მთელი ჰამბურგ(ერ)ი ნიკასთვის - კვირის პალიტრა

მთელი ჰამბურგ(ერ)ი ნიკასთვის

ნიკოლოზ ბასილაშვილი პირველი ქართველია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ვინც ATP-ს (პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაცია) ტურნირი მოიგო! მან ჰამბურგის ტურნირის ფინალში მოქმედი ჩემპიონი, არგენტინელი ლეონარდო მაიერი დაამარცხა (6:4, 0:6, 7:5) და პირველად გახდა ATP-ს ტურნირის გამარჯვებული. ჰამბურგის ღია პირველობა 1892 წელს დაარსდა და დღემდე უაღრესად პრესტიჟული ტურნირია, რომელიც სხვადასხვა დროს მოუგიათ როჯერ ფედერერს, რაფაელ ნადალს და სხვ. ნიკას გამარჯვება ორმაგად დასაფასებელია იმის გათვალისწინებით, რომ 500-იან ტურნირში საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთო და ფინალის ჩათვლით, შვიდი დაძაბული შეხვედრის მოგება დასჭირდა. დაუფასდა კიდეც - გამოიმუშავა 349 200 ევრო და ზემოთ ხსენებული 500 სარეიტინგო ქულა, რისი წყალობითაც მსოფლიო რეიტინგში 46-საფეხურიანი "ნახტომი" გააკეთა და ქართველთათვის სარეკორდო - 35-ე პოზიციაზე დამკვიდრდა! ჰამბურგიდან ნიკამ მალევე გადაინაცვლა ავსტრიაში, თუმცა კიცბუელის ტურნირზე პირველივე წრეში დამარცხდა და აშშ-ის ღია პირველობის დაწყებამდე მხოლოდ უინსტონ სალემში (18-25 აგვისტო) იასპარეზებს. ისტორიული გამარჯვების შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილს ქართულ მედიასთან არ ულაპარაკია. "კვირის პალიტრა" პირველია:

- მადლობა მოლოცვისთვის. ATP-ს 500-იანი ტურნირის მოგება ერთგვარი სტატუსია, რომელიც ჯერაც მიუღწეველ შედეგად რჩება ბევრი კარგი ჩოგბურთელისთვის. თუმცა ამ წარმატებით დაკმაყოფილებას და "გამარჯვებით ტკბობას არ ვაპირებ. უკვე ავსტრიაში ვარ და ახალ ასპარეზობაზე გადავერთვები (ინტერვიუ კიცბუელის ტურნირის დაწყებამდეა ჩაწერილი. - რ.შ.).

- ჰამბურგის ტურნირის ჩემპიონობამდე საკვალიფიკაციო ეტაპიდან მიხვედი, რაც ასეთი რანგის ტურნირებზე იშვიათად ხდება... - მართლაც იშვიათია, ATP-ს ტურნირი, მით უმეტეს - 500-იანი, საკვალიფიკაციო ეტაპის მონაწილემ მოიგოს. თუმცა ბოლო თვეების განმავლობაში ჩემს ახალ გუნდთან ერთად კარგად მოვემზადე და ჰამბურგის ტურნირს ჩინებული კონდიციით შევხვდი. სხვათა შორის, უიმბლდონისთვისაც კარგად ვიყავი მომზადებული, მაგრამ... იყო მომენტები, რომლებიც ლონდონის კორტზე სათანადოდ ვერ გამოვიყენე (უპირველესად, ალბათ, ფსიქოლოგიური გაუწონასწორებლობის გამო). წლის განმავლობაში უამრავი ტურნირია და სხვაგვარად რთულია ყველა მათგანზე სრულად კონცენტრირება. მთავარ ამოცანადაც სწორედ ეს დავისახეთ - მაქსიმალურად სტაბილურად შემენარჩუნებინა როგორც ფიზიკური კონდიცია, ისე ფსიქოლოგიური განწყობაც. ერთი ტურნირის განმავლობაში შვიდი მატჩის მოგება (რაც მინიმუმ 14 სეტს ნიშნავს) არ არის იოლი საქმე. თუმცა სწორი მუშაობით ესეც შევძელით და მთელი გუნდი კმაყოფილი ვართ. დასახულ გეგმას მივყვებით და იმედია, მომავალშიც კარგი შედეგები გვექნება.

- ჰამბურგში ისიც დადასტურდა, რომ თიხნარი შენი ერთ-ერთი საყვარელი საფარია!

- გეთანხმები, ჩემი თამაშის სტილს თიხის საფარი ყველაზე მეტად"უხდება.

- დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ქართველი ხარ, ვინც  ATP-ს ტურნირის მოგება მოახერხა... - სიმართლე გითხრათ, მეგონა, ჩემპიონობა უფრო გამიკვირდებოდა და გამიხარდებოდა... როგორც ჩანს, ბოლო თვეების განმავლობაში განვლილმა მზადებამ, დახარჯულმა ენერგიამ და ახალმა გუნდმა მენტალურადაც მომამზადა ასეთი დონის ტურნირის მოსაგებად.

- ეს ნიშნავს, რომ 500-იანი ტურნირის მოსაგებად მენტალურადაც მზად ყოფილხარ! არადა, ჩემპიონობა ისე თავდაჭერილად აღნიშნე, მოულოდნელობით გამოწვეულ დაბნეულობას მივაწერეთ. - რა გასაკვირია, 500-იანი ATP-ს მოგებას მოულოდნელობის ელფერი ჩემთვისაც რომ დაჰკრავდეს, მაგრამ როგორც გითხარით, ჩემპიონობას მშვიდად შევხვდი. აი, ფინალის დროს კი ძალიან დაძაბული ვიყავი... ჩემთვის ეს ამ რანგის პირველი ფინალი იყო, ლეონარდო მაიერს კი ორჯერ აქვს მოგებული ჰამბურგის პირველობა, მოქმედი ჩემპიონის რანგში მეთამაშა და უფრო გამოცდილ მეტოქესთან შეხვედრაში გამიჭირდა თავისუფლად თამაში. ფინალური შეხვედრისას დაძაბულობა ყველასთვის ბუნებრივია და უპირატესობა მას რჩება, ვინც უკეთ გაართმევს თავს წნეხს! მაიერმა ტურნირზე საუკეთესო თამაში სწორედ ფინალში აჩვენა, მაგრამ მგონი, წნეხს მეც კარგად გავუმკლავდი - მოთმინება გამოვიჩინე და სასურველ შედეგს მივაღწიე, არ ვიქნები ობიექტური, აშკარაა, სწორი ტაქტიკით ვითამაშე.

- ფინალის შემდეგ რომ თქვი, კარგად არა, მაგრამ ჭკვიანურად ვითამაშეო, მეორე სეტის დათმობას გულისხმობდი? - მეორე სეტი ფინალშიც "მშრალად" წავაგე და ნახევარფინალშიც... ამას გადაღლილობას ვაბრალებ. თანაც მეორე სეტში ჩემი პირველივე მოწოდებები დავთმე იარისთანაც და მაიერთანაც, მობილიზება ვეღარ მოვახერხე და სეტი 0:6 წავაგე. სამაგიეროდ, ცოტათი დავისვენე და გადამწყვეტი სეტის სათამაშოდ მაქსიმალური კონცენტრაციით გავედი.

- ანუ მეორე სეტის ნულზე წაგება არ ყოფილა შეგნებული, "მეტოქის მოსადუნებლად" განზრახული ფანდი? - არა, ასეთი რამ ჩოგბურთში არ ხდება! შესაძლოა, ამან მეტოქეებს ოდნავ დააკარგვინა კონცენტრაცია, მაგრამ ფაქტია, რომ ბოლო სეტში მაიერს აშკარად დაეტყო ნერვიულობაც და ენერგიის ნაკლებობაც.

- არადა, პირიქით არ უნდა ყოფილიყო?! ფინალამდე საკვალიფიკაციო ეტაპის გავლით მოხვდი და მაიერზე გაცილებით მეტი ითამაშე! - წესით, არგენტინელს მართლაც უნდა შერჩენოდა ჩემზე მეტი ენერგია, მაგრამ ფიზიკურად კარგად ვიყავი მომზადებული და კუნთები არც ახლა, ავსტრიაში ჩამოსვლის შემდეგ მაქვს გადაღლილი.

- ყველაზე მეტად რომელ შეხვედრაში გაგიჭირდა? - ფინალში. გადამწყვეტ შეხვედრაში არც ერთი ჩაწოდება არ"წამივიდა და ასეთ დროს შენივე მოწოდებული ბურთისთვისაც კი ბოლომდე გიწევს ბრძოლა, ეს კი ფიზიკურადაც დამღლელია და ფსიქოლოგიურადაც. მაიერთან მატჩში ძალიან დაბალი მქონდა როგორც სისწრაფის, ისე სიზუსტის მაჩვენებელი. ამიტომაც, ისღა დამრჩენოდა, მეტოქის მოწოდებებზე მეთამაშა კარგად და წარმატებით დამეცვა თავი. როცა კარიერაში კიდევ მექნება ისეთი მომენტები, როგორიც წარმატებით გადავლახე ჰამბურგის ტურნირზე, გაცილებით თავდაჯერებული ვიქნები!

- საჩემპიონო ჯილდო ვეტერანმა გერმანელმა ჩოგბურთელმა მიხაილ შტიხმა გადმოგცა. - შტიხი ჩინებული ჩოგბურთელი იყო,"უიმბლდონიც აქვს მოგებული, ახლა კი ჰამბურგის ტურნირის ყოფილი დირექტორია. მიხაელისთვის წლევანდელი სეზონი ბოლო იყო ამ თანამდებობაზე და დაჯილდოების ცერემონიალი მისთვისაც ემოციური გამოდგა. მაყურებელმა ოვაციით გააცილა, მომავალი წლიდან კი ლიცენზია სხვას გადაეცემა.

- ჰამბურგის ტურნირის ჯილდო უცნაური ფორმისაა: ზოგი ამტკიცებს, "პროპელერი" სინამდვილეში გემის ხრახნია და ჰამბურგის, როგორც საპორტო ქალაქის სიმბოლოაო, მეორე ვერსიით, აეროკოსმიური წარმოების ერთ-ერთი ლიდერი ქალაქის აღმნიშვნელია. შენ ხომ არ იცი, სინამდვილეში რას გამოხატავს ეს ჯილდო? - არ ვიცი. მაგრამ აუცილებლად დავინტერესდები და გავარკვევ. ის კი შემიძლია გითხრათ, რომ ჰამბურგის ტურნირი ძალიან ძველი და პრესტიჟულია. წინათ"მასტერსის" რანგისა იყო და "პროპელერის" ფორმის პრიზი რაღაცასთან აუცილებლად იქნება დაკავშირებული...

- პლანეტის 35-ე ჩოგანი ხარ, რაც საუკეთესო შედეგია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში!

- არ მიყვარს ხოლმე რეიტინგზე ყურადღების გამახვილება, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება - რა რეიტინგიც გაქვს, იგივეა სტატუსიც! ამის მიუხედავად, ჩვენი ამოცანა რეიტინგში წინსვლა არ ყოფილა. მიზნად დავისახეთ, უწინდელზე უკეთესი ჩოგბურთელი გავმხდარიყავი და კორტზე პოტენციალი მაქსიმალურად გამომევლინა.

- ორი თვეა, გერმანელი იან დე ვიტის ხელმძღვანელობით ვარჯიშობ და უკვე ცხადია, რომ ამ თანამშრომლობამ გაამართლა. - დე ვიტს უმუშავია არაერთ ცნობილ ჩოგბურთელთან, მათ შორის - ჟილ სიმონთან, გაელ მონფილსთან, ვიქტორ ტროიცკისთან და სხვ. ის შესანიშნავი ტაქტიკოსი და ანალიტიკოსია, მოწინააღმდეგეებზე უამრავ სასარგებლო რჩევას მაძლევს ხოლმე.

- რა იქნება შენი შემდეგი ნაბიჯი? - ჩემი მიზანი"დიდი სლემის ტურნირის მოგებაა! "ორი კვირის განმავლობაში, უძლიერესი მეტოქეების წინააღმდეგ 21 სეტის მოგება ურთულესი ამოცანაა და ძალიან ბევრს ვმუშაობთ, რომ საბოლოოდ ამ მიზანს მივაღწიოთ. ამ რანგის უახლოესი ტურნირი US OPEN-ია. აშშ-ის ღია პირველობისთვის მოსამზადებლად ცინცინატის ტურნირს გამოვტოვებ.

- კორტზე ხშირად გიკეთია თავსაბურავი, რომელზეც თავის ქალაა გამოსახული. ეს მხოლოდ ბრენდის ლოგოა თუ მეტოქეების "დასაფრთხობი" საშუალებაც? - Hydrogen სპორტული სამოსის უმაღლესი დონის, იტალიური ბრენდია, რომელთანაც სამი წელიწადია, ვთანამშრომლობ. წლის ბოლოს კონტრაქტი მიმთავრდება, სხვა შემოთავაზებებიც მაქვს და ჯერ არ ვიცი, გავაგრძელებ თუ არა ხელშეკრულებას.

- გაზაფხულზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა შენი ოფიციალური ფეისბუქგვერდის გაუქმებას. გაუქმებამდე დაწერე, ამ გვერდის მიზანი ჩემი ქომაგებისთვის სიახლეების გაცნობა და საქართველოში ჩოგბურთის პოპულარიზაცია იყო, ამის ნაცვლად კი ძალიან დიდი ნეგატივი მივიღეო... დღეს როგორ ფიქრობ, სწორად მოიქეცი? - საერთოდ, სოციალურ ქსელში აქტიური არ ვარ, ფეისბუქგვერდსაც იშვიათად ვნახულობდი. როგორც ჩანს, აჯობებდა, საერთოდ არ მენახა! ახლა გაცილებით დამშვიდებული ვარ...

- არადა, ჰამბურგის ტურნირის მოგების შემდეგ სოციალური ქსელი შენი ფოტოებით იყო აჭრელებული! რას ეტყვის ნიკოლოზ ბასილაშვილი ქართველ ქომაგს, რომელიც უზომოდ გახარებული და ამაყია შენი წარმატებით?.. - ძალიან დიდ მადლობას! ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ის მოლოცვა თუ გამამხნევებელი სიტყვა, რასაც გულშემატკივრებისგან ვიღებ. მოგება-წაგება ერთმანეთს ენაცვლება, მაგრამ მინდა, ყველამ იცოდეს - ყოველთვის, როცა კორტზე გავდივარ, ბოლომდე ვიხარჯები!

რატი შელეგია