"ბავშვებს ჯერ წყალს ვაჩვევთ, მერე - წარმატებას!"
"ბავშვებს ჯერ წყალს ვაჩვევთ, მერე - წარმატებას!"
"საქართველოს მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა ცურვა არ იცის და ამიტომაც ხდება ამდენი უბედური შემთხვევა"

"კვირის პალიტრა“ ცდილობს, ხშირად გაგაცნოთ ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად, საქმით ამტკიცებენ თავიანთი ქვეყნისა და პროფესიის სიყვარულს. 44 წლის დავით ხავთასი უკვე 25 წელიწადია, ცურვისა და წყალბურთის მწვრთნელად მუშაობს და ამ ხნის განმავლობაში, უამრავ ბავშვს შეაყვარა წყალიც და მასთან დაკავშირებული სახეობებიც. ყველა რომ ვერ გახდება ოლიმპიური ჩემპიონი - მწვრთნელმაც იცის და მისმა შეგირდებმაც, მაგრამ ცურვას ხომ ისწავლიან, სხეულს გაიჯანსაღებენ
და... იქნებ, წლების შემდეგ მაინც შეიცვალოს ამჟამინდელი სავალალო სტატისტიკა, რომლის თანახმადაც, საქართველოში, წყლის რესურსით ასე მდიდარ ქვეყანაში, ცურვა მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილმა იცის! დავით ხავთასს სამსახურში - ა.ა.ი.პ თბილისის გლდანი-ნაძალადევის სპორტული ცენტრის საცურაო აუზზე ვესტუმრეთ. თავის საქმეზე უზომოდ შეყვარებული პროფესიონალი სპორტკომპლექსის ხელმძღვანელობასაც ემადლიერება და შეგირდებსაც.
იმ მოსწავლეებს, რომელთა სიყვარულსაც დათო მასწავლებელი ყოველდღიურად გრძნობს და იმედოვნებს, რომ შეგირდები მომავალშიც ისეთივე სითბოთი გაიხსენებენ, როგორც თვითონ ლაპარაკობს ხოლმე თავის პედაგოგებზე:

- თუ რამე ვიცი, ჩემი მწვრთნელებისა და ფიზკულტურის ინსტიტუტის პროფესორ-მასწავლებლების დამსახურებაა. ამიტომაც, პირველ რიგში, სწორედ მათ ვახსენებ ხოლმე. წყალბურთში ჩემი პირველი მწვრთნელი იყო ცნობილი სპორტსმენი, აწ გარდაცვლილი ბორის მარგიევი, რომელმაც ყველაფერი მასწავლა სპორტის ამ გამორჩეული სახეობის შესახებ. მოგვიანებით, ჩავაბარე ფიზკულტურის ინსტიტუტში, სადაც, წყალბურთის გუნდშიც ვთამაშობდი დათო ყარანგოზაშვილის და ვაჟა ჩერტკოევის ხელმძღვანელობით.

- უკვე 25 წელიწადია, ბავშვებს ასწავლით. თავად როდის "მოიწამლეთ“ ცურვის სიყვარულით?
- 5 წლის ასაკში. დიდუბელი ვარ, დაბადებიდან წერეთელზე ვცხოვრობ მძლეოსნობის მანეჟის მიმდებარედ და ცურვის პარალელურად, "სპორტის დედოფლად“ წოდებულ მძლეოსნობაშიც ვვარჯიშობდი. მძლეოსნობაში ჩემი პირველი მწვრთნელები იყვნენ კაკო კოპალეიშვილი და ირინა ზარუბინა - მაშინდელი ლენინგრადიდან ჩამოყვანილი მწვრთნელი. პროფკავშირების პირველობაში ვმონაწილეობდით და კარგი შედეგებიც მქონდა მძლეოსნობაშიც და წყალბურთშიც.

- ჩემპიონობაზე ყველა ბავშვი ოცნებობს და გამონაკლისი არც თქვენ იქნებოდით... რამ შეგიშალათ ხელი, რატომ ჩამოშორდით აქტიურ სპორტს?
- ჯარისკაცები გენერლობაზე, სპორტსმენები კი ოლიმპიურ ჩემპიონობაზე ოცნებობენ! ბავშვობაში, მეც მქონდა დიდი მიზნები და ოცნებები, მაგრამ... მაშინაც რომ ყოფილიყო ისეთივე პირობები, რაც დღეს აქვთ ქართველ სპორტსმენებს, გაცილებით დიდ შედეგებს მივაღწევდით, მაგრამ 1990-იანი წლების გაჭირვებამ ქართული სპორტიც ძალიან დააზარალა. არ იყო ხელშეწყობა, სავარჯიშო პირობები, ელექტროენერგია, წყალი, აუზები დაცარიელდა წყლისგანაც და სპორტსმენებისგანაც... წლების წინ, დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა სატელევიზიო სიუჟეტს, სადაც ჩანდა, როგორ ავარჯიშებდნენ ქუთაისში ბავშვებს ცურვაში... წყლის გარეშე. არაპროფესიონალი ამაში მხოლოდ უჩვეულო, კომიკურ ამბავს ხედავს, მაგრამ მერწმუნეთ, მეც ვყოფილვარ ასეთ მდგომარეობაში! თავის პროფესიაზე უზომოდ შეყვარებული, ცურვით "მოწამლული“ ადამიანები ყველანაირ პირობებში გვავარჯიშებდნენ, ძირითად მოძრაობებს მაშინაც კი გვასწავლიდნენ, როცა აუზების წყლით ავსება არ ხერხდებოდა... ოლიმპიურ ჩემპიონობაზე ოცნება ოცნებად დარჩა, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ დღემდე ვემსახურები საყვარელ საქმეს და მოზარდების მწვრთნელად 1993 წლიდან ვმუშაობ!

- ახლანდელ ბავშვებს პირობებიც გაცილებით მეტი აქვთ და არჩევანიც: საწყლოსნო სპორტის სახეობებისა თუ აუზების მხრივ. უმეტესობა, ალბათ, ცურვის სწავლას და ორგანიზმის გაჯანსაღებას დასჯერდება, რაც, თავისთავად, დიდი საქმეა, მაგრამ, თქვენს შეგირდებს შორის, ისეთებიც ხომ იქნებიან, "კოჭებში“ რომ ეტყობათ - პროფესიონალი სპორტსმენები გახდებიან?
- საბედნიეროდ, ასეთი ძალიან ბევრია! ცურვის შემსწავლელი ჯგუფების გარდა, სადაც 3 წლის ასაკიდან შეიძლება ბავშვის მოყვანა, გვაქვს სპორტული სექციებიც და წარმატებული მოზარდები იქ ცურვის შემსწავლელი ჯგუფებიდანაც ხვდებიან. ცურვაში დაოსტატების შემდეგ, ბავშვებს გული წყალბურთისკენაც უწევთ. მანამდე, ეს გამორიცხულიც არის - თუ კარგად ვერ ცურავ, წყალბურთელობაზე ფიქრი უაზრობაა. როცა სრულყოფილად შეისწავლიან ხოლმე ცურვის სახეობებს - "კროლს“, "ბრასს“, "ზურგულსა“ თუ "დელფინს“, მსურველებს ნებას ვაძლევთ წყალბურთში გადაინაცვლონ და იქ განაგრძონ დაოსტატება. მოკლედ, ბავშვებს ჯერ წყალს ვაჩვევთ, მერე - წარმატებას!

- საინტერესოა, ცურვის რომელი სახეობა მოსწონთ ბავშვებს ყველაზე მეტად?
- თითქმის ყველა. ზემოაღნიშნული სახეობებიდან, ყველაზე რთულად შესასწავლია "დელფინი“, მაგრამ მასაც საკმაოდ იოლად უმკლავდებიან. საერთოდ, ნიჭიერი ბავშვები გვყავს - ყველაფერს სწრაფად ითვისებენ.

- თქვენთან, გლდანის აუზზე ვარჯიშობს წყალბურთის გუნდი "იმედიც“. რას გვეტყვით - გვქონდეს მათი იმედი?
- რა თქმა უნდა! ძალიან კარგი თაობაა, საქართველოს ჩემპიონატშიც ვმონაწილეობთ. სპორტული ჯგუფების ბავშვებიც გამოდიან საქართველოს ჩემპიონატებში და ხშირად გვახარებენ სხვადასხვა სინჯის მედლებით.

- აუზების ნაკლებობის გარდა, სერიოზული პრობლემაა ისიც, რომ ფინანსური პრობლემების მქონე ბევრი მშობელი ვერ ახერხებს შვილის სპორტულ სექციაში მიყვანას. გასაგებია, რომ საცურაო აუზი უფასო ვერ იქნება, მაგრამ... ისიც ცხადია, რომ გამოსავალია მოსაძებნი. პირველ რიგში, ალბათ, სახელმწიფოს მონაწილეობით...
- ეს მართლაც სერიოზული პრობლემაა. აუზების უმეტესობა კერძო მფლობელობაშია და გამოსავლის ძიებისას, ბევრი საკითხი იჩენს ხოლმე თავს. კარგი იქნება, თუ სპორტული კომპლექსებისთვის კომუნალური შეღავათები დაწესდება, რაც აუცილებლად აისახება აუზებით სარგებლობის ფასსზეც და ყველა მსურველს შეეძლება საწყლოსნო სახეობებით დაკავება. ცურვა მასობრივი უნდა იყოს, არადა, საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ცურვა არ იცის!

- წყლის რესურსით ჩვენსავთ მდიდარ ქვეყანაში პირიქით არ უნდა იყოს?!
- სწავლა გვიან არასდროს არის, მაგრამ მაინც მიკვირს ხოლმე, როცა ცურვის შესასწავლად ასაკოვანი ადამიანები მოდიან. გასაგებია, რომ 1990-იანი წლების გაჭირვება ყველაფერზე აისახა, მაგრამ... ცურვის სწავლის სურვილი 30-40 წლის წინ რატომ არ გაგიჩნდათ-მეთქი?! საქართველოს მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა ცურვა არ იცის და ამიტომაც ხდება ამდენი უბედური შემთხვევა - ლამის ყოველდღე გვესმის, რომ ვიღაც დაიხრჩო ზღვაში, მდინარეში, წყალსატევსა თუ ტბაში...

- რამდენიმე დღის წინ დასრულდა ევროპის ჩემპიონატი წყალბურთში, სადაც ძალიან კარგად იასპარეზა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა.
- ჩვენი წყალბურთელების შედეგები ერთ-ერთი გამორჩეულია გუნდურ სახეობებში. ბიჭებმა ძალიან კარგად ითამაშეს და მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა მოთამაშეებს, ნაკრებისა და ფედერაციის ხელმძღვანელებს. ჩვენი პირობებისა და რესურსის გათვალისწინებით, ევროპის ჩემპიონატზე ორი მატჩის მოგება გმირობის ტოლფასია და დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი ბიჭები ტოკიოს ოლიმპიადის ლიცენზიასაც მოიპოვებენ.

- თანაც, საქართველოს ნაკრების მოთამაშეთა უმეტესობა ახალგაზრდაა და გამოცდილების დაგროვებასთან ერთად, კიდევ უფრო უკეთ ათამაშდებიან...
- მართალია. ძალიან კარგი წყალბურთელები გვყავს და რეზერვიც არანაკლები იზრდება. ეროვნულთან ერთად, ახალგაზრდული ნაკრებიც გავიდა ევროპის ჩემპიონატზე, რაც გვაიმედებს, რომ ქართულ წყალბურთს დიდი მომავალი აქვს!

რატი შელეგია (სპეციალურად საიტისთვის)

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა  ხელისუფლებაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა ხელისუფლებაში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები