"დედა, ჯერ არ დამელოდოთ!"
"დედა, ჯერ არ დამელოდოთ!"
რუსეთში მიმდინარე მუნდიალი (ბევრმა არ იცის, რომ მსოფლიო პირველობას ასე 1982 წლიდან, ესპანეთში გამართული ჩემპიონატის შემდეგ მოიხსენიებენ. "Mundo" ესპანურად "მსოფლიოს" ნიშნავს, "მუნდიალი"- საყოველთაო, მსოფლიო მნიშვნელობის ტურნირს. - რ.შ.) დასასრულს უახლოვდება. ჩვენი გაზეთის ფორმატიდან გამომდინარე, რამდენიმე დღის წინ ნანახი მატჩებისა და შედეგების განხილვა აზრს კარგავს. ამიტომაც ყურადღებას მსოფლიო თასის "არასაფეხბურთო" მხარეებზე გავამახვილებთ.

მაინც "Liov you"?

ამ მუნდიალზე უკვე იმდენი მოულოდნელობა ვნახეთ, აღარაფერი გვიკვირს. თუმცა მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა გერმანიამ წელს ამით აჯობა
ყველას და იმდენი მოახერხა, რომ კორეასთან დამარცხებით ჯგუფში ჩარჩა! უფრო სწორად, გააგრძელა ბოლო წლების ტრადიცია, რომლის თანახმადაც, მსოფლიო ჩემპიონი ნაკრები მომდევნო ტურნირზე ჯგუფიდან გასვლას ვერ ახერხებს... სრული ფიასკოს მიუხედავად, გერმანიის საფეხბურთო კავშირმა მთავარი მწვრთნელი იოაჰიმ ლიოვი თანამდებობაზე დატოვა. წასვლას არც თავად "იოგი" (ლიოვის მეტსახელია. -
რ.შ.) აპირებს: "სამართლიან კრიტიკასთან ერთად, დიდ ნდობასაც ვგრძნობ და ამისთვის გერმანიის საფეხბურთო კავშირს დიდ მადლობას ვუხდი. თანამდებობაზე ვრჩები და ნაკრებში დიდ ცვლილებებს ვგეგმავ", - დიდი "გარდაქმნა" დააანონსა ლიოვმა.

"ორი იდიოტი"

სანამ გერმანიის ნაკრების თავკაცი მომავლის გუნდის შენებაზე ლაპარაკობს, გერმანელი გულშემატკივრები საყვარელი ნაკრების კრახით იმედგაცრუებას " ლუდში"ახრჩობენ, ზოგიერთმა კი თვითირონიის კარგი გაკვეთილი გვაჩვენა: შვედეთი-შვეიცარიის 1/8 ფინალური მატჩის წინ ორმა გერმანელმა სტადიონის წინ პლაკატი გამოფინა წარწერით: "ორი გერმანელი იდიოტი. ისინი ფიქრობდნენ, რომ დღეს მსოფლიოს ჩემპიონებს ნახავდნენ". იდიოტებისა რა გითხრათ, მაგრამ ქომაგებისა და სპეციალისტების უმეტესობის მსგავსად, ეს ორი გერმანელიც ფიქრობდა, რომ მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი უპრობლემოდ მოახერხებდა ჯგუფური ეტაპის დაძლევას. ჰოდა, წინასწარ შეიძინეს ბილეთები მერვედფინალისთვის, სადაც... გერმანიის ნაცვლად, შვედეთი დახვდათ! ისე, მხოლოდ ეს ორი კი არა, ნახევარი მსოფლიო ასეთი "იდიოტი" გამოდგა. ამათ იუმორის გრძნობა მაინც ჰქონიათ.

სუფთა მუნდიალი

რუსეთში მიმდინარე მუნდიალი მხოლოდ ფავორიტებისგან არ "სუფთავდება". ბელგიასთან დრამატულ მატჩში დამარცხების შემდეგ (იაპონელები 2:0 იგებდნენ და ტურნირს 95-ე წუთზე გაშვებული გოლის გამო გამოეთიშნენ), "საკურების" ქომაგებმა მსოფლიოს კიდევ ერთხელ აჩვენეს, უკვე დღეს რატომ არიან XXII საუკუნის ქვეყანა: უაღრესად დასანანი მარცხის მიუხედავად, იაპონელებმა ჩვეულებას არ უღალატეს და ქომაგებმა ტრიბუნები(!), ფეხბურთელებმა კი გასახდელი (!!) დაალაგეს! ბევრს აღარაფერს ვიტყვი და თქვენამდე მხოლოდ ნაკრების მცველ იოშიდას სიტყვებს მოვიტან: "ჩვენთან, იაპონიაში, ამბობენ, რომ ნებისმიერი ადგილი იმაზე სუფთა უნდა დატოვო, ვიდრე შენს მისვლამდე იყო!""დატოვეს კიდეც. რუსეთიც დატოვეს და მუნდიალიც, მაგრამ იმაზე სუფთად, "ვიდრე მათ მისვლამდე იყო" და ნაკრებმაც და ხალხმაც კიდევ მეტი პატივისცემა წაიღო, ვიდრე მსოფლიო ჩემპიონატზე ჩასვლამდე.

დაწყევლილი მექსიკა

ვინც შვედებს ალმაცერად უყურებდით, შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე სწორედ ამ ნაკრებმა ჩატოვა ჯგუფში ჰოლანდიის ნაკრები, პლეი-ოფში იტალიას აჯობა, მუნდიალის ქვეჯგუფიდან, სადაც ფავორიტი გერმანია მეოთხე(!) ადგილზე ჩარჩა, პირველი ადგილით გავიდა! ამის შემდეგ 1/8 ფინალში შვეიცარიის ძლევა რაღა სალაპარაკოა, ინგლისთან მეოთხედფინალი კი... თავადაც ნახეთ. რადგან მერვედფინალი ვახსენეთ, აუცილებლად უნდა ვთქვათ მექსიკის სიმპათიური ნაკრების უიღბლობაზეც: მექსიკელები დარწმუნებული არიან, რომ მუნდიალის 1/8 ფინალი დაწყევლილია!

ვერც გაამტყუნებ: მსოფლიოში სულ ორად-ორი ნაკრებია, რომლებიც 1994 წლის მუნდიალიდან დღემდე გამართულ ყველა მსოფლიო თასზე გავიდნენ პლეი-ოფში - ბრაზილია და მექსიკა. ზემოთ აღნიშნულ 24-წლიან პერიოდში ბრაზილიელები ორჯერ გახდნენ პლანეტის ჩემპიონები, მექსიკა კი... ზედიზედ მეშვიდედ(!) გამოეთიშნენ მუნდიალის მერვედფინალს... რუსეთში გამგზავრების წინ სახელგანთქმულმა მექსიკელმა რაფა მარკესმა კი განაცხადა, გუნდი სულაც არ ფიქრობს Quinto Partido-ზე ("მეხუთე თამაში" - ასე უწოდებენ მექსიკაში მსოფლიო ჩემპიონატის დაწყევლილ სტადიას), გვინდა ჩემპიონები გავხდეთო, მაგრამ... თუ ოდესმე გასცდა მერვედფინალს (აცტეკების შთამომავლებმა ეს ორად-ორჯერ - 1970 და 1986 წლებში მოახერხეს), იქნებ მართლაც გახდეს ჩემპიონი...

მარა(დოზა)

ნიგერიასთან მატჩამდე არგენტინის ნაკრები ისე უფერულად თამაშობდა, მარადონა და მისი გამოხდომები რომ არა, "ალბისელესტეს" თავგადაკლული ფანების გარდა, მაყურებლების უმეტესობას აუცილებლად ჩაეძინებოდა. ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში კი როლები შეიცვალა - მესიმ და მისმა გუნდმა გაიღვიძეს, "ფეხბურთის ღმერთი" კი ტრიბუნაზე თვლემდა... უფრო სწორად, მე-14 წუთზე, მესის გატანილი გოლის შემდეგ, დონ დიეგო წამოხტა და უფალს მადლობა შესწირა, აი, შემდეგ კი... ტაიმის მიწურულს ლეგენდარულ არგენტინელს უკვე ტკბილად ეძინა და, ალბათ, სიზმრად ხედავდა 1/8 ფინალში გასვლის შანსებს. თამაშის მეორე ნახევარში მარადონას რამდენჯერმე დაუფრთხეს ძილი: ჯერ მოზესის პენალტმა, თამაშის დასრულებამდე (და ბუენოს-აირესში დაბრუნებამდე) დარჩენილ წუთებში კი როხოს გადამწყვეტმა გოლმა... თუ არგენტინელთა პირველი გოლის შემდეგ დიეგო არმანდოს ლოცვის სურვილი გაუჩნდა, თამაშის ბოლოსკენ უფრო აგრესიული გახდა (როგორც ჩანს, ცუდი სიზმარი ნახა) და მერვედფინალში გამყვანი გოლი სულ შუათითებით აღნიშნა.

საერთოდაც, მარადონას მთელი მატჩის განმავლობაში (როცა თვალს ახელდა) ეტყობოდა, რომ ზედმეტი მოუვიდა. "დოზაც" და... საქციელიც! ნამატჩევს დიეგომ სოციალურ ქსელში დაწერა, რა "ზედმეტი დოზა, პირველი ტაიმის შემდეგ ძალიან მტკიოდა კისერი. ექიმმა გამსინჯა და სახლში წასვლა მირჩია, მაგრამ სად წავიდოდიო?!
...სადღა წავიდოდა, ისედაც "გასული" იყო: ტრიბუნიდან, სტადიონიდან, ფეხბურთიდანაც... მისგან არც გვიკვირს. მარადონაა და ექსცენტრიკული გამოხდომების გარეშე ცხოვრება არ შეუძლია. ლეგენდარული ფეხბურთელია, რომელსაც ყველაფერი ეპატიება! თუმცა... ყოველი ასეთი საქციელით დიეგო, სულ ცოტა, თითო ნატეხს აცლის სიყვარულის იმ უზარმაზარ მთას, რაც მოთამაშის რანგში გენიალური კარიერისას უშენებია.

პრეზიდენტის კომენტარები... ციხიდან!

15 ივლისამდე მთელი ბრაზილია ფეხბურთით ცხოვრობს (არც სხვა დროს აკლებენ), თუმცა ქვეყნის ექსპრეზიდენტ ლუის ინასიუ ლულა და სილვას ვერც მსოფლიო ჩემპიონატი უშველის. მიმდინარე და, სავარაუდოდ, კიდევ 2-3 მუნდიალის ყურება და სილვას საკანში მოუწევს. საქმე ის არის, რომ კორუფციაში ბრალდებულ ექსპრეზიდენტს 2017 წელს 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კიდევ არაერთ წელს გაატარებს. ჰოდა, რადგან სხვა ბრაზილიელებივით უფეხბურთოდ ვერც ციხეში ძლებს, ლუის ინასიუ ლულა ფეხბურთზე ციხის საკნიდან ლაპარაკობს. ბრაზილიურმა ტელეკომპანია Rede TV-მ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი საფეხბურთო ექსპერტად მიიწვია: მატჩების ნახვის შემდეგ ლუისი საკუთარ შთაბეჭდილება/შეფასებებს რედაქციას უგზავნის, ანალიტიკური საფეხბურთო გადაცემის წამყვანები კი პირდაპირ ეთერში კითხულობენ.

არგენტინა?! მანამდე არგე(ტკი)ნა არაფერი...

მექსიკა იქით (მერვედფინალში) იყოს და, ცხვრის დაკვლა (მე შენ გეტყვი, შოვნა გაუჭირდებათ?! თუ არადა, ლამაც გამოდგება!) არგენტინის ნაკრებსაც არ აწყენდა. იღბალზე მეტად კი გაუჩოებმა ადეკვატური მწვრთნელი უნდა ითხოვონ. არა, სამპაოლის გარეგნობა ნამდვილად არ დაეწუნება, ალალიც არის მასზე შეფასება - მწვრთნელზე მეტად პორნოვარსკვლავს ჰგავსო, მაგრამ... ფეხბურთში მხოლოდ გარეგნობა რომ "ჭრიდეს", ისკო ახლა მშობლიური ანდალუსიის მზეს კი არ უნდა "ეფიცხებოდეს, ისევ რუსეთის სტადიონებზე უნდა აგორებდეს ბურთს. პრინციპში, ესპანელებმა უკვე იმდენი "აგორავეს", მეოთხედფინალის ნაცვლად, სამშობლოში "გავიდნენ"... თუმცა დავუბრუნდეთ არგენტინას. მესის და "ალბისელესტეს" უღიმღამო და უშედეგო თამაშზე უკვე იმდენი დაიწერა, ახალს ვერაფერს ვიტყვი. ნეტავ თავად სამპაოლიმ მაინც თუ იცის, რა ტაქტიკა-სტრატეგიით აპირებდა მოგებას, რას ერჩოდა იკარდის, დიბალას და... არგენტინის ნაკრების მილიონობით ქომაგს?! ასეთი თამაშით არგენტინის ნაკრები მარცხისთვის იყო განწირული და ჯგუფიდან ძლივს გასვლას საფრანგეთთან ლოგიკური მარცხიც მიაყოლა. არადა, ტურნირის დაწყებამდე რამდენჯერ მოვისმინეთ, არგენტინა ერთ-ერთი ფავორიტია, დროა, მესიმ ნაკრებშიც გაიბრწყინოსო და ა.შ. თუმცა... მანამდე არგე(ტკინ)ათ არაფერი, სანამ სამპაოლის ეს ნაკრები ჩემპიონი გახდება. სადღაა სამპაოლი, თორემ კი...

"ჯერ არ დამელოდოთ!"

მოულოდნელობები ვახსენეთ და ინგლისის ნაკრებმა პენალტების სერია მოიგო, მეტი რაღა სენსაცია გინდათ?! შეგახსენებთ, 1990 წლიდან თერთმეტმეტრიანების შვიდი სერიიდან ინგლისს ექვსი ჰქონდა წაგებული... ჰოდა, კოლუმბიასთან მეკარე პიკფორდის გმირობამ ბრიტანელები ხუმრობის ხასიათზე დააყენა: ნაკრების ერთ-ერთმა ქომაგმა გამოფინა პლაკატი წარწერით: "ჯონ, კატას აჭამე. სახლში ორ კვირაში დავბრუნდები. მიყვარხარ". გულშემატკივარს არც ნაკრების ნახევარმცველი ჯესი ლინგარდი ჩამორჩა. ლინგარდმა "ტვიტერზე" გამოაქვეყნა ფოტო და ცნობილი სიმღერა "It's c-o-mming home, It's c-o-mming home" - "დედა, არა, მე არ მოვდივარ სახლში" - მინაწერით ...

P.S. მეოთხედფინალები გასული კვირის ბოლოს გაიმართა და თქვენ უკვე იცით, უკვე მიდიან თუ არა ბრიტანელები სახლში!

რატი შელეგია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები