"ტორპედო" რაზგრადში ჩაიძირა - კვირის პალიტრა

"ტორპედო" რაზგრადში ჩაიძირა

"ლუდოგორეცი" 4:0 "ტორპედო"

ქართული ფეხბურთისთვის უჩვეულოდ, აგვისტოს ბოლომდე გაჭიმული ევროთასი ჩვენთვის რაზგრადში დასრულდა. საკუთარ მოედანზე 0:1 წაგების მიუხედავად, მაინც გვქონდა მცირე იმედი, რომ "ტორპედო" სასწაულს მოახდენდა და "ლუდოგორეცს" ბულგარეთში მაინც მოუხერხებდა რამეს, მაგრამ... ჩვენი მდგომარეობის გათვალისწინებით პლეი-ოფის ამ ეტაპამდე მიღწევა უკვე სასწაული იყო და... ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა "ნამეტანი" იქნებოდა! სასწაულს ვინ ჩივის - ორი მატჩის ჯამში "ტორპედომ" კინკილა გოლის გატანაც ვერ შეძლო და 0:5 დამარცხდა, მაგრამ ქუთაისელებზე აუგის სათქმელად ენა მაინც არ გვიბრუნდება. რაც შეეძლო, კახა ჩხეტიანის გუნდმა იბრძოლა, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ არის. თავს ზემოთ "ლუდოგორეცია". და მთლიანად ევროპული ფეხბურთიც.

ასეა, რაც უნდა სამწუხარო იყოს, ქართული კლუბების ადგილი ჯერ არ არის ევროთასების ჯგუფურ ეტაპზე. კი ბატონო, ვიცით, რომ "ჩვენზე მაჩანჩალებმა" ეს უკვე მოახერხეს (ოღონდ ისიც საკითხავია, ვინ ვისზე მაჩანჩალაა?!) - ლუქსემბურგის "დუდელანჟმა" ორი მატჩის ჯამში 5:2 აჯობა რუმინულ "კლუჟს", კვიპროსის "აპოლონი" კი "ბაზელის" გავლით "შეგრიალდა" ჯგუფურ ეტაპზე, მაგრამ...

ლუქსემბურგი და კვიპროსი სხვა დონეა... ჩვენი ადგილი კი არ არის, მით უმეტეს, ლეგიონერებით გაძეძგილი და ქუთაისელებზე გაცილებით მდიდარი კლუბის გავლით.

მიხარია, როცა "ტორპედოს" მაისურზე ქართულად დაწერილ გვარებს ვხედავ. კიდევ უფრო სასიხარულოა, როცა ეს ევროთასის ჯგუფურ ეტაპთან ასე ახლოს ხდება, მაგრამ, სამწუხაროდ, მხოლოდ "ახლოს" და არა ჯგუფურ ეტაპზე. "ქართულგვარებიანი" "ტორპედო" ქართული ფეხბურთის სახეც არის. ჩვენი ფეხბურთის სახე და ადგილი კი წლევანდელმა ევროთასებმა კიდევ ერთხელ გვიჩვენა.

ნაკრების გამოსაცდელი კვირა

მიმდინარე კვირა უმნიშვნელოვანესი იქნება საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისთვის. ვაისის გუნდი უეფას "ერთა ლიგას" 6 სექტემბერს ყაზახეთში გამართული მატჩით გახსნის, 9 სექტემბერს კი "დინამო არენაზე" ლატვიას დაუხვდება. სლოვაკი მწვრთნელის მეთაურობით ნაკრები 3 სექტემბერს შეიკრიბა და დედაქალაქში ორი დღის განმავლობაში ივარჯიშებს, ასტანაში კი 5 სექტემბერს გაემგზავრება. ვაისის მიერ დასახელებულ შემადგენლობაში უკვე მოხდა ცვლილება - ტრავმირებული ლაშა დვალის ნაცვლად, ეროვნულ გუნდს ლატვიური "რიგასის" წევრი ლაშა შერგელაშვილი შეუერთდა.

ყაზახეთსა და ლატვიასთან მატჩებში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: გიორგი ლორია ("კრილია სოვეტოვი", რუსეთი), როინ კვასხვაძე ("ტორპედო", ქუთაისი), ლაზარე კუპატაძე ("საბურთალო", თბილისი). მცველები: ოთარ კაკაბაძე ("ხიმნასტიკი", ესპანეთი), სოლომონ კვერკველია ("ლოკომოტივი", მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა ("შახტარი", დონეცკი, უკრაინა), გურამ კაშია ("სან ხოსე ერსქვიკსი", აშშ), გიორგი ნავალოვსკი ("დინამო", მინსკი, ბელარუსი), ჯიმი ტაბიძე ("უფა", რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი ("რიგასი", ლატვია). ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა ("ტობოლი", ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი ("ტობოლი", ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია ("ლუგო", ესპანეთი), ვაკო გვილია ("ლუცერნი", შვეიცარია), ოთარ კიტეიშვილი ("შტურმი", ავსტრია), გიორგი პაპუნაშვილი ("სარაგოსა", ესპანეთი), გიორგი მერებაშვილი ("ვისლა", პლოცკი, პოლონეთი), გიორგი არაბიძე ("ნასიონალი", პორტუგალია), გიორგი ჩაკვეტაძე ("გენტი", ბელგია), თორნიკე ოქრიაშვილი ("კრასნოდარი", რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი ("სან ხოსე ერსქვიკსი", აშშ), ჯაბა ჯიღაური ("გრენობლი", საფრანგეთი). თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე ("ემპოლი", იტალია), გიორგი ქვილითაია ("გენტი", ბელგია), ნიკა კაჭარავა ("ანორთოსისი", კვიპროსი)

ვლადიმერ ვაისი ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში კიდევ რამდენიმე ფეხბურთელს განიხილავს. მათ შორის არიან: ლევან გეგეჭკორი ("ტორპედო", ქუთაისი), ლაშა შერგელაშვილი ("რიგასი", ლატვია), ალექსანდრე კობახიძე ("ვორსკლა", უკრაინა), ლუკა ზარანდია ("არკა", პოლონეთი), საბა ლობჟანიძე ("რანდერსი", დანია), ბუდუ ზივზივაძე ("დინამო", თბილისი).

ჩემპიონები დაჯგუფდნენ

სიმბოლურია, რომ უეფას ჩემპიონთა ლიგის 2018/2019 წლების გათამაშების პირველი ტური 18-19 სექტემბერს გაიმართება. თუმცა უფრო მნიშვნელოვანი ჩვენთვის ის არის, რომ ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში ქართველებიც ითამაშებენ - საბა კვერკველია (მოსკოვის "ლოკომოტივი") და დავით ხოჭოლავა ("შახტარი"). უკრაინულ კლუბს "მანჩესტერ სიტისთან", "ლიონსა" და "ჰოფენჰაიმთან" მოუწევს "საქმის გარკვევა", კვერკველიას "ლოკომოტივს" კი "პორტუს", "შალკეს" და "გალათასარაის" "ჩაბმა" მოუწევს.