"ყიფიანის გარდაცვალება დასასრული არ ყოფილა" - გუნდური თამაშის დიდი მარტოსული
"ყიფიანის გარდაცვალება დასასრული არ ყოფილა" - გუნდური თამაშის დიდი მარტოსული

ქართველი ქომაგის ფავორიტი, თბილისის "დინამოს" დიდი გამთამაშებელი დავით ყიფიანი სათაყვანებელი გუნდის ფორმით 12 წელი (1969, 1971-82) თამაშობდა. სსრკ-ის საუკეთესო ფეხბურთელი (1977) გარდაცვალების შემდეგ ფიფას ღირსების ორდენის კავალერი გახდა. საქართველოში ყიფიანს დაფასება და სიყვარული არ აკლდა და 2001 წელს ეროვნული თასის გათამაშებას მისი სახელი მიენიჭა.

ის 2001 წლის 17 სექტემბერს მომხდარ ავტოავარიას შეეწირა...

"ცოცხლობ? ნიშნავს, რომ იღბლიანი ხარ, გაგიმართლა. მით უმეტეს, თუკი ცხოვრობ სიყვარულით, მეგობრებით, სილამაზესთან ერთად... ლამაზ ქალაქში. ლამაზ
ქვეყანაში... მერე დგება დრო, როცა ამ ყველაფრისთვის უნდა გადაიხადო და ამ საფასურს გარდაცვალება ჰქვია".

ეს "ორი პწკარი" თბილისის ჩუმი კოლორიტის, მიშა ჭავჭავაძის უკანასკნელი სადღეგრძელოს ანარეკლია - მან დაახლოებით იმ პერიოდში იცხოვრა, როცა დავით ყიფიანი ცხოვრობდა...

მენიშნა და იმიტომაც გავიხსენე - დავით ყიფიანმაც ხომ ასე -
სიყვარულით, მეგობრებით, სილამაზესთან ერთად იცხოვრა... ლამაზ ქალაქში... ლამაზ ქვეყანაში... და ის საფასურიც, სიკვდილი რომ ჰქვია, უღმერთოდ ადრე გადაიხადა.

მაგრამ მე მგონია, რომ დავით ყიფიანის გარდაცვალება დასასრული არ ყოფილა. უბრალო მიზეზის გამო - მას ხომ არაფერი დაუწყია. მოვიდა, ნახა და... გააგრძელა. გააგრძელა მისებურად, დარბაისლურად, ჩუმი ღირსებით... მოჰყვა და არიგა ტალანტი პასებად, გოლებად, გამარჯვებებად - ამიტომაც ვწერ, არაფერი დაუმთავრებია. იმ პასებით და გოლებით ისტორია მოიქარგა და იმიტომ - თბილისის "დინამოს", ქართული ფეხბურთის ისტორია.

სიმბოლო იყო - უკამათოდ. სიმბოლო გუნდისა, თაობისა... "გუნდური თამაშის დიადი მარტოსული" - დაახლოებით ასე უწოდა იური როსტმა თავის დიდებულ და მოკლე ესეში - "ყიფიანი მიდის!"


სიმბოლო, რომელიც არავის ჰგავდა - არც მინდორზე, არც მინდორს გარეთ. ერთი იყო: დავით ყიფიანი და მორჩა. რაღაცნაირად ფიცხი ერი ვართ. გაბრიაძე უკეთ ამბობს - ჩქარად მდუღარე. ამიტომაა, ხშირად ვიღებთ ხოლმე სულელურ გადაწყვეტილებებს. გვგონია, კაცს თუ საქვეყნო ტვირთი ავკიდეთ, ამით დიდად დავაფასეთ და უსაშველო პატივი ვეცით.

არადა, თავისუფლება ამგვარი ტვირთების კაცზე აცილებაა სწორედ. ეს ხშირად გვეშლება და ამაზე კარგა დიდი ხნის წინ ვიფიქრე პირველად - მაშინ, როცა ფედერაციის შენობა იამანიძის 5-ში მდებარეობდა და "სარბიელში" მამუკა კვარაცხელიას რეპორტაჟი დაიბეჭდა: "მანქანიდან ყიფიანი გადმოვიდა, ხელში კეისით..."

იდგა დრო, როცა საქართველოს ნაკრებმა ალექსანდრე ჩივაძე მოინელა (პირველად) და ჩემი ის ფიქრიც, იმედისაზე მეტად, შიშისა იყო... დავით ყიფიანსაც ვწირავთ თუ? რა დიდი მიხვედრა უნდა, უარს რომ არ იტყოდა. როდის იყო, ტაშზე მიჩვეული კაცები გამოწვევაზე უარს ამბობდნენ. მათი მთავარი ღირსება საკუთარი თავის რწმენაა - რომ გაიმარჯვო, იმ ეჭვის ჭიაზე მაღლა უნდა დადგე, არასრულფასოვნების კომპლექსი რომ ჰქვია...

ასეთი კაცები ჯერ იმ ჭიას ჭყლეტენ და მერე იმარჯვებენ. "ვნების სიმძაფრეც შენებაშია და არა აშენებულით ტკბობაში" - ამას იმ თაობის კიდევ ერთი სიმბოლო, გურამ რჩეულიშვილი წერდა. ამიტომაც დარწმუნებული კი ვიყავი, ყიფიანი უარს არ იტყოდა, მაგრამ...

მაშინ ისე მოხდა, ყიფიანს უთხრეს უარი და გუცაევი გაამწესეს "ელექტროსკამზე". ახლა, ამდენი წლის მერეც, ვერ გეტყვით, ვისთვის რა ჯობდა: ის, რომ გუცაევი დანიშნეს თუ ის, რომ ყიფიანი არ დანიშნეს და ზოგადად კი, უხერხულობაა ეს - ფეხბურთში ყიფიანის და გუცაევის რიგში, "ან შენ, ან ის" მდგომარეობაში ჩაყენება... მაგრამ გავიარეთ - მორჩენილი ამბავია.

არა მგონია, მარტო საკუთარ აზრს გამოვხატავდე. მის პიროვნებას ვერ იტევდა ცნება - "ფეხბურთელი". მეტი იყო, გაცილებით მეტი. ხელოვანი, შემოქმედი უფრო გამოხატავდა ყიფიანის მასშტაბურობას. იხილეთ სრულად



კონსტანტინე გოგიშვილი
kaxa
29 აგვისტო 2018 16:36
საქართველოს ყველა დროის ნომერ პირველი ფეხბურთელი დავით ყიფიანი
tngh
29 აგვისტო 2018 15:02
დავით ყიფიანის გარდაცვალებით ეპოქა დამთავრდა ფეხბურთში. სამწუხაროდ, არც მას, არც ალექსანდრე ჩივაძეს და არც ვლადიმერ გუცაევს მწვრთნელობა არ ვაცალეთ. არა და, თუ გადავხედავთ, საქართველოს ყველა ნაკრებს საუკეთესო შედეგები მატი მწვრთნელობის დროს აქვს...
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები