"შალკემ" რაული წარადგინა - კვირის პალიტრა

"შალკემ" რაული წარადგინა

გასულ კვირას გელზენკირხენის "შალკემ" ოფიციალურად წარადგინა ახალწვეული, მადრიდის "რეალის" ლეგენდა - 33 წლის რაულ გონსალეს ბლანკო. კარიერა რაულმა "რეალში" დაიწყო და 16 წლის განმავლობაში სხვა კლუბისკენ არც გაუხედავს.

ის "სამეფო კლუბის" კაპიტანი, ლიდერი და სიმბოლო გახლდათ და არაერთხელ უთქვამს, რომ კარიერას სწორედ მადრიდში დაასრულებდა, თუმცა...

"რეალში" ჩემი ეპოქა დამთავრდა. ახლა ახალი - "შალკეს" ეპოქა იწყება", - განაცხადა ოფიციალურ პრეზენტაციაზე ესპანელმა თავდამსხმელმა. ბოლო ხანს ის იშვიათად ხვდებოდა "რეალის" ძირითად შემადგენლობაში, მას შემდეგ კი, რაც "სამეფო კლუბის" თავკაცად ჟოზე მოურინიო დაინიშნა, ცხადი გახდა, რომ ვეტერანი ფორვარდი სათადარიგოთა სკამისთვის იყო განწირული.

ამას თავად ფეხბურთელიც კარგად აცნობიერებდა და... "რეალი" ჩემი სახლია, მაგრამ მე თამაში მსურს!" - ასეთია მისი პოზიცია. ბევრი, ალბათ, გაოცდება, როცა ამ სიტყვებს წაიკითხავს, მაგრამ რაულის თქმით, მოურინიო მას დარჩენას სთხოვდა. "რამდენჯერმე შევხვდი და ყოველთვის მეუბნებოდა, ძალიან მჭირდები და მინდა, დარჩეო, - ამბობს თავდამსხმელი, - ბოლო შეხვედრის დროსაც მითხრა, მაგრამ იმ დროს გადაწყვეტილება უკვე მიღებული მქონდა. მე მხოლოდ ის მინდა, მუდმივად ვთამაშობდე, მოურინიოს კი ვერ ვეტყოდი, ყოველთვის უნდა მათამაშო-მეთქი, რადგან ასაკი აღარ მიწყობს ხელს. "რეალში" მართლაც გრანდიოზული წლები გავატარე და იმ პერიოდს არასდროს დავივიწყებ".

კარიერა კი მართლაც გრანდიოზული ჰქონდა: 228 ბურთი გაიტანა ესპანეთის ჩემპიონატის 550 მატჩში, 66-ჯერ ისახელა თავი ჩემპიონთა ლიგაზე, ექვსჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი, სამჯერ კი ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორი.

"შალკეს" "რეალისთვის" ფული არ გადაუხდია. სამაგიეროდ, ფეხბურთელი სოლიდურ ხელფასს - წელიწადში 6 მილიონ ევროს მიიღებს, რაც ბუნდესლიგისთვის რეკორდული ანაზღაურებაა.

ბევრს მიაჩნია, რომ "რეალი" უმადურად მოიქცა, როცა თავისი ლეგენდა სხვა კლუბისთვის გაიმეტა. ითამაშებდა თუ არა, ის კლუბში უნდა დაეტოვებინათ, ისევე, როგორც "მილანმა" დაიტოვა პაოლო მალდინი, - ასეთია ქომაგთა პოზიცია. შესაძლოა, არც გაეშვათ... თუმცა, ასეთი იყო რაულის გადაწყვეტილება. მას "სამუზეუმო ექსპონატობა" კი არა, თამაში სურს. ამიტომაც წავიდა და ამიერიდან 7-ნომრიან მაისურს ჩაიცვამს, ოღონდ - "გაზპრომის" თანხლებით.

დრო იყო, "რეალ მადრიდს" "რაულ მადრიდს" ეძახდნენ, ამიერიდან კი რაული და "გაზპრომი"...

ბედის ირონიაა, არა?