მარადონა ფანდარასტ?! - კვირის პალიტრა

მარადონა ფანდარასტ?!

დიეგო ნაკრებიდან დაითხოვეს

დიეგო მარადონას მძიმე დღეები უდგას. თითქოს ედუარდ კოკოითისთან შეხვედრა არ ეყოფოდა და რამდენიმე დღის წინ არგენტინის ნაკრებიდანაც მიაბრძანეს. ამ ორიდან რომელი უფრო დიდი უბედურებაა, თავად განსაჯეთ, თუმცა, "ედუარდ თვითგამოცხადებულთან" შეხვედრისას ლეგენდარული ფეხბურთელი სულაც არ ჩანდა დაღვრემილი. მეტიც, ის და კოკოითი ჯარის მეგობრებივით უღიმოდნენ ერთმანეთს და დიეგომ პირობაც კი მისცა, ცხინვალში აუცილებლად ჩამოვალო.

როგორც ჩანს, კოკოითის გვარმა მარადონას "ახალგაზრდობა" და "ერთი რამე" თეთრი ფხვნილი გაახსენა, ანდა, გერმანიასთან განადგურების შემდეგ ისევ დაუმეგობრდა იმ ფხვნილს, თორემ სრულ ჭკუაზე მყოფ კაცს კოკოითისთან შეხვედრის სურვილი როგორ უნდა გაგიჩნდეს?! თუმცა, რა გვიკვირს, დიეგოს ამაზე დიდი სისულელეც არაერთხელ ჩაუდენია.

ახლა - ფეხბურთზე. გასულ კვირას დიეგო მარადონა არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვეს. ლეგენდარული ფეხბურთელი ამბობდა, თუ გინდათ (და ვის უნდოდა, როო?!), მუშაობა გავაგრძელო, ჩემი შვიდივე თანაშემწე სამწვრთნელო შტაბში უნდა დატოვოთო, არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი ხულიო გრანდონა კი დიეგოს თანაშემწეებთან "განშორებას" სთხოვდა.

შედეგად, მიუხედავად იმისა, რომ არგენტინაში ჯერ კიდევ მრავლად იპოვით ისეთ ხალხს, ვინც ნაკრების მწვრთნელად მარადონას დატოვებას ითხოვდა (მათ შორისაა - ქვეყნის პრეზიდენტი კრისტინა ფერნანდესიც), არგენტინის ნაკრებს დროებით სერხიო ბატისტა უხელმძღვანელებს, სექტემბერში კი ხულიო გრანდონა ახალ თავკაცს დანიშნავს. ამ ეტაპზე ოთხი კანდიდატურა განიხილება: ალეხანდრო საბელა, კლაუდიო ბორხი, კარლოს ბიანკი და დიეგო სიმეონე.

დიეგოს რაღა? რაღა და, "გაფანდარასტების" შემდეგ, მარადონამ გუდას პირი მოხსნა და გრანდონასა და ნაკრების გენერალურ მენეჯერ კარლოს ბილარდოს სულ აფერისტები და მოღალატეები უძახა. "იმ დროს, როცა ყველანი გერმანიასთან მატჩის შედეგს ვგლოვობდით, ბილარდო უკვე ძირს მითხრიდა. ის და გრანდონა მეუბნებოდნენ, შენი მუშაობით კმაყოფილი ვართ და გვინდა, თანამდებობაზე დარჩეო. არადა, ამ დროს, უკვე მოხსნილი ვყოფილვარ", - განაცხადა მარადონამ.