ჩოგბურთის გორგოძე
ჩოგბურთის გორგოძე
"ნებისმიერი ჩოგბურთელის მსგავსად, ჩემი ოცნება და მიზანიც "ტოპ-10"-ის წევრობაა!"

ნიკოლოზ ბასილაშვილს არც ქალთა შორის საქართველოს პირველი ჩოგანი ჩამორჩა: ბოლო ათი მატჩიდან, ეკატერინე გორგოძემ ყველა მოიგო და ზედიზედ ორ მაღალი დონის ტურნირში გაიმარჯვა. ასტანის 80 000-იან ტურნირზე ჩემპიონობის შემდეგ, ეკომ გერმანულ ჰეხინგენშიც (საპრიზო ფონდი 60.000 აშშ დოლარი) დააწიოკა მასპინძლები და ფინალშიც გერმანელს, ჩინებულ ფორმაში მყოფ ლაურა ზიგმუნდს (146) აჯობა - 6:2, 6:1. ყაზახურ-გერმანული ტრიუმფის შემდეგ, 26 წლის ქართველი მსოფლიო რეიტინგში 168-ე
ადგილამდე დაწინაურდა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია მის კარიერაში. ასე რომ, "თავისი გორგოძე" უკვე ქართულ ჩოგბურთსაც ჰყავს და იმედია, ეკატერინეც ისეთივე (და კიდევ უფრო) წარმატებული იქნება თავის სახეობაში, როგორიც მამუკაა რაგბიში! ეკატერინე გორგოძისთვის მთავარი გამოწვევა 21 აგვისტოდან იწყება - ეკო სამშაბათიდან ჩაერთვება "დიდი სლემის" მისთვის სადებიუტო გათამაშების
საკვალიფიკაციო ეტაპში და US Open-საც იმედიანად ელის:

- გერმანიიდან პირდაპირ ნიუ-იორკში წამოვედი და უკვე აქტიურად ვემზადები აშშ-ის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის, რომელიც 21 აგვისტოს იწყება. US Open-ი პირველი "დიდი სლემია" ჩემთვის და, ბუნებრივია, ცოტათი ვღელავ, მაგრამ იმდენად მჯერა საკუთარი თავის, რომ ამასაც გადავლახავ და ნიუ-იორკის კორტზეც კარგად ვიასპარეზებ. მთავარია, საწყისი ეტაპი გადავლახო.

- ისეთ ფორმაში ხართ, ეს აუცილებლად­ უნდა მოახერხოთ! რას უკავშირებთ ბოლო პერიოდში მიღწეულ დიდ წარმატებას?
- შრომა არც მანამდე მეზარებოდა, მაგრამ, ახლა გაცილებით სწორად, მიზანმიმართულად, მეტი თავდაჯერებით ვმუშაობ. სპორტსმენისთვის დამატებითი მოტივაციაა, როცა შრომა უფასდება!

- ასტანის ტურნირის საპრიზო ფონდი 80.000 დოლარია. ქართველი ქალებისგან განებივრებული ნამდვილად არ ვართ ამ მასშტაბის ტურნირებზე გამარჯვებებით...
- უკეთესი საპრიზო ფონდის მქონე ტურნირი (კუნეოს 100.000-იანი - რ.შ.) მოგებული აქვს მხოლოდ ანა ტატიშვილს, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ საქართველოს სახელით თამაშობდა. რაც შეეხება ასტანას, ყაზახურ ტურნირს ძალიან კარგ ფიზიკურ კონდიციაში შევხვდი, თანაც, მეოთხე ნომრად ვიყავი განთესილი და საწყის მატჩებში არ მომიწია ფავორიტებთან შეხვედრამ. ჩემი საყვარელი საფარი ქვიშაა და "ჰარდზე" 80-ათასიანი ტურნირის მოგებას არც ველოდი. ხშირად უკითხავთ, რატომ ამჯობინებ ქვიშნარზე თამაშს, "ჰარდზეც" ხომ ჩინებულად თამაშობო?! არადა, მართლაც არ მეგონა, თუ "ჰარდზე" ასე კარგად ვითამაშებდი, ასთანის შემდეგ ჩემი შესაძლებლობები ახლიდან შევაფასე (იცინის).

- გადაუღებელი წვიმის გამო ფინალური მატჩი დარბაზში გადაიტანეს. ასეთი მოულოდნელობის დროს იბნევით თუ, პირიქით, მოტივაცია გემატებათ?
- არ დავბნეულვარ, მაგრამ როცა ფინალის დარბაზში გადატანა გადაწყდა, მსაჯებს ვეკამათე და კიდევ რამდენიმე საათის განმავლობაში დაცდა ვთხოვე­ - იქნებ გამოიდაროს, მთელი კვირა ღია კორტზე ვთამაშობდით და დარბაზში რატომ უნდა გადავინაცვლოთ-მეთქი? ამ კვირაში სულ წვიმაა და სხვანაირად არ გამოვაო... მალევე გავაცნობიერე, რომ დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა გარეთ ვითამაშებდი თუ დახურულ კორტზე - საფარიც იგივე იყო და ჩემი ფიზიკური მდგომარეობაც. საბოლოოდ, ფინალიც მოვიგე და ჩემპიონი გავხდი.
რაც შეეხება გერმანულ ტურნირს, გამ­გ­ზავრება ბოლო წუთს გადავწყვიტე, სანამ აშშ-ის ვიზას ველოდი, ზუსტად არ ვიცოდი, მოვასწრებდი თუ არა ჰეხინგენში­ თამაშს.

- კიდევ კარგი, წახვედით! ჰეხინგენში ხუთიდან ოთხი შეხვედრა გერმანელებთან ითამაშეთ, მასპინძლების წინააღმდეგ კორტზე გასვლა კი ორმაგ წნეხს ნიშნავს.
- გამონაკლისი არ ვარ და არც მე მიყვარს მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენლ­ებთან თამაში. გულშემატკივრის გარდა, ამის მიზეზი არიან მსაჯებიც - გადამწყვეტ მომენტში მუდამ მასპინძელს ემხრობიან.
გერმანელი ქომაგები აგრესიით გამოირჩევიან და მათგან ჰეხინგენშიც დიდ ზეწოლას ვგრძნობდი, მაგრამ ესეც გადავლახე და ჩემს სასიკეთოდ გამოვიყენე - ადგილობრივმა ფანებმა მოტივაცია გერმანელ ჩოგბურთელებთან გამართულ ოთხივე შეხვედრაში მომცეს!

- ფინალში იოლად დაამარცხეთ ლაურა ზიგმუნდი, რომელიც წელს საუკეთესო ფორმაშია, "ტოპ-10"-ის არაერთ ჩოგბურთელს მოუგო­ და თქვენთანაც ფავორიტად ითვლებოდა.
- ასტანაში გამარჯვებისა და ჰეხინგენში ფინალამდე მოგებული მატჩების შემდეგ საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი აღარ შემპარვია. მატჩის წინ სტრატეგიას მეტოქის თამაშის სტილიდან გამომდინარე­ ვირჩევ, მაგრამ ზიგმუნდი იმდენად ჭკვიანი უმაღლე­სი კლასის მოთამაშეა, რომ ფინ­ალის წინ ცოტა დავიბენი - არ ვიცოდი­, როგორი სტრატეგია ამერჩია. მაგრამ მერე თავს შევუძახე, კარგ ფორმაში ხარ, გადი და თავისუფლად ითამაშე, რაც იქნება, იქნება-მეთქი! გამომივიდა კიდეც, თავიდანვე აგრესიულად დავიწყე თამაში, რამაც ლაურას დისკომფორტი შეუქმნა. ამის გამო ზიგმუნდმა რამდენჯერმე შეცვალა თამაშის სტრატეგია, ყველაფერი სცადა, მაგრამ მეც ყველა ჯერზე მოვახერხე საპასუხო დარტყმის გამოძებნა.

- ზედიზედ მოგებული ორი ტურნირის წყალობით მსოფლიო რეიტინგში 168-ე ადგილ­ამდე დაწინაურდით. ეს, ალბათ, ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია, არა?
- რა თქმა უნდა. მიმდინარე სეზონის სტარტზე რეიტინგის მეოთხე ასეულის "მიმდებარედ" ვიყავი და ამჟამინდელი პოზიცია წინგადადგმული ნაბიჯია ჩემთვის. მიზნად "დიდ სლემზე" მოხვედრა მქონდა, შემდეგი ამოცანა კი მომდევნო "სლემის" ძირითადი ბადიდან დაწყება იქნება. რეიტინგში­ რაც უფრო წინ მიდიხარ, თავდაჯერებაც გემატება და ყველაფერს სხვანაირად გეგმავ.

- ივლისში სოციალურ ქსელში დაწერეთ, მოსამზადებლად ტურნირიც კი გამოვტოვე, მაგრამ თბილისში ვერც სპარინგ-პარტნიორები მოვძებნე და ვერც მწვრთნელიო... ცხადია, ამ სიტყვებში ხუმრობის მარცვალიც ერია, მაგრამ­ საქართველოში სპარინგ-პარტნიორის მოძებნა ნამდვილად არ არის სახუმარო საქმე.
- თბილისში იმისთვის დავრჩი, რომ კონდიციები აღმედგინა, მაგრამ ცუდი პერიოდი დაემთხვა და სავარჯიშოდ ერთი პარტნიორის მოძებნაც კი ვერ მოვახერხე.­ მით უმეტეს, "ჰარდზე" ვვარჯიშობდი, ამ საფარზე ვარჯიში კი ნაკლებად იზიდავთ­. გოგონებიც და ვაჟებიც თელავის­ ტურნირზე სათამაშოდ იყვნენ წასული, თორემ ბიჭებთან მაინც ვივარჯიშებდი - როცა სცალიათ, სპარინგზე უარს არ მეუბნებიან.

- პარტნიორის მოძებნა მხოლოდ ტურნირების დროს რომ იყოს პრობლემა, რაღა გიჭირდათ... ზოგადად, როგორ არის საქმე, რა ხდება დღეს საქართველოს ქალთა ჩოგბურთში?
- გამიჭირდება თქმა, რომ ყველაფერი კარგადაა... ანა ტატიშვილი აშშ-ში გადაბარგდა, სოფია შაფათავა დაქვეითდა რეიტინგში, მარიამ ბოლქვაძე საერთოდ არ ვარჯიშობს საქართველოში. ამ ფონზე როგორ გითხრათ, რომ ქართული ჩოგბურთი წინ მიდის? მარიამ დალაქიშვილის გარდა, სხვა ვინ მოდის, არც ვიცი...

- ანა ტატიშვილი ახსენეთ: როგორ არის, გაქვთ მასთან ურთიერთობა?
- ახლო ურთიერთობა არ გვაქვს, ხანდახან მოვიკითხავთ ხოლმე ერთმანეთს. ანამ რამდენიმე ოპერაცია გაიკეთა და ამის გამო არ თამაშობდა, თორემ ოფიციალურად­ არ დაუსრულებია კარიერა. ჯანმრთელობამ თუ შეუწყო ხელი, არც დაასრულებს.

- რას ნიშნავს, იყო შენი ქვეყნის პირველი ჩოგანი?
- ძალიან დიდ პატივს და პასუხისმგებლობას, მაგრამ კარგი იქნება, საქართველოში უფრო მეტად თუ დაფასდება ყველა­ იმ ჩოგბურთელის შრომა, ვინც ჯერ კიდევ შემოვრჩით და ვაგრძელებთ თამაშს!

- ჩოგბურთი სპორტის ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული სახეობაა. ამის მიუხედავად, სულ გვყავდა ჩოგბურთელები, რომლებიც ადასტურებდნენ, რომ შეიძლება ღარიბ ქვეყანაშიც გყავდეს მაღალი დონის სპორტსმენები!
- ალბათ, მხოლოდ ქართველებს შე­გვიძლია სპორტში რაღაცას მივაღწიოთ ყველანაირი ხელშეწყობის, ფაქტობრივად, არაფრის გარეშე!
სწორედ ამას წინათ ვლაპარაკობდით მე და ნიკა ბასილაშვილი - გამარჯვება მომილოცა და მითხრა, კარგად ვიცი, როგორი რთულია ასეთი წარმატების მიღწევა, როცა სპორტსმენს არანაირი პირობა არ აქვსო.

- ფიზმომზადებისა და აღდგენითმა სისტემებმა ისეთ დონეს მიაღწია თანამედროვე სპორტში, მხოლოდ ნიჭის ხარჯზე წარმატების მიღწევა, ფაქტობრივად, წარმოუდგენელი გახდა!
- უცხოელებს სასაცილოდაც არ ეყოფ­ათ, ვერც წარმოიდგენენ, რომ ასეთ პირობებში ვემზადებით. ვინ დაიჯერებს, რომ ქვეყნის პირველ ნომერს მწვრთნელი­ არ ჰყავს?!

- ტოპჩოგბურთელებთან მწვრთნელთა და ტაქტიკოსთა ჯგუფები მუშაობენ.­ როცა საუკეთ­ესოთა ასეულში მოხვდებით, მწვრთნელის­ აყვანის გარდა, "სხვა გზა" არც თქვენ "დაგრჩებათ".
- რა თქმა უნდა, ჩემი გეგმაც ამას უკავშირდება. ესპანელი მწვრთნელი, რომელიც შეძლებისდაგვარად დამყვებოდა ტურნირებზე, ამას უკვე ვეღარ ახერხებს, რადგან ესპანეთის ჩოგბურთის ფედერაციაში მუშაობს. ამიტომაც დაგეგმილი მაქვს, რადაც უნდა დამიჯდეს, მწვრთნელი ავიყვანო.

- რა არის თქვენი უახლოესი მიზანი?
- მომდევნო "დიდი სლემის" ძირითად ბადეში მოხვედრა. ისე კი, ნებისმიერი ჩოგბურთელის მსგავსად, ჩემი ოცნება და მიზანიც "ტოპ-10"-ის წევრობაა!

- ბოლო დროს განსაკუთრებული ყურად­ღების ქვეშ ხართ. ეს ხელს ხომ არ შეგიშლით?
- რა უნდა ველაპარაკო იმ ხალხს, ვინც ცინიკურ კომენტარებს წერს და ამ დროს წარმოდგენაც არა აქვს, რის ხარჯზე მივედით აქამდე ქართველი ჩოგბურთელები? ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა და კრიტიკას განვიცდი, როცა საქმე ეროვნულ ნაკრებს ეხება: რაც შეგიძლია, ცდილობ, ბოლომდე­ იხარჯები, საღამოს კი წაიკითხავ, ამათ ჩოგბურთის თამაში უნდა აუკრძალოო, როგორ ხასიათზე დადგები?! ვისურვებდი, უფრო ადეკვატურად შეაფასონ მოვლენები. მათ კი, ვისაც ჩვენი წარმატება უხარია, დიდ მადლობას ვუხდი!

რატი შელეგია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები