ოცნების ჩემპიონები - კვირის პალიტრა

ოცნების ჩემპიონები

სატრანსფერო სეზონზე გუნდიდან 14(!) ფეხბურთელი წავიდა და თან სად...

ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩებიც ჩაგრიალდა. საქართველოს ღირსებას რუსთავის "ოლიმპი" იცავდა და გახსოვთ, როგორ წააგო პირველი შეხვედრა სტუმრად ყაზახეთის "აკტობესთან" - 0:2. განმეორებითი მატჩი მცირე იმედს იძლეოდა გამარჯვებისთვის, მაგრამ იცით, როგორი იმედი იყო? - გაჟეჟილი და გატეხილი. თუ რატომ, ამას აგიხსნით, მაგრამ სრულ უიმედობას მაინც იმედი სჯობდა, თუნდაც უსაფუძვლო და რუსთაველი გულშემატკივარიც ამ ხვატსა და პაპანაქებაში ბლომად მივიდა სტადიონზე.

ახლა მავანი იტყვის, ვინ ოხერია ყაზახეთის ჩემპიონი, რომ მასთან ვაგებთო... ჰო, გემოვნებაზე არ დაობენ, რაღა თქმა უნდა, და ყაზახეთი, უზბეკეთი და აზერბაიჯანი ოდინდელ თბილისის "დინამოსთან" უბნის ბავშვებივით უსუსურები იყვნენ, მაგრამ სადღაა ის ქართული ფეხბურთი, რომელიც თავზარს სცემდა "ლივერპულსა" და "ბაიერნს"? "უდიპლომო სასიმამროს", ვარდენასავით რომ ვთქვათ, შეჭამეს, ბატონო, გამოხრეს, დაღეჭეს(!).

ვერ მოუგებ ყაზახეთის ჩემპიონს და ამას რამდენიმე მიზეზი აქვს, რისი გათვალისწინებაც არავის უნდა. ჯერ ერთი, მათ რომ ბიუჯეტი აქვთ, არათუ რუსთავის "ოლიმპს", ყველა ქართულ გუნდს არ დაესიზმრება. "აქტობეს" საკუთარი თვითმფრინავი ჰყავს და დავანებოთ თავი ყველაფერს. კარგი, ბატონო, ვთქვათ, ფული არაფერს წყვეტს და რაკიღა ყიფიანი და გუცაევი თავზე ახევდნენ ბურთს ალმა-ათის "კაირატს", ამ თაობამაც იგივე უნდა გაიმეოროს თურმე. ეს გენეტიკური კოდია ჩვენი და ამიტომაც უნდა მოვუგოთო(?!).

მამაცხონებულო, მაჩვენე თუნდაც ერთი ფეხბურთელი, რომელიც ყიფიანისა და გუცაევის ცალი ფეხის ღირსი იყოს ოსტატობით და მერე დაგიჯერებ. ვოვა გუცაევს მადრიდის "რეალისა" და მიუნხენის "ბაიერნის" წინააღმდეგ აქვს ნაფრენი და ნახევარ-ნახევარი გუნდი ფინტებით დაწვენილი. "სანტიაგო ბერნაბეუზე" რომ "რეალს" შვიდ კაცს მოუტყუებ და პენალტს აიკიდებ, მერე "რეალის" პრეზიდენტი რომ მოგაკითხავს სასტუმროში ამალით და გამზადებულ კონტრაქტს დაგიდებს წინ, რომელშიც ფეხბურთელის სახელფასო გრაფა ცარიელია და გეტყვის, ოღონდ მადრიდში გადმოდი და ნებისმიერი თანხა ჩაწერე შენი ხელითო, მეტი არგუმენტის მოყვანა არის კიდევ საჭირო? ვოვა გუცაევი რუსთავის სტადიონის ლოჟაში იჯდა და იქიდან ადევნებდა თვალყურს "ოლიმპისა" და "აქტობეს" დაპირისპირებას.

რა ხასიათზე იქნებოდა დრიბლინგის დიდოსტატი, როცა ხედავდა, საქართველოს ჩემპიონის თავდამსხმელები ერთი-ერთზე მცველს რომ ვერ ატყუებდნენ, თავად განსაჯეთ. რატომ გქვია ფორვარდი, როცა წინ პასს იღებ (თუ მიიღე, რაღა თქმა უნდა!), შეგიძლია ერთი მცველი მოატყუო და მორჩა, უკვე საგოლე შანსი გეძლევა, შენ კი ფაფხურობ, წვალობ, იტანჯები და უკეთეს შემთხვევაში აუტს(?!) მოინადირებ.

ეს არგუმენტი მათთვის, ვისაც მიაჩნია, რომ ფინანსები არაფერს ნიშნავს და მხოლოდ ნიჭიერებით უნდა გავიდეთ ფონს. ახლა მეორე არგუმენტი: შარშან რუსთავის "ოლიმპს"  ჰყავდა მშვენიერი გუნდი, რომელშიც ბრაზილიელებიც ბრწყინავდნენ, განსაკუთრებით - აკინო, რომელიც ყველა თამაშში აკეთებდა იმას, რაზეც ზევით ვისაუბრეთ. გუცაევის დონე არ იყო, მაგრამ კაცის მოტყუებაც შეეძლო და დარტყმაც. მოვიდა სატრანსფერო სეზონი და ამ ლამაზად აწყობილი შემადგენლობიდან 14(!) ფეხბურთელი წავიდა. რომ ვთქვათ, ისინი "ბარსამ" და "ინტერმა" იყიდაო, ვის რა გვექნება სათქმელი, მაგრამ ბრაზილიელების გარდა, რომელი გადავიდა თუნდაც საშუალო-ევროპულ კლუბში? არც ერთი! რა გამოდის? აზერბაიჯანში ან, დავუშვათ, ყაზახეთში უშვებ ფეხბურთელს იმიტომ, რომ ფული არა გაქვს, მისი მოთხოვნა რომ დააკმაყოფილო. ეგეც თქვენი ფინანსები...

მესამე - როცა სეზონის დაწყებამდე ორი კვირით ადრე იწყებ ახალი გუნდის შენებას, წასაგებად განწირული ხარ. დავანებოთ თავი იმას, რომ ყაზახეთში ახლა გახურებული ჩემპიონატია და გუნდები ფორმის პიკზე არიან. შეუთამაშებელი გუნდით, თუნდაც საქართველოს კვალობაზე არცთუ ურიგო ფეხბურთელებით, როგორ უნდა მოსთხოვო მწვრთნელს შედეგი, გაუგებარია. ყველაფერს თავისი წესი აქვს, შეკრება უნდა გაიარო, საკონტროლო მატჩები ჩაატარო ძლიერ გუნდებთან, თუნდაც ყაზახების დონის და მერეც, ჰა და ჰა, შეიძლება გაგიმართლოს.

ჩვენში წესებს არავინ დაგიდევს, თავში ქვა იხალე და შედეგი დადე(?!). ქვა კი არა, დამბაჩა რომ დაიხალო, ვერაფერს იზამ და თუ მაინც თავს გადაახტი, მომდევნო მეტოქე იმაზე უარეს დღეს დაგმართებს, რაც "ვიტ-ჯორჯიას" გაუკეთა ჩეხურმა "ბანიკმა" ამ ცოტა ხნის წინ. კიდევ საკვირველი იყო, რაც მოახერხა პირველ ტაიმში "ოლიმპმა": გოლიც გაიტანა, მომენტებიც შექმნა და ანგარიშში სოლიდური სხვაობა იმიტომ ვერ მოიპოვა, რომ საგოლე მომენტების რეალიზება ვერ შეძლო. ამან შექმნა ილუზია, რომ მეორე ტაიმში ბოლომდე დავაწვებოდით ყაზახებს და საჭირო სხვაობით დავამარცხებდით.

არადა, რუსთაველთა მხარეს იღბალი იყო, რამდენჯერმე გადავრჩით მეორე ტაიმში, მაგრამ ბოლოს მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო - მატჩის მიწურულს ანგარიში გათანაბრდა და ყველაფერი ლოგიკურად დამთავრდა 1:1, შემდგომ ეტაპზე "აქტობე" გავიდა. რატომ ჩააგდო ჩვენმა ჩემპიონმა მეორე ტაიმი? - არაქათი აღარ ჰქონდა! გაიგუდა გუნდი, ვეღარ სუნთქავდა და მოგვიღეს კიდეც ბოლო.

და ბოლოს, რაც დღეს ჩვენს ფეხბურთში და კერძოდ, "ოლიმპში" ხდება, არ შეიძლება ჩაითვალოს საფეხბურთო მენეჯმენტად, რომელმაც შედეგი უნდა მოიტანოს. ერთწლიანი გუნდი აქამდეც ბევრი გვინახავს, მათი საჩემპიონო ზეიმიც, მაგრამ მერე ყველაფერი საპნის ბუშტივით გამქრალა. რა თქმა უნდა, კლუბის მესვეურებს, ვინც აქამდეც გაიღეს ფინანსები, გულით სურდათ გამარჯვება, მაგრამ შორს მიმავალი და კარგად გათვლილი სტრატეგიის გარეშე გამარჯვებას ვერავინ მიაღწევს.

დიდი ნოდარ ახალკაცის "დინამო" 5 წელიწადი მიდიოდა ქართული ფეხბურთის ტრიუმფამდე. გუნდის ბირთვი არავის დაუშლია, პირიქით, წლიდან წლამდე იხვეწებოდა ფეხბურთელთა ოსტატობა, ურთიერთკავშირი და რგოლებს შორის კოორდინაცია. კიდევ ათასი სხვა რამ, აუცილებელი და სასიცოცხლო წარმატების მისაღწევად. მე არ ვადარებ იმ დიდი გუნდის ვარსკვლავების სიკაშკაშეს დღევანდელი ქართული კლუბების ფეხბურთელთა ფერმკრთალ გამონათებას, მე ხაზს ვუსვამ საფეხბურთო სტრატეგიის გათვლასა და მიდგომას საქმისადმი, რომელმაც უნდა მოგცეს შედეგი...

საბედნიეროდ, ქართველი ქომაგისათვის წლევანდელი ევროტურნირები არ დამთავრებულა: "ზესტაფონმა" სლოვაკურ "დუკლას" ორი მატჩის ჯამში (3:0, 0:1) აჯობა, "დინამომ" კი შვედურ "გეფლეს" ორივე შეხვედრა ერთნაირი ანგარიშით (2:1) მოუგო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ "ზესტაფონი" და "დინამო" ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ "დუკლა" და "გეფლე" გრანდთა კატეგორიას ნამდვილად არ მიეკუთვნებიან, მაინც სასიხარულო-საამაყოდ გვაქვს საქმე:

ევროპის ლიგის (იმავე უეფას თასის) მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთდროულად ორი ქართული გუნდი არასდროს გასულა! აქვე ჩვენს მეტოქეებსაც შეგახსენებთ: "ზესტაფონი" ლვოვის "კარპატის" (სადაც ქართველი ლეგიონერი სანდრო გურული ასპარეზობს) შეხვდება, "დინამო" - ავსტრიულ "შტურმს" (სხვადასხვა დროს ამ გუნდში დავით მუჯირს, გიორგი შაშიაშვილსა და ილია კანდელაკს უთამაშიათ).

ევროტურნირებზე მონაწილე მეოთხე ქართულმა გუნდმა კიდევ ერთხელ რომ აღარ შეგვარცხვინა, არც ეს იყო პატარა ამბავი: თბილისში ჩეხურ "ბანიკთან" მართლაც სამარცხვინო წაგების მერე "ვიტ ჯორჯიამ" სტუმრად... ფრედ ითამაშა!