იური სიომინი: "კვერკველია "ლოკომოტივში" უნდა დარჩეს!"
25-06-2018
იური სიომინი: "კვერკველია "ლოკომოტივში" უნდა დარჩეს!"
მოსკოვის "ლოკომოტივის" თავკაც იური სიომინთან წინათაც გვილაპარაკია. უმეტესწილად, ქართველებზე, რომლებიც მუდამ იყვნენ "პალიჩის გაწვრთნილ კლუბებში. ქართველებს "ლოკომოტივისთვის" იღბალი მოაქვთო, - მითხრა ბოლო ინტერვიუს დროს, როცა რუსეთის ჩემპიონისა და საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელის საბა კვირკველიას მწვრთნელის რანგში შევეხმიანე. "მეფე სოლომონის" (სიომინი ასე მოიხსენიებს ხოლმე კვერკველიას, რომლის "საპასპორტო სახელი სოლომონი გახლავთ. - რ.შ.) გარდა, იური სიომინს რუსეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზეც ველაპარაკეთ:

- ყოველთვის, როცა "ლოკომოტივში" ბრუნდებით, გუნდი რუსეთის ჩემპიონი ხდება! როგორც ჩანს,
"რკინიგზელები" თქვენ გარეშე ვერ ძლებენ, თქვენ - "ლოკომოტივის" გარეშე!

- არც მთლად ასეა საქმე, სხვაგანაც მიმუშავია - კიევის "დინამოში", "გაბალაში", "მორდოვიაში", "ანჟიში", რუსეთის ნაკრებში... ერთხანს "ლოკოც" ცხოვრობდა უჩემოდ (იცინის). ზოგიერთი ცოლ-ქმარი მალევე შორდება, ზოგი კი შეეწყობა ხოლმე ერთმანეთს და ცხოვრობენ დიდხანს და ბედნიერად. ასეა ფეხბურთშიც...

- ფაქტია, რომ ზედგამოჭრილი ხართ რკინიგზელთა კლუბისთვის...
- ასე გამოდის. მე აქ ყველაფერი ვიცი, კარგად ვიცნობ გუნდს, კლუბის ხელმძღვანელობას, სპონსორს... წარმატება ამ ყველაფერს მოაქვს.

- და იური სიომინის "ლოკომოტივი" წარმოუდგენელია ქართველების გარეშე!
- დიახ, ტრადიციად ჩამოყალიბდა, რომ ჩვენთან ძალიან მაღალი კვალიფიკაციის ქართველი ფეხბურთელები ხვდებიან. მიმაჩნია, რომ ქართველების გარეშე ჩვენი კლუბი ვერაფერს იგებს. არ არის ქართველი? არ არის წარმატება! ყველა ხედავს, რომ ქართველებს იღბალი მოაქვთ ჩვენი კლუბისთვის.

- თქვენს გაწვრთნილ კლუბებში ბევრ ქართველს უთამაშია. ვინ გახსენდებათ პირველ რიგში?
- ქართველებს შორის დღემდე ბევრი მეგობარი მყავს: მურთაზ ხურცილავა, საშა ჩივაძე, ვალოდია გუცაევი... ყველას გულთბილი მოკითხვა გადაეცით ჩემგან! საფეხბურთო ტალანტები საქართველოში ყოველთვის იყვნენ და დარწმუნებული ვარ, კიდევ იქნებიან! რაც შეეხება ჩემს ყოფილ შეგირდებს, ყველა ძალიან კარგად მახსოვს - ჯანაშია, ასათიანი, აშვეთია, მუჯირი, დემეტრაძე... ვიცი ქართველების ხასიათი და როცა ჩემთან სათამაშოდ მოდიან, მათთან ურთიერთობა გაცილებით მიადვილდება, ვიდრე უცხოელებთან. ზოგიერთმა დიდხანს ითამაშა ჩვენთან, სხვები შედარებით ნაკლებ ხანს იყვნენ, მაგრამ ყველამ ბევრი გააკეთა კლუბისთვის. ძალიან კარგად დაგვამახსოვრა თავი აშვეთიამ, განსაკუთრებით, ჩემპიონთა ლიგაზე. ტრავმამ შეუშალა ხელი, თორემ დარწმუნებული ვარ, "ლოკოშიც" ჩვეულად შედეგიანი იქნებოდა. აუცილებლად უნდა ვახსენო ჩემი თანაგუნდელი, საოცარი ფეხბურთელი და ადამიანი გივი ნოდიაც... და, რა თქმა უნდა, სოლომონ კვერკველია, ახალი თაობის ქართველი ვარსკვლავი! აქ მხოლოდ კლასსა და გამართლებაზე არ არის ლაპარაკი. ფეხბურთელმა შესაძლებლობები სრულად რომ გამოავლინოს, თავს კომფორტულად უნდა გრძნობდეს, ხედავდეს, რომ მის მიმართ სწორი მიდგომა აქვთ. თუ ფეხბურთელი იცავს იმ ქვეყნის, კლუბის წესებსა და ტრადიციებს, სადაც თამაშობს, მისი ადაპტაციაც და განვითარებაც გაცილებით სწრაფად ხდება.

- გოლეადორები ჯანაშია და აშვეთია, დაცვის ბურჯი კვერკველია, "არისტოკრატი" ნახევარმცველი ასათიანი, რომელიც მცველად აქციეთ - რითი ჰგვანან და განსხვავდებიან თქვენი ქართველი შეგირდები ერთმანეთისგან?
- ქართველების უმეტესობას მსგავსი ხასიათი აქვს - ცოცხალი, კომუნიკაბელური, მხიარული ბიჭები არიან, ნებისმიერ ვითარებაში იოლად პოულობენ საერთო ენას თანაგუნდელებთან, მოედანზე კი ინდივიდუალიზმით გამოირჩევიან. ისევ გივი ნოდიას გავიხსენებ, რომელიც ძალიან შრომისმოყვარე იყო! ამ მხრივ უფრო რუსს ჰგავდა - მოედანზე ძალიან ბევრს მუშაობდა უბურთოდ. ქართველების უმეტესობას ეს არ სჩვევია. მიეცით ქართველს ბურთი და ნახავთ, რა შეუძლია, უბურთოდ კი... უბურთოდ სირბილი არ უყვართ!

- ზაზა ჯანაშია როგორი იყო ამ მხრივ?
- ჯანაშიას უბურთოდ ცხოვრება არ შეეძლო! ბურთის გარეშე მოედანზე ცოტას შრომობდა, აი, ბურთით კი ძალიან ნაყოფიერი და ნიჭიერი მოთამაშე იყო.

- წინა ინტერვიუში მითხარით, დისციპლინა და საქმისადმი პროფესიული მიდგომა რომ ჰქონოდა, ჯანაშია გაცილებით მეტს მიაღწევდაო... ხასიათმა შეუშალა ხელი?
- ქართულმა ხასიათმა. უყვარდა მეგობრებთან ყოფნა, წვეულებები, "გემრიელად" ჭამა. დისციპლინისთვის მეტი ყურადღება რომ დაეთმო, ზაზას კიდევ დიდხანს შეეძლო თამაში - საამისოდ ბუნებრივი მონაცემებიც და ნიჭიც საკმარისზე მეტი ჰქონდა. რაც შეეხება მალხაზ ასათიანს, მის კარიერას დაღი დაასვა ჯვარედინი იოგების ტრავმამ. ჩემთან ერთად, კიევის "დინამოშიც" წამოვიდა და რამდენიმე უმაღლესი დონის მატჩით იქაც დაგვამახსოვრა თავი, მაგრამ ტრავმის შემდეგ "ძველებური" ასათიანი ვეღარ ვნახეთ...

- უფრო მეტი ვილაპარაკოთ თქვენს ამჟამინდელ შეგირდზე - სოლომონ კვერკველიაზე: რა არის საბას მთავარი პლუსები?
- კვერკველია მაღალი დონის სტაბილური მცველია, რომელიც ჩინებულად "კითხულობს" მეტოქის ჩანაფიქრს. ცალკეული ფეხბურთელისთვის (თუნდაც ასათიანი გავიხსენოთ, რომელიც ნახევარდაცვიდან დაცვაში დავხიეთ), შეგვეძლო პოზიცია შეგვეცვალა, კვერკველია კი ფიზიკური მონაცემებითაც და თამაშითაც "ნამდვილი" ცენტრალური მცველია - მაღალია, კარგად გრძნობს პოზიციას, დიდებულია საჰაერო ორთაბრძოლებში... ჩემი აზრით, კვერკველია რუსეთის პრემიერლიგის საუკეთესო ცენტრალური მცველია! მომწონს მისი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თვისება - მოედანზე ძალიან აზარტულია, მოედანს მიღმა კი წყნარი, მხიარული ყმაწვილი.

- და ცხადია, რომ არც მწვრთნელს და არც კლუბს არ სურს საუკეთესო ცენტრალურ მცველთან განშორება...
- ჩემი აზრით, საბა ერთი სეზონი მაინც უნდა დარჩეს "ლოკომოტივში" და ჩემპიონთა ლიგაზეც ითამაშოს... აი, შემდეგ კი ცხოვრება გვაჩვენებს - თუ იქნება შეთავაზება საერთაშორისო მასშტაბის ძლიერი გუნდისგან, უნდა წავიდეს. თორემ წასვლა კლუბში, რომელიც სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილშია, თუნდაც ეს ინგლისის ან გერმანიის ჩემპიონატი იყოს, უაზრობად მიმაჩნია. უნდა წახვიდე მხოლოდ მაშინ, როცა ზუსტად იცი, რომ ახალი კლუბის მწვრთნელს ნამდვილად სჭირდება შენი სამსახური.

- მწვრთნელში საბას ნამდვილად გაუმართლა! ძალიან მადლობელია თქვენი და ხშირად ამბობს, სიომინი რომ არა, არ ვიცი, დღეს სად ვიქნებოდიო...
- კვერკველია არც ისე დიდი ხნის წინ გათავისუფლდა იმ სერიოზული პრობლემებისგან, რაც "რუბინში" ჰქონდა. ფიზიკური კონდიციები და თვითრწმენა "ლოკომოტივში" აღიდგინა და კარგი სათამაშო პრაქტიკაც მიიღო. თუმცა ჯერ კიდევ სჭირდება სტაბილურობა, ფეხზე უფრო მყარად დადგომა, უფრო ძლიერ კლუბში რომ გადავიდეს. საშუალო დონის კლუბში წასვლას რა აზრი აქვს?! - ახლანდელზე მეტ ხელფასს ნამდვილად ვერ აიღებს, აი, იმედგაცრუება კი შეიძლება გაცილებით მეტი ნახოს... ტოპკლუბისგან შემოთავაზების შემთხვევაში უნდა გარისკო, უბრალო კლუბებში გადასვლა კი მხოლოდ იმიტომ, რომ კლუბი შეიცვალო, გაუმართლებლად მიმაჩნია. კარგი ცენტრალური მცველი მთელ მსოფლიოში მოთხოვნადია და როცა კიდევ მეტი სათამაშო პრაქტიკა ექნება, ამბიციური გუნდის მოძებნა "მეფე სოლომონს" არ გაუჭირდება.

- დაიწერა, რომ მისი გადაბირება "ლესტერს" სურდა...
- ნამდვილად არ ვიცი, რომელ კლუბებს სურთ კვერკველიას გადაბირება. მის მომავალზე კი ჩემი აზრი უკვე მოგახსენეთ.

- ეთანხმებით მოსაზრებას, რომ რუსეთის ჩემპიონატი მცველებისთვის არის ზედგამოჭრილი?
- რუსეთის ჩემპიონატში უპირატესობა მართლაც ენიჭება დაცვით, აგრესიულ სტილს. ეს არის ტურნირი, სადაც საკმარისია, მეტოქეებს ფიზიკური კონდიციით ჩამორჩე და მაშინვე პრობლემები შეექმნება. პრემიერლიგა რთულად სათამაშო, თუმცა კვალიფიციური ტურნირია. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ ჩემპიონობისთვის წელს ხუთი გუნდი იბრძოდა. ევროთასებზე რეიტინგისა და კლუბების შედეგების მიხედვით, პრემიერლიგა მეხუთე-მეექვსე პოზიციაზეა ევროპის პირველობებს შორის.

- შეგირდებთან მკაცრი დამოკიდებულება გაქვთ თუ მეგობრული?
- გააჩნია, სად და როდის... ფეხბურთს მიღმა ძალიან მეგობრული ვარ და შემიძლია ფეხბურთელებს ნებისმიერ თემაზე ველაპარაკო, რჩევა მივცე ან პირიქით, ახალგაზრდა მოთამაშეებისგან ვისწავლო რამე. დავალებების მოთხოვნისას კი საკმაოდ მკაცრი ვარ, რადგან მოედანზე სიმკაცრეა საჭირო, თორემ საქმე გაფუჭდება.

- ახალგაზრდა მოთამაშეები ახსენეთ. რას ფიქრობს 71 წლის იური სიომინი - ასაკი მწვრთნელებსაც აქვთ?
- რა თქმა უნდა... რამდენი წლისაც უნდა იყოს, "ბებერია" მწვრთნელი, რომელმაც მიატოვა სამწვრთნელო საქმიანობა, არ სწავლობს, აღარ აინტერესებს ფეხბურთი. ის კი, ვისაც ფეხბურთი ისევ უყვარს, ვინც თამაშებს არ აცდენს, სიამოვნებას იღებს ამ ყველაფრისგან, სწავლობს და გამოცდილებას აგროვებს, შედეგსაც სხვებზე უკეთესს აჩვენებს. მოკლედ, არიან მწვრთნელები, რომლებიც ვერც ერთ ასაკში ვერაფერს იგებენ, და არიან მწვრთნელები, რომლებიც სულ იმარჯვებენ. ამიტომაც მწვრთნელი ასაკით კი არა, ტიტულებით უნდა შევაფასოთ!

- მსოფლიო ჩემპიონატსაც შევეხოთ: ტურნირის დაწყებამდე ბევრმა გაგაკრიტიკათ იმის გამო, რომ ეჭვის თვალით უყურებდით რუსეთის ნაკრების შანსებს.
- სინამდვილეში მსგავსი არაფერი მითქვამს, ეს ყველაფერი პერუელი ჟურნალისტის არასწორ ინტერპრეტაციას მოჰყვა. ეროვნულ ნაკრებზე ნეგატიურად თითქმის არასდროს ვლაპარაკობ, რადგან თავადაც მიმუშავია იქ და ვიცი, რა რთული მოსასმენია ასეთი შეფასებები. რაც შეეხება ჩემპიონატს, ყველაფერი საუცხოოდ მიდის. ფეხბურთიც უმაღლესი დონის არის და ორგანიზებაც. უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში თითქმის ყველა მუნდიალს დავესწარი და ასეთი კარგი ორგანიზება არსად მახსენდება. გარდა ამისა, ვხედავ ძალიან მეგობრულ დამოკიდებულებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ სტუმრებს შორის.

- ყველაზე მეტად, რომელი ნაკრებების თამაში მოგეწონათ?
- ძალიან მომეწონა პორტუგალია-ესპანეთის შეხვედრა. დიდებული მატჩი იყო! კარგად ითამაშა რუსეთის ნაკრებმაც, განსაკუთრებით, ეგვიპტესთან. იმედია, გაგრძელებაც ასეთივე კარგი იქნება.

- ვინ გახდება მსოფლიო ჩემპიონი?
- რთულია ამის თქმა (ინტერვიუ ჩაწერილია 20 ივნისს. - რ.შ.). მთავარი ფავორიტები ხომ ყველამ იცით? - ბრაზილია, გერმანია, ესპანეთი, საფრანგეთი... გამორიცხული არც სიურპრიზებია - პორტუგალიისგანაც არავინ ელოდა, მაგრამ ხომ გახდნენ ევროპის ჩემპიონები?

- ვიდეორეფერის თაობაზე რას ფიქრობთ?
- ვფიქრობ, ეს სწორი გზაა, რომელიც უკვე დანერგილია სპორტის ბევრ სახეობაში და მიზნად შეცდომებისგან მაქსიმალურ დაცვასა და მსაჯებისთვის საქმის გაადვილებას ისახავს. ეს ყველაფერი სტადიონებზე უწესრიგობისა და აყალმაყალის აღმოფხვრასაც შეუწყობს ხელს - ყველა ხედავს ვიდეოგამეორებას და კითხვის ნიშნები აღარ რჩება! ადამიანური ფაქტორი მოედანზე გვჭირდება, სადაც მოთამაშეებმა თავიანთი ოსტატობა უნდა გვიჩვენონ, გადაწყვეტილების მიღებისას კი მთავარი სიზუსტე და ობიექტურობაა. დარწმუნებული ვარ, ამ სიახლით ყველა კმაყოფილია.

- არა მხოლოდ ამ ტურნირის, უკანასკნელი წლების მთავარი კითხვა იური სიომინს: მესი თუ რონალდუ?
- მე ორივე ძალიან მომწონს. "ლოკომოტივში" ერთ-ერთი მაინც რომ მყავდეს, რუსეთის პრემიერლიგას კიდევ ერთხელ მოვიგებდით!

რატი შელეგია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით