"საბჭოთა კავშირში მომრევი არავინ მყავდა" - რატომ არ ჩაუთვალეს ოლიმპიადის ფინალში გამარჯვება ქართველ ფალავანს - კვირის პალიტრა

"საბჭოთა კავშირში მომრევი არავინ მყავდა" - რატომ არ ჩაუთვალეს ოლიმპიადის ფინალში გამარჯვება ქართველ ფალავანს

"ვცდილობდი, მიზნის თამასა, რაც შეიძლება, მაღალი ყოფილიყო, იმის მიუხედავად, რომ ხელმოკლედ ვცხოვრობდი და სავარჯიშოდ ნახევრად მშიერ-მწყურვალი მივდიოდი"

"როცა საქმე მოითხოვს, ორგანიზმს ავალდებულებ, შენს ჭკუაზე მოიქცეს, ასე ვთქვათ, აღანთებ და სტიმულს აძლევ, რომ დაიქოქოს. აღგზნების ამპლიტუდით განისაზღვრება შენი შესაძლებლობების დონე. რაც უფრო დიდია იგი, მით მეტის გაკეთება შეგიძლია, ოღონდ, ყოველივე ერთეულების ხვედრია", - ეს სიტყვები სახელოვან ქართველ ფალავან რომან რურუას ეკუთვნის, რომელიც მთელი სპორტული კარიერის განმავლობაში (მერეც) საკუთარ სხეულს მართავდა, ხშირად დროს უსწრებდა და ისეთ წარმატებებს მიაღწია, ჩვეულებრივი მოკვდავის ძალებს რომ აღემატება:

1968 წლის ოლიმპიადის გამარჯვებულმა 1964 წლის თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა, ოთხგზის მსოფლიოს ჩემპიონმა (1966, 1967, 1969, 1970) სამ-სამჯერ საბჭოთა კავშირის ხალხთა სპარტაკიადები (1963, 1967, 1971) და საკავშირო ჩემპიონატები (1964, 1965, 1970) მოიგო. იყო ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა საქართველოს და საკავშირო ნაკრები გუნდების მწვრთნელი, საქართველოს პარლამენტის წევრი. სპორტის დამსახურებული ოსტატი დაჯილდოებულია მრავალი ორდენითა და მედლით.

უკეთესს ვერც ინატრებ კაცი. ამ რეგალიების უკან დგას პიროვნება მიზანსწრაფული, შრომისმოყვარე, პირდაპირი, უშიშარი და ნიჭიერი, რომელმაც არაფრისგან გამოჭედა საკუთარი ბედი და ისტორია.

- ექვსი ათეული წლის წინათ "ლელოს" ფურცლებზე პირველად გამოჩნდა ჩემი გვარი. - გვითხრა ბატონმა რომანმა. - 1958 წლიდან სწორედ ამ გაზეთმა შემოუნახა შთამომავლობას ჩემი სპორტული ცხოვრება და არა მარტო ჩემი: ნებისმიერი ქართველი ათლეტი და, საერთოდ, მთელი ქვეყანა ვალშია "ლელოს" წინაშე.

ახლა კი საკუთარ თავზეც გეტყვით: ჩემი სასპორტო კარიერა მარტვილის რაიონის სოფელ მუხურჩაში დაიწყო, სადაც მდინარე აბაშის ნაპირას, ჭალაში, ბიჭებთან ერთად დილიდან საღამომდე დავდევდი ჭინჭებით გატენილ რეზინის ბურთს. მაშინ 8-10 წლის ვიქნებოდი. ისე ძალიან მომინდა ფეხბურთელობა, რომ 1955 წელს თბილისში ჩამომიყვანეს. პირველად ვნახე "დინამოს" სტადიონი - უზარმაზარი მრგვალი შენობა, რომლის ტრიბუნებზეც, ალბათ, ასამდე მუხურჩა დაეტეოდა. ცსკა - "დინამოს" თამაშს დავესწარი. მერე "ნორჩ დინამოელში" მოვხვდი გრიშა გაგუასთან. ურიგო პერსპექტივა არ მქონდა, მეც არაფერს ვიშურებდი. სოფლიდან ქალაქში რომ მოდიხარ, რაღაცის მიღწევა გსურს.

მეც მინდოდა, კაცი გავმხდარიყავი. ფეხბურთი ტრამპლინად გავიხადე. ვცდილობდი, მიზნის თამასა, რაც შეიძლება, მაღალი ყოფილიყო, იმის მიუხედავად, რომ ხელმოკლედ ვცხოვრობდი და სავარჯიშოდ ნახევრად მშიერ-მწყურვალი მივდიოდი. საკუთარ თავს ხვალ უფრო მეტს ვთხოვდი, ვიდრე დღეს. სხვაგვარად წინსვლა წარმოუდგენელი იყო. მიღწეულით არასდროს ვკმაყოფილდები.

ფეხბურთიდან ჭიდაობაში

"ერთ დღეს ჩემმა უფროსმა ბათუმელმა მეგობარმა ილია ტუღუშმა ჭიდაობის სამყაროსთვის ცნობილ "პეტრეს დარბაზში" წამიყვანა. კარგა ხანს ვუყურე ახალგაზრდა "კლასიკოსთა" ფანდების კორიანტელს. მონუსხული ვიდექი დარბაზის კუთხეში.

უცებ მამაკაცის ხმამ გამომაფხიზლა: "ჭაბუკო, რა შორიდან გვიყურებ, შემოდი ხალიჩაზე". ეს გახლდათ საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელი ნერსეს აკოფოვი. თითქოს ხელი მკრესო, ნაბიჯი გადავდგი ოფლში გახვითქული ბიჭებისკენ და... მას მერე ფეხბურთისკენ აღარც გამიხედავს"...

აქაც დიდი ნიჭი და მონდომება აღმოაჩნდა მუხურჩელ ყმაწვილს. ქანცის გამოლევამდე ვარჯიშობდა. მწვრთნელს რომ ეგონა, მისი შეგირდი შხაპს გადაივლებდა და შინ წავიდოდა, რომან რურუამ ისევ დარბაზს უბრუნდებოდა და სხვასთან განაგრძობდა წვრთნას. მერე საღამოს სკოლისკენ გარბოდა, დილაუთენია კი სამუშაოსკენ ეჭირა გეზი. გარჯამ შედეგი გამოიღო. 1961 წელს ქუთაისში საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში იასპარეზა. ცნობილ ფალავნებთან პაექრობისას მეხუთე ადგილი დაიკავა. იქვე საკავშირო ნაკრების წევრობის კანდიდატად დაასახელეს.

"ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი იმავე წელს თბილისში გამართული გუნდური საკავშირო პირველობა იყო. საქართველოს ნაკრებში მერაბ ღუდუშაურის რეკომენდაციით ჩამრიცხეს. ფაქტობრივად, თავისი ადგილი დამითმო. არადა, წინა წელს მან საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი მოიგო". გაგრძელება