ქართული სპორტი წლის მთავარი მოვლენისა და გამოცდისთვის ემზადება
ქართული სპორტი წლის მთავარი მოვლენისა და გამოცდისთვის ემზადება
მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატიც დამთავრდა და ევროთასებზე ჩვენი კლუბებისა და ქომაგის "წვალებაც" (იმედია, ნამუსს საჩხერის "ჩიხურა" და ჩემპიონთა ლიგიდან ევროპა-ლიგაზე გადართული "ტორპედო" მაინც მოგვწმენდენ. რ.შ.), ქართული სპორტი კი წლის მთავარი მოვლენისა და გამოცდისთვის ემზადება - 23 სექტემბრიდან 6 ოქტომბრამდე ბათუმი მსოფლიოს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადას უმასპინძლებს! მსგავსი მასშტაბის ტურნირი ჩვენს ქვეყანაში არასდროს გამართულა - აჭარის მთავარ ქალაქს 189 ქვეყნის დელეგაცია და 4 ათასზე მეტი სტუმარი ეწვევა. ოლიმპიადის პარალელურად, ბათუმში ფიდეს კონგრესი და
ორგანიზაციის პრეზიდენტის არჩევნებიც გაიმართება. პრეტენდენტი სამია: ფიდეს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გეორგიოს მაკროპულოსი, ცნობილი ინგლისელი მოჭადრაკე ნაიჯელ შორტი და მსოფლიოს 2018 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის თავკაცი არკადი დვორკოვიჩი. ევროპის საჭადრაკო კავშირის მოქმედ (და მომავალ) პრეზიდენტ ზურაბ აზმაიფარაშვილს (აზმაიფარაშვილი პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატია ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტის
არჩევნებში, რომელსაც ასევე ბათუმი უმასპინძლებს. - რ.შ.) მომავალ საჭადრაკო ოლიმპიადასა და არჩევნებზე ველაპარაკეთ:

- ივლისის დამდეგს საბოლოოდ გადაწყდა, რომ ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტის არჩევნებში კონკურენტები არ მყავს. ეს მოულოდნელი არ ყოფილა, თუმცა მაინც ვფიქრობდი, რომ გარკვეული ჯგუფები, რომლებიც ფიდეს პრეზიდენტობისთვის იბრძვიან (სამივე კანდიდატი ევროპის წარმომადგენელია), ევროპის საჭადრაკო კავშირშიც გამოიყვანდნენ თავიანთ "ფალავანს". მაკროპულოსს დიდი ხანია ვიცნობ, ბევრჯერ გვიკამათია კიდეც, მაგრამ ერთმანეთს დიდ პატივს ვცემთ და საჭადრაკო პოლიტიკაშიც მსგავსი შეხედულებები გვაქვს. ამიტომაც მაკროპულოსი ჩემს წინააღმდეგ არავის გამოიყვანდა, მაგრამ ვფიქრობდი, რომ შორტი ან დვორკოვიჩი (რომელმაც ივნისის ბოლოს ჩაანაცვლა კირსან ილუმჟინოვი) ევროპის კავშირშიც შეეცდებოდნენ კონკურენციის გაწევას. მცდელობები იყო კიდეც, მაგრამ მერე რა მოხდა, ვერ გეტყვით...

- მიხვდნენ, რომ ბრძოლას აზრი არ ჰქონდა?
- ჩვენი გუნდის ოთხწლიანი საქმიანობის შემდეგ ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი მიხვდებოდა, რომ კონკურენცია ბევრს არაფერს მისცემდა იმის გარდა, რომ მოწინააღმდეგე მხარედ დაფიქსირდებოდნენ...

მიხარია, რომ პრეზიდენტობის სურვილი არავინ გამოთქვა, რადგან არჩევნები ერთგვარად პოლიტიკური "ვაჭრობაც" არის, რაღაცის დათმობაც და ახლა უკვე ნამდვილად ვიცი, რომ ფიდეს არჩევნებში კომპრომისებზე, ჩემი პრინციპების წინააღმდეგ წასვლა არ დამჭირდება!
აუცილებელია, ფიდეს პრეზიდენტის არჩევნები გამჭვირვალე იყოს. მხარე არ ვიქნები, მაგრამ როგორც ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი, ყველაფერს გავაკეთებ სიმართლის დასაცავად.

- "მხარე" არ იქნებით, მაგრამ ცხადია, რომ თქვენი სიმპათია გეორგიოს მაკროპულოსის მხარეს იქნება.
- ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტობასთან ერთად, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის დელეგატიც ვარ და არჩევნებში საქართველოს წარმოვადგენ. მიხარია, რომ ჩვენი აზრები დაემთხვა - საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა ოფიციალურად დაუჭირა მხარი გეორგიოს მაკროპულოსს და დისკომფორტი აღარ შემქმნია.

- მაკროპულოსის კონკურენტებზე რას იტყვით?
- ნაიჯელ შორტი ასპარეზზე რამდენიმე თვის წინ, მაშინ გამოჩნდა, როცა პრეზიდენტობის რეალურ კანდიდატებად ყველას კირსან ილუმჟინოვი და გეორგიოს მაკროპულოსი წარმოედგინა. შორტმა გარკვეული ნიშის დაკავება გადაწყვიტა და დაიწყო მტკი­ცება, შეუძლებელია, ორი ძველი მეგობარი ასე გადაეკიდოს ერთმანეთს, არც ერთი ვარგა და არც მეორე, მსოფლიომ "მესამე ძალა" უნდა აირჩიოსო! თავისი კანდიდატურის დასახელების შემდეგ მაკროპულოსმა თავის გუნდში ერთ-ერთ მთავარი როლი ინგლისელ მალკოლმ პეინს მისცა. პეინი ცნობილი საჭადრაკო მოღვაწეა, არაერთი ტურნირის ორგანიზატორი და "ტელეგრაფში" გამოქვეყნებული უამრავი სტატიის ავტორიც. ამ ნაბიჯით მაკროპულოსმა განაცხადი გააკეთა, რომ ფიდე გარკვეულწილად "შიგნიდან""შეიცვლება და ამაში პეინს არცთუ უმნიშვნელო როლი ექნება. ეს გასაგები გზავნილი უნდა ყოფილიყო შორტისთვისაც - ის, როგორც კარგი მოჭადრაკე, წინასწარ უნდა თვლიდეს რამდენიმე სვლას. ამიტომაც გაუგებარია, რას ემსახურებოდა ნაიჯელის ეს ნაბიჯი.

- ალბათ, რაღაცას ან ვიღაცას "ემსახურებოდა", თორემ თავადაც უნდა ხვდებოდეს, რომ მაკროპულოსსა და დვორკოვიჩს წინააღმდეგობას ვერ გაუწევს.
- ცხადია, ნაიჯელი ხვდება, რომ ამ არჩევნებში მისი გამარჯვების შანსი, პრაქტიკულად, ნულის ტოლია. ფიდეში ხმის უფლებით 188 ქვეყანაა და წარმოუდგენლად მეჩვენება, შორტმა არჩევნებში 20-25 ხმაზე მეტი მიიღოს. ალბათ, ეს გარკვეული წრეების სვლაა, რომელთაც სავაჭროდ გამოიყენებენ. ჩვენთვის მოულოდნელი არც ილუმჟინოვის დვორკოვიჩით ჩანაცვლება ყოფილა. რუსეთშიც მიხვდნენ, რომ კირსან ილუმჟინოვი არ იყო ის "ბანქო", რომლითაც ამ არჩევნებს მოიგებდნენ. ილუმჟინოვის გამო ფიდე ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, ამიტომაც ვერც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი და ვერც მსოფლიო მის კანდიდატურას მხარს ვერ დაუჭერდა. მისი მოღვაწეობის გაგრძელების შემთხვევაში ვიქნებოდით რეალური საფრთხის წინაშე, რომ ოლიმპიურ კომიტეტს, რომელსაც აღიარებული ჰქონდა ჭადრაკი სპორტის სახეობად, გადაეხედა თავისი გადაწყვეტილებისთვის! რუსებმა ეს კარგად იცოდნენ და გადაწყვიტეს ბრძოლაში დვორკოვიჩი ჩაერთოთ.

- დვორკოვიჩი 2018 წლის მუნდიალის ორგკომიტეტის თავმჯდომარე იყო და რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებული პირია. რამდენად იმოქმედებს ეს ფაქტი ფიდეს პრეზიდენტის არჩევნებზე?
- მიუხედავად რუსეთისადმი ჩვენი დამოკიდებულებისა, უნდა ვთქვათ, რომ ქოლგებთან დაკავშირებულ ბოლო ინციდენტს თუ არ ჩავთვლით, მსოფლიო ჩემპიონატი მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული. თავად დვორკოვიჩი შედარებით უცნობია საჭადრაკო სამყაროსთვის, მაგრამ მთლად უცხოც არ არის: მამამისი კასპაროვის გუნდში ადმინისტრატორის ფუნქციას ასრულებდა, იყო საერთაშორისო არბიტრი და ბავშვობიდან იზრდებოდა ისეთ გარემოში, ჭადრაკი რომ ჰყვარებოდა. მას შემდეგ, რაც დვორკოვიჩმა ვეღარ განაგრძო მუშაობა რუსეთის მთავრობაში ვიცე-პრემიერად, მისი ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციაში "გადასროლა" გადაწყვიტეს. ბუქარესტში, ფიდეს საპრეზიდენტო საბჭოს დროს, დვორკოვიჩიც მაკროპულოსთან რიგ საკითხებზე მოსალაპარაკებლად ჩამოვიდა და მეც მომეცა მასთან პირისპირ შეხვედრის შესაძლებლობა. უპირველესად დაინტერესდა, მიიღებთ ჩემს მოპატიჟებას და ჩამოხვალთ მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალსა და ფინალზეო? მესამე მხარემ კი გადმომცა მოწვევა, მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ ჩემთან დასაკავშირებლად მედიატორები არავის სჭირდება-მეთქი, თანაც, იმის მიუხედავად, რომ მჯერა, გულწრფელად მიმიწვიეთ, მაინც ვერ ჩამოვალ, რადგან არჩევნებში ვართ ჩაბმული და შესაძლოა ჩემი სტუმრობა სხვაგვარად იქნეს აღქმული-მეთქი.

- ასე გვიან რატომ ჩაება საპრეზიდენტო ბრძოლაში.
- მეც დავინტერესდი, თუნდაც რამდენიმე თვის წინ მაინც რატომ არ დასახელდა მისი კანდიდატურა? ჯერ კიდევ დეკემბერში მივმართე რუსეთის მთავრობას, რათა ჩემი პოზიცია გარკვეულიყო, მაგრამ პასუხი მაისამდე ვერ მივიღეო... პრეზიდენტობის გარდა, არსებობს ბევრი სხვა თანამდებობა, სადაც შეგიძლიათ თავი ისახელოთ და მომავალი მოიმზადოთ, ამაზე მაკროპულოსიც ხომ გელაპარაკათ-მეთქი, მაგრამ დვორკოვიჩს მხოლოდ პრეზიდენტის პოზიცია აინტერესებს! აშკარაა, რომ არ არის მარტო ამ ბრძოლაში.

რამდენიმე დღის წინ კრემლში გამართულ გაფართოებულ შეხვედრაზე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ჩააბარეს პატაკი იმის შესახებ, როგორ ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატი. შეხვედრის ბოლოს პუტინმა დვორკოვიჩს უთხრა, დარწმუნებული ვარ, ასევე კარგად უხელმძღვანელებთ ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციას, წარმატებას გისურვებთო! ასეთი აშკარა გზავნილები პუტინისგან სხვა არაფერია, თუ არა სპორტული ორგანიზაციის საარჩევნო პროცესში პირდაპირი ჩარევა! თუმცა არსებობს ეთიკური ნორმები, ფიდემაც შეიმუშავა კომისია, რომელმაც უნდა უზრუნველყოს გამართული და გამჭვირვალე არჩევნები.

- ფიქრობთ, რომ რუსეთი "ეთიკური ნორმების დარღვევას" მოერიდება?
- ამის ილუზია არავის აქვს, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ რუსეთის გუნდს პირველად მისცეს დისკვალიფიკაცია ზამთრის თამაშებზე, მსოფლიო აღარ ხუჭავს თვალებს იმაზე, რაზეც წინათ ხუჭავდა! რუსეთი ცდილობს დიდი ფულის წყალობით მოიპოვოს გავლენა საერთაშორისო ორგანიზაციაზე, მაკროპულოსი კი საპირისპირო მოწოდებით გამოდის - "ღირსება ფულზე მაღლა"! ვერც შევადარებ კანდიდატების ბიუჯეტს, შორტი და მაკროპულოსი არ ფლობენ იმდენ რესურსს, რამდენსაც დვორკოვიჩი, მაგრამ ამის მიუხედავად, ფავორიტად მაინც მაკროპულოსი მიმაჩნია და იმედია, სამართლიან არჩევნებში ის გაიმარჯვებს. საქართველომ, როგორც ამ არჩევნების მასპინძელმა, ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა არავინ თქვას, რომ ჩვენს ტერიტორიაზე რაიმე სახის გარიგება დაიდო.

- ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტის პოსტზე კონკურენტი არ გყავთ და შეგიძლიათ მთელი დრო საჭადრაკო ოლიმპიადისთვის მოსამზადებელ საკითხებს დაუთმოთ.
- იყო მცირე შეფერხებები, თუმცა მუშაობა გრძელდება და იმედია, ყველას, დამკვეთი იქნება თუ შემსრულებელი, კარგად აქვს გათავისებული, რომ საქმე ქვეყნის პრესტიჟს ეხება. სტუმრების მაღალ დონეზე მასპინძლობა არასდროს გვეშლებოდა და იმედია, ამას ამჯერადაც ძალიან კარგად მოვახერხებთ. შეცდომებისა და ხარვეზებისგან დაზღვეული არავინ არის, შესაძლოა რაღაც პრობლემები იყოს, მაგრამ მთავარია, ეს სტუმრებმა არ იგრძნონ! სარეგისტრაციო პროცესი მიმდინარეობს, თანდათან სულ უფრო მეტი მონაწილე აზუსტებს ჩამოსვლის თარიღებსა და აეროპორტებს. ოლიმპიადის სტუმრებსა და დელეგაციებს სამი აეროპორტი მოემსახურება და ეს ლოჯისტიკურად გვირთულებს საქმეს. უფრო სწორად, თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტების გარდა, ტრაბზონის აეროპორტსაც გამოვიყენებთ და აუცილებელი იქნება თურქეთის სახელმწიფოსთან კომუნიკაციაც, რათა სარფის საბაჟოზე პრობლემები არ შეიქმნას. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა სტუმრებს კარგი კვება, საცხოვრებელი და სათამაშო პირობები ჰქონდეთ.

ოთხი წელიწადია, "ბათუმი-2018"-ის საორგანიზაციო კომიტეტი წარმატებით მუშაობს. მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ყველა მის თანამშრომელს, ასევე, იმ ადამიანებს სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურებიდან, რომლებიც საჭადრაკო ოლიმპიადისთვის მზადებაში მონაწილეობენ.

- როგორ ემზადებიან ქართველი მოჭადრაკეები, რამდენი მონაწილე გვეყოლება ოლიმპიადაზე.
- მონაწილეთა რაოდენობა ჭადრაკის ფედერაციის გამგეობის სხდომაზე გადაწყდება (ინტერვიუ სხდომამდეა ჩაწერილი. - რ.შ.). თუმცა ამჟამინდელი მოცემულობით ნამდვილად შეგვიძლია ქალთა და ვაჟთა 2-2 გუნდის გამოყვანა. ფიდე მესამე გუნდის გამოყვანის უფლებასაც იძლევა. ვეცდებით, ეს შანსიც გამოვიყენოთ და ახალგაზრდა მოჭადრაკეებს მივცეთ შესაძლებლობა არა მხოლოდ ითამაშონ, უდიდესი სპორტული ფორუმის "სამზარეულოც" გაიცნონ... რაც შეეხება პირველ გუნდებს, ვაჟებს ნამატი აქვთ - ცნობილი ბულგარელი მოჭადრაკე ჩეპარინოვი საქართველოს სახელით ითამაშებს. ადგილობრივი ფუნქციონერების დარღვევების გამო ბულგარეთი გარიცხულია ფიდედან და ევროპის საჭადრაკო კავშირიდან და მოჭადრაკეები რომ არ დაზარალდნენ, ფიდემ მათთვის მსგავსი პრეცედენტები დაუშვა. შედეგად, ჩეპარინოვი ოლიმპიადაზე საქართველოს სახელით ითამაშებს, რაც ნამდვილად გააძლიერებს ჩვენს ვაჟთა ნაკრებს და მისცემს შესაძლებლობას, რეალურად იბრძოლოს ათეულში მოსახვედრად.

- მეტს ველით ქალთა ნაკრებისგან.
- საქართველოს ქალთა ნაკრები ყოველთვის იბრძვის საუკეთესოთა სამეულში მოსახვედრად და ასე იქნება ამჯერადაც. წარმატებას ვუსურვებ მათაც და იმ მოჭადრაკეებსაც, ვინც ოლიმპიადაზე გამოცდილების მისაღებად ითამაშებენ.

რატი შელეგია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები