"ყველა მატჩში მოგებისთვის ვიბრძოლებთ" - კვირის პალიტრა

"ყველა მატჩში მოგებისთვის ვიბრძოლებთ"

მანუჩარ მარკოიშვილი საქართველოს ნაკრებს თითქმის სამწლიანი განშორების შემდეგ დაუბრუნდა. უნიჭიერეს კალათბურთელს, რომლის თამაშის შეფასებისას იტალიელი ჟურნალისტები ხშირად ხმარობენ ეპითეტებს "ფენომენური", "დიდი" და სხვ., ტრავმის გამო საკმაოდ დიდი დრო გაუცდა.

საბედნიეროდ, იტალიური "კანტუს" მოთამაშე ისევ ეროვნულ გუნდთან ერთად არის და თბილისის საერთაშორისო ტურნირზე საუკეთესო კალათბურთელის პრიზიც დაიმსახურა. ახლა საქართველოს საკალათბურთო ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისკენ მიმავალ გზას შეუდგება და ამ მარათონული გამოცდისას (2-დან 29 აგვისტომდე ნაკრებს რვა მატჩის გამართვა მოუწევს) ქომაგს მანუჩარ მარკოიშვილი განსაკუთრებით ეიმედება.

- ნაკრებს თითქმის სამწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდით.

- ძალიან მიხარია, რომ ისევ მომეცა შანსი, ჩემი ქვეყნის ღირსება დავიცვა. ეროვნული გუნდი ყოველთვის პირველ ადგილზეა ჩემთვის და ამჯერადაც ყველაფერს გავაკეთებ, რათა საერთო წარმატებაში ჩემი წვლილი შევიტანო.

- გაქართველებულ ამერიკელებს თუ არ ჩავთვლით, ნაკრებში ახალი არავინ დაგხვედრიათ. სამაგიეროდ, თქვენთვის მთავარი მწვრთნელია "ახალი". იგორ კოკოშკოვი წინამორბედებისგან რითი განსხვავდება?

- ყველა მოთამაშეს აპოვნინა საკუთარი  ადგილი მოედანზე, განსაკუთრებით - შარშანდელ სეზონში. მართლაც მაღალი დონის სპეციალისტია, მით უმეტეს, წინამორბედებთან შედარებით. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდაა და საქართველოს ნაკრები პირველია მისთვის მთავარი მწვრთნელის რანგში, გამოცდილებაც დიდი აქვს, განათლებაც და ზუსტად იცის, როდის რა უნდა შეცვალოს გუნდის თამაშში.

- უნგრეთსა და სლოვაკეთთან სამივე საკონტროლო მატჩი წააგეთ, თბილისის ტურნირზე კი რუმინეთსაც მოუგეთ, ბელორუსიასაც და უკრაინასაც. მოგება-წაგების გარდა, რა განსხვავება იყო სტუმრად და თბილისში ჩატარებულ შეხვედრებს შორის?

- საწყისი მატჩები პირდაპირ შეკრებიდან ჩასულებმა ჩავატარეთ. არც შეთამაშებული ვიყავით სათანადოდ და ოპტიმალურ ფორმამდეც ბევრი გვაკლდა. გარდა ამისა, უნგრელებსა და სლოვაკებთან მატჩებში მწვრთნელმა ყველა მოთამაშეს მისცა თავის გამოჩენის შესაძლებლობა. მთავარი შეთამაშება გახლდათ, შედეგი მეორეხარისხოვანი იყო. ახლა საჭიროა, აგვისტოს მატჩები ჩავატაროთ სათანადოდ.

- კარგია, თბილისის ტურნირზე სამივე მატჩი რომ მოიგეთ, მაგრამ საწყის სამ მეოთხედში დაწინაურების შემდეგ, ბოლო მეოთხედი სამივე შეხვედრაში რომ წააგეთ, ამაზე რას იტყვით? ძალა აღარ გეყოთ თუ გამარჯვება ირწმუნეთ ნაადრევად?

- ალბათ, ფიზიკური კონდიციების ბრალიც იყო და ფსიქოლოგიური მომენტიც - წინ რომ გავდიოდით, გუნდი წყნარდებოდა და... თუმცა, გარწმუნებთ, ოფიციალურ მატჩებში ასეთი რამ გამორიცხულია.

- თბილისის საერთაშორისო ტურნირის საუკეთესო მოთამაშე მანუჩარ მარკოიშვილი გახდა. ამაზე რას იტყვით?

- არაფერს. სიმართლე გითხრათ, ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ ჰქონია. საერთოდაც, ვცდილობ, ინდივიდუალურ ტიტულებს ყურადღება ნაკლებად მივაქციო. კალათბურთი გუნდური თამაშია და ამით ყველაფერია ნათქვამი.

- ნაკრების ახალწვეულებზე რას ფიქრობთ?

- ვისაც უნდა ჰკითხოთ, ამ ახალ მოთამაშეებს ყველა შემონდ უილიამსსა და ტაირონ ელისს ადარებს და ამბობენ, რომ მათი თამაშისას ნაკრებს შედეგი ჰქონდა. თუმცა, მერწმუნეთ, თუ ჩვენ ევროპის ჩემპიონატზე მოვხვდით, უილიამსი და ელისი აღარავის გაახსენდება და ყველა გრინსა და ჰოსლიზე ილაპარაკებს. ასე რომ, სხვებისგან განსხვავებით, ნატურალიზებულ მოთამაშეებს ერთმანეთს არ ვადარებ. ესენიც კარგი კალათბურთელები არიან, განსაკუთრებით - პატარა (ტორინ გრინი - ავტ.) ვფიქრობ, მეტი სათამაშო დრო სწორედ მას ექნება.

- ზოგიერთ ეპიზოდში ქუინტონ ჰოსლისაც ეტყობა, რომ კარგი მოთამაშეა, თუმცა, რაღაც შებოჭილი ჩანს მოედანზეც და მის მიღმაც.

- ჰოსლის არც ჰქონია ბევრი დრო სათამაშოდ. მწვრთნელი ცდილობდა, ეს ორი მოთამაშე ერთდროულად არ ყოფილიყო მოედანზე და თითქოს გრინს მეტად ენდობოდა. ასეა თუ ისე, მთავარია, ორივე ძალიან კარგი ბიჭია პროფესიულადაც და პიროვნულადაც, დანარჩენს კი დრო და კოკოშკოვი გამოაჩენს.

- კარგი, მაშინ "ჩვენებურ ახალწვეულზე" ვთქვათ, - თორნიკე შენგელიამ ჩინებული შთაბეჭდილება დატოვა.

- მოკლედ, იმდენი რამის შეფასებას მთხოვთ, თავი ექსპერტი მგონია (იცინის)... თორნიკეზე რა უნდა ვთქვა? ასე ახალგაზრდა ეროვნულ ნაკრებში თამაშობს და ამით ყველაფერია ნათქვამი. თუმცა სამუშაო კიდევ ძალიან ბევრი აქვს და დარწმუნებული ვარ, დიდი წარმატებაც ელის.

- დიდი ხანია, ევროპაში თამაშობთ და უამრავი თანაგუნდელიც გამოგიცვლიათ. შესაბამისად, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ჩვენი ნაკრების მეტოქეებზეც გექნებათ წარმოდგენა.

- ბევრი რამ ვიცი-მეთქი, რომ გითხრათ, არ იქნება მართალი. რამდენიმე პოლონელზე მაქვს წარმოდგენა იტალიის ჩემპიონატიდან. ერთი-ორი ბელგიელიც თამაშობდა, ეგაა და ეგ. მათ ნაკრებებზე კი მხოლოდ ზოგადი წარმოდგენა გვაქვს. თუმცა, იგორ კოკოშკოვი შეისწავლის მათ თამაშს და შესაბამის დავალებებსაც მივიღებთ.

- ორიოდე სიტყვა კლუბზეც ვთქვათ. ივნისის ბოლოს იტალიის "კანტუსთან" კონტრაქტი გააგრძელეთ, არადა, სხვა შემოთავაზებებიც გქონდათ.

- ასეა, მაგრამ "კანტუში" დარჩენა ვამჯობინე. გუნდთან კარგად ვარ შეწყობილი. თანაც, თანამდებობაზე მთავარი მწვრთნელიც დარჩა და ანდრეა ტრინკიერისაც ძალიან უნდოდა, არ წავსულიყავი.

- დასასრულ, რას ეტყვით ქართველ გულშემატკივარს, რომელიც მოუთმენლად ელოდა აგვისტოს მატჩებს და ნაკრებში თქვენს დაბრუნებასაც.

- დაპირებით მართლა ვერაფერს დავპირდები, გარდა ერთისა, - როცა კი მოედანზე იქნება, საქართველოს ნაკრები ყოველთვის მოგებისთვის იბრძოლებს. შედეგი კი აგვისტოს ბოლოს გვეცოდინება.