მაყურებელი "ჩადგმითა" და "ჩამოტარებით" - კვირის პალიტრა

მაყურებელი "ჩადგმითა" და "ჩამოტარებით"

"ოქტომბერში თბილისს "ფეხბურთის მეფე" - პელე ესტუმრება", - განაცხადა სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე ნიკო პატარქალიშვილმა, რომელმაც რამდენიმე წლის წინ საქართველოს დედაქალაქში დიეგო მარადონა ჩამოიყვანა. პელესთან შეთანხმება უკვე მიღწეულია.

ლეგენდარული ფეხბურთელი 23 ოქტომბერს 70 წლის ხდება, ოქტომბრის მიწურულს კი საქართველოს ესტუმრება. ჩვენ იუბილეს მივულოცავთ, ის - თბილისობას, მერე კი ყველანი ერთად დავესწრებით საერთაშორისო ოთხთა ტურნირს, რომელშიც საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების გარდა, ბრაზილიის, არგენტინისა და ურუგვაის ახალგაზრდული ნაკრებები მიიღებენ მონაწილეობას.

პელე კი მოდის, მაგრამ საქართველოდან ფეხბურთი წავიდა. ყოველ შემთხვევაში, ევროტურნირებს უკვე დავემშვიდობეთ, ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი მაქსიმუმი გამოდგა ქართული კლუბებისთვის, - თბილისის "დინამოს" "შტურმანობა" არ გამოუვიდა და ვერც "ზესტაფონმა" გადალახა კარპატები.

ავსტრიაში გრაცის "შტურმთან" 2:0 წაგებული პირველი მატჩის შემდეგ, თბილისის "დინამო" მშობლიურ სტადიონზე შეეცადა სასურველი ანგარიშის დაფიქსირებას, სწრაფი გოლითაც დაწინაურდა (რობერტინიო, მე-10 წუთი), მაგრამ ტაიმის მიწურულს საკუთარ კარში პენალტი მიიღო და კაცნაკლულიც დარჩა.

უმცირესობაში დარჩენილ "დინამოელებს" კიდევ შეეძლოთ ბურთის გატანა, მაგრამ სამის გამტანები რომ არ იყვნენ, თავადაც კარგად მოეხსენებოდათ. და საბოლოოდ, 1:1.

ევროპის ლიგის წლევანდელ გათამაშებაში "დინამოს" გამოსვლა დადებითად უნდა შევაფასოთ. კახა კაჭარავას გუნდი ბოლო ხანს მუდმივად იცლება - ფეხბურთელებისგანაც და... ფულისგანაც!

ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონს ფინანსური პრობლემები რომ აქვს, ახალი არ არის. ამ (და კიდევ, წამყვანი ფეხბურთელების მიერ გუნდის დატოვების) ფონზე თბილისური კლუბის მიერ ევროპის ლიგაზე ნაჩვენები შედეგი (3 მოგება, 2 ფრე, 1 წაგება) ურიგო ნამდვილად არ არის, - "დინამომ" მოუგო ტალინის "ფლორას" და შვედურ "გეფლეს", გაცილებით ძლიერ და მდიდარ "შტურმთან" კი ორი მატჩის ჯამში 3:1 დამარცხდა. თუ იკითხავთ, "ფლორა" და "გეფლე" ვიღას დაკარგვიაო, გიპასუხებთ: ყაზახური "აკტობე" და ჩეხური "ბანიკი" ვიღას დაკარგვია, ქვეყნის ჩემპიონი და თასის მფლობელი რომ შეგვირცხვინეს?

რაც შეეხება "ზესტაფონს", გია გეგუჩაძის გუნდმა ლვოვის "კარპატისთან" სტუმრად 1:0 წააგო და განმეორებით მატჩს იმედიანად შეხვდა. ზესტაფონის სტადიონი ხშირად ივსება ხოლმე და ასეთი მნიშვნელობის მატჩისას - მით უმეტეს. მაგრამ გავსებაც არის და გავსებაც - ტრიბუნებსა და კიბეებზე ვინც ვერ დაეტია, მათთვის პირველი რიგის წინ ჩაამატეს გრძელი "სკამეიკები". ჰოო, დაგვიანებული სტუმრებისთვის რომ ჩაამატებენ ხოლმე, ზუსტად ისე. ეგ კიდევ არაფერი, ამ "ჩადგმულის" გარდა, "ჩამოტარებული" ხალხიც იყო, ანუ ისეთები, საფეხბურთო კარის უკან რომ იდგნენ მთელი მატჩის განმავლობაში, თანაც საკმაოდ მრავლად.

უეფას დელეგატი გულდასმით კი ცდილობდა, "თვალი აერიდებინა" კარს უკან მდგომი რამდენიმე ასეული  მაყურებლისთვის, იმაზეც დახუჭა თვალი, 34-ე წუთზე სტადიონს ელექტროენერგია რომ შეუწყდა და მატჩი 20 წუთით შეჩერდა, მაგრამ მსაჯობით უკმაყოფილო ვაიგულშემატკივრებმა პლასტმასით რომ დაიწყეს და მინის ბოთლებზე გადავიდნენ, მერე კი იკადრა და ოქმს წაავლო ხელი.

შედეგი? "ზესტაფონს" ფინანსური სანქციები რომ არ აცდება, უეჭველია და შეიძლება ევროტურნირების ლიცენზიაც ჩამოართვან. ასეა, რამდენიმე ვაიგულშემატკივრის უმსგავსობის გამო საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე კოლორიტული ქალაქი, შეიძლება დიდი ფეხბურთის გარეშე დარჩეს.

თავად მატჩზე სალაპარაკო ბევრი არაფერია, - მასპინძლები უტევდნენ, მაგრამ ბოლო წამებზე კონტრშეტევა გამოეპარათ და... აქაც 0:1.