისტი ახლდა და თუ მესამეც სჭირდებოდათ, დროულად უნდა ეთქვათ. ასევე სიცრუეა, თითქოს გოგონების ნაკრებს ექიმი არ ჰყავს, თითქოს ეროვნული, ასაკობრივი ან ქალთა ნაკრების რომელიმე წევრს კიმონოს პრობლემა აქვს. ამბობენ, დავით ქევხიშვილი მწვრთნელებს აღმასკომის გარეშე ათავისუფლებსო, წესდებაში პირდაპირ წერია, რომ ფედერაციის პრეზიდენტი ნიშნავს და ათავისუფლებს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების მწვრთნელებს.

...ყველამ იცის, ვინ დგას ქევხიშვილის უკანო. ჩემ უკან დგას ჩემი გაკეთებული საქმეები და ის სიმართლე, რითაც აქამდე მოვედი! სად წავიდა "ზედაზნის" მიერ გამოყოფილი საპრიზო თანხები? გამარჯვებულებისთვის მოგვიანებით უნდა გადაგვეცა, გავაფრთხილეთ კიდეც, რომ ვარჯიშზე ყველა მათგანი მოსულიყო და ვინც მოვიდა, მათ გადავეცით, დისციპლინის დამრღვევები კი, მწვრთნელების გადაწყვეტილებით, პრიზის გარეშე დარჩნენ...

...რას ვაპირებ? პირად ინტერესს რომ ეხებოდეს საქმე, წამითაც არ დავფიქრდებოდი, მაგრამ მე ამ ჩემი პრინციპული დამოკიდებულებით ვიცავ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის, როგორც ინსტიტუტის ავტორიტეტს. ძალა სიმართლეშია", - ამბობს დავით ქევხიშვილი.

სპორტის მინისტრის დავალებით -კრიზისამდე მისულ პრობლემას სპეციალური კომისია შეისწავლის და... თეთრი და შავი ქამარიც მერე გამოჩნდება!
ყრილობამ კი ჩაიარა და... ყრილობაც და კრებაც დარჩა მხიარული... თუმცა ჩვენ სამხიარულოდ ნამდვილად არ გვაქვს საქმე. რადგან დათმობას არც ერთი მხარე არ აპირებს (ყოველ შემთხვევაში, შაბათის მდგომარეობით ასე იყო), ძიუდოს სამყარო კი ჯერაც დაქსაქსულია: ზოგი ყრილობაზე იკრიბება, ზოგი იაპონიაში, ეზოში ან კამერების წინ. ზოგი ტატამზეა, სხვები ტატამს მიღმა იბრძვიან.
არადა, კარგი იქნება, თუ არ დაგვავიწყდება: "შიდა სამზარეულო" საკუთარ წვენში ხარშვას არ ნიშნავს. პრობლემას კი, დამალვის ნაცვლად, მოგვარება სჭირდება.

გასულ კვირას საქართველოს ნაკრების წევრები - ბექა ღვინიაშვილი, თამაზ კირაკოზაშვილი და თორნიკე ნაგლიაშვილი სავარჯიშოდ სამხრეთ კორეაში გაემგზავრნენ და იქ 9 ივნისამდე დარჩებიან. ძიუდოისტებს თან ახლავს მწვრთნელი გურამ მოდებაძე, ექიმი გიორგი მგელაძე და მასაჟისტი რუსლან ღიბრაძე.
თამაზ კირაკოზაშვილმა და თორნიკე ნაგლიაშვილმა წასვლამდე განცხადება გააკეთეს: "ჩვენ, თამაზ კირაკოზაშვილი და თორნიკე ნაგლიაშვილი, მივდივართ კორეაში შეკრებაზე, თუმცა ბოლომდე ვდგავართ ბიჭებისა და ნაკრების გვერდით და ვიზიარებთ მათ პოზიციას. ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა გვთხოვა, გაგვეგრძელებინა შეკრება, რადგან ვართ ახალგაზრდა სპორტსმენები და ჩვენთვის თითოეული დღე მნიშვნელოვანია".

P.S. ბოლოსთვის, ისევ "ტოჩინოშინის" სიტყვები გავიხსენოთ - კარგი იქნება, თუ თავად მოვგვარდებით. ერთმანეთის "მოგვერდებით" კი მტერს ნუ გავახარებთ!

რატი შელეგია
ვაი ჭკუისგან
23 მაისი 2018 22:15
რა თემაზეც წერ ცოტა წარმოდგენა მაინც ხომ უნდა გქონდეს, ჟურნალისტი ხარ თუ ჭორიკანა.

რედაქტორის რჩევით