ტოჩინოშენ გენაცვალე! - კვირის პალიტრა

ტოჩინოშენ გენაცვალე!

ტოჩინოშინი გახდა პირველი ქართველი და მესამე ევროპელი "ოძეკი"

- ოძე-კი, ჰაკუ-ჰო... კი, ჰო, დიახ! უკვე ქართველებსაც გვყავს ჩვენი "ოძეკი" სუმოს სამყაროში და თუ ასე გააგრძელა, ვინ იცის, იქნებ პირველი ქართველი "იოკოძუნაც"! სულ რაღაც ექვსი თვის წინ ამ ტერმინების მნიშვნელობას საქართველოში მხოლოდ სუმოს მოყვარულები თუ მიხვდებოდნენ, ახლა კი... ახლა მთელი საქართველო "ტოჩინოშინზე" (ლევან გორგოძე) ლაპარაკობს! იანვრის ბაშოს (სუმოს სუპერტურნირი, რომელიც ორ თვეში ერთხელ იმართება. - რ.შ.) სენსაციურად მოგების შემდეგ, ლევანმა მაისშიც გვიჩვენა გმირობის მორიგი მაგალითი. ბოლო ტურამდე ინარჩუნებდა "იმპერატორის თასის" მოგების შანსს და რაც მთავარია, ოცდამეექვსე ცდაზე დაამარცხა ლეგენდარული მონღოლი "იოკოძუნა", "იმპერატორის თასის ორმოცგზის(!) მფლობელი ჰაკუჰო, "თეთრი ფენიქსი"! და არა მხოლოდ "თეთრი ფენიქსი", რომელსაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ "სუმოს პელე, მესი, ფედერერი" ან "ჯორდანი"- ხელმოტეხილ ლევან გორგაძეს ცოტა დააკლდა მეორე "იოკოძუნას" - "კაკურიუს დამარცხებამდე... და მაინც, უფრო მნიშვნელოვანი "ჰაკუჰოს" დამარცხებაა - "ტოჩინოშინმა" რეკორდსმენი მონღოლი დოჰიოდან, საქართველო კი ჭკუიდან გადაიყვანა და 26-ე ბრძოლაში, 26 მაისის საჩუქარი გაუკეთა სამშობლოს.

ბოლო დღეებია, სოციალურ ქსელში ყველაზე მეტს ლევანზე ლაპარაკობენ. რას წარმოვიდგენდით, ოდესმე სუმოს თუ ვუყურებდითო და... არა მხოლოდ უყურებენ, ემოციურადაც ქომაგობენ და ყველა მოვალედ თვლის თავს, "ტოჩის" წარმატებას გამოეხმაუროს. ჩემპიონობის შანსი ბოლო ტურამდე ჰქონდა, ოღონდ ჩვენი გაზეთის ფორმატის გამო, კვირა დღის ამბები "კვირის პალიტრის" ამ ნომერში ვერ მოხვდა. რაც უნდა მომხდარიყო, ქართველი "იოკოძუნებში" გაერია და ეს უკვე დიდი საქმეა, თუ მომდევნო ბაშოებზეც ასევე გააგრძელებს, იქნებ პირველი ქართველი "იოკოძუნაც" ვნახოთ! ოთხშაბათს კურთხევის ცერემონიალზე ქართველს ოფიციალურად მიანიჭებენ ახალ ტიტულს. "ოძეკის" რანგში "ტოჩინოშინს" ქართულ მედიასთან არ ულაპარაკია, "კვირის პალიტრა" ამჯერადაც პირველია:

- ლევან, "ოძეკობა" განაღდებული გაქვს. ახლა ყველაზე მეტად შენი ჯანმრთელობის მდგომარეობა გვაინტერესებს... - ორ ადგილას მაქვს გატეხილი მაჯის ძვალი... დასვენება არ გამოდიოდა და გადავწყვიტე, ბოლომდე გამაყუჩებლის დახმარებით მეჭიდავა. თუ ბოლო შეხვედრაც მოვიგე (ინტერვიუ ჩაწერილია შაბათს. - რ.შ.), კაკურიუ კი"ჰაკუჰოსთან დამარცხდა, ჩემსა და კაკურიუს შორის დამატებითი ორთაბრძოლა გამოავლენს ჩემპიონის ვინაობას.

- ბოლო პერიოდში მიღებული ტრავმების უმეტესობა შოდაისთან შეხვედრებზე მოდის... ცხადია, ეს დამთხვევაა, მაგრამ მასთან შეხვედრა აშკარად ცუდად გაქვს დაცდილი... - გეთანხმებით, მეცამეტე დღის შეხვედრა უიღბლო გამოდგა... ოსაკაშიც შოდაისთან" შეხვედრისას დავიზიანე მხარი, შარშან იანვრის ბაშოზე მუხლი მატკინა. თუმცა, გუშინ რომ მომეგო, ტრავმას აღარც დავეძებდი...

- სტარტზე ზედიზედ მოიგე 12 ორთაბრძოლა. გასაკვირია, მაისის ბაშოს ასეთ კარგ ფორმაში რომ შეხვდი - მარტის ტურნირზე ხომ გამაყუჩებლებით ჭიდაობდი?

- სამწუხაროდ, გამაყუჩებლებს ახლაც ყოველდღე ვიღებ... მხარი ისევ მაწუხებს, ექიმი ყოველდღე მიკეთებს ნემსებს და მასაჟს. ძველ ტრავმას ახლა ხელიც დაემატა და... რას ვიზამთ, ყველაფერი უფლის ნებაა...

- უძლეველ "თეთრ ფენიქსთან", ჰაკუჰოსთან შეხვედრამდე გრძნობდი, რომ მოვიდა დრო, ნავსი გაგეტეხა და სუმოს ყველა დროის რეკორდსმენი დაგემარცხებინა?

- რაც ბაშო დაიწყო, წამითაც არ მიფიქრია ვინმესთან წაგებაზე! ფიზიკურადაც კარგად ვიყავი მზად და მეცამეტე შეხვედრამდე ყველაფერი კარგად იყო... ჰაკუჰოს რის ხარჯზე ვაჯობე? ალბათ, უფრო - ძალით. არ მივეცი ჭიდაობის შესაძლებლობა, ისე მაგრად ჩავავლე ორივე ხელი, არაფრის დიდებით არ გავუშვებდი!

- არა მხოლოდ ჰაკუჰომ, ყველამ იცის, რომ შენი საყვარელი ილეთი "მავაშში" (ქამარი, რომელიც სუმოისტებს უკეთიათ. - რ.შ.) ჩავლებაა. იცოდა, მაგრამ არ იკადრა "დისტანციურად" ბრძოლა, ტოლ-სწორად გეჭიდავა და ღირსეულად წააგო! - არ ვიცი, მაყურებელმა როგორ დაინახა, მაგრამ ჰაკუჰოს მართლაც არაფერი უკადრია, ისე მეჭიდავა, როგორც "იოკოძუნას" შეჰფერის! მაგალითად, კოტოშოგიკუსთან ორთაბრძოლისას კაკურიუ""ჰენკასაც" (ილეთი, როდესაც დაჯახებისას მოწინააღმდეგეს გაეცლები და წონასწორობას დააკარგვინებ) არ მოერიდა. წესებით, ეს აკრძალული არ არის, მაგრამ გულშემატკივრები მიიჩნევენ, რომ სუმოისტს ასეთი ფანდები არ ეკადრება, მით უფრო, "იოკოძუნას"!

- "იოკოძუნას" დამარცხების შემდეგ, დოჰიოზე ბალიშების სროლა რას ნიშნავს? - სუმოს ერთ-ერთი რიტუალია: მთელი დარბაზი მოუთმენლად ელის ხოლმე, რომ "იოკოძუნამ" წააგოს და დოჰიო ბალიშებით დაფარონ.

- წაგების შემდეგ, რა გითხრა ჰაკუჰომ - წესები სუმოისტების გამოლაპარაკებასაც ხომ არ კრძალავს? - მეტოქეები ერთმანეთს ვერც ვნახულობთ, მხოლოდ დოჰიოზე ვხვდებით, რადგან სხვადასხვა გასასვლელიდან ვტოვებთ დარბაზს. ისე კი, რა თქმა უნდა, ვიცნობთ ერთმანეთს და მეგობრული დამოკიდებულებაც გვაქვს. ქართველებს, მონღოლებს, ბრაზილიელსა და ბულგარელს განსაკუთრებით. ჰაკუჰოსთან ახლო მეგობრობა ნამდვილად არ მაკავშირებს, მაგრამ ერთმანეთს ყოველთვის თბილად ვხვდებით.

- გასაგებია, რომ ჰაკუჰო ყველაზე ტიტულოვანი და ცნობილი სუმოისტია, მაგრამ... ბრძოლის წინ ისეთი თავდაჯერებული გამოხედვა აქვს ხოლმე... ამპარტავანია?

- არანაირად, სინამდვილეში წესიერი, თავმდაბალი და ღირსეული კაცია! არც მეორე მონღოლი "იოკოძუნაა""ამპარტავანი. ყოველ შემთხვევაში, ასაშორიუს არც ერთს არ შევადარებ: ის ნამდვილი "ცეცხლი" იყო, გამოჩნდებოდა თუ არა - არიქა, "იოკოძუნა" ასაშორიუ მოდისო და... უნდა გენახათ, ვინ სად იმალებოდა!

- იაპონიაში როგორი რეზონანსი მოჰყვა ჰაკუჰოსთან შენს გამარჯვებას? - ისეთივე, როგორიც საქართველოში. დიდი ამბები იყო, ყველგან ამაზე ლაპარაკობდნენ...

- სამწუხაროდ, უიღბლო გამოდგა შენთვის ჰაკუჰოსთან გამარჯვების მომდევნო დღე: მეოთხე მაეგაშირა შოდაისთან წაგება რისი ბრალი იყო?

- ვიჩქარე... თავიდან "მავაშზე" წავედი, მაგრამ რაკი მეტოქის ქამრით დაჭერა ვერ მოვახერხე, გადავწყვიტე, ყელში მიწოლით გამეყვანა დოჰიოდან. ვცდილობდი, ხელების დაჭერის შესაძლებლობა არ მიმეცა და სიჩქარეში შეცდომა დავუშვი. არადა, ნამდვილად არ იყო წასაგები შეხვედრა და ძალიან დამწყდა გული...

- დოჰიოდან კი გადავარდა, მაგრამ შენ წამით ადრე შეეხე ხელით მოედნის საფარს და გამარჯვება შოდაის მიანიჭეს. - ნეტავ ხელი არ დამეშავებინა და სხვას აღარ დავეძებდი... წაქცევისას "თავარაში" (რკალი, რომლითაც სუმოს მოედანი - დოჰიოა შემოსაზღვრული. - რ.შ.) ჩამყვა ხელი, სხეულის მთელი სიმძიმე მაჯას დააწვა და ძვალი ორგან გატყდა...

- შოდაისთან შეხვედრაზე ჰაკუჰოსთან გამარჯვებით გამოწვეულმა ეიფორიამაც ხომ არ იმოქმედა?

- არა, საჭიდაოდ იმ შეხვედრაშიც კონცენტრირებული გავედი, მაგრამ როგორც გითხარით, ძალიან ვიჩქარე და სიჩქარეში შეცდომა დავუშვი... თუმცა ამაზე ლაპარაკს რაღა აზრი აქვს?

- კაკურიუსთან ბრძოლის წინ ყველამ იცოდა, რომ "იოკოძუნასთან" ხელმოტეხილს უნდა გეჭიდავა? - ყველამ არც ახლა იცის... მოტეხილობა რომ მეხსენებინა, კლუბის პრეზიდენტი დამასვენებდა და არ მომცემდა დარჩენილ ორ ორთაბრძოლაში ჭიდაობის უფლებას. დასვენება კი არ მინდოდა, სალაპარაკოდ ხომ არ გავხდიდი - "ოძეკის" წოდება გაინაღდა და მაშინვე დასვენება გადაწყვიტაო... ვიფიქრე, ბოლომდე ვიჭიდავებ, იქნებ უფლის წყალობით და ჩემი ძალით როგორმე კაკურიუსაც მოვუგო-მეთქი...

- არც ორთაბრძოლის მერე დაიწერა შენი ტრავმის შესახებ?

- ყველამ არ იცის... ბაშოს ბოლომდე არ ვახმაურებ.

- მოტეხილი მაჯის მიუხედავად, მაინც შეგეძლო "იოკოძუნას" დამარცხება. ასწიე კიდეც, მაგრამ ცალი ხელით ვეღარ გადაიყვანე დოჰიოდან... ერთ ეპიზოდში კაკურიუსთვის ფეხის გამოკვრაც სცადე...

- დოჰიოდან ისეთი დაღლილი გამოვდივარ, ორთაბრძოლის ყველა დეტალი არც მახსოვს, ჩანაწერის ნახვისას აღვიდგენ ხოლმე. ახლა ისეთ ხასიათზე ვარ, სუმოს გაგონებაც არ მინდა, არათუ ნახვა. აი, ფეხის გამოკვრის მომენტი კი მახსოვს: კაკურიუსთან შეხვედრისას იაპონიაში საქართველოს ელჩიც მქომაგობდა და ტრიბუნიდან ქართულად მეძახდა, ეჭიდავეო... მართლაც გამოვკარი ცერული, მაგრამ... იმხელა კაცის წაქცევა რთული საქმეა.

- ოთხშაბათიდან ოფიციალურად გახდები პირველი ქართველი და მესამე ევროპელი "ოძეკი", რას მოუტანს "ტოჩინოშინს" ეს ტიტული? - სუმოს იერარქიაში""იოკოძუნას" შემდეგ, რანგით მეორე ტიტულია და შესაბამისად, ძალიან პრესტიჟულიც - თავდაჯერების, კიდევ უფრო მეტი პატივისცემის თვალსაზრისით, ფინანსურად და ა.შ.

- იაპონელებს აქამდეც ძალიან უყვარდი, მაგრამ მონღოლების მიერ სუმოს "ოკუპაციის" ფონზე, ალბათ, ორმაგად გქომაგობენ მონღოლ "იოკოძუნებთან" ბრძოლაში... - ბოლო წლებია, ერთადერთი იაპონელი "იოკოძუნა" ჰყავთ - კისენოსატო. წელიწადზე მეტია, რაც ჩემპიონი გახდა, მაგრამ ტრავმის გამო, რამდენიმე ბაშო გამოტოვა. "იოკოძუნას" უფლება აქვს, ერთი წელიწადი დაისვენოს და წოდება შეინარჩუნოს. თუმცა სუმოს წესების თანახმად, თუ კისენოსატომ" მომდევნო ნაგოიას ბაშოზეც ვერ იჭიდავა ისე, როგორც მის ტიტულს ეკადრება, იძულებული იქნება, კარიერა დაასრულოს. სიყვარულს რაც შეეხება, მართალი ხართ, ჰაკუჰოსთან შეხვედრისას, დარბაზის დაახლოებით 70% მე მქომაგობდა. სიამაყით ვივსები, როცა დარბაზში იაპონელების გამოტანილ ქართულ დროშას ვხედავ!

- რა არის საჭირო იმისთვის, რომ "ტოჩინოშინიც" გახდეს... "იოკოძუნა"?

- ჯერ "ოძეკი" გავხდე და დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ (იცინის). არა, "ოძეკი" უკვე ვარ, მაგრამ ახლა მნიშვნელოვანია, როგორ ვიასპარეზებ მომდევნო ტურნირებზე. "დიდი ჩემპიონის", "იოკოძუნას" წოდებას სუმოისტს სპეციალური კომისია ანიჭებს ნაჩვენები შედეგების მიხედვით: მნიშვნელოვანია "იმპერატორის თასი" ბაშოებზე მოგებული შეხვედრების რაოდენობა და ა.შ. მაგალითად, კისენოსატოს ისე მიანიჭეს უმაღლესი წოდება, რომ ჩემპიონი არ გამხდარა - "იუშო" მოგვიანებით, "იოკოძუნას" სტატუსით მოიპოვა! თუმცა ეს არც მიკვირს - სუმოს კომისიას ძალიან უნდოდა იაპონელი "იოკოძუნას" ნახვა...

- ბოლოს გკითხავ შენი ყოფილი სახეობის, ძიუდოს პრობლემებზეც, სადაც დათმობას არც ერთი მხარე არ აპირებს: არ გადავდგებიო და იმავდროულად, დავით ქევხიშვილი კაბინეტში არ შედის, ძიუდოისტები - დარბაზში... როდემდე შეიძლება ასე გაგრძელდეს, რაში ხედავ გამოსავალს? - ჯერჯერობით საქართველოში მყოფებსაც კი ვერ გაურკვევიათ ამ საქმეში მტყუან-მართალი და შორეული იაპონიიდან ვის დავუწყებ ჭკუის სწავლებას?! მით უმეტეს, ძიუდოს საქმეში ჩარევის არც უფლება მაქვს და არც დეტალური ინფორმაცია. სამწუხაროა, დათმობას არც ერთი მხარე რომ არ აპირებს, თუმცა, როგორც უნდა იყოს, ერთადერთი გამოსავალი მოლაპარაკებაა!

- დღეს 26 მაისია, ჩვენი დამოუკიდებლობის დღე, საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100-წლოვანი იუბილე! როგორ მიულოცავს ამ დღეს თავის ხალხს ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი სპორტსმენი? - საქართველოს საელჩოს ორგანიზებით იაპონიაში გუშინ აღვნიშნეთ ეს უმნიშვნელოვანესი თარიღი. ახლა კი, ყველას გილოცავთ - საქართველოშიც და ემიგრაციაშიც, ჩემს სამშობლოს მშვიდობას და გამთლიანებას ვუსურვებ... ჩემი გულშემატკივარი? ცალკე და ძალიან მნიშვნელოვანი თემაა ჩემთვის: ვკითხულობ, ვისმენ, ვნახულობ, როგორ მქომაგობენ საქართველოში... ეს ყველაფერი ძალიან მახარებს და მაძლიერებს... ჩემო მეგობრებო, დიდ ძალას მაძლევთ - უდიდეს მადლობას გეუბნებით ასეთი სიყვარულისა და თანადგომისთვის!

რატი შელეგია