ვინ გახდება მსოფლიო ჩემპიონი? - კვირის პალიტრა

ვინ გახდება მსოფლიო ჩემპიონი?

მსოფლიო ჩემპიონატზე უკვე გაიმართა რამდენიმე მატჩი, თუმცა ოთხწლეულის მთავარი საფეხბურთო ტურნირის "ეშხში შესვლამდე ჯერაც დიდი დროა. ამიტომაც, როცა ვეტერან და მოქმედ სპორტსმენებს მუნდიალის შედეგების პროგნოზირება ვთხოვეთ, უმეტესობას გაუჭირდა ფავორიტებისა და სავარაუდო ბომბარდირების დასახელება,- გვაცალეთ, ბატონო, ყველა ნაკრების თითო თამაში მაინც ვნახოთო. არადა, თამაშებს რომ ვნახავთ, შავი და თეთრი შედეგი ისედაც ხომ გვეცოდინება?! ხუმრობა იქით იყოს და, პროგნოზები აქეთ. მართალია, რესპონდენტთა უმეტესობა ზოგადი ვარაუდებით შემოიფარგლა, მაგრამ, ვფიქრობ, მაინც დაგაინტერესებთ, როგორ გაგრძელებას და დასასრულს ელიან ფეხბურთელები 2018 წლის მსოფლიო თასისგან და მათი აზრით, ვინ გახდება ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი:

თენგიზ სულაქველიძე: - წინასწარ ძნელი სათქმელია, როგორი ჩემპიონატი გველის, მაგრამ სიმართლე გითხრათ, რაღაც განსაკუთრებულს არც ველი, რადგან ამ ეტაპზე ვერ ვხედავ ისეთ გამოკვეთილ ფავორიტებს, როგორიც, მაგალითად, პელეს ბრაზილია, ან მარადონას დროინდელი არგენტინა იყო... მე გერმანიის და ბრაზილიის გულშემატკივარი ვარ და იმედია, ფავორიტად მიჩნეული ეს გუნდები მათთვის ჩვეულ თამაშს გვაჩვენებენ. ძლიერი შემადგენლობა სხვა ბევრ ნაკრებსაც ჰყავს, მაგრამ დღევანდელი ფეხბურთი ისეთია, ვერაფერს ივარაუდებ. ამიტომაც, სანამ თითოეულ ქვეჯგუფში 1-2 თამაშს მაინც არ ვნახავ, გამიჭირდება ფავორიტებსა და მით უმეტეს, მომავალ ჩემპიონზე ლაპარაკი. რონალდუ, მესი, ნეიმარი ხომ ისედაც ყველამ ვიცით, მაგრამ

დიდ ტურნირებზე ხშირად გამოჩნდებიან ხოლმე ახალი ვარსკვლავები, რომლებიც კარგი თამაშით გვამახსოვრებენ თავს. მაყურებელს სიახლე უყვარს და კარგი იქნება, თუ ამ მუნდიალზეც აღმოვაჩენთ ახალ, გამორჩეულ მოთამაშეებს... ბომბარდირი? გამიჭირდება რომელიმე ფეხბურთელის გამოყოფა, მაგრამ ის ხომ ცხადია, რომ თუ დასკვნით ეტაპამდე ვერ მიხვედი, ბევრი არ ითამაშე, რთულია ბევრი გოლის გატანა!

გიორგი გახოკიძე: - ვფიქრობ, საინტერესო ჩემპიონატი გველის. როგორც ყოველთვის, ამ მუნდიალზეც იქნება სიურპრიზებით სავსე თამაშები და ბევრი უცნობი ფეხბურთელიც გაიბრწყინებს. რაც შეეხება ფავორიტებს, ძალიან მინდა არგენტინის ნაკრები გახდეს მსოფლიო ჩემპიონი. მიმაჩნია, რომ დღეს, მესი პლანეტის საუკეთესო მოთამაშეა და არგენტინას სწორედ ამიტომ ვგულშემატკივრობ. ობიექტურად თუ შევაფასებთ, აშკარაა, რომ არგენტინელებს ძალიან გაუჭირდებათ, რადგან ამ ჩემპიონატზე მათზე ძლიერი ნაკრებები თამაშობენ, მაგრამ როცა შემადგენლობაში მესი გყავს, ყველაფერი შესაძლებელია. ლეოს ყველაფრის მიღწევა შეუძლია და მგონია, რომ წლევანდელი ტურნირის საუკეთესო ბომბარდირიც ის გახდება...

გიორგი მაკარიძე: - მგონი, ამ მუნდიალის თამაშების უმეტესობა ჩაკეტილი და არასანახაობრივი იქნება. იმედია, ჩემი მოლოდინი არ გამართლდება. ვინ გახდება ჩემპიონი? პორტუგალია ან საფრანგეთი. საუკეთესო ბომბარდირი - პორტუგალიელი გონსალო გუედესი!

გიორგი მერებაშვილი: - იმის მიუხედავად, რომ ამ ჩემპიონატზე მეც მყავს ფავორიტი ნაკრები, როგორც ნეიტრალური ქომაგი, სანახაობრივ და ლამაზ ფეხბურთს ველი და იმედია, ამ მუნდიალზე ბევრი დასამახსოვრებელი მატჩი გაიმართება. ჩემი აზრით, ფავორიტი გუნდები ტურნირს არცთუ სახარბიელო მდგომარეობაში ხვდებიან, ამიტომაც სიურპრიზებს ველი ე.წ."საშუალო ნაკრებებისგან. მგონი, ბობოლა"გუნდებს წელს გაცილებით მეტ წინააღმდეგობას გაუწევენ, ვიდრე აქამდე, და ზოგიერთი მათგანი ლიდერებს შორისაც მოხვდება. რაც შეეხება ჩემს ფავორიტს, ბრაზილიის გულშემატკივარი ვარ და ვფიქრობ, პენტაკამპეონები" შეძლებენ რუსეთში მეექვსე ტიტულის მოგებას. დიდი ხანია, ბრაზილია მსოფლიო ჩემპიონი აღარ გამხდარა, ხანგრძლივი ჩავარდნა ჰქონდა და იმედია, ""ყვითლები" ამ ტურნირზე ითამაშებენ თავის ფეხბურთს, ლამაზ, სანახაობრივ თამაშს გვაჩვენებენ და ჩემპიონები გახდებიან. ბომბარდირი? ძალიან მინდა ბომბარდირი მესი გახდეს. ვფიქრობ, ყველაზე კარგი შანსი სწორედ მას აქვს!

რევაზ ძოძუაშვილი: - ყველა ახალ ტურნირს სიახლე ან ძველის გაახლება მოაქვს და ამჯერადაც დიდ ფეხბურთს ველით! ჩემპიონთა ლიგის მატჩებმა, ასევე, ბოლო ერთი თვის განმავლობაში გამართულმა ამხანაგურმა სანაკრებო შეხვედრებმა ბევრი საინტერესო სიახლე გვიჩვენა. მწვრთნელების გადადგომა, ცნობილი ფეხბურთელების ნაკრებს მიღმა დატოვება თუ ახალი მოთამაშეების დამატება ადასტურებს, რომ საფეხბურთო ცხოვრება დუღს, სულ უფრო ინტენსიურად ინერგება თანამედროვე ტექნოლოგიები და ახლებური მსაჯობაც. იმის გათვალისწინებით, რომ ახალ ტექნოლოგიებთან ერთად ამ ჩემპიონატს ძალიან ბევრი უყურებს, მგონია, რომ ეს ჩემპიონატი კარგი მსაჯობით დაგვამახსოვრებს თავს და მარცხის არბიტრზე გადაბრალების ძალიან ცოტა შემთხვევას ვნახავთ. დამეთანხმებით, ეს ნამდვილად არ არის პატარა საქმე....

ვინ გახდება მსოფლიო ჩემპიონი? ამაზე რომ ვილაპარაკო, გუნდების თითო თამაში მაინც ხომ უნდა მქონდეს ნანახი? ტურნირის დაწყებამდე კი ფავორიტები არიან ბრაზილია, გერმანია, ესპანეთი... მერე მოდიან არგენტინა და ბელგია... გამოვარჩევ ბრაზილიის ნაკრებს, რომელსაც ძლიერი შემადგენლობაც ჰყავს და კარგი, ახალგაზრდა მწვრთნელიც. მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონებმა ბოლო მატჩები მაღალ დონეზე ჩაატარეს და მგონია, რომ რუსეთის სტადიონებზეც კარგ თამაშს აჩვენებენ.

კარგი შანსი აქვთ გერმანიას, ესპანეთს, არგენტინას. თუმცა არ გამოვრიცხავ, ისეთი გუნდიც "გამოხტეს და საჩემპიონო თამაში გვაჩვენოს, გაოცებული დავრჩეთ... მუნდიალებზე ეს არაერთხელ გვინახავს.

რაც შეეხება გოლეადორებს, ევროპელ ფეხბურთელებს შორის ყველა გოლზე დაგეშილი მაინც კრიშტიანუ რონალდუა -"რეალისა" და პორტუგალიის ნაკრების ლიდერი საგოლე მომენტების და ბომბარდირობისთვის არის დაბადებული. არ ვიცი, რას იზამენ ბრაზილიელი ფორვარდები, აი, ლიონელ მესი კი ნაკრებში გუნდურ თამაშსა და გამთამაშებლობაზე უფროა ორიენტირებული, ვიდრე გოლებზე... ნაკრებში ნეიმარიც უფრო მეტად ფლანგზეა და ინსაიდის როლს ასრულებს... მოკლედ, რასაც ბომბარდირობა ჰქვია, ყველაზე მეტად რონალდოს შეეფერება!

მურთაზ შელია: - მსოფლიოს წლევანდელი ჩემპიონატი თუნდაც იმით იქნება გამორჩეული, რომ რუსეთში იმართება და ყველას აინტერესებს, როგორ იქნება ორგანიზებული. გარდა ამისა, რადგან მასპინძელი ევრაზიის კონტინენტია, ევროპული ნაკრებებისთვის უფრო კომფორტული უნდა იყოს. ვფიქრობ, ევროპის ქვეყნებიდან ყველაზე კარგი შანსი ბელგიას და საფრანგეთს აქვთ... ფავორიტად მიიჩნევა გერმანიაც, რომელსაც მეც ვგულშემატკივრობ, მაგრამ... წელს გერმანელებს არ ჰყავთ ისეთი გუნდი, როგორსაც მიგვაჩვიეს... მოკლედ, წინასწარ ვერავინ იტყვის, ვინ როგორ ითამაშებს, მაგრამ რასაც კარგი გუნდი ჰქვია, საფრანგეთი და ბელგიაა... ეს რაც შეეხება ევროპულ გუნდებს, ისე კი, მეც ვეთანხმები პროგნოზებს და ვფიქრობ, რომ მთავარი ფავორიტი ბრაზილიაა. მესის ფაქტორი? ძალიან მინდა, ლეომ მსოფლიო მოიგოს, მაგრამ არც არგენტინაა ის გუნდი, ჩემპიონობა მოახერხოს. ერთი ფეხბურთელი, თუნდაც მესის დონის, მარტო ვერ "გაქაჩავს" მთელ გუნდს... რაც შეეხება ბომბარდირებს, ახალს ვერაფერს ვიტყვი, რომელი ნაკრებიც ფინალამდე მიაღწევს, ვინც მეტ თამაშს ითამაშებს, მის მოთამაშეს ექნება მეტი შანსი!

გელა კეტაშვილი: - წლევანდელი მუნდიალისგან ველი ბრაზილიის ნაკრების აღზევებას, ბელგიის ნაკრებისგან - დიდ სიურპრიზს! არ არის გამორიცხული, სიურპრიზი აფრიკის რომელიმე ნაკრებმაც შემოგვთავაზოს. თუნდაც ეგვიპტემ სალაჰის გამორჩეული თამაშით. როგორც ვიცი, ეგვიპტე შეკრული გუნდია და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელის გარშემოა გაერთიანებული. მთავარი ფავორიტი მაინც ბრაზილიაა, ასევე არგენტინა და გერმანიაც... ინგლისისგანაც კარგ თამაშს ველი. ბომბარდირს რაც შეეხება, წინასწარ ძნელი სათქმელია, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ რონალდუმ, მესიმ და ნეიმარმა თავიანთი სიტყვა უნდა თქვან.

სხვათა შორის, ახლახან დავბრუნდი მოსკოვიდან, სადაც ჩვენი ოლიმპიური ჩემპიონობიდან 30 წლის იუბილე აღინიშნა და რაც ვნახე, მსოფლიო ჩემპიონატი მაღალ დონეზეა ორგანიზებული.

რატი შელეგია