"ტორპედოს" აბა (ბულგარ) ულა?! - კვირის პალიტრა

"ტორპედოს" აბა (ბულგარ) ულა?!

"ტორპედო" 0:1 "ლუდოგორეცი"

ჯერ ნაადრევია "აბა ულას" მღერა, მაგრამ ქუთაისის "ტორპედოს" ბევრიც არაფერი უკლია ევროპის ლიგიდან "წასვლამდე". არადა, 14-წლიანი პაუზის შემდეგ ქართული კლუბი ისევ მიუახლოვდა ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპს. "ტორპედოს" კინკილა ნაბიჯიღა აშორებს ქართული ფეხბურთისთვის ასე სანუკვარ შედეგამდე, მაგრამ... ბულგარულ "ლუდოგორეცთან" თბილისში წაგების შემდეგ ეს "ერთი ნაბიჯი" ლამის ბულგარეთის საზღვრამდე გაიჭიმა და თუ საქართველოს მოქმედ ჩემპიონს "ჰოპლას" დაძახება სურს, ჯერ გვარიანი ნახტომი უნდა გააკეთოს.

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ტირასპოლის "შერიფთან" დამარცხების მერე "ტორპედომ" ევროპის ლიგაზე გადაინაცვლა და ფარერულ-ალბანური წინაღობების გადალახვის შემდეგ ბულგარულ კედელს შეეჯახა. რაზგრადის "ლუდოგორეცი" ნამდვილად არ არის ევროპული ფეხბურთის გრანდი, მაგრამ "ტორპედოზე" ოცდახუთჯერ მეტი ბიუჯეტის მქონე და ბრაზილიელებით (მწვრთნელიან-ფეხბურთელებიანად!) გაძლიერებული კლუბი, ბოლო წლებში, წარმატებით თამაშობს როგორც ეროვნულ ჩემპიონატში, ისე ევროთასებზეც. ბულგარეთის შვიდგზის ჩემპიონმა უკვე ოთხჯერ მოასწრო ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაში და თბილისიდან წაღებული 1:0-ის შემდეგ ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირის ჯგუფს წელსაც მიუახლოვდა.

თუმცა რაზგრადელები იქაურებმა აქონ, ჩვენ ჩვენებურებისა ვიკითხოთ და... დავიწყოთ მადლობით! მართალი იქნება, ვინც იტყვის, რომ წაგებულ შეხვედრაში სამადლობელი არაფერია. ქუთათურებს მადლობა არა მარცხის, არამედ იმისთვის ეკუთვნით, რაც აქამდე გააკეთეს! ევროთასებს შემორჩენილმა ერთადერთმა ქართულმა კლუბმა ქართულ ფეხბურთს ნამუსი და იმედი შეუნახა და სახლში წაგების მიუხედავად, ბულგარეთშიც ფეხბურთის სათამაშოდ მიდის!

ვინც "ტორპედო"-"ლუდოგორეცი" ნახა, დაგვეთანხმება - მასპინძლებს არც ვარსკვლავები მოუწყვეტიათ და არც მეტოქის კარის ბადე, საგოლე ეპიზოდების გახსენებაც გაგვიჭირდება, მაგრამ თუ მოწინააღმდეგეების ფინანსებსა და გამოცდილებას შევადარებთ, "ტორპედოელთა" სასაყვედუროდ ენა არ მოგვიბრუნდება - კახა ჩხეტიანის გუნდმა, რაც შეეძლო, იბრძოლა. სამწუხაროდ, ვერც ბულგარულ-ბრაზილიურ დაცვას მოვუხერხეთ რამე და ვერც პირველ ტაიმს დამატებულ დროში გაშვებულ კინკილა გოლს.

რაზგრადის "ლუდოგორეცი" ჩვენზე მდიდარი, გამოცდილი და ძლიერი კლუბია, ფავორიტი იყო და გაიმარჯვა კიდეც. ამ დონის გუნდთან წაგება სირცხვილი არ არის (მით უმეტეს, რომ ჯერ არაფერი დასრულებულა) - სამარცხვინო მართლაც მაჩანჩალა გუნდებთან წაგებაა, რითაც ქართული კლუბები ყოველ წელს "გვანებივრებენ".

ჰოდა, მარცხის მიუხედავად, "ტორპედო" ბულგარეთში ტურისტად წასვლას არ აპირებს. მართალიც არის - რაზგრადს "ოქროს ქვიშები" სჯობს, ყურების ჩამოყრას - თავისუფლად თამაში!

კახა ჩხეტიანიც ამას გვპირდება: "ჯერ არაფერი დამთავრებულა, ყველაფერი ბულგარეთში გაირკვევა. ბოლომდე ვიბრძოლებთ და ვეცდებით, რაზგრადში გოლი გავიტანოთ. ფსიქოლოგიურად ეს მარცხი ჩვენთვის უკეთესიც იქნება... გაშვებული გოლი? პირველი ტაიმის ბოლოს კონცენტრაცია დავკარგეთ და გოლი ამას მოჰყვა. ამის მიუხედავად, მთლიანობაში, ჩემი ფეხბურთელების თამაშით კმაყოფილი ვარ და მინდა მათ მადლობა ვუთხრა. დიდი მადლობა გულშემატკივარსაც, რომ მოვიდა და მხარი დაგვიჭირა", - გვითხრა ნამატჩევს "ტორპედოს" თავკაცმა.

მართალიც არის: ჯერ მხოლოდ პირველი მატჩი დასრულდა და... მართალია, "ლუდოგორეცს" რაზგრადში კიდევ უფრო დიდი უპირატესობა ექნება, მაგრამ... რაღას ვკარგავთ - ჩვენ ჩვენი უნდა ვცადოთ!

P.S. ვიოცნებოთ მაინც: ნეტავ როგორ იქნება ბულგარულად "აბა ულა"?