როგორ "მოიპარა" რუსეთმა "მუნდიალი - 2018", ანუ რა საერთო აქვს ფიფა-სა და კა-გე-ბეს?! - კვირის პალიტრა

როგორ "მოიპარა" რუსეთმა "მუნდიალი - 2018", ანუ რა საერთო აქვს ფიფა-სა და კა-გე-ბეს?!

"ამჟამინდელ მსოფლიოში ორი საიდუმლო ორგანიზაცია მოქმედებს - ფიფა და კა-გე-ბე. როდესაც საქმე 2018 წლის პირველობის მასპინძელი ქვეყნის არჩევამდე მივიდა, საქმეში რუსული საიდუმლო სამსახურები ჩაერთო და ფიფა-ს მაღალჩინოსნებთან "ურთიერთობა" შანტაჟის, დაშინებისა და პირდაპირი მოქრთამვის გზით შეუდგა", - ასე მწვავედ შეაფასა ბრიტანული ფეხბურთის ცნობილმა სპეციალისტმა ტერი ვენეიბლსმა 2010 წელს ფიფა-ს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც 2018 წელს ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის  მასპინძელი რუსეთი იქნებოდა.

მასპინძლობის კანდიდატი სულ ოთხი გახლდათ: რუსეთი, ინგლისი, ესპანეთ-პორტუგალია და ბელგია-ჰოლანდია. საფეხბურთო ექსპერტების აზრით, აშკარა უპირატესობა ინგლისს ჰქონდა, მას მხარს მსოფლიო საფეხბურთო სამყაროში არსებული უდიდესი ტრადიციები და ავტორიტეტი უმაგრებდა. ყველასათვის მოულოდნელად ფიფა-მ და მისმა იმდროინდელმა თავკაცმა ზეპ ბლატერმა უპირატესობა რუსეთს მიანიჭა.

ტერი ვენეიბლსი

რაც პირდაპირ დაუკავშირდა ფიფასა და კრემლს შორის კორუფციული გარიგების ალბათობას, რასაც ბლატერიც და რუსეთიც გამორიცხავდნენ, თუმცა სწორედ კორუფციული გარიგებების გამოძიების მოტივით, 2015 წლის 25 მაისს ქალაქ ციურიხში, ფიფა-ს ერთ-ერთი სხდომის დაწყების წინ მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა. დააკავეს არაერთი მაღალჩინოსანი. საბოლოოდ ფიფა-ს აწ უკვე ყოფილი პრეზიდენტი ზეპ ბლატერი ციხის კედლებში მოხვედრას კი გადაურჩა, მაგრამ ფეხბურთში საქმიანობა რვა წლით აეკრძალა.

მოკლედ, ასე სკანდალურად მიღებული გადაწყვეტილების შესრულების დროც დადგა, მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი მუნდიალის მასპიძელი რუსეთია.

პროცესს სკანდალები არც მერე მოკლებია.

რუსეთის მიერ დონეცკელი და ლუგანსკელი სეპარატისტების მხარდაჭერამ უკრაინის წინააღმდეგ მსოფლიოს რიგ ქვეყნებში "მუნდიალი - 2018"-ის ბოიკოტირების მოწოდებისაკენ უბიძგა. ეს ტენდენცია ლონდონში ყოფილი სამხედრო მზვერავი სერგეი სკრიპალის მოწამვლის შემდეგ განსაკუთრებით გამძაფრდა. დიდმა ბრიტანეთმა მსოფლიოს ქვეყნებს რუსეთში დაგეგმილი მსოფლიო პირველობის ბოიკოტირებისაკენ მოუწოდა.

ავად თუ კარგად, რუსეთი ბოიკოტს გადაურჩა, თუმცა დასავლეთის ქვეყნების სახელმწიფო დელეგაციებმა ღონისძიების საზეიმო ნაწილში მონაწილეობაზე უარი თქვეს. მთელი ამ სამზადისის განმავლობაში ტერორისტების არაერთი მუქარაც ვნახეთ, ისინი რუსეთს შავი დღის მოწყობით ემუქრებოდნენ.

ისლამისტი შურისმაძიებლების ერთ-ერთი ბოლო მუქარა მიმდინარე წლის 11 აპრილს, "დეილი მეილმა" გამოაქვეყნა. ამჯერად მათი ადრესატი კონკრეტულად რუსეთის ამჟამინდელი პირველი პირი ვლადიმირ პუტინი აღმოჩნდა.

"რუსეთი. 2018 წელი. ვლადიმერ პუტინო. შენ მოღალატე ბრძანდები და ხელი ჩვენი ძმების სისხლში გაქვს გასვრილი. მოემზადე. ფეხბურთში მსოფლიო პირველობის დღეებში შენზე შურს ვიძიებთ", - ასეთი გახლდათ ისლამისტების მუქარა.

აპრილის დასასრულს ამ თემას გამოეხმაურა ბრიტანული გამოცემა "სანიც". ამ გაზეთის ჟურნალისტებმა მოიპოვეს მტკიცებულებები, რომ ისლამისტი ტერორისტები ფეხბურთელთა მსოფლიო პირველობის ჩაშლას სერიოზულად აპირებენ.

რასაკვირველია, რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახური უმოქმედოდ არ იმყოფება. ამ სამსახურის თანამშრომლებმა ოციოდე დღის წინ, დილით, სპეცოპერაცია განახორციელეს და მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში სავარაუდო ტერორისტთა დიდი დაჯგუფება დააკავეს. დაპატიმრებული გახლდათ ათკაციანი ჯგუფი. მათ საცხოვრებელ ბინებში ასაფეთქებელი მოწყობილობები, სხვადასხვა ცეცხლსასროლი იარაღის დიდი რაოდენობა და საომარი ჭურვები აღმოაჩინეს. ტერორისტები დაღესტნის, ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის მოქალაქეები აღმოჩნდნენ. პირველ დაკითხვებზე მათ განაცხადეს, რომ მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში ჩამოსული უცხოელი ფეხბურთის გულშემატკივრების მასობრივი თავშეყრის ადგილებში აფეთქებები უნდა მოეწყოთ. დაკავებულებმა აღიარეს "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირი და აღნიშნეს, რომ უშუალო მითითებებს ამ ორგანიზაციის წარმომადგენლებისაგან ღებულობდნენ.

რუსული ძალოვანი სამსახურები დარწმუნებულები არიან, რომ რუსეთში ანალოგიური კიდევ არაერთი დაჯგუფება მოქმედებს, რომლებიც გააქტიურებას 14 ივნისის შემდეგ აპირებენ.

ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი მშვიდობიანად ჩაივლის. იხილეთ ასევე: "დრონი-ტერორისტები" მსოფლიო ჩემპიონატზე "პენალტების" დასარტყმელად ემზადებიან?

გიორგი გაჩეჩილაძე (სპეციალურად საიტისთვის)