ბულგარეთი 79:83 საქართველო - კვირის პალიტრა

ბულგარეთი 79:83 საქართველო

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა სტუმრად 83:79 დაამარცხა ბულგარეთის ეროვნული გუნდი და ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპისკენ გადადგა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ჩვენს ქვეჯგუფში ისეთი ვითარებაა, საშინაო მარცხი ყველა ნაკრებისთვის კატასტროფის ტოლფასია.

ამიტომაც, ჯგუფის ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტთან გასვლით მატჩში გამარჯვებით ქართველმა კალათბურთელებმა უმნიშვნელოვანესი 2 ქულა ჩაიჯიბეს. საკმაოდ ბევრი შეცდომის მიუხედავად, იგორ კოკოშკოვის გუნდმა საჭირო ეპიზოდში მობილიზება  მოახერხა და სოფიის "უნივერსიადა არენაზე" შეკრებილი ბულგარელები გაწბილებული დატოვა.

თბილისის საერთაშორისო ტურნირის შემდეგ, როცა ნატურალიზებული ამერიკელების დახასიათება ვთხოვე, მანუჩარ მარკოიშვილმა ასეთი პასუხი გამცა - "ახალ ზანგებს" ყველა ძველ "ლეგიონერებს" - შემონდ უილიამსსა და ტაირონ ელისს ადარებს, მაგრამ თუ რომელიმე მათგანი კარგად ითამაშებს, მერწმუნეთ, ძველები აღარავის გაახსენდებაო.

ასეც არის - მართალია, საწყის მატჩებში ახალწვეულებს თავი ბევრი არაფრით გამოუჩენიათ, მაგრამ საადაპტაციო პერიოდმა გაიარა და ტორინ გრინის სახით, ხელთ საკმაოდ კარგი კალათბურთელი "შეგვრჩა" - ჩინებული დრიბლინგით, პასითა და ტყორცნით. მეტიც, თამამად შეიძლება ითქვას, რომ გრინმა (მანუჩარ მარკოიშვილთნ ერთად) ბულგარეთში გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო!

ისე არ გაიგოთ, თითქოს დანარჩენი ქართველების გარჯას ვაკნინებდეთ, პირიქით, - ჩვენი გუნდის თითოეულმა კალათბურთელმა ბოლომდე თავდაუზოგავად იბრძოლა. თუმცა, ვინც თამაში ნახა, დამეთანხმება - ბოლო წუთებზე, ამერიკელმა ხელაუკანკალებლად ისროლა და მასპინძლები საბოლოოდ გატეხა წელში. საფინალო სირენამდე დარჩენილ 3,5 წუთში გრინმა 8 ქულა ჩააგდო - ჯერ შორეული სამქულიანით  გამოიჩინა თავი, ბოლო წამებზე კი, როცა თითოეულ ქულას ოქროს ფასი ჰქონდა, ექვსიდან ხუთი საჯარიმო ისროლა ზუსტად!

რაც შეეხება მარკოიშვილს, მანუმ 23 ქულას მოუყარა თავი, ხუთჯერ ისროლა სამქულიანი დისტანციიდან და მხოლოდ ერთხელ ააცილა. ამას ახლო მანძილიდან ჩაგდებულ ქულებს და 7 მოხსნასაც თუ დავუმატებთ და იმასაც გავიხსენებთ, მანუჩარმა ყველა ქულა იმ დროს ჩააგდო, როცა ძალიან გვიჭირდა, ცხადი გახდება - სლავთა ძლევაში მისი როლი უმნიშვნელოვანესი გახლდათ.

გამორჩეულად მარკოიშვილი და გრინი კი გამოვყავით, მაგრამ ვიმეორებ - გამარჯვება მთელმა გუნდმა დაიმსახურა და მოიპოვა. ნამატჩევს "მანუმ" აღნიშნა - გაგვიმართლაო, თუმცა ნუ დაგვავიწყდება, ძლიერებს რომ უმართლებთ.

თანაც მარკოიშვილს ვერ დავეთანხმებით, - ხშირ შემთხვევაში, უფრო პირიქით ხდებოდა - 6-7 ქულით დაწინაურებული ქართველები უპირატესობის გაზრდას ვერაფრით ახერხებდნენ - ბულგარელთა კალათი თითქოს მოჯადოებულ წრედ იქცეოდა და ბურთს არაფრით სურდა მასში აღმოჩენა. ასეთი ეპიზოდი შაბათის მატჩში არაერთი იყო და როცა ჩვენები უპირატესობას გაანიავებდნენ და მასპინძლები ანგარიშის გათანაბრებას ახერხებდნენ, ყველაფერი თავიდან იწყებოდა.

არადა, ბულგარეთის ნაკრებს საშინაო მატჩი რამდენიმე წელიწადია არ წაუგია. როსენ ბარჩოვსკის შეგირდები შინ განსაკუთრებით ძლიერები არიან და სოფიაში მოპოვებული გამარჯვება ამიტომაც არის ორმაგად ტკბილი. შეხვედრა ჩვენების უპირატესობით დაიწყო და მთლიანობაშიც, ძირითადად, სულ ქართველები იყვნენ წინ. მასპინძლებმა პირველად მაშინ გადაგვასწრეს, მოედანზე კოსტოვი რომ გამოჩნდა და თავისიანები გამოაცოცხლა.

ის იყო, დაწერა დავაპირე - კოსტოვი ყელში გაგვეჩხირა-მეთქი, რომ საქმეში ფილიპ ვიდენოვი ჩაერთო და სხვა მოთამაშეები აღარავის გახსენებია - ბულგარეთის ნაკრების ვეტერანმა სისხლი გაგვიშრო და მისი შეჩერება რომ მოგვეხერხებინა, სტუმრები გაცილებით შთამბეჭდავი სხვაობით გავიმარჯვებდით. ვიდენოვმა ქართველებთან მატჩშიც დაამტკიცა, რომ გუნდის ლიდერია და მოედანზე გატარებულ 30 წუთში 29 ქულას მოუყარა თავი.

რაც შეეხება ზაზა ფაჩულიას, ქართველი ცენტრი 12 ქულას და 8 მოხსნას დასჯერდა. ნაკრების კაპიტნის შედარებით უფერულ თამაშს ორი მიზეზი აქვს - ბულგარელები ყველაზე მეტად მას უფრთხოდნენ და შესაბამისად, განსაკუთრებული ყურადღებითაც მეურვეობდნენ, მერე კიდევ, ზაზა მოედანზე მტკივანი ფეხით იყო და... ამის მიუხედავად, კაპიტანმა ბოლო მეოთხედის შუა წელში მაინც გაიბრწყინა - 63:61 ვაგებდით, როცა ჩვენი გუნდის ლიდერმა ზედიზედ ჩააგდო ხუთი ქულა და უპირატესობა დაგვიბრუნა.

შეხვედრის დრამატულ ბოლო წუთებზე აღარაფერს გეტყვით - თავადაც მიადევნებდით თვალს მღელვარებისაგან სუნთქვაშეკრული. მხოლოდ იმას დავამატებთ - საქართველოს ნაკრებმა დაამტკიცა, რომ დიდი პოტენციალის მქონე, მზარდი გუნდია და ა დივიზიონში თამაშს დიდი ხანია იმსახურებს.

ჩვენების დასახასიათებლად კი ბულგარელთა თავკაცის სიტყვებიც იკმარებს - ფაჩულიას განეიტრალება, ასე თუ ისე, მოვახერხეთ, მაგრამ ქართველებს დანარჩენი მოთამაშეებიც ძლიერები ჰყოლიათო...

თუ ასე გავაგრძელებთ, ჩვენი კალათბურთელების შესაძლებლობებს გაისად კონტინენტის პირველობაზეც ნახავენ. ევროპის ჩემპიონატისკენ დიდი ნაბიჯი კი გადავდგით, მაგრამ ამ უმნიშვნელოვანესმა გამარჯვებამ ეიფორიაში არ უნდა ჩაგვაგდოს.

17 აგვისტოს არანაკლებ მნიშვნელოვანი მატჩი გველის ლოძში, პოლონეთის ნაკრებთან, რომელმაც ბოლო ტურში მანამდე უდანაკარგოდ მოთამაშე ბელგიელებს 20 ქულის სხვაობით - 93:73 მოუგო და ახლა ჩვენთან რევანშისთვის ილესავს კბილებს, თუმცა, პოლონეთში რომც დავმარცხდეთ, საგანგაშო არაფერი იქნება - სტუმრად უკვე მოვუგეთ უშუალო კონკურენტს და თუ თბილისში ორივე შეხვედრაში ვიმარჯვეთ და სტუმრად უმოტივაციო პორტუგალიასაც ვძლიეთ, ჯგუფში პირველობის კარგი შანსი გვაქვს.

პოლონეთთან მატჩს ორი კარგი ამბით ვხვდებით - საქართველოს ნაკრები იქ პირდაპირ სოფიიდან გაემგზავრა და მოთამაშეები მგზავრობით ძალიან არ დაიღლებიან. გარდა ამისა, არც ფსიქოლოგიური წნეხი შეგვაწუხებს - წაგება ჩვენთვის ნამდვილად არ იქნება ტრაგედია, აი, მასპინძელთათვის კი...

კიდევ ერთი სასიხარულო სიახლე ის არის, რომ როგორც იქნა, გამოინახა თანხა და ყველაზე გრძელ და მომქანცველ გზას - პორტუგალიის ქალაქ ალბუფეირამდე ჩვენი ნაკრები ჩარტერული რეისით გაივლის.

თუმცა მანამდე ჯერ ორი მატჩი გველის - პოლონეთისა და ბელგიის წინააღმდეგ. ისედაც, ახლა პორტუგალიაზე ფიქრის კი არა, ზეიმის დროა. ისევ და ისევ მთავარია, ეიფორიამ არ შეგვიპყროს, თორემ ფაქტია - საქართველოს ჰყავს ძლიერი და რაც მთავარია, ღირსეული ნაკრები, რომელსაც რეალურად შეუძლია ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად  ბრძოლა. 40 წუთის განმავლობაში ნერვები კი დაგვაწყვიტეს, მაგრამ საქართველომ მაინც მოიგო. მოიგო და პირველ რიგში, საკუთარ თავს დაუმტკიცა, რომ ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია.

აქამდეც ვიცოდით, ბულგარული "წიწაკა" რომ ტკბილი იყო, მაგრამ ასეთი?!