"მწვრთნელად მუშაობა? - რატომაც არა?!" - კვირის პალიტრა

"მწვრთნელად მუშაობა? - რატომაც არა?!"

მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებიდან უკვე ერთი თვე გავიდა, მაგრამ ფეხბურთის ნამდვილი ქომაგებისთვის ის მომავალ მუნდიალამდე იქნება მთავარი თემა. რუსეთის სტადიონებზე გამართული მატჩები ყველამ ვნახეთ და ცხადია, ტურნირის ავ-კარგზე საკუთარი შეხედულებაც გვაქვს, მაგრამ პროფესიური ანალიზი კიდევ უფრო საინტერესოა! ამიტომაც, მუნდიალზე სალაპარაკოდ გაიოზ დარსაძეს ვესტუმრეთ, რომელიც საქართველოში უეფასგან ლიცენზირებული ერთადერთი მენეჯერია და წლების განმავლობაში მწვრთნელთა განათლების სისტემას ხელმძღვანელობდა. რამდენიმე თვის განმავლობაში, გაიოზ დარსაძე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელიც გახლდათ. მოკლედ, ქართულ და ევროპულ ფეხბურთს "შიგნიდან“, საფუძვლიანად იცნობს და მასთან ინტერვიუ აუცილებლად დაგაინტერესებთ:

- მსოფლიო ჩემპიონი შემთხვევით ვერ გახდები. საფრანგეთმა პირველივე მატჩებიდან დაამტკიცა რომ ტყუილად არ მიიჩნეოდა ფავორიტად და დამსახურებულად გაიმარჯვა. ყველა მატჩის სტატისტიკა მაქვს: ბურთის ფლობის მხრივ, ფრანგები მხოლოდ ავსტრალიასთან, დანიასთან და ურუგვაისთან დომინირებდნენ, პერუსთან, არგენტინასთან, ბელგიასთან და ხორვატიასთან კი - პირიქით იყო.

- სავარაუდოდ, დეშამმა სპეციალურად დაათმობინა თავის გუნდს ტერიტორია... - შესაძლოა, "მეორე ნომრად“ თამაში მართლაც იყო დეშამის ტაქტიკური სვლა. მთლიანობაში, "ევრო-2016“-თან შედარებით, საფრანგეთი წელს ძალიან იყო "დაღვინებული“, კარგად გამოსდიოდათ ბურთის კონტროლი, დაცვიდან, კონტრშეტევებზე სწრაფად თამაში, ჩინებულად იყენებდნენ ყველა შანსს და ა.შ. ლორისი, უმტიტი, ვარანი, პოგბა, კანტე, გრიზმანი - ეს ფეხბურთელები ნებისმიერ გუნდში ლიდერები იქნებიან. ამიტომაც, საფრანგეთის ჩემპიონობა სავსებით ლოგიკურია.

- თუმცა, ბევრისგან მოვისმინეთ, რომ მსოფლიო ჩემპიონი საფრანგეთის კი არა, "აფრიკის ნაკრები“ გახდა... - რასიზმის ნებისმიერი ფორმით გამოვლენას ვეწინააღმდეგები. შვეიცარიის ნაკრებში ნაკლები "უცხოელია“? მაგრამ ბეჰრამიც, ჯემაილიც, ჯაკაც, სეფეროვიჩიც, შაჩირიც და სხვებიც, შვეიცარიაში არიან დაბადებულ-გაზრდილი. ასე არიან საფრანგეთის ნაკრების მოთამაშეებიც. თანაც, ფრანგებს ეს ისტორიულად მოსდევთ: ტიგანა, ტრეზორი, ტურამი, მაკელელე და სხვებიც ხომ გვახსოვს? ჟაკ დევიმის წყალობით, რომელთან ერთადაც წლების განმავლობაში ვიმუშავე, კარგად ვიცნობ ფრანგულ ფეხბურთს. მათი წარმატება გრძელვადიანი და ნაყოფიერი მუშაობის შედეგია. ლაპარაკია არამხოლოდ სამწვრთნელო სტაფზე, არამედ იმ ხალხზეც, ვინც არ ჩანს, მაგრამ უდიდეს სამუშაოს ასრულებს როგორც ახალგაზრდულ, ისე ბავშვთა სექტორში. ამ გუნდის ასაშენებლად ისეთი სამუშაოა ჩატარებელი, შეუძლებელი იყო, წარმატებისთვის არ მიეღწიათ. გუნდის შენების პროცესი ხანგრძლივი და შრომატევადია, სწორი სტრატეგიული გეგმის გარეშე კი, თანამედროვე ფეხბურთში შეუძლებელია წარმატების მიღწევა! აუცილებელია თანამედროვე ფეხბურთის დეტალური ანალიზი - რის ხარჯზე მიაღწია წარმატებას ამა თუ იმ გუნდმა, რა მოხდა და რა შეიძლება მოხდეს მომდევნო წლების განმავლობაში და ა.შ. საფეხბურთო ქვეყნების უმეტესობამ დღეს უკვე იცის, სად იქნება 2030 წელს, ათეულობით წლის იქით იყურებიან და ახლა გეგმავენ მომავალ წარმატებებს!

- ვხედავთ კიდეც, რომ წარმატებული გუნდები დღეს იმკიან 20-30 წლის წინ დაწყებული პროგრამების შედგებს... - ვიმეორებ - სტრატეგიული გეგმის გარეშე არაფერი გამოვა. მხოლოდ დილეტანტს შეუძლია თქვას, რომ სპონტანურად, ქაოტურადაც შეიძლება წარმატების მიღწევა. მეცინება, როცა ამას ამბობენ. დილეტანტები ვერასდროს მიაღწევენ შედეგს, სტრატეგიული გეგმა ყველა წამყვან ფედერაციას აქვს.

- ალბათ, ყველას - ჩვენს გარდა... - ფეხბურთი ისე განვითარდა, გეგმის გარეშე ვერაფერს მიაღწევ. დღეს, ყველა პირობაა ტექნიკური, ტაქტიკური, ფიზიკური განვითარებისთვის, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ადამიანური რესურსიც. არგენტინა, რომელსაც შემადგენლობაში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ჰყავდა, მეოთხედფინალშიც კი ვერ გავიდა, ბრაზილიის უძლიერესი ნაკრები - ნახევარფინალში. საერთოდაც, ნახევარფინალური ოთხეული ევროპულმა ნაკრებებმა შეავსეს.

- ბოლო წლებში, სამხრეთ ამერიკელებთან ევროპული ნაკრებების უპირატესობა ისედაც აშკარაა... რა არის ამის მიზეზი? - ეს არის წლების განმავლობაში გაწეული უდიდესი სამუშაოს ლოგიკური შედეგი. წლების წინ დასახეს კონკრეტული გეგმა და იცოდნენ, როგორ უნდა წასულიყვნენ წინ. საფუძველად დაუდეს მწვრთნელთა განათლება, ახალგაზრდული სექტორისა და მასობრივი ფეხბურთის განვითარება და ა.შ. ამ მუნდიალმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ წარმატებისთვის მხოლოდ ინდივიდები აღარ კმარა. არგენტინასთან, ფრანგებმა წარმატებით გაართვეს თავი მთავარი ამოცანას - გაანეიტრალეს პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელი: როცა მესი ბურთის იღებდა, ერთი ფრანგი მაშინვე მასთან ჩნდებოდა, მეორე აზღვევდა, მესამეც იქვე იყო და მარტო მესი რაღას იზამდა?! პარტნიორებიც მისი დონის რომ ჰყოლოდა, ძალები გადანაწილდებოდა და არგენტინას მეტი სივრცე ექნებოდა, მაგრამ... საფრანგეთსაც ჰყავდა უმაღლესი დონის შემსრულებლები, მაგრამ უპირველესად, გუნდური თამაშით გაიმარჯვა! ეს გუნდი სწორედ იმიტომ იხევდა უკან, რომ მეტოქისთვის შესატევი სივრცე არ დაეტოვებინა და ამით საფრთხე აერიდებინა.

- ფინალში? ხორვატიას ბურთის ფლობის მხრივაც ჰქონდა უპირატესობა და საგოლე მომენტების მხრივაც, მაგრამ ჩემპიონი საფრანგეთი გახდა! - მოედნის შუა ხაზში, რომელიც ასეთ მატჩებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ძალთა განლაგება დაახლოებით თანაბარი იყო: ხორვატებს ჰყავდათ ბროზოვიჩი, მოდრიჩი და რაკიტიჩი, ფრანგებს - პოგბა, კანტე, გრიზმანი. ფლანგებზე, რებიჩს და პერიშიჩს, შესაძლოა, მცირე უპირატესობა ჰქონოდათ ერნანდესთან და პავართან, მაგრამ ნახეთ? - დეშამმა დაავალა ფეხბურთელებს, მაქსიმალურად შეეზღუდათ სივრცე მეტოქის ფლანგელებისთვის და ხორვატთა მცველი სტრინიჩი იძულებული ხდებოდა წინ წასულიყო, რითაც, სივრცეს უთავისუფლებდა რეაქტიულ მბაპეს! სტრინიჩის წინ წასვლისთანავე, ფრანგების ყველა შეტევა მის ფლანგზე იწყებოდა და გოლებიც ამას მოჰყვა. თანამედროვე ფეხბურთი სწორედ ასეთი დეტალებისგან შედგება.

- ათწლეულების წინ დაწყებული საფეხბურთო პროგრამების ფონზე, საქართველოზე რა გვაქვს სათქმელი? წლებია, აქაც გვესმის, რომ ფეხბურთის განვითარების პროგრამა აუცილებელია, მაგრამ... იმ პროგრამით, რომელსაც სახელმწიფო ამჟამად ახორციელებს, ფაქტობრივად, სიცოცხლეს უნარჩუნებენ კლუბებს, თორემ რა წინსვლაზეა ლაპარაკი?! როგორ ფიქრობთ, შეცვლის რამეს სფფ-ის მიერ ახლახან წარდგენილი პროექტი "მომავლის 11“? - ეს პროგრამის ავტორს უნდა ჰკითხოთ. კიდევ ვამბობ: აუცილებელია ზუსტი და ობიექტური ანალიზი - რა მდგომარეობაში ხარ შენ, რა ხდება გარშემო, რა განსხვავებაა შენსა და წარმატებულ საფეხბურთო ქვეყნებს შორის და რა გჭირდება მათთან მისაახლოებლად, რომელი საფეხურიდან სადამდე გინდა მისვლა. თანაც, "დიაგნოზი“ ობიექტური და ზუსტი უნდა იყოს - თავი არც მოიტყუო და არც სხვას მოატყუებინო! მიზანიც რეალური უნდა იყოს: დღესვე რომ ჩემპიონთა ლიგის მოგება, ან მსოფლიო გრანდების დამარცხება დაისახო მიზნად, ხომ არარეალურია? აუცილებელია საფეხბურთო ფილოსოფიის განსაზღვრაც.

- "ფილოსოფიის განსაზღვრაში“ რას გულისხმობთ? - იმას, როგორ უნდა ითამაშონ ქართულმა გუნდებმა! ხომ განსაზღვრეს საფრანგეთმა, ბელგიამ, ხორვატიამ, ესპანეთმა, ბრაზილიამ, ისლანდიამ, როგორ ეთამაშათ მათ გუნდებს? ეს ფილოსოფია დაფუძნებული უნდა იყოს ქართულ ტრადიციაზე,კულტურაზე, ისტორიასა და მენტალობაზე! შემდეგ მოდის როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერიოდზე გაწერილი სტრატეგიული პროგრამა, გეგმა და მეთოდოლოგია. ძალიან მნიშვნელოვანია გადაწყვეტილებების მიმღებების კომპეტენციაც.

- როცა ესპანეთის დონის ნაკრებსაც კი დასჭირდა ნატურალიზებული ფეხბურთელის დახმარება, შეიძლება, ჩვენისთანა ქვეყანამაც იფიქროს ამაზე? თუ ნიჭიერი ფეხბურთელები ისედაც "თავზესაყრელად“ გვყავს? - როდესაც მიზანი და პროგრამა გვექნება, მერე დავფიქრდეთ - გვჭირდება თუ არა ნატურალიზებული ფეხბურთელი. საქართველოს არ აქვს დიდი ფინანსური რესურსი ფეხბურთელების საყიდლად, დღეს სატრანსფერო ბაზარზე არსებულ რეალობაში, ვერაფრით გაუწევს კონკურენციას მდიდარ ქვეყნებს. ანდა, ვის უნდა გაუკეთო ნატურალიზება? ძლიერ ფეხბურთელებს უკვე მოძებნილი აქვთ თავიანთი გზა, მეორეხარისხოვნის გადადმობირება კი, ღირს თუ არა, საკითხავია! ზოგს რომ ჰგონია, არგენტინიდან და ბრაზილიიდან ჩამოვიყვან ფეხბურთელსო, არ არის საქმე ასე მარტივად. სკაუტინგის სისტემა უკვე ისეა აწყობილი, კლუბები 5-6 წლის ასაკში იბევებენ ფეხბურთელებს! ჩვენ რით უნდა დავაინტერესოთ?! ამიტომაც, სჯობს, საკუთარ ადამიანურ რესურსს მივხედოთ. სულ გვყავდა და ახლაც გვყავს ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებიც, სწორად განვითარების შემთხვევაში, არავისზე ნაკლები მოთამაშეები არ იქნებიან. ოღონდ, ასეთები მხოლოდ თბილისში კი არა, მთელ საქართველოში უნდა ვეძებოთ და განვავითაროთ.

- ვიდეორეფერის გარდა, რა იყო თქვენთვის სიახლე რუსეთში გამართულ მუნდიალზე? - სიახლე აღარ არის, კანონზომიერებად იქცა ევროპული ნაკრებების დომინირება. წინათ, გუნდები უმეტესწილად თავიანთ ნახევარსფეროში გამართულ ტურნირებში იმარჯვებდნენ, 2010 წლიდან კი, ევროპული ფეხბურთის უპირატესობა თვალსაჩინოა. რაც შეეხება ვიდეორეფერის, ამ სისტემას ნამდვილად არაფერი გაუფუჭებია. მეტიც, მსაჯების ბევრი შეცდომა გამოასწორა. ვნახეთ ისიც, რომ გოლების დაახლოებით 40%-ზე მეტი სტანდარტული მდგომარეობებიდან გავიდა; ვნახეთ აზიური გუნდების აშკარა პროგრესიც: ირანმაც, სამხრეთ კორეამაც და იაპონიამაც 4-4 ქულა დააგროვეს თავიანთ ქვეჯგუფებში, იაპონიამ სულაც გააღწია ჯგუფიდან, მერვედფინალში 2:0 უგებდა ბელგიას და მატჩის ბოლომდე გახსნილად რომ აღარ ეთამაშათ, არავინ იცის, რა მოხდებოდა. ის პროცესები, რამაც ევროპას ასეთი უპირატესობა მისცა, უკვე აზიაშიც დაიწყო და მომდევნო წლებში კიდევ უფრო მეტი წარმატება ექნებათ; ვნახეთ მწვრთნელების გარდამტეხი გადაწყვეტილებები, ვნახეთ საოცარი კონტრშეტევები ბელგიელების და ფრანგების შესრულებით და ა.შ. მოკლედ, მე კმაყოფიილი ვარ!

- გულშემატკივართა ნაწილისგან განსხვავებით... - ტრიბუნები სულ სავსე იყო, ტელერეპორტაჟები კი მილიარდობით მაყურებელმა ნახა. თუ უინტერესო იყო, რატომ უყურებდნენ?! გასაგებია, მეც ვგულშემატკივრობდი მესის, მინდოდა, გაემარჯვათ "ტრადიციულ“ გუნდებს - არგენტინას, ბრაზილიას, გერმანიას, ესპანეთს, მაგრამ მათ მეტოქეებს შემთხვევით ხომ არ მოუგიათ?! - იმუშავეს და აჯობეს. ამათ ვინ დაუშალა? - ეთამაშათ და მოეგოთ!

- აზიელების წარმატება ჩვენთვისაც უნდა იყოს დამატებითი მოტივაცია. რაც უნდა დიდი ტრადიცია და ამბიცია გვქონდეს, რაკი თავად "არ ვიმჩნევთ“, უეფამ დაგვიდგინა "დიაგნოზი“ და "ერთა ლიგაში“ მიგვიჩინა ადგილი! - რა არის აქ საოცარი ან სასირცხვილო? დიაგნოზი აუცილებელია, რათა იცოდე, კარგად გაქვს საქმე თუ ცუდად, სად ხარ და რა გჭირდება. მაგრამ ამას დილეტანტები ვერ გააკეთებენ...

- იყო მოდრიჩი მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელი? - თუ საუკეთესო მოთამაშეს აუცილებლად ჩემპიონი გუნდიდან არ ვირჩევთ, მაშინ ლოგიკური არჩევანია. მბაპეს რომ ყველა მატჩი სტაბილურად მაღალ დონეზე ეთამაშა, მას დავასახელებდი, მაგრამ მთლიანობაში, სამართლიანად აღიარეს მოდრიჩი, რომელიც პირველივე მატჩიდან იყო ხორვატიის გამოკვეთილი ლიდერი.

- მესიზეც ვთქვათ: თანაგუნდელებში და მწვრთნელში ხომ არ "გაუმართლა“, მეტოქეებაც სულ "ალყაში“ ჰყავდათ და ამას გარდა, ლეოსგან ყველა ლიდერობას და სასწაულ თამაშს ელოდა. ალბათ, ამ წნეხმაც შეუშალა ხელი... - 90 წუთიანი მატჩის სუფთა სათამაშო დრო დაახლოებით 60 წუთია. აქედან, საერთო ჯამში, მესის მაქსიმუმ 2-3 წუთის განმავლობაში თუ ექნება ბურთი და მაშინაც, ყველა მასზე თამაშობს. საფრანგეთთან მატჩში, მის უკან ერნანდესი იდგა, გვერდზე კანტე, წინ მატუიდი, დამატებით კი - გრიზმანიც ეხმარებოდა! ასეთ ალყაში, რა გააკეთოს ერთმა - თუნდაც პლანეტის საუკეთესო მოთამაშემ?! მეტოქე მთელი გუნდით თავის ნახევარზეა გადასული,სივრცეს არ გაძლევენ, ერთმანეთს აზღვევენ და როგორი ტექნიკაც უნდა გქონდეს, მარტო გუნდს ვერ მოატყუებ! როცა შენგან ლიდერობას და გოლებს ელიან, თქვენი ნახსენები ფსიქოლოგიური წნეხიც იზრდება. ერთხელ, ვთქვი და ვიმეორებ: კარგი იქნებოდა მესი ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელი იყოს, ანდა არგენტინის ნაკრებში ჰყავდეს "ბარსელონას“ მსგავსი პარტნიორები. ამ ვითარებაში კი, ნამდვილად ვერ გავაკრიტიკებ!

- ვფიქრობ, ამ სეზონში მესის გაუჭირდება "ბარსაში“, რადგან ლა ლიგაში მისი მთავარი მეტოქე და მოტივატორი - რონალდუ "იუვენტუსში“ გადაბარგდა.

- შეიძლება, პირიქითაც მოხდეს და რაკი ნაკრებში ვერ მიაღწია წარმატებას, მესიმ კლუბის მაისურით სცადოს დამტკიცება, რომ მართლაც საუკეთესოა მსოფლიოში. რაც შეეხება რონალდუს, მან ახალი გამოწვევა უკვე მიიღო და მადრიდი დატოვა. სადაც კი უთამაშია, პორტუგალიელი ყველგან ლიდერი იყო და უამრავი ტიტულის მფლობელი ხდებოდა. ასე რომ, საინტერესო სეზონი გველის. - რას ფიქრობთ ბოლო წლების ტენდენციაზე, რაც ფეხბურთელებში ასეულობით მილიონის გადახდას გულისხმობს? სადამდე შეიძლება გაიზარდოს ფეხბურთელების ფასი?! ეს ნიშნავს, რომ თუ ფული გაქვს, იყიდ, მაგრამ მეორე მხრივ, იმასაც ხომ აჩვენებს - რამდენად ფასობს კარგი ფეხბურთელი? ესეც მოტივაცია უნდა იყოს ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის.

- ახლა, თქვენზე ვთქვათ: რატომ აღარ არის გაიოზ დარსაძე საქართველოში მწვრთნელთა განათლების კურსების ხელმძღვანელი? ამ სამსახურს ხომ წლების განმავლობაში თავკაცობდით... - ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული... ერთის თქმა კი დანამდვილებით, სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ქართული დამოუკიდებელი მწვრთნელთა სკოლის დამფუძნებელი და შემქმნელი ვარ - ჩემს გუნდთან ერთად, მწვრთნელთა განათლების სტრუქტურა, ფაქტობრივად, ნულიდან ავაწყვეთ. B, A, PRO, Refresh კურსები, მწვრთნელთა კონვენციის სრულუფლებიანი წევრობა და საქართველოში მიღებული დიპლომით ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში , ამერიკაში , აზიაში თავისუფალი გადაადგილება. საქართველოში მწვრთნელთა განათლების არანაირი საფუძველი არ არსებობდა, არც მხარდაჭერა ან ფინანსური რესურსი გვქონია და რომ ყოფილიყო სახელმწიფოსგან დახმარება უფრო წინ ვიქნებოდით, ხშირად, მოედანიც კი სანატრელი იყო, მიუხედავად სირთულეებისა ყოველთვის ვუფრთხილდებოდი ხარისხს, ვცდილობდით არ ჩამოვრჩენილიყავით სიახლეებს და დაგვენერგა ინოვაციები.სამწუხაროდ ცოტანი ხვდებიან რამდენად მნიშვნელოვანია განვითარების სწორი მიმართულებით წარმართვა, მე კი პოპულისტი არ ვარ და ზუსტად ვიცი რომ შედეგი მომენტალურად არ მოვა. მაგრამ ჩემს გუნდთან ერთად, უეფას უდიდესი მხარდაჭერითა და იმ საოცარი ინსტრუქტორების დახმარებით, რომლებიც, წლების განმავლობაში ასწავლიდნენ ქართველ მწვრთნელებსა და ჩვენს ინსტრუქტორებს, ძალიან ბევრის გაკეთება შევძელით. საქართველოში ჩამოდიოდნენ და კონსულტაციას გვიწევდნენ ისეთი სახელგანთქმული სპეციალისტები, როგორებიც არიან ენდი როქსბურგი, ფრენკ ლუდოლფი, ფრანკო ფერარი, ჟაკ დევიმი, დენი რაიზერი, მიშელ საბლონი, ხინეს მელენდესი, პეტერ ვან დორტი, კრის ვანდერჰაგენი, ჟაკ კრეუაზიე, და სხვ. ეს ის ხალხია, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ევროპული ფეხბურთის პროგრესში!

- ინოვაციებს გულისხმობთ? - დიახ, ევროპული ფეხბურთის დომინაცია მნიშვნელოვნად უნდა უმადლოდეს ამ ადამიანების რეფორმებსა და ინოვაციებს. მათ შეუფასებელი ცოდნა მისცეს ქართველ მწვრთნელებსაც და ვამაყობ, რომ ჩვენს მიერ წლების განმავლობაში შექმნილი სისტემა ქართული ფეხბურთის მომავალი წარმატების საწინდარია. ვამაყობ, რომ ჩემი საქმე კარგად გავაკეთე! ეს ძალიან კარგად იციან უეფაში, იციან იმ მწვრთნელებმაც, ვინც ლიცენზირება გაიარეს და მომავალში, აუცილებლად, სხვებისთვისაც ნათელი გახდება. სიახლე სიახლისთვის კი არ უნდა იყოს, არამედ პროგრესული შინაარსი უნდა ჰქონდეს. მე წამოვედი, მაგრამ სისტემა მუშაობს და წარმატებას ვუსურვებ! ამჟამად? ამ ეტაპზე, აქტიურად ვმუშაობ - სახლში (იცინის). ვრჩები ექსპერტად, ვარ უეფას ინსტრუქტორი და კონსულტანტი აზიის ფედერაციის სტრატეგიულ საკითხებში. ამას გარდა არის კონკრეტული შემოთავაზებებიც და ვნახოთ...

- მწვრთნელების ლიცენზირების გარდა, თავადაც გიმუშავიათ მწვრთნელად, იყავით საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცი... მწვრთნელობას ისევ ხომარ აპირებთ? - ვნახოთ... თუ იქნება ორივე მხარის სურვილი და ისეთი დაინტერესება, რაც ჩემს კვალიფიკაციას და ცოდნას შეეფერება, რატომაც, არა?!

- დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს ნაკრებს წვრთნიდით. ეროვნულ გუნდში მუშაობით კმაყოფილი ხართ? - მთხოვეს - გვიჭირს, მწვრთნელი არ გვყავს, არც ფული გვაქვს და დაგვეხმარეო... რა თქმა უნდა, უკმაყოფილო ვარ. დღევანდელი გადასახედიდან, დაუფიქრებლად აღარ გადავხტებოდი "ცარიელ აუზში თავით“, მაგრამ ქვეყნის ინტერესებიდან, არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, გულწრფელად დავთანხმდი მეგობრის თხოვნას. იმ პერიოდში, უკვე მომავალი შესარჩევი ციკლისთვის მზადებაზე ვაკეთებდით აქცენტს და არა მომენტალურ შედეგზე. არც არანაირი ფინანსური დაინტერესება მქონდა - 3000 ლარი, რასაც ეროვნული ნაკრების გაწვრთნისთვის მიხდიდნენ, სასაცილოდაც არავის ეყოფა! ბევრმა ცნობილმა, სახელგანთქმულმა და ძალიან მაღალანაზღაურებადმა მწვრთნელმა იმუშავა ჩემს შემდეგ, მაგრამ ჰქონდათ უკეთესი შედეგი? დათვალეთ ქულები და ნახავთ რომ არა.

- როდესმე გინანიათ, ეროვნული გუნდის მწვრთნელობას რომ დათანხმდით? -ბევრს ჰგონია, გუნდის შენება მარტივი საქმეა - შემადგენლობას გამოაცხადებ, გავლენ და ითამაშებენ. სინამდვილეში ეს ძალიან რთული პროცესია. განსაკუთრებით მაშინ, როცა ხედავ ხარვეზებს, რომელთა აღმოფხვრაც შეუძლებელია 1-2 დღეში. ახლა, ასეთ ნაბიჯს ასეთნაირად არ გადავდგამდი, 2005 წელს კი საქმის ინტერესებიდან გამომდინარე დავთანხმდი, რადგან ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, ვიყო ეროვნული გუნდის მწვრთნელი! ვცდილობდი გუნდი ამეშენებინა, მაგრამ სამწუხაროდ, არ დამცალდა...