"დინამოც" ბაიო, ბაიო - კვირის პალიტრა

"დინამოც" ბაიო, ბაიო

სლოვაკებმა ბოლოს გა(მო)გვთიშეს

"დინამო" 1:2 "დუნაისკა სტრედა"

თბილისის "დინამო" 86-ე წუთამდე უგებდა "დუნაისკა სტრედას" ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩს, დარჩენილ დროში კი ბაიომ ორი გოლი გაგვიტანა და... ბაი(ო), ბაი(ო), ევროპა ლიგა!

არადა, სლოვაკეთში ნათამაშები 1:1-ის შემდეგ, იმედიანად ვიყავით. თბილისურ კლუბს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ნულოვანი ფრეც აძლევდა ხელს, მაგრამ მასპინძლებმა თამაში აქტიურად დაიწყეს და 41-ე წუთზე დავწინაურდით კიდეც: ნინუას ჩაწოდებულს ბუდუ ზივზივაძის ჩინებული თავური დარტყმა მოჰყვა - 1:0. სხვათა შორის, ორმატჩიან დუელში გოლები მხოლოდ ბუდუმ და ბაიომ გაიტანეს. თუმცა ზივზივაძემ მხოლოდ ორი, კოტ-დ,ივუარელმა ფორვარდმა - ერთით მეტი.

ასეა, ვაკუნ ისუფ ბაიო ჯერ 21 წლის არის, თბილისის "დინამოს" კარში კი უკვე სამი გოლის გატანა მოასწრო.

ქართული კლუბების კარში გოლები რა გასაკვირია, მაგრამ... მართლაც დასანანი წაგება იყო. წაგება, რომელიც "დინამომ" ბაიოს თავს კი არა (ორივე ბურთი თავით გაგვიტანა), თავის თავს უნდა დააბრალოს!

ვიცით, რომ ეს "დინამო" ახალგაზრდული და გამოუცდელი გუნდია (შემადგენლობას სეზონურად თუ შეცვლი, ფეხბურთელებს კი მხოლოდ გაყიდი, სულ "ახალგაზრდული არ იქნება?!), ახალბედებს შეთამაშება აკლიათ, მაგრამ... ახალგაზრდამ და გამოუცდელმაც უნდა იცოდეს, რომ ბოლო წუთებზე კონცენტრაციის დაკარგვა თამაშის დაკარგვას ნიშნავს. მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე კახა კაჭარავას ნათქვამი კი, გუნდი დაიღალა და დასვენებული ფეხბურთელები შემოვიყვანეო, ცოტა არ იყოს, ალოგიკურია: თუ შეატყო, რომ მისი გამოუცდელი ფეხბურთელები მართლაც დაიღალნენ, არ ჯობდა, "დინამოს" თავკაცს უფრო ადრე გამოეყენებინა სრულად ცვლილებები?! თუმცა ვაწაძე მხოლოდ 74-ე წუთზე გამოჩნდა მოედანზე, ივანიშვილი 88-ზე,"შავი ღრუბლები დინამოელთა თავზე -კი მეორე ტაიმის მეორე ნახევრიდან...

მიზეზი? "დინამომ" საფინალო სასტვენამდე კარგა ხნით ადრე დაიწყო ანგარიშის შენარჩუნებასა და მომავალ მეტოქეზე ფიქრი, საბოლოოდ კი ჩვენების დაცვასაც "დაეძინა", მეკარესაც და მინსკელი სეხნიების ნაცვლად (მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე "დუნაისკა სტრედას" მინსკის "დინამო" ელის), კაჭარავას გუნდი ამიერიდან ისევ ფოთსა და ბოლნისზე თუ იფიქრებს...

საშუალოზე დაბალი კლასის სლოვაკურმა კლუბმა ""დინამო" ბოლო წუთებზე "გათიშა", "მიაძინა" და... ბოლო წუთებზე ამიტომაც ვნახეთ იუსუფის ბაი(ო)რამობა!

"მუდამ მზიანშიც" სიბნელეა

"ტობოლი" 2:0 "სამტრედია"

სამტრედია "მუდამ მზიანი" ქალაქი კია, მაგრამ... იქაურ ფეხბურთს "ნათელი" ჯერაც ვერ მოეფინა... სამტრედიული კლუბი ეროვნულ ჩემპიონატშიც ცხრილის ბოლო ადგილზეა და ევროპა ლიგასაც პირველივე ეტაპიდან უგოლოდ გამოეთიშა. გია ცეცაძის გუნდმა პირველი მატჩი მეტად დასანანად, 94-ე წუთზე წააგო კუსტანაის "ტობოლთან" და მოგების გარდა, ყაზახეთში სხვა შედეგი აღარ აწყობდა.

ჩვენდა სამწუხაროდ, მასპინძლებმა მალევე გაგვიტანეს: ტურისბეკმა ანგარიში მე-12 წუთზე გახსნა ნიკა კვეკვესკირის პასით! შეგახსენებთ, ""ტობოლში"" კიდევ ერთი ქართველი ეროვნული ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავაც თამაშობს. უპირატესობა გოლის შემდეგაც ყაზახებისა იყო, მეორე ტაიმში მეორედაც გაგვიტანეს და 2007 წლის შემდეგ პირველად გააღწიეს ევროთასის მეორე რაუნდში.

ჩვენ სად "გავაღწიეთ"? პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ხომ ყოველ წელს ვთამაშობთ და... მეტის არც თავი გვაქვს და არც ამბიცია...

ჩვენთვის ყველა "შერიფი" და "ვიკინგია"

"შერიფი" 3:0 "ტორპედო"

ჩემპიონთა ლიგას ევროპა ლიგაზე ერთი დღით ადრე დავემშვიდობეთ: საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა "ტორპედომ", ქუთაისში მოგებული 2:1-ის შემდეგ, ტირასპოლში უშანსოდ წააგო ადგილობრივ "შერიფთან" და ახალი წესების თანახმად, მანაც ევროპა ლიგაზე გადაინაცვლა, სადაც ფარერულ "ვიკინგურს" შეხვდება.

ქუთაისური კლუბის გამარჯვებამ პირველ ტურშიც სასიამოვნოდ გაგვაკვირვა. დავწერე კიდეც ქუთაისმა ალჰაჯებს აჯობა-მეთქი (ალჰაჯი კამარა "შერიფის" სიერალეონელი ფორვარდია). მაგრამ განმეორებით მატჩში ყველაფერი თავის ადგილას დადგა: წყვილის ფავორიტმა "შერიფმა" ასპარეზობა ჩემპიონთა ლიგის შესარჩევში გააგრძელა, "ტორპედომ" მშობლიურ ჩემპიონატში. ალჰაჯმა ვერც ამჯერად გაგვიტანა. სამაგიეროდ, ტირასპოლელთა სხვა ლეგიონერებმა ააწიოკეს კვასხვაძის კარი: მასპინძელთა შავტუხა ბელგიელმა შემტევმა ბადიბანგამ მე-9 წუთზე გაიტანა, ბრაზილიელმა ჯოალისონმა მე-40 და 55-ე წუთებზე. სტუმრებისგან განსხვავებით, მასპინძლებს გოლის გატანის სხვა შანსებიც ჰქონდათ. აი, კახა ჩხეტიანის ფეხბურთელებმა თავი ბევრი ვერაფრით დაგვამახსოვრეს. თუმცა, როგორ არა 30-ე წუთზე, მეკარესთან პირისპირ გასული კუტალია მასპინძელთა მცველმა მოცელა, თუმცა, მსაჯმა დარღვევა ვერ დაინახა და პენალტი არ დანიშნა. ათიოდ წუთში კი ჯოალისონმა მეორე გოლი გაგვიტანა....

რა მოხდებოდა, ანგარიში რომ გაგვეთანაბრებინა? არავინ იცის. თუმცა, იმაში ყველა დავრწმუნდით, რომ ევროთასების მეორე ეტაპზე არც ამ "ტორპედოს" ადგილი იყო, და არც  - "სამტრედიასი". რაც შეეხება "დინამოს", საკამათო თემაა. ყველაფერი საკამათოა იმის გარდა, რომ "დინამომ" წაგება, პირველ რიგში, საკუთარ თავსა და შეცდომებს უნდა დააბრალოს! და ვინ დაგვრჩა?

ჩიხ-ურაააა!

ბეითარი" 1:2 "ჩიხურა" ტკბილი (ერთადერთი) ლუკმა ბოლოსთვის მოვიტოვეთ. "ჩიხურა, რომელიც ჩიხის ბოლოს მბჟუტავ ერთადერთ იმედადღა შემორჩა ქართულ ფეხბურთს.

თბილისში (საჩხერის კლუბია, მაგრამ ისევე, როგორც "სამტრედია, საშინაო მატჩებს ისიც დედაქალაქში მართავს) ნათამაშები 0:0-ის შემდეგ, სოსო ფრუიძის გუნდმა იერუსალიმში დაამარცხა "ბეითარი" და ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა. გავიდა და ახლა, სლოვენიურ "მარიბორთან" მოუწევს საქმის დაჭერა.

იერუსალიმის "ტედი მალჩას" სტადიონზე გამართული შეხვედრა მასპინძელთა მცირე უპირატესობით დაიწყო, თუმცა, ანგარიში მეორე ნახევრის შუაწელამდე არ გახსნილა: 62-ე წუთზე, ვერედის საჯარიმო დარტყმამ "ბეითარი" დააწინაურა.

გაშვებული ბურთის შემდეგ, ფრუიძემ ორმაგი შეცვლით სცადა მატჩში გარდატეხის შეტანა და გარდატეხა კიდეც, თანაც ორჯერ! 72-ე წუთზე, მოედანზე ორიოდ წუთის შესულმა კაკუბავამ შორეული დარტყმით გაათანაბრა, ათ წუთში კი "ჩიხურამ" პენალტიც გაიტანა და როგორც უკვე გითხარით, მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე "მარიბორს" შეეჭიდება...

P.S. საჩხერელებმა კი გაგვახარეს, მაგრამ მთლიანობაში, გასულმა კვირამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ არც გაზაფხული-შემოდგომის სისტემაზე გადასვლამ გვიშველა (ან რას გვიშველიდა?!).

რა გაზაფხული? - ქართული ფეხბურთისთვის სულ ზამთარი, სიბნელე და სიცივეა...

რატი შელეგია