პლატინი და პლატონი - კვირის პალიტრა

პლატინი და პლატონი

პლატონმა დიდი ხნის წინ თქვა, რომ "ყოველგვარი სიბრძნის საფუძველია მოთმინება", ხოლო პლატინიმ კი თქვა, რომ... თბილისში სტუმრად მყოფ უეფას პრეზიდენტს სიბრძნე არ უხსენებია, მაგრამ მოითმინეთო, კი გვირჩია.

საქართველოს რომ რომელიმე ევროპული ტურნირის ან ფინალური მატჩის მასპინძლობის სურვილი აქვს, კარგა ხანია ცნობილია. თავის მხრივ, მიშელ პლატინიმ დრო ითხოვა, - ევროპის ლიგის ფინალის მასპინძლობა რომ გინდოდათ, ვიცოდი, მაგრამ ასეთი მოწადინებული თუ იყავით ფედერაციან-პრემიერ-მინისტრიან-ქალაქის მერიანად, ნამდვილად არ მეგონა, ერთი თვე მაცალეთო...

ასე რომ, მოვიცადოთ ერთი თვე და... მაგრამ თვე კი არა, რამდენიმე წელიწადი რომ მოგვიწევს ლოდინი ასეთი მასშტაბის მატჩის მასპინძლობის უფლების მოსაპოვებლად, ძნელი მისახვედრი არ არის. საფეხბურთო ინფრასტრუქტურისა და სტადიონების დათვალიერების შემდეგ, პლატინიმ, რომლისთვისაც ეს მეოთხე ვიზიტია საქართველოში, ბრძანა, ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ ცოტააო.

ევროპის ლიგის 2012 წლის ფინალის მასპინძლობა უკვე გამოირიცხა, რადგან ლეგენდარულმა ფრანგმა ხაზგასმით აღნიშნა, მასპინძელ ქალაქს უეფა სამი წლით ადრე ირჩევსო. გარდა ამისა, ასეთი რანგის მატჩების მასპინძლობისთვის საჭიროა:

სათანადო რაოდენობისა და გამტარუნარიანობის მქონე აეროპორტები, მაღალი დონის სასტუმროები და სტადიონები და სხვ.  პლატინიმ იმასაც გაუსვა ხაზი, რომ უეფაში გაწევრებული 53 ასოციაციისგან, ამა თუ იმ ტურნირის მასპინძლობაზე განაცხადი ყოველწლიურად ყველა მათგანს შეაქვს, ის ყველაფერი კი, რაც ჩვენთან ჯერ კიდევ მოსაგვარებელია, თითოეულ ქვეყანას კარგა ხანია აქვს.

აქვე, ბერძენი ფილოსოფოსის კიდევ ერთი სიბრძნეც გავიხსენოთ: "სხვის ბედნიერებაზე ზრუნვით ჩვენს ბედნიერებასაც ვპოულობთ".

ასეა, "სხვის ბედნიერებაზე" (ევროთასის ფინალური ეტაპის მასპინძლობა) ზრუნვით "ჩვენს ბედნიერებასაც" (ქართული ფეხბურთის განვითარება) უთუოდ ვიპოვით, რადგან ინფრასტრუქტურისა და სტადიონების მოწესრიგება უპირველესად ჩვენს ფეხბურთს წაადგება.

სადაც სამართალია, სწორედ აქედან უნდა ვიწყებდეთ და როცა მაღალი დონის ინფრასტრუქტურა და ჩემპიონატი გვექნება, ევროთასის ფინალი ჩვენთვის აქტუალური მხოლოდ მასპინძლის კი არა, მონაწილის თვალსაზრისითაც გახდება.