"ჩემი ნავი და ნიჩაბიც კი არ მქონდა, მაგრამ ფარ-ხმალი არ დამიყრია..." - კვირის პალიტრა

"ჩემი ნავი და ნიჩაბიც კი არ მქონდა, მაგრამ ფარ-ხმალი არ დამიყრია..."

"არაერთხელ შემომთავაზეს სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობა, მაგრამ ყველას უარი ვუთხარი, რადგან ჩემთვის მთავარია, გამარჯვება ჩემს ქვეყანას მოვუტანო"

ამ რამდენიმე დღის წინ, ქართველმა კანოისტმა ზაზა ნადირაძემ ევროპის ჩემპიონატზე 200 მეტრზე სპრინტში ოქროს მედალი დაისაკუთრა. ასპარეზობა სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გაიმართა. ზაზამ ფინალურ სპრინტში ყველას აჯობა და საუკეთესი (39.200 წამი) შედეგი აჩვენა. მეორე ადგილი რუსმა ნიჩბოსანმა ივან შტილმა დაიკავა (39.224). ბრინჯაოს მედალი ბელორუსმა არცემ კოზირმა (39.468) მოიპოვა. ნიჩბოსნობა საქართველოში სპორტის წამყვანი სახეობა არასდროს ყოფილა, შესაბამისად, რომ არა ზაზას უდიდესი ინტერესი და მონდომება, ის ამ წარმატებებს ვერ მიაღწევდა. შეგახსენებთ, ბოლოს ოლიმპიადაზე ის მე-5 ადგილზე გავიდა, რაც ძალიან კარგი შედეგი იყო. ვინაა ზაზა ნადირაძე, როგორ და რატომ დაიწყო ვარჯიში და როგორ ემზაება 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადისათვის, ამას ზაზასთან ჩაწერილი ინტრევიუდან გაიგებთ:

- ვარჯიში 13 წლის ასაკში დავიწყე. მცხეთაში ვცხოვრობ, სადაც ჩემს ბავშვობაში გასართობი ბევრი არაფერი იყო. ერთხელაც ჩემმა მეგობარმა მე და ჩემს ძმას გვითხრა, დავდივართ და ნავებით ვცურავთო. მივედით ჩვენც, მოგვცეს რაღაც ნავები, რომელთა უმეტესობაც დამტვრეული იყო, ცურვის დროს ყირავდებოდა, წყალი შემოდიოდა და ა.შ., მაგრამ ჩვენ მაინც მოგვწონდა, რადგან კარგად ვერთობოდით.

მოკლედ, წყალმა და ნავმა ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა, რაღაც უჩვეულო, სხვა ყველაფრისგან განსხვავებული იყო ამ ყველაფერში. მალე ვარჯიში დავიწყე, ეს იყო ძალიან საინტერესო და ექსტრემალური პროცესი, რომელმაც გამიტაცა. ასე, თამაშ-თამაშით მცხეთის ნაკრებში მოვხვდი, საიდანაც საქართველოს ჩემპიონატში მივიღე მონაწილეობა და გავიმარჯვე. ამის მერე უკვე სერიოზულად დავინტერესდი და გავაგრძელე ვარჯიში, მაგრამ 2009 წელს, მოტოციკლეტით ავარიაში მოვყევი, რის გამოც თითქმის 2 წელი გამიცდა, რომ არა ეს ჩავარდნა, არ არის გამორიცხული 2012 წლის ოლიმპიადაზეც კარგი შედეგი მეჩვენებინა.

- 2016 წლის ოლიმპიადის შემდეგ, სადაც თქვენ ძალიან მაღალი შედეგი აჩვენეთ, ცნობილი გახდა, რომ ელემენტარული სავარჯიშო პირობებიც კი არ გქონდათ...

- ადრე მართლაც არ მქონდა სავარჯოში პირობები, ჩემი ნავი და ნიჩაბიც კი არ მქონდა, მაგრამ ფარ-ხმალი არ დამიყრია, ახლა უკვე მაქვს და ამის გამო ხელი არ მეშლება. გვაქვს შეკრებებიც, მაგრამ ეს ყველაფრი არაა იმ დონის პირობები, რაც ჩემს კონკურენტებს აქვთ. ბუნებრივია ეს გარკვეულ გავლენას ახდენს შედეგებზეც. ჩვენი ბიუჯეტი ცოტაა, გვიწევს რაღაც-რაღაცეების ეკონომია, რომ შეკრებიდან-შეკრებამდე არ ჩაგვივარდეს ვარჯიში.

- საქართველოში თუა მაღალი სტანდარტების ბაზა, სადაც ეროვნული გუნდი შეკრებას გაივლის.

- საქართველოში ბაზა არსადაა, უცხოეთში, სადაც ჩავდივართ შეკრებებზე (ბელარუსიში, აზრებაიჯანში და სხვ.) სულ უკვირთ, ასეთი კარგი წყლები გაქვთ და აქ სავარჯიშოდ რატომ ჩამოდიხართო... ბევრი პერსპექტიული ახალგაზრდაა, თუმცა ბიუჯეტი ძალიან მწირია. ნაკრებში ვართ 4 კაცი და ამ ოთხი კაცის შეკრებებსაც კი არ ჰყოფნის ხოლმე ბიუჯეტი.

- ევროპის ჩემპიონობის მერე, სახელმწიფოს მხრიდან თუ იყო რაიმე დაპირება?

- დაპირება ყოველი შედეგის მერეა, თუმცა, სამწუხაროდ, დაპირება, დაპირებად რჩება და ისევ საზღვარგარეთ გვიწევს შეკრებების გავლა.

- ხშირია, როდესაც წარმატებულ სპორტსმენებს სხვადასხვა ქვეყნები სთავაზობენ მათი სახელით გამოსვლას, თქვენ თუ გქონიათ მსგავსი შემოთავაზება?

- კი, ბევრ ქვეყანას შემოუთავაზებია, მაგრამ ყველას უარი ვუთხარი, რადგან ჩემთვის მთავარია რომ გამარჯვება ჩემს ქვეყანას მოვუტანო. მე ის მახარებს, რომ ქართველ გულშემატკივარს ვახარებ და მათგან ამხელა სიყვარულს ვგრძნობ. ამაზე ძვირფასი არაფერია.

- რამდენად ელოდით ამ გამარჯვებას?

- 2014 წლიდან მოყოლებული, ყოველ წელს ლიდერებში ვარ, ორი თვის წინ მსოფლიოს თასის პირველობაზეც პირველი ადგილი დავიკავე და ამ ყველაფრიდან გამომდინარე ამ შედეგსაც ველოდი. ერთი ხელისშემშლელი ის იყო, რომ ორივე მხარზე მქონდა ტრამვა, რის გამოც დიდი დატვირთვებით ვერ ვვარჯიშობდი და ვშიშობდით, რომ სტარტზევე არ ეჩინა თავი ამ ტრამვას... საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა...

- ბუნებრივია, უკვე ნელ-ნელა ოლიმპიადისთვის მზადების რეჟიმში გადადიხართ...

- როცა ოლიმპიადა სრულდება უკვე მეორესთვის იწყება მზადება, მაგრამ ოლიმპიადამდე კიდევ ბევრი შეჯიბრში გვაქვს მონაწილეობა დაგეგმილი (ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატები, 2019 წლის ევროპის ოლიმპიური თამაშები და სხვ.). სამწუხაროდ, ჩემი დისტანცია ოლიმპიურ სახეობიდან ამოიღეს, თუმცა 1000 მეტრზე გაცურვა შეტანილია და სწორედ ამისთვის ვემზადები. 2019 -2020 წლებში უკვე ტოკიოს ოლიმპიადის ლიცენზიების გათამაშება დაიწყება და ბუნებრივია ვგეგმავ, რომ ლიცენზია მოვიპოვო.

- თქვენთვის რამდენად კომფორტულია 1000- მეტრიანი დისტანცია?

- სიმართლე რომ გითხრათ, დიდად კომფორტული არაა. რომელ დისტანციაშიც ვვარჯიშობ, ის გაცილებით უკეთესია, მაგრამ ესეც ნიჩბოსნობის სახეობაა და ერთადერთი ის დამრჩენია რომ უფრო მეტი ვივარჯიშო და დარწმუნებული ვარ შედეგიც იქნება.

- ყველა გიცნობთ, როგორც ნიჩბოსანს. ვინაა ზაზა ნადირაძე ნიჩბოსნის გარდა?

- პროფესიით მშენებელი ვარ. მიყვარს თავგადასავლები და ყველაფერი, რაც სახიფათოა. ექსტრემალი ვარ, მიყვარს რისკზე წასვლა. მყავს შეყვარებული, გვაქვს სერიოზული ურთიერთობა, თუმცა ჯერ არ ვჩქარობთ ოჯახის შექმნას.

პ.ს. ინტერვიუს შემდეგ ზაზამ პირობა მომცა, რომ 2020 წელს, როგორც ოლიმპიური ჩემპიონი ისე მომცემს ინტერვიუს. მჯერა რომ ასეც იქნება.

წარმატებები, ზაზა!

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტითვის)