შოტლანდიელით შოტლანდიელთა წინააღმდეგ - კვირის პალიტრა

შოტლანდიელით შოტლანდიელთა წინააღმდეგ

მორაგბეთა ნაკრებს ახალი მწვრთნელი ჰყავს

რამდენიმე დღის შემდეგ შოტლანდიელი რიჩარდ (რიჩი) დიქსონი ოფიციალურად დაინიშნება საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად. საქართველოს რაგბის კავშირის გადაწყვეტილებით ავსტრალიელი ტიმ ლეინი ამ თანამდებობიდან გათავისუფლებულია და მის ნაცვლად იმუშავებს 63 წლის დიქსონი, რომელიც საქართველოში რაგბის განვითარების კონცეფციის ავტორია და უკვე ერთი წელია რაგბის  კავშირთან თანამშრომლობს.

შოტლანდიელ სპეციალისტს მწვრთნელად მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს, - კლუბების გარდა, 8 წლის განმავლობაში შოტლანდიის A ნაკრებს წვრთნიდა, 6 წელი საკუთარი ქვეყნის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო, შემდგომი 9 წლის განმავლობაში კი შოტლანდიის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად მუშაობდა. უკვე 10 წელიწადზე მეტია, რიჩი დიქსონს მწვრთნელად აღარ უმუშავია, მაგრამ საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გია ნიჟარაძე მიიჩნევს, რომ ეს სულაც არ იქნება ნაკრებში წარმატებული საქმიანობისათვის ხელის შემშლელი ფაქტორი.

- იმ მიზეზებზე ლაპარაკით დავიწყოთ, რამაც მსოფლიო თასამდე ერთი წლით ადრე ნაკრების მთავარი მწვრთნელის შეცვლა გაიძულათ.

- ეს გადაწყვეტილება ნაჩქარევად ნამდვილად არ მიგვიღია. გაშვებაზე ადვილი არაფერია, მაგრამ მერე რას გააკეთებ, მთავარი ეს არის. სამწუხაროდ, ტიმ ლეინმა ვერ გაართვა თავი იმ ამოცანებს, რომლებიც დავალებული ჰქონდა. ეროვნულ გუნდთან მუშაობის გარდა ავსტრალიელი მწვრთნელი ახალგაზრდულ გუნდებსა და აკადემიებთან მუშაობაში, ახალგაზრდა ქართველი მწვრთნელებისთვის გამოცდილების გაზიარებაში უნდა დაგვხმარებოდა.

ვერ ვიტყვი, რომ არ მოინდომა, მაგრამ ფაქტია, ლეინმა ამ ამოცანას თავი ვერ გაართვა. სამწუხაროდ, მას არ აღმოაჩნდა საკმარისი პედაგოგიური განათლება. არადა, კონტრაქტის მიხედვით ეს  ევალებოდა.

ჩვენი მთავარი მიზანი წინა წლებთან შედარებით უკეთესად თამაშია. შეიძლება, ეს შედეგზე არ აისახოს, მაგრამ თამაშის ხარისხს ნამდვილად უნდა დაეტყოს. ყველას მოეხსენება, რომ ურთულეს ქვეჯგუფში ვართ და ის ამოცანაც კი, რომელიც ჯგუფში, სულ ცოტა, ერთი მატჩის მოგებასა და სხვებთან ღირსეულ თამაშს გულისხმობს, ძალზე ძნელი შესასრულებელი იქნება.

საქმე ის არის, რომ ის ერთი მოსაგები თამაშიც რუმინეთთან გვიწევს, გუნდთან, რომელიც, ალბათ, მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაზე ძლიერია რეპეჟაშიდან მოხვედრილ ნაკრებებს შორის, რომელიც კარგად გვიცნობს და ყველა პრობლემა მოაგვარა, - ყველა უძლიერესი მორაგბეც დაიბრუნა და აბსოლუტურად სხვა გუნდით წარდგება მსოფლიო ჩემპიონატზე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სხვა ჯგუფების მონაწილეებისგან განსხვავებით, ერთი "რიგითი" მატჩიც კი არ გვექნება...

- ამიტომაც "ახალი სისხლის გადასხმა" ახლავე გადაწყვიტეთ...

- ფაქტია, რომ ლეინის ხელმძღვანელობით ნაკრებს პროგრესი არ ჰქონია. სტატისტიკა არ იყო წინანდელზე უარესი, მაგრამ წინსვლა არ გვქონია. ახალი არავისთვის არის, რომ ჩვენი ნაკრების უძლიერესი მხარე შერკინებაა, შედარებით სუსტია ხაზი.

- და ტიმ ლეინის მოწვევის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს იყო...

- მართალია. ის უკანახაზელების სპეციალისტია და ამ კომპონენტის გაძლიერება გვსურდა. თუმცა, თუ ობიექტურად შევაფასებთ, საქართველოს ნაკრების უკანახაზელების თამაშს პროგრესი ნამდვილად არ დასტყობია. რაც შეეხება შერკინებას, წინსვლას ვინ ჩივის, რეგრესიც კი განვიცადეთ - რაქში, მიწაზე თამაშში და ა.შ.

ტიმის შეცდომად ისიც მიმაჩნია, რომ ჩვენი ხაზის მოთამაშეებისგან იმავეს ითხოვდა, რასაც სამხრეთ აფრიკისა და ავსტრალიის ნაკრებების მორაგბეებისგან. პრობლემები იყო გუნდურ თამაშშიც.

მიუხედავად ამისა, მინდა ტიმ ლეინს მადლობა ვუთხრა გაწეული შრომისათვის, რადგან რაც შეეძლო, გააკეთა. ვიმეორებ - ადვილი არ იყო მისი გათავისუფლების გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ სწორედ აქ ჩანს ჩვენი პასუხისმგებლობის გრძნობა, - ისე მოვიქეცით, როგორც ქართული რაგბის განვითარებისთვის იყო აუცილებელი.

- ტიმ ლეინი უკვე წარსულია. ახლა მომავალზე, ანუ რიჩი დიქსონზე ვთქვათ.

- რიჩი დიქსონს ერთი წლის განმავლობაში ვაკვირდებოდით - როგორ მუშაობს, როგორი ურთიერთობა აქვს ხალხთან და ა.შ. ამაშიც დიდი განსხვავებაა მასა და ლეინს შორის. დიქსონი შოტლანდიელია, პატარა ერის წარმომადგენელი, და მისი მენტალიტეტი ბევრად ახლოსაა ჩვენთან.

სწრაფად შეეჩვია აქაურობას და გაიძახის, ქართველი ვარო! რაკი საქართველოში მუშაობს, მიაჩნია, რომ ეს ქვეყანა მისი სამშობლოა და მზადაა, უდიდესი გამოცდილება ჩვენი რაგბის განვითარებას მოახმაროს. 9 წლის განმავლობაში მუშაობდა შოტლანდიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელად და მიუხედავად იმისა, რომ ათი წელიწადია, მწვრთნელად აღარ უმუშავია, რაგბიდან არ წასულა.

- როგორ ფიქრობთ, ეს "ათწლიანი შვებულება" დაღს არ დაასვამს მისი, როგორც მწვრთნელის საქმიანობას?

- დარწმუნებული ვარ, არა, რადგან საქმეს ძალიან ზუსტად და სწორად უდგება. ის სანაკრებო რაგბის დირექტორად დაინიშნა და მიუხედავად იმისა, რომ ნაკრების მწვრთნელი ჰქვია, არ იქნება კლასიკური გაგებით მთავარი მწვრთნელი. დიქსონი სამწვრთნელო შტაბს უხელმძღვანელებს და კოორდინაციას გაუწევს მის მუშაობას თანაშემწეების მეშვეობით, რომლებსაც აგვისტოში წარვადგენთ.

ბუნებრივია, პასუხისმგებლობა დიქსონს დაეკისრება, გარდა ამისა, გააგრძელებს იმ საქმიანობას, რისთვისაც ჩამოვიდა საქართველოში და კოორდინაციას გაუწევს ყველა ასაკობრივ ნაკრებს. ისიც მნიშვნელოვანია, რომ მწვრთნელის ასისტენტები წელიწადში ათი თვის განმავლობაში საქართველოში იცხოვრებენ და ნაკრებში მუშაობის გარდა, იმ დავალებებსაც შეასრულებენ, რომლებიც, სამწუხაროდ, ტიმ ლეინმა ვერ შეასრულა.