პირველი სვლა ოლიმპიადისკენ - კვირის პალიტრა

პირველი სვლა ოლიმპიადისკენ

შვეიცარიული სისტემით გამართულ 7-ტურიან მედიატურნირში 28 ჟურნალისტი ჩაება და უმეტესობამ დაამტკიცა, რომ ჭადრაკის არა მხოლოდ გაშუქება, თამაშიც კარგად შეუძლიათ

23 სექტემბრიდან 6 ოქტომბრამდე ბათუმი მსოფლიო ჭადრაკის ეპიცენტრი იქნება. აჭარის მთავარი ქალაქი ამ პერიოდში უმასპინძლებს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადას. ასეთი მასშტაბის ტურნირი საქართველოში არასდროს გამართულა: გვეყოლება 189 ქვეყნის დელეგაცია, 4000 სტუმარი და დაახლოებით 15-მილიონიანი ტელეაუდიტორია!

სექტემბრამდე ჯერ დიდი დროა, მაგრამ კარგა ხანია, ოლიმპიადისთვის მზადება გადამწყვეტ ფაზაში შევიდა: ბათუმი ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და განახლებას ეშურება, ტურნირის საორგანიზაციო კომიტეტი კი - ოლიმპიადისა და ჭადრაკის პოპულარიზაციას.

უკვე განხორციელდა რამდენიმე პროექტი, მათ შორის - ქართული ინოვაცია "მილიონი სვლა", რომლის იდეაც ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტ ზურაბ აზმაიფარაშვილსა და ქართველ ჭადრაკის მოყვარულ, კვლევისა და განვითარების ასოციაციის დირექტორ ალექსანდრე სულავას ეკუთვნით. მოთამაშეები ამ პროექტისთვის თითო სვლას ცჰესს.ცომ-ის მიერ სპეციალურად შექმნილი ონლაინპლატფორმით აკეთებენ, რაც ერთგვარი ხიდია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მყოფი ადამიანებისთვის. პროექტი ჭადრაკისა და საქართველოს პოპულარიზაციას ემსახურება და მისი ეგიდით პირველი სვლა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გააკეთა. პრეზიდენტს საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის მცირეწლოვანმა ვაჟმა, ლევან ანწუხელიძემ უპასუხა... პროექტი მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე დასრულდება.

13 მაისს "მილიონმა სვლამ" თბილისი და ბათუმიც დააკავშირა: ოლიმპიადის მასპინძელი ქალაქიდან სვლა ჭადრაკის ლეგენდა ნონა გაფრინდაშვილმა გააკეთა, თბილისიდან - ქართული ფეხბურთის ლეგენდამ, 1981 წლის 13 მაისის ერთ-ერთმა გმირმა ალექსანდრე ჩივაძემ. ევროპის მოედანზე მოეწყო ფოტოგამოფენა, ერთდროული თამაშის სეანსები დიდოსტატებსა და ახალგაზრდა აჭარელ მოჭადრაკეებს შორის, სახალისო კონკურსები და ვიქტორინა... დღესასწაულში წვლილი შეიტანეს მსახიობებმა და მოცეკვავეებმა, ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტებმა კი სტუმრები ორკესტრირებული მსვლელობით გაახალისეს...

მანამდე, 11-12 მაისს, ქობულეთის სასტუმრო "ჯორჯია პალასში" მედიატურნირიც გაიმართა, ჟურნალისტთა პირველი სვლა საჭადრაკო ოლიმპიადისკენ. ორდღიანი ტურნირის შემდეგ, გაიმართა პრესკონფერენციაც, სადაც "ბათუმი-2018"-ის საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის სამზადისისა და საორგანიზაციო საკითხების შესახებ. სახალისო და სასიამოვნო მედიატურის განმავლობაში, მგზავრობის ჩათვლით (შეჯიბრების ოფიციალური გადამყვანი იყო საქართველოს რკინიგზა), ჩვენთან ერთად იყვნენ ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი გიორგაძე და ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკეები - ნონა გაფრინდაშვილი და ნანა იოსელიანი. შვეიცარიული სისტემით გამართულ 7-ტურიან მედიატურნირში 28 ჟურნალისტი ჩაება და უმეტესობამ დაამტკიცა, რომ ჭადრაკის არა მხოლოდ გაშუქება, თამაშიც კარგად შეუძლიათ. ყველაზე მეტი - 6 ქულა "კომედი არხის" წარმომადგენელმა გოჩა თანდარაშვილმა მოაგროვა. ჩემპიონს მხოლოდ ნახევარი ქულით ჩამორჩნენ ზაქრო ინწკირველი ("რუსთავი 2"), ნიკა ახალაია (ტელეკომპანია "იმედი") და თენგიზ ჩობანიძე ("მსოფლიო სპორტი"). დამატებითი კოეფიციენტების დათვლის შემდეგ მეორე-მესამე ადგილები ინწკირველმა და ახალაიამ გაინაწილეს, თენგიზ ჩობანიძე კი მეოთხე ადგილს დასჯერდა. მედიატურნირის საორგანიზაციო კომიტეტმა სპორტულ ჟურნალისტთა შორის საუკეთესო შედეგის მქონე ჩობანიძე განსაკუთრებული პრიზით დააჯილდოვა - "მსოფლიო სპორტის" კორესპონდენტს გადაეცა 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის სრული აკრედიტაცია, "სოკარის" სპაცენტრის ვაუჩერი და "გუდვილის 100-ლარიანი სასაჩუქრე ბარათი.

რაც შეეხება პირველ სამეულს, გოჩა თანდარაშვილმა მიიღო ნონა გაფრინდაშვილის ავტოგრაფით დამშვენებული საჭადრაკო დაფა და ოლიმპიადის გახსნა-დახურვის ცერემონიების მოსაწვევი (2-2 დღე სასტუმროში ცხოვრება-კვებით), ზაქრო ინწკირველმა და ნიკა ახალაიამ კი - საჭადრაკო დაფები და ოლიმპიადის გახსნა-დახურვის ცერემონიების მოსაწვევები (გზის დაფინანსებით). გარდა ამისა, I-III ადგილებზე გასულები დაჯილდოვდნენ "სოკარის" სპაცენტრის ვაუჩერებით და ადგილების შესაბამისად, "გუდვილის" 500, 300 და 200-ლარიანი სასაჩუქრე ბარათებით. ტურნირის ყველა მონაწილემ მიიღო საჭადრაკო ოლიმპიადის სიმბოლიკით დამშვენებული საჩუქრები.

ოლიმპიადის შემდეგ ბათუმს დარჩება განახლებული და მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა და გულთბილი მასპინძლის სტატუსი.

23 სექტემბრიდან "ალი და ნინო" ჭადრაკის მეფე-დედოფლის გვირგვინებს დაიდგამენ, მაგრამ ბათუმის სიმბოლო მხოლოდ ეს მოძრავი სკულპტურა არ არის. ბათუმი თვითონ არის სიმბოლო სიცოცხლის, მოძრაობის, სტუმართმოყვარეობის, თანამედროვე და ძველის ორგანული შერწყმის... და ახლა უკვე ჭადრაკისაც.

პირველი სვლა" უკვე ყველამ გავაკეთეთ... მაგრამ მთავარი მაინც"ენდშპილია, ამიტომაც, დაველოდოთ 6 ოქტომბერს, როცა გამარჯვებულები ჩემპიონის გვირგვინს დაიდგამენ. ჩემპიონი ქართველი რომც ვერ გახდეს, ჩვენი"გვირგვინი უდიდესი სპორტული ფორუმის ღირსეული მასპინძლობა იქნება. მთავარი გამარჯვება სწორედ ეს არის - საქართველო საჭადრაკო ოლიმპიადის მასპინძელია!