Jimmy Jump ხტუნვას არ იშლის - კვირის პალიტრა

Jimmy Jump ხტუნვას არ იშლის

სპორტის მოყვარულები მას კარგად იცნობენ, რადგან საფეხბურთო და საჩოგბურთო მატჩებისას ხშირად ექცევა მოვლენების ეპიცენტრში. წელს უკვე რამდენჯერმე ისახელა თავი.

ჯერ ევროვიზიაზე გამოჩნდა, - იმ დროს, როდესაც სიმღერას ესპანელი კონკურსანტი ასრულებდა, სცენაზე აირბინა და ცეკვა დაიწყო. მაშინ ბევრმა იფიქრა, რომ ეს შოუს ნაწილი იყო, მაგრამ... ბოლოს კი რამდენიმე დღის წინ, მსოფლიო ჩემპიონატის დახურვის ცერემონიალზე "გაიელვა".

Jimmy Jump - ანუ მხტუნავი ჯიმი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სპორტული ხულიგანია, ე. წ. სტრაიკერი. მის მიზანს ღონისძიებების ჩაშლა არ წარმოადგენს. სტრაიკერისთვის მთავარია, რაც შეიძლება დიდი ხნით დარჩეს კადრში სხვადასხვა სახის სპორტული, საზოგადოებრივი და კულტურული ღონისძიების პირდაპირი რეპორტაჟის დროს და ამ გზით პუბლიკაც გაამხიარულოს და საკუთარი პოპულარობაც გაზარდოს.

თავის თავს ჯიმი ასე ახასიათებს: "იმისთვის ვარ დაბადებული, რომ სახელგანთქმული ვიყო. ჩემი მიზანია პუბლიკა გავამხიარულო და ყველა მატჩი შოუდ ვაქციო, რომლის მთავარი გმირიც თავად ვიქნები".

KvirisPalitra.Geჯიმი, რომლის ნამდვილი სახელი ხაიმე მარკეტ კოტი გახლავთ, კატალონიელია. ამიტომაცაა, შესაბამისი ატრიბუტიკა - მაღალი, წითელი კატალონიური ქუდი (ბერეტინა) და კატალონიის დროშა მუდამ თან რომ აქვს.

სტრაიკერის როლში მისი "დებიუტი" 18 წლის ასაკში შედგა. მაშინ ჯიმი ლუვრში უბილეთოდ შეძვრა. საფეხბურთო მოედანზე პირველად 2002 წელს, "ბარსელონას" ლეგენდარული მცველის, აბელარდო ფერნანდესის გაცილების მატჩისას გამოჩნდა. სწორედ ამის შემდეგ უწოდა საკუთარ თავს "ჯიმი ჯამპი".

ჯიმის ანგარიშზე უკვე 100-ზე მეტი "გამოხდომაა". გარდა ამისა, ხშირად ჩნდება ესპანეთის სხვადასხვა ტელეარხის პირდაპირ ეთერშიც.

2004 წლის 4 ივლისს ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩისას შავ მაისურსა და წითელ ქუდში გამოწყობილმა ჯიმიმ მოედანზე შეირბინა და ლუიშ ფიგუს "ბარსელონას" დროშა ესროლა, რითიც "რეალში" მისი გადასვლა გააპროტესტა.

2005-2006 წლების ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისას, რომელშიც "არსენალი" და "ვილიარეალი" ხვდებოდნენ, თავზე პარიკდამხობილმა ჯიმიმ მოედანზე შეირბინა და ტიერი ანრის  გადასცა "ბარსას" მაისური, რომელზეც ნომერი - 14 და ანრის გვარი ეწერა. ერთი წლის შემდეგ ანრი მართლაც გადავიდა კატალონიურ კლუბში, ესპანეთის ხულიგნობასთან ბრძოლის კომისიამ კი "ჯიმი ჯამპი" 60 ათასი ევროთი დააჯარიმა.

სხვათა შორის, ჯარიმის ნაწილი სტადიონის ადმინისტრაციამ გადაიხადა უსაფრთხოების ნორმების დაუცველობის გამო, დანარჩენი კი "ბარსელონას" ფანებმა და კატალონიის დამოუკიდებლობის პარტიამ.

ჩემპიონთა ლიგის 2007 წლის ფინალის დროს ჯიმიმ მოედანზე საბერძნეთის  დროშით გაირბინა, პეკინის ოლიმპიადამდე ცოტა ხნით ადრე კი პოლიტიკური განცხადება გააკეთა და გამოჩნდა "ევრო-2008"-ის ნახევარფინალის მაისურით, რომელსაც ეწერა "თავისუფლება ტიბეტს".

ფეხბურთის გარდა, სხვა სპორტულ ღონისძიებებზეც ხშირად ჩნდება. 2004 წლის 9 ივნისს, როცა ბარსელონა "ფორმულა-1"-ის მორიგ ეტაპს მასპინძლობდა, ტრასაზე იმ დროს შევარდა, როცა პილოტები საცდელ გარბენს ასრულებდნენ. 2007 წლის რაგბის მსოფლიო თასზე მოედანზე ფინალური მატჩისას შეიჭრა.

2009 წლის "როლან გაროსის" დროს შეეცადა, თავისი წითელი საფირმო ქუდი ტურნირის მომავალი ჩემპიონის, შვეიცარიელი როჯერ ფედერერისთვის ჩამოემხო თავზე, მაგრამ დაცვის სამსახურმა შეუშალა ხელი და შედეგად, 12-თვიანი პატიმრობაც მიუსაჯეს.

2010 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალის დაწყებამდე ჯიმიმ სცადა მსოფლიო თასისთვის წითელი ქუდი ჩამოეცვა, მაგრამ საქმეში ამჯერადაც დაცვის სამსახური ჩაერია და...

ჯიმი პოლიტიკურ გამოხდომებზეც არ ამბობს უარს: ერთხელ მადრიდის სამეფო აპარტამენტებში შეაღწია და კადრში მაშინ გამოჩნდა, როცა ესპანეთის ხელმწიფე ინტერვიუს იძლეოდა. მოგვიანებით კი ესპანეთის მთავრობის წევრების შეხვედრაზეც შეიპარა და მაგიდასთან დასკუპდა.

პოლიტიკოსებმა მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ შეამჩნიეს, რომ მათთან ერთად მოლაპარაკებათა მაგიდასთან წითელქუდიანი უცნაური ადამიანი იჯდა...