თავლაფდასხმაში მიღებული გამოცდილება?! - კვირის პალიტრა

თავლაფდასხმაში მიღებული გამოცდილება?!

როცა გაზეთის წინა ნომერში ვწერდით - "ევროპის ლიგის გეშინოდეთ, ხალხო!", ნამდვილად ვერ წამოვიდგენდით, ეს ახალშექმნილი ევროტურნირი მართლა ასეთი "საშიში" თუ გამოდგებოდა ჩვენთვის...

მართალია, დანარჩენმა " ევროპელებმა" - თბილისის "დინამომ" ("გეფლესთან" სტუმრად 2:1 მოიგო) და "ზესტაფონმა" ("ბისტრიცა" 3:0 დაამარცხა) მესამე საკვალიფიკაციო ეტაპისკენ დიდი ნაბიჯები გადადგეს, მაგრამ სამაგიეროდ, დედაქალაქურმა "ვიტ ჯორჯიამ" "მოახერხა" იმდენი, ზემოთ ხსენებული ორი კლუბის წარმატებაზე კი არა, საერთოდ ფეხბურთზე ლაპარაკის სურვილი დაგვიკარგა. არა, რაც უნდა გადახალისებული ან გაახალგაზრდავებული შემადგენლობა გყავდეს, საკუთარ მოედანზე 0:6 წაგებას მაინც გვარიანი მოხერხება სჭირდება. მე შენ გეტყვი, ჩეხეთის "ბანიკი" მყავს ევროგრანდი...

დიდი ანგარიშით ვის არ წაუგია, მაგრამ ის რაღა იყო, 0:2-ის მერე მთელი გუნდი რომ დადგა და სტაჟიანი სტატისტებივით დაიწყეს საკუთარ კარში გოლების თვლა?! სხვა რომ არაფერი, ამიტომაც ჟღერს ალოგიკურად "ვეტერინართა" აწ უკვე ექსთავკაც გელა გომელაურის სიტყვები - ახალგაზრდა ფეხბურთელებმა სასიცოცხლოდ აუცილებელი გამოცდილება მიიღესო.

საინტერესოა, რაში მიიღეს გამოცდილება ახალგაზრდა ფეხბურთელებმა - მოედნის ცენტრიდან თამაშის განახლებაში, თუ თავლაფდასხმაში? საკუთარ მოედანზე კი არა, ექვსბურთიანი სხვაობით სტუმრადაც აღარავინ აგებს (ახლა არ მითხრათ, "ზესტაფონმა" ხომ მოიგო სტუმრად ასეთივე ანგარიშითო - სან-მარინოს კლუბებს თუ ვიღებთ თამასად, კარგად ყოფილა ჩვენი საქმე...) დალოცვილო, შეუთამაშებელი და პირზე რძეშეუმშრალი ახალგაზრდები თუ გყავდა გუნდში, რაღა გეევროპისლიგებოდა? "გამოცდილება" ჯერ საქართველოს ჩემპიონატში მიეღოთ და ევროპა მომავალ წელსაც აქვე იქნება.

ახალგაზრდა ფეხბურთელი პირდაპირ თავლაფდასხმით რომ დაიწყებს გამოცდილების მიღებას, მისი იმედი ნამდვილად არ უნდა გვქონდეს... ნეტავ, ანგარიშის თუ არა, ფეხბურთელებს იმის მაინც არ რცხვენიათ, სამი გოლი... მეტოქის მცველმა(?!) რომ გაუტანათ?