ჩარტერი კარგია... მაგრამ არ იქნება! - კვირის პალიტრა

ჩარტერი კარგია... მაგრამ არ იქნება!

მართალია, თავისი წილი თამაში საქართველოს საფეხბურთო ნაკრებსაც ელის, მაგრამ თქმა არ უნდა, წლევანდელი აგვისტო საქართველოში საკალათბურთო თვეა. A დივიზიონში შარშან აღზევებულ ჩვენს ნაკრებს ზაფხულის ბოლო თვეში ზედიზედ რვა მატჩის გამართვა უწევს, თანაც რიგითი კი არა, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისა.

B დივიზიონში ექვსწლიანი ყურყუტის შემდეგ, როგორც იქნა, ელიტაში გარევის უფლება მოვიპოვეთ, ქართველები კი, კარგად მოგეხსენებათ, მაქსიმალისტები ვართ და კონტინენტის პირველობაზე მოხვედრის გარდა, სხვა არაფრის გაგონება გვსურს. ამიტომაც ელოდა ქომაგი სულმოუთქმელად აგვისტოს მატჩებს და მიუხედავად იმისა, რომ აუტანელ სიცხეს თბილისელები სხვადასხვა კურორტზე ემალებიან, სპორტის სასახლის ტრიბუნები პირველივე მატჩისას გაივსო.

გულშემატკივარს საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე ხილვა სურს, მაგრამ იქ მოსახვედრად არც მხოლოდ სურვილი კმარა და არც ძლიერი შემადგენლობა. თანაბრად დაბალანსებული გუნდის მიუხედავად, გამოცდილებით მეტოქეებს გვარიანად ჩამოვრჩებით. საქართველოს ნაკრები ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდულია ევროპირველობის საგზურის მაძიებელთა შორის, მაგრამ მთავარი მაინც სხვა რამ არის, - ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დაბალ დივიზიონში ვთამაშობდით და შესაბამისად, მეტოქეებიც "ჩვენი საზომისა" გვყავდა. ახლა კი გაცილებით ძლიერ და გამოცდილ გუნდებთან გვიწევს პაექრობა.

თუ მეტად არა, არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, როგორ შეხვდება გუნდი ამა თუ იმ მატჩს. პირველ ტურში შინ პოლონეთს 84:65 მოვუგეთ და ბელგიასთან მატჩს ჩინებული განწყობით შევხვდით, მაგრამ განწყობისგან განსხვავებით, კალათბურთელთა ფიზიკური მდგომარეობა ნამდვილად არ გახლდათ სახარბიელო. რატომ? პოლონეთთან 2 აგვისტოს მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრები სტამბოლში გაემგზავრა, იქიდან ბრიუსელში ჩაფრინდა, ბრიუსელიდან ანტვერპენამდე ავტობუსით იმგზავრა, 5 აგვისტოს კი ადგილობრივ "ლომებს" დაუპირისპირდა და 74:64 წააგო.

არადა, ბელგიელების დამარცხება ნამდვილად შეგვეძლო. პირველი მეოთხედის მოგების შემდეგ ქართველები მერეც თანაბრად ებრძოდნენ მასპინძლებს, მაგრამ მატჩის ბოლოს დაღლა აშკარად დაეტყოთ და შეცდომებსაც უმატეს, რაც მარცხის ფასად დაგვიჯდა. ამის დასტურად სტატისტიკაც გამოდგება. პირველ ნახევარში რვა ორქულიანი ტყორცნიდან ზაზა ფაჩულიამ შვიდი ბურთი ზუსტად მოათავსა კალათში, მეორე ნახევარში კი ახლო დისტანციიდან მხოლოდ ორჯერ იხეირა.

იმავეს თქმა შეიძლება გიორგი ცინცაძეზე და სხვა მოთამაშეებზეც. კი ბატონო, NBA NBA-ში NBA მოთამაშე ფაჩულიასთვის კვირაში ორი მატჩის ჩატარება და შორეული ფრენები სულაც არ არის უცხო, მაგრამ ამის პასუხად მისივე სიტყვებს შემოგთავაზებთ: "ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული ჩემპიონატისას ხშირად მიწევს ათასობით მილით დაშორებულ ქალაქებში გადაფრენა და მატჩების 3-4 დღეში ერთხელ ჩატარება, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ თვითმფრინავს, რომლითაც ვმგზავრობ, "ატლანტა" აწერია".

როგორც მოგეხსენებათ, "ატლანტა ჰოუქსი" ის კლუბია, რომლის ღირსებასაც ფაჩულია იცავს. ზემოაღნიშნულ სიტყვებში კი ნაკრების კაპიტანმა ის იგულისხმა, რომ "ატლანტა" გასვლით მატჩებზე საკუთარი თვითმფრინავით დაფრინავს და რაც უნდა შორეული რეისის შესრულება სჭირდებოდეს, გადაჯდომა-გადმოჯდომის გარეშე ჩადის დანიშნულების ადგილას.

თბილისში პოლონეთის ძლიერ გუნდს 19 ქულის სხვაობით მოვუგეთ. შესაძლოა, ამან ჩვენი გუნდი ეიფორიაში ჩააგდო და ქართველი კალათბურთელები ბელგიაში ზედმეტად თავდაჯერებული იყვნენ. ბევრი იყო შეცდომაც (მასპინძელთა 9 შეცდომის საპირისპიროდ, ქართველები 21-ჯერ შეცდნენ), მაგრამ მარცხის ერთ-ერთ უმთავრეს მიზეზად მაინც გადაღლილობა მიმაჩნია. და თუ ნაკრებმა პირველივე გასვლითი მატჩი ასე "მძიმედ გადაიტანა", რას უნდა ველოდოთ მომდევნო საგარეო შეხვედრებისგან?

გამოსავალი მხოლოდ ერთია - ჩარტერული რეისი. კალათბურთის ფედერაციას არც საკუთარი თვითმფრინავი ჰყავს და არც ჩარტერული რეისებისთვის საჭირო თანხა, მაგრამ თუ სწორად მახსოვს, საქართველოს ხელისუფლებამ კალათბურთი პრიორიტეტულ სახეობათა შორის დაასახელა და საინტერესოა, რა იგულისხმება ასეთი სტატუსის მინიჭებაში? კი ბატონო, ძალიან კარგია საერთაშორისო მატჩებისას სპორტის სასახლის სამთავრობო ლოჟა რომ ივსება ხოლმე (პრესლოჟის ქვევითაა და კარგად ვხედავთ), მაგრამ მხარდაჭერა მხოლოდ ტრიბუნაზე ყოფნით გამოიხატება?

შაკირას ჩამოყვანაში თუ შეიძლება მილიონის გადახდა, რამდენიმე ათასი არ მოიძებნება იმისთვის, ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის მებრძოლმა კალათბურთელებმა დაქანცულებმა რომ არ ჩააღწიონ სტუმრად სათამაშოდ?

თუმცა, როგორც ჩანს, მხოლოდ გადაჭედილი სპორტის სასახლისა და კალათბურთელების გამძლეობის იმედად უნდა ვიყოთ, რადგან გადაწყვეტილია, რომ ჩარტერული რეისები არ იქნება.

ბესიკ ლიპარტელიანი, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი:

- მოგეხსენებათ, ჩარტერული რეისი ისედაც ძვირი ჯდება, თანაც ახლა ზაფხულია და ავიაკომპანიები უფრო ძვირს ითხოვენ. ამას ისიც ემატება, რომ ჩარტერული რეისის დროს გთავაზობენ მცირეგაბარიტიან თვითმფრინავს, რომელიც ძალიან არაკომფორტულია კალათბურთელებისთვის. წარმოიდგინეთ, როგორია ორმეტრიანი ადამიანისთვის 4-5 საათი ფეხებმოკეცილი ჯდომა? თუ ფეხები დაიმტვრია და უარესად დაიღალა, რა აზრი აქვს ჩარტერული რეისით გამგზავრებას?

- ე.ი. ჩარტერული რეისები გამოირიცხა?

- დიახ, ასეა. 11-ში პორტუგალიას ვმასპინძლობთ, მეორე დღეს კი ბულგარეთში მივემგზავრებით. კარგი ის არის, რომ ბულგარელებთან მატჩის შემდეგ თბილისში აღარ ჩამოვალთ, სოფიიდან პირდაპირ ვარშავაში გადავფრინდებით პოლონელებთან სათამაშოდ და ძალის აღსადგენად მეტი დრო გვექნება. გაცილებით ძნელი იქნება პორტუგალიაში გამგზავრება, 3-4-ჯერ მოგვიწევს გადაჯდომა ალბუფეირაში ჩასაღწევად.

რა თქმა უნდა, ჩარტერული რეისი ბევრად უფრო კომფორტულია, მეტიც, გულშემატკივრების წაყვანასაც ვაპირებდით, მაგრამ ზემოაღნიშნული მიზეზების გამო, თვითმფრინავის დაქირავება არ ხერხდება.

თუმც, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ რადგან ჩარტერით ვერ მივდივართ, სტუმრად ყველა მატჩს წავაგებთ, ბიჭებმა ბელგიაშიც თავდაუზოგავად იბრძოლეს და დარჩენილ მატჩებშიც ასე იქნება.

P.S. მოკლედ, საქართველოს ნაკრებს წინ ურთულესი მატჩები ელის, თანაც "შორი გზით მოუარეს" პრინციპით. გადაჭედილ სპორტის სასახლეში ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია და ძალა 1-2 მატჩის სტუმრად მოსაგებადაც თუ გვეყოფა, იქნებ 2011 წლის ევროპის ჩემპიონატზე ქართული დროშაც აფრიალდეს.