ვინ მოიგებს ახალ "მსოფლიო ომს"?
17-06-2018
ვინ მოიგებს ახალ "მსოფლიო ომს"?
14 ივნისს მუნდიალი დაიწყო

ივნისში ეროვნული ნაკრების ამხანაგურად ნაცოდვილარმა მატჩებმა (მალტას 89-ე წუთზე გატანილი პენალტით ვაჯობეთ, ლუქსემბურგთან კი ფრეც სანატრელი გაგვიხდა) საქართველოში ბევრს დაუკარგა ფეხბურთისკენ გახედვის სურვილი. ბუნებრივიც არის - როცა შენი არ ვარგა, გული სხვ(ებ)ისკენ გიწევს! მით უმეტეს, რომ ეს სხვები"პლანეტის საუკეთესო გუნდები არიან...
ფეხბურთის ხათრით კი არათუ რუსეთისკენ, იმის იქითაც" გაიხედავ... ამ კვირის ხუთშაბათიდან ერთი თვის განმავლობაში საფეხბურთო სამყაროს ყურადღება სწორედ რუსეთზე იქნება გადატანილი - 14 ივნისს მსოფლიო
თასი იწყება!

ვინ რას ელის წლევანდელი მუნდიალისგან? - ბრაზილია ოთხი წლის წინანდელი კოშმარის დავიწყებას, გერმანია ტიტულის შენარჩუნებას, მესი და არგენტინა ნავსის გატეხას, ესპანეთი, საფრანგეთი, ბელგია...

პროგნოზი უმადური საქმეა. კი ბატონო, შენი ინტუიციისა და წინას­წარ­მეტყველი"რვაფეხას, მაჩვის ან გველკუას კარნახით დაწერ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში ხორვატიის ნაკრები
პენალტების სერიაში აჯობებს ესპანეთს, ნახევარფინალში კი ბრაზილიასთან დამარცხდება და მხოლოდ მესამე ადგილისთვის იბრძოლებს... რატომაც არა? ოღონდ, არ დაგავიწყდეს, რომ პროგნოზის დროს გადამწყვეტი მხოლოდ გუნდების რეიტინგი ან ბუკმეკერების გამეტებული კოეფიციენტი არ არის, საქმეში მოულოდნელად ჩაერევა მსაჯის გადაწყვეტილება, ავდარი, გუნდის ლიდერების ტრავმები და... ფა-ფუ შენი პროგნოზი... ამიტომაც, ვინც ინტუიციის ან ფეხბურთში "გარკვეული"ცხოველების" ნაკლებობას განიცდით, ავსტრიელ მეცნიერებს დაუჯერეთ. მსოფლიოს 26 ყველაზე წარმატებული ტოტალიზატორის კოეფიციენტებისა და მათემატიკური გამოთვლების გათვალისწინებით (სხვათა შორის, სწორედ ამ გათვლებით გამოიცნეს მათ ესპანეთის ჩემპიონობა 2010 წლის მუნდიალზე, ოთხი წლის შემდეგ კი ოთხიდან სამი ნახევარფინალისტიც ზუსტად დასვეს), ივარაუდეს, რომ ყველაზე დიდია (16,6%) ალბათობა, რუსული "ოქროს მარაგი" ბრაზილიამ დაისაკუთროს. ტურნირის მეორე ფავორიტია გერმანია (15,8%), რომელსაც კვალში ესპანეთი, საფრანგეთი, არგენტინა, ბელგია, ინგლისი, პორტუგალია და ურუგვაი უდგანან. ოღონდო, - იქვე დასძენენ ავსტრიელი მეცნიერები, - ფსონებს მაინცდამაინც ჩვენი სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე ნუ ჩამოხვალთ, საკმარისად საფუძვლიანი არ არისო...

მით უმეტეს, ჩემი ნდობაა სახიფათო. არადა, არც მეცნიერების კონკურენტი ვარ და არც წინასწარმეტყველი ცხოველ-ფრინველების, აი, ფეხბურთის სიყვარულსა და ცოდნაში კი წინასწარმეტყველების ორივე სახეობას"გავეჯიბრები (განსაკუთრებით, ქრცვინებს, მაჩვზღარბებსა და ზღვის ვარსკვლავებს ეშინოდეთ!). ხუმრობა იქით იყოს და, რადგან ადამიანები რჩევებს იმიტომ ისმენენ, მერე საწინააღმდეგოდ რომ მოიქცნენ, ჩემს ვარაუდსაც გაგაცნობთ და ვინ იცის... უკუღმა მაინც გამოგადგეთ!


მაშ ასე, - "მუნდიალი 2018":

A ჯგუფი: რუსეთი, საუდის არაბეთი, ეგვიპტე, ურუგვაი.

ჩამონათვალში ბოლო კი წერია, მაგრამ ჯგუფის აშკარა ფავორიტი სწორედ ურუგვაის ნაკრებია: სუარესს, კავანისა და გოდინს რომ თავი დავანებოთ, ურუგვაელებს მთავარი მწვრთნელითაც შეუძლიათ ტრაბახი, - ოსკარ ტაბარესი გუნდის წარმატებული თამაშის ერთ-ერთი მთავარი სულისჩამდგმელია. თუ სალაჰი დროულად არ მომჯობინდა, ეგვიპტეს ჯგუფიდან გასვლის შანსი არა აქვს. არც საუდის არაბეთს. უსუსტესი გუნდი ჰყავს რუსეთსაც, მაგრამ... მასპინძლის სტატუსი ავალდებულებს, ჯგუფური ეტაპი აუცილებლად გადალახოს... ან გადაალახვინონ... სხვათა შორის, რუსეთი-საუდის არაბეთი იქნება ისტორიაში პირველი მატჩი, რომლის დროსაც ფეხბურთელებს ბურთს გოგონები მიაწვდიან. როგორც ჩანს, რუსები ამ გზით ცდილობენ მეტოქის ფეხბურთელების "დემორალიზებას", არაბეთში ხომ ქალებს სულ ახლახან მისცეს სტადიონზე შესვლის უფლება.
ჩვენი ვარაუდით, A ჯგუფიდან გავლენ: 1. ურუგვაი; 2. რუსეთი;

B ჯგუფი: პორტუგალია, ესპანეთი, მაროკო, ირანი.

კრიშტიანუ რონალდუს მდიდარ კოლექციას მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული აკლია. თუმცა პორტუგალიელს თავისი ნაკრების წარმატებისა დიდად არ სჯერა და ამბობს, ჩემპიონი ბრაზილია გახდება, ვიცე-ჩემპიონი ესპანეთიო. ასეა თუ ისე, ევროპის ბოლო ორი ჩემპიონის მატჩიცა და დუელიც საინტერესო სანახავი იქნება და ცხადია, ქვეჯგუფში პირველ-მეორე ადგილებისთვისაც სწორედ ეს ორი ნაკრები იბრძოლებს, მაროკო და ირანი კი ბოლო ადგილისგან თავდასაღწევად. ესპანეთზე მხოლოდ იმას ვიტყვით, რომ მსოფლიოს საუკეთესო კლუბების ნაკრებია, ანდრეს ინიესტასთვის კი ეს მსოფლიო ტახტის დაბრუნების ბოლო შანსი იქნება. რაც შეეხება პორტუგალიას, რონალდუს გარდა, ფერნანდუ სანტუშს სხვა არაერთი გამოცდილი ფეხბურთელიც ჰყავს.


B ჯგუფიდან გავლენ: 1. ესპანეთი; 2. პორტუგალია;

C ჯგუფი: საფრანგეთი, ავსტრალია, პერუ, დანია.

სანამ ჯგუფის მონაწილეთა შანსებს განვიხილავთ, აუცილებლად უნდა შევაქოთ საფრანგეთის, დანიისა და ავსტრალიის ნაკრებების კაპიტნები, რომლებმაც ფიფას სთხოვეს, მუნდიალზე თამაშის უფლება მიეცათ პერუს ნაკრების კაპიტან პაოლო გერეროსთვის, რომელიც დოპინგ-ტესტში აღმოჩენილი კოკაინის კვალისთვის იყო დისკვალიფიცირებული. შედეგად, გერერო ნაკრებში იქნება, თუმცა რამდენად უშველის პერუს, რთული სათქმელია. თუ სასწაული არ მოხდა, ქვეჯგუფში პირველობას არავის დაუთმობს ვარსკვლავებით გაძეძგილი საფრანგეთი, რაც შეეხება მეორე ადგილს, დიდი ალბათობით 1/16-ფინალის მეორე საგზური ავსტრალიას დარჩება.


C ჯგუფიდან გავლენ: 1. საფრანგეთი; 2. ავსტრალია;

D ჯგუფი: არგენტინა, ისლანდია, ხორვატია, ნიგერია.

სავარაუდოდ, ეს მსოფლიო ჩემპიონობის ბოლო შანსია ლეო მესისთვის. პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელმა სანაკრებო კარიერის დასრულება 2016 წელს გამოაცხადა, მაგრამ მერე გადაიფიქრა, დაბრუნდა და ყველაფერს გააკეთებს, რათა ბოლო ცდაზე მაინც მოიპოვოს ერთადერთი ტიტული, რომელიც მის ზღაპრულ კოლექციას აკლია. წინასწარმეტყველი სკუნსი "გვაბოლებს", რომ არგენტინა აუცილებლად დაიკავებს ქვეჯგუფში პირველ ადგილს, მეორეზე კი მოდრიჩ-რაკიტიჩ-მანძუკიჩიანი ხორვატია გავა. "ევრო-2016"-ის სენსაცია ისლანდიისგან წელს ბევრს არაფერს უნდა ველოდოთ, ნიგერია კი... სადღა არიან კანუ, ოკოჩა, სია სია, ამუნიკე, ოლისე? დიახ, სახლში! ანუ, სწორედ იქ, სადაც ნიგერიის ნაკრების ახლანდელი მოთამაშეები იქნებიან ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ...

D ჯგუფიდან გავლენ: 1. არგენტინა; 2. ხორვატია;

E ჯგუფი: ბრაზილია, შვეიცარია, კოსტა-რიკა, სერბეთი.

შესავალშიც ვთქვით, რომ მათემატიკური გამოთვლებით, ჩემპიონობის ყველაზე მეტი შანსი (16,6%) ბრაზილიას აქვს. თუმცა ფეხბურთი მხოლოდ სტატისტიკა არ არის, დანარჩენი კი ბრაზილიელებს ისედაც ეხერხებათ, არც შემადგენლობა დაეწუნებათ და... ყოველ შემთხვევაში, ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება არ უნდა გაუჭირდეთ. ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო მარცხი ბრაზილიამ 2014 წელს, საშინაო მუნდიალისას იწვნია: 1:7 მუნდიალის ნახევარფინალში მასპინძლები სწორედ ასეთი ანგარიშით გასრისა მომავალმა ჩემპიონმა გერმანიამ. ასე რომ, რუსულ მინდვრებზე პენტაკამპეონები" სწორედ მაშინდელი სირცხვილის ჩამოსარეცხად" ემზადებიან... მეორე გამსვლელი ადგილისთვის სერბები და შვეიცარიელები იბრძოლებენ, მაგრამ, ჩემი აზრით, უკეთესი შანსი "მესაათეებს" აქვთ ბალკანელებზე უკეთესი და უფრო გამოცდილი მოთამაშეების ხარჯზე! რაც შეეხება კოსტა-რიკას, ეს გუნდი ყველაზე ხანდაზმულია წლევანდელი მუნდიალის მონაწილეთა შორის. და მართალია, შემადგენლობაში ელცინ ტეხედაც (რომელსაც სახელი სწორედ რუსეთის ფედერაციის პირველი პრეზიდენტის პატივსაცემად დაარქვეს) კი ჰყავს, მაგრამ, სავარაუდოდ, რუსეთში ვერც ელცინი უშველის და ვერც "რეალის" მეკარე კეილორ ნავასი.

E ჯგუფიდან გავლენ: 1. ბრაზილია; 2. შვეიცარია;

F ჯგუფი: გერმანია, მექსიკა, შვედეთი, სამხრეთი კორეა.

გერმანიის ნაკრები ყოველთვის არის გუნდურობის საუკეთესო მაგალითი და ასე იქნება წელსაც: მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპის ათ შეხვედრაში გოლის გატანა თვრამეტმა(!) გერმანელმა ფეხბურთელმა მოახერხა, რაც, მართლაც ფანტასტიკური შედეგია. ბუკმეკერები დარწმუნებული არიან, რომ მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი ნაკრები აუცილებლად ითამაშებს ფინალში. ასევე ფიქრობენ ბუნდესგუნდის ფანებიც და... ნაყიდი აქვთ მუნდიალის იმაზე მეტი ბილეთი, ვიდრე ევროპის დანარჩენი ქვეყნების ფანებს - 60 ათასი! არანაკლები მხარდაჭერა (59 ათასი ბილეთი) აქვს გარანტირებული მექსიკის ნაკრებს, რომელსაც ქვეჯგუფში მეორე ადგილზე გასვლას უწინასწარმეტყველებენ. შვედებმა ჰოლანდია კი დატოვეს მუნდიალის გარეშე, მაგრამ, ჩემი აზრით, მესამე ადგილზე მეტს ვერ გაქაჩავენ. რაც შეეხება კორეას, ტურნირის დაწყებამდეც თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ შინ ტაე-იონგის შეგირდებს სეულში დაბრუნება 27 ივნისს, გერმანიასთან მატჩის დასრულებისთანავე შეეძლებათ.

F ჯგუფიდან გავლენ: 1. გერმანია; 2. მექსიკა;

G ჯგუფი: ბელგია, პანამა, ტუნისი, ინგლისი.

ბრიტანელმა მინისტრებმა და სამეფო ოჯახის წევრებმა რუსეთში გასამართ მუნდიალს ბოიკოტი გამოუცხადეს. შესაძლოა ეს სანანებლად გაუხდეთ, თუ ინგლისელმა ფეხბურთელებმა სწორედ რუსეთში გაიგიჟეს თავი. კარგი შემადგენლობის მიუხედავად, ინგლისს ფავორიტად არავინ მიიჩნევს და იქნებ სწორედ ეს იქცეს ბრიტანელთა მთავარ პლუსად. ქვეჯგუფში პირველობისთვის გარეტ საუთგეიტის შეგირდების მთავარი კონკურენტი ვარსკვლავური ბელგია იქნება. ინგლისის ნაკრების მცველებს ძალიან გაუჭირდებათ აზარის, დე ბრუინის, ლუკაკუს, დემბელეს, ფელაინისა თუ მერტენსის გაჩერება, მაგრამ ბრიტანელებსაც არანაკლები შეტევის ხაზი აქვთ. ამიტომაც გავრისკავ და ვივარაუდებ, რომ პირველ ადგილზე სწორედ ინგლისი გავა, ბელგია კი მეორე პოზიციას დასჯერდება! ყოველ შემთხვევაში, ჯგუფის პირველი-მეორე ადგილი სწორედ ამ ორ გუნდს აქვს გარანტირებული, პანამის და ტუნისისთვის კი მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობაც კი უკვე წარმატებაა.

G ჯგუფიდან გავლენ: 1. ინგლისი; 2. ბელგია;

H ჯგუფი: პოლონეთი, კოლუმბია, სენეგალი, იაპონია.

ეს ერთადერთი ქვეჯგუფია, სადაც მსოფლიოს ერთი ჩემპიონიც კი არ თამაშობს. მეტ-ნაკლებად თანაბარძალოვან ჯგუფში ფავორიტად კოლუმბიას მიიჩნევენ და სამართლიანადაც: გუნდს, რომელსაც კუადრადო, ხამესი, ფალკაო და ბაკა ჰყავს, გოლების გატანა არ უნდა გაუჭირდეს. საინტერესო გუნდები ჰყავთ სენეგალსა და იაპონიას (იაპონია ერთადერთი ნაკრებია, რომელმაც მწვრთნელის გაშვება ზედ მუნდიალის დაწყების წინ გაბედა), მაგრამ კოლუმბიის მთავარ კონკურენტად პოლონეთს მივიჩნევ. მეტიც, არ გამიკვირდება, თუ კრიხოვიაკის, ბლაშიკოვსკის, გროსიცკის, მილიკისა და რაც მთავარია, ლევანდოვსკის გუნდი მეთექვსმეტედფინალში პირველი ადგილით გავა.

H ჯგუფიდან გავლენ: 1. პოლონეთი; 2. კოლუმბია.

პ.ს. ჯგუფური ეტაპის შეხვედრები 28 ივნისს დასრულდება და პლეი-ოფის მონაწილეთა საბოლოო სიას მაშინ გავიგებთ. ასე რომ, დანარჩენზე გაზეთის მომდევნო ნომრებში წაიკითხავთ.


რატი შელეგია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით