საფრანგეთი ჩემპიონია!
15-07-2018
საფრანგეთი ჩემპიონია!
მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური მატჩში საფრანგეთმა ხორვატიის დიდებული გუნდი დაამარცხა და ჩემპიონი გახდა.

ამ შეხვედრაში აბსოლუტურ ფავორიტად საფრანგეთი მიიჩნეოდა, რადგან უკეთაა დაკომპლექტებული, არა აქვს სუსტი რგოლი და ჩავარდნის გარეშე ჩაატარა მთელი ტურნირი. რაც შეეხება ხორვატიას, ფინალამდე მისაღწევად 3 ოვერტაიმის თამაში მოუწია და მართალია, ობიექტურად ვიზავიზე უფრო სუსტია, მაგრამ ერთ თამაშში ყველაფერი ხდება. თანაც, ამ გუნდს განსაკუთრებული ქარიზმა აქვს და საერთო სიმპათიები დაიმსახურა.

ფინალები უმეტესად ნაკლებადსანახაობრივი გამოდის ხოლმე და როგორც მოსალოდნელი იყო,
ეს შეხვედრაც გუნდებმა ფრთხილად დაიწყეს. ხორვატებმა კი შეუტიეს, მაგრამ ფრანგები მაგრად
დაუხვდნენ და მე-19 წუთზე მანძუკიჩის ავტოგოლით დაწინაურდნენ. ალოგიკურად. ფრანგებმა მათი კლასის გათვალისწინებით, სერიოზული საჩუქარი-ფორა მიიღეს. თუმცა, სლავებმა ამ ტურნირზე არაერთხელ შემოატრიალეს თამაში. და 28-ე წუთზე პერიშიჩმა გაათანაბრა ანგარიში. მერე ისევ გაუმართლათ გალებს, როდესაც იმავე
პერიშიჩს ბურთი ხელზე მოხვდა, მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა (ისე, შეეძლო არც დაენიშნა) და გრიზმანმა პენალტი გამოიყენა.

მოკლედ, დიდიე დეშამის გუნდს ფაქტიურად მომენტი არ შეუქმნია და 2 გოლი გაიტანა. ეს კლასში უპირატესობაა თუ ფორტუნას წყალობა? თავად განსაჯეთ.

შესვენების შემდეგ ხორვატებმა ისევ დაიწყეს იერიშის იერიშზე მიტანა და რებიჩს ლორისმა არ დაანება გოლის გატანა. 59-ე წუთზე კი პოგბამ დალაშქრა სუბაშიჩის კარი და ხორვატები უმძიმეს ვითარებაში აღმოჩდნენ. მერე მბაპემ მეოთხე გოლიც გაიტანა და ყველაფერი დასრულდა (სუბაშიჩს 20 მეტრიდან დარტყმული ბურთის აღება მართებდა). შემდეგ დიდად ნაქებმა ლორისმა უპატიებელი შეცდომა დაუშვა და მანძუკიჩმა ანგარიშში სხვაობა შეამცირა და 4:2.

რა თქმა უნდა, ხორვატების გულშემატკივრები გულდაწყვეტილნი დარჩნენ და მართლებიც არიან, რომ მათ მეტოქეს გაუმართლა, მაგრამ როგორც წესი, უძლიერესს უმართლებს ხოლმე.

კვირა. 15 ივლისი. მოსკოვი. "ლუჟნიკები". 78 011 მაყურებელი
საფრანგეთი - ხორვატია 4:2
გოლები: 1:0 მანძუკიჩი (19 საკ. კარში), 1:1 პერიშიჩი (28), 2:1 გრიზმანი (38, პენ), 3:1 პოგბა (59), 4:1 მბაპე (65), 4:2 მანძუკიჩი (69)

საფრანგეთი: ლორისი, პავარი, ვარანი, უმტიტი, ერნანდესი, კანტე (ნზონზი 55), პოგბა, მატიუიდი (ტოლისო 73), მბაპე, ჟირუ (ფეკირი 81), გრიზმანი

ხორვატია: სუბაშიჩი, ვრსალკო, ვიდა, ლოვრენი, სტრინიჩი (პიაცა 82), რაკიტიჩი, ბროზოვიჩი, მოდრიჩი, რებიჩი (კრამარიჩი 71), პერიშიჩი, მანძუკიჩი


sportal.ge


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით